პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
23 ოქტომბერი, პარასკევი, 2026

ღირებულებითი განათლება ბიოლოგიაში

პრაქტიკულად, ყველა საგანს აქვს საკუთარი ეთიკური და სოციალური განზომილებები, რომლებითაც უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, თანამედროვეობას და იძენს აქტუალური სასწავლო კონტექსტის მნიშვნელობას, მაგრამ ბიოლოგიის შესაძლებლობები ამ მხრივ გამორჩეულია. ის ეხება სიცოცხლესა და სასიცოცხლო პროცესებთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, ადამიანსა და მის ჯანმრთელობას, სიცოცხლის სხვადასხვა ფორმის საარსებო გარემოს, ცოცხალ სამყაროში მიმდინარე პროცესებსა და მათთვის დამახასიათებელ კანონზომიერებებს, ორგანიზმების მრავალფეროვნებასა და ურთიერთკავშირს. ყოველივე ეს წარმოადგენს ნაყოფიერ სასწავლო კონტექსტს იმ ღირებულებების გასაცნობიერებლად,  რომლებიც დაკავშირებულია სიცოცხლის დაფასებასთან, ჯანმრთელობის მნიშვნელობის გააზრებასთან, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასთან, ბიოეთიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან, რომლებიც გვხვდება ბიოლოგიის საგნობრივი შინაარსის სხვადასხვა თემაში:

  • გენური ინჟინერიის ორი მხარე – მეცნიერული პროგრესი და ეთიკური საფრთხე;
  • გენმოდიფიცირებული ორგანიზმები როგორც სასურსათო პრობლემის გადაჭრის საშუალება და ბიოლოგიური უსაფრთხოების რისკი;
  • ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების ეთიკური მხარე;
  • თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, დონაცია და სუროგაცია, მიღწევები და გამოწვევები;
  • სქესის ქრომოსომული ვარიაციები და სპორტული მიღწევების სანდოობა;
  • ქალისა და მამაკაცის თანასწორობა თუ ბიოლოგიური დიმორფიზმი;
  • მედიის როლი ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართებით – ინფორმირება თუ სტიგმატიზაცია?
  • გამართლებულია თუ არა სამეცნიერო ექსპერიმენტები ცხოველებზე?
  • არგუმენტები ევთანაზიის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ.

 

მოყვანილი თემატიკა არასრულია, მაგრამ ნათელყოფს, რომ ბიოლოგია წარმოადგენს არა მხოლოდ სამეცნიერო-სასწავლო სფეროს, არამედ ფართო პლატფორმასაც მოსწავლის მიერ ღირებულებითი განათლების მისაღებად.

 

ღირებულებითი განათლება ბიოლოგიის სწავლების კონტექსტში

ალფრედ ვეინბერგერის მოდელის მიხედვით (იხ. „ღირებულებითი განათლება ბიოლოგიაში“, ნაწილი პირველი), ღირებულებების განხილვა შესაძლებელია განვითარების კონტექსტში, ურთიერთდამოკიდებული სისტემის სახით (Weinberger et al, 2008). ისევე, როგორც მორალურ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ავტორების შემთხვევაში, ეს მოდელიც ეფუძნება იდეას, რომ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილების გავლენით ეტაპობრივად იძენს ღირებულებებს, რომლებიც სამ სხვადასხვა სფეროს მიეკუთვნება:

  • პრაგმატული ღირებულებები – ორიენტირებულია პირად სარგებელზე;
  • ინსტრუმენტული ღირებულებები – განპირობებულია სოციალური კონტექსტით და სტრატეგიული მიზნებით;
  • მორალური ღირებულებები – წარმოადგენს ღირებულებებს, რომლებსაც ადამიანი იზიარებს შინაგანად, გარე გავლენებისგან დამოუკიდებლად. ეს ერთგვარი ჩარჩოა, რომლის შიგნითაც მოქმედებს პიროვნება.

სწავლების კონსტრუქტივისტული მოდელის, VaKE-ს (Values and Knowledge Education) მიხედვით (იხ. „ღირებულებითი განათლება ბიოლოგიაში“, ნაწილი პირველი), მოსწავლეებისთვის ღირებულებების ფორმირება შესაძლებელია დილემებზე დაფუძნებული და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლების გზით. ამ მიდგომის თანახმად, ღირებულებები ვითარდება სამი თანმიმდევრული ეტაპის გავლით (Patry et al, 2007):

  1. კოგნიტიური ეტაპი – გონებრივი სტიმულაცია და მსჯელობა, განსჯა;
  2. ემოციური ეტაპი – დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, არჩევანის გაკეთება მორალური გადაწყვეტილების სასარგებლოდ;
  3. ქცევითი ეტაპი – მიღებული გადაწყვეტილების ქმედებაში ასახვა, მოქმედებაზე გადასვლა.

ადვილი დასანახია, რომ აღწერილი ეტაპები შეესაბამება ჯეიმს რესტის მორალური განსჯის კომპეტენციის ჩარჩოს (იხ. „ღირებულებითი განათლება ბიოლოგიაში“, ნაწილი პირველი), რომელიც ოთხი კომპონეტისგან შედგება: მგრძნობიარობა, განსჯა, მოტივაცია და ქცევა. ისევე, როგორც რესტის მოდელში, ზემოთ აღწერილი სამივე ეტაპი ქმნის თანმიმდევრულ პროცესს, სადაც თითოეული საფეხურის გავლა აუცილებელია მომდევნოზე გადასასვლელად.

განვიხილოთ საგაკვეთილო პროცესის მაგალითი თემაზე „კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ეკოსისტემებზე“.

 

კოგნიტიური ეტაპი

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს აქტივობას: იმუშაონ ჯგუფებად, შეაგროვონ ინფორმაცია კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებზე (მაგ., სათბურის ეფექტი, ცვლილებები ბიომრავალფეროვნების დონეზე, პოლარული სახეობების გადაშენება, ბიომრავალფეროვნების კლება).

ამ ეტაპზე მოსწავლე ცდილობს, გააცნობიეროს და გააანალიზოს მოცემული პრობლემა, შეისწავლოს სხვადასხვა შეხედულება და მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმსჯელოს მათზე. ის კითხულობს კლიმატის ცვლილების შესახებ და გაიაზრებს, რით ემუქრება ის ბიომრავალფეროვნებას ან რატომ არის ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვანი ეკოსისტემის მდგრადობისთვის. აქ ღირებულებები ჯერ კიდევ კონკრეტული საკითხის ჩარჩოში რჩება, საგნობრივი ცოდნის შეძენისა და დავალების შესრულების მიზანს ემსახურება. მოსწავლე შეიმეცნებს ახალ ინფორმაციას, ვინაიდან სასწავლო მიზნის მიღწევა სურს ანუ პრაგმატულ დონეზე იმყოფება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე არ ხდება ღირებულებების ფორმირება ან ისინი ნაკლებმნიშვნელოვანია. ამ დროს ვითარდება ისეთი ღირებულება, როგორიცაა პასუხისმგებლობა (დავალების შესრულებაზე, ცოდნის სიზუსტესა და ხარისხზე), ყალიბდება სწორი დამოკიდებულება კვლევის ეთიკისა და ინფორმაციის შეგროვება-შეფასების, სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის მიმართ.

 

ემოციური ეტაპი

მასწავლებელი წამოჭრის დილემას, რომლის მთავარი კითხვაა: „უნდა აიკრძალოს თუ არა ქვეყნისთვის ეკონომიკურად მოგებიანი, მაგრამ ეკოლოგიურად საზიანო პროექტი?“

ამ ეტაპზე მოსწავლეები ერთვებიან დისკუსიაში, ადარებენ არგუმენტებს. ხდება პოზიციის ჩამოყალიბება რომელიმე მოსაზრების სასასარგებლოდ. ამ დროს ღირებულებები ფორმირდება საზოგადოებრივი სარგებლის გათვალისწინებით. ზოგიერთი მოსწავლე ფიქრობს: „ეკოლოგიური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, რადგან გრძელვადიან რეჟიმში მხოლოდ ეს გადაარჩენს კაცობრიობას და, საზოგადოდ, სიცოცხლეს დედამიწაზე“, – ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ „ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვანია, რადგან ის აძლიერებს ქვეყანას, აისახება მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობაზე, უზრუნველყოფს ცხოვრების ხარისხს“.

ამ პროცესში შეძენილი ღირებულებები არ ეფუძნება პროფესიულ გათვლებს – ისინი უფრო ემოციური ბუნებისაა. ამავე დროს, მიეკუთვნება ინსტრუმენტული ღირებულებების კატეგორიას და წარმოადგენს საშუალებას (ინსტრუმენტს) საზოგადოებრივი კეთილდღეობის მისაღწევად.

ღირებულებათა კონფლიქტი, რომელიც ამ შინაარსის განხილვისას ფორმირდება, შეიძლება იყოს ასეთი: პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე და ზრუნვა კაცობრიობის კეთილდღეობაზე, ბუნების გადარჩენის სურვილი და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისკენ სწრაფვა, მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინება და ეკონომიკური სარგებელი.

სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ორივე პოზიციას აქვს საფუძვლიანი არგუმენტები და არსებობის უფლება. იმავდროულად, ვერცერთი მათგანი ვერ იქნება ბოლომდე გამართლებული, რადგან შეზღუდავს იმ ღირებულებებს, რომლებიც საპირისპირო მხარესაა.

 

ქცევითი ეტაპი

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, მოიფიქრონ და განახორციელონ აქტივობა, რომლითაც თავიანთ წვლილს შეიტანენ არჩეული პოზიციის ქმედებით განმტკიცებაში. ამ ეტაპზე ღირებულება გადადის ქმედებაში და აღარ არის მხოლოდ საშუალება – ის მიზანი ხდება.

ქცევითი ეტაპი მეთოდოლოგიურად და პრაქტიკაში შესასრულებლად ყველაზე რთულია. გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ პროცესი არ უნდა დარჩეს „კარგი იდეების“ დონეზე – ის რეალურ მოქმედებაში უნდა გადაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი დილემა სოციალური ბუნებისაა, საკმაოდ მასშტაბურია და მოსწავლეების პირდაპირი ზეგავლენა შეზღუდულია. ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ქცევითი ეტაპი არ განისაზღვრება ქმედების მასშტაბით: ის შეიძლება იყოს მცირე, ლოკალური, თუნდაც სიმბოლური, მაგრამ აუცილებლად რეალური, ანუ არა მხოლოდ ტექსტში აღწერილი. მისაღებია ნებისმიერი ფიზიკური ან სოციალური მოქმედება, რომელიც მოითხოვს კლასის გარეთ გასვლას, ადამიანებთან კომუნიკაციას, პრაქტიკულ საქმიანობას, ძალისხმევის დახარჯვას.

მათ, ვინც გარემოს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ლოკალურ ეკოსისტემებთან დაკავშირებულ ინიციატივებში, რომლებსაც მატერიალური თუ არამატერიალური სარგებელი მოაქვს (ნარჩენების დახარისხება, ტერიტორიების გამწვანება, ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შესწავლა და ა.შ.). შეუძლიათ, შეიმუშაონ ლოკალური ეკოტურიზმის განვითარების გეგმა და მოაწყონ შესაბამისი ტერიტორია ამ მიზნით – შექმნან საინფორმაციო დაფები და განათავსონ მათზე ინფორმაცია ლოკალური ტერიტორიის ისტორიისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ (შეიძლება QR კოდის საშუალებითაც), შეადგინონ კონკრეტული მარშრუტების აღწერა და განათავსონ შესაბამისი ნიშნულები ახლომდებარე რეკრეაციულ ზონებში, გაამწვანონ და გამოიყენონ სკოლის ტერიტორია როგორც ეკოლოგიური სასწავლო სივრცე, ჩაატარონ საინფორმაციო კამპანია და სხვ.

მათ, ვინც ეკონომიკურ წინსვლას მიანიჭა პრიორიტეტი, შეუძლიათ, მოიფიქრონ გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზები. შესაძლებელია წყლის გამათბობელი სისტემის შექმნა სკოლისთვის/სახლისთვის (ცნობილი STEM პროექტი) ენერგიის დაზოგვის მიზნით, დახარჯული ინვესტიციებისა და მიღებული სარგებლის ერთმანეთთან შედარება, გამოფენა-გაყიდვის ან სხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება და შემოსული თანხის მიმართვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებისკენ, საინფორმაციო კამპანიის წარმოება თემში ენერგიისა და წყლის დაზოგვის შესახებ, შესაბამისი საინფორმაციო/ვიზუალური მასალების შექმნა და გავრცელება, ელექტროენერგიისა და წყლის მონიტორინგი მათი უმიზნო ხარჯვის თავიდან ასაცილებლად. ამ ტიპის აქტივობათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და თითოეულ მასწავლებელს შეუძლია, შეარჩიოს მის კლასს მორგებული აქტივობა.

ღირებულებები, რომელთა შეძენაც ხდება ბოლო, ქცევით ეტაპზე, არის სამოქალაქო აქტივიზმი, პასუხისმგებლობა, თვითმართვა და სხვ. (Patry et al, 2007; Weinberger, 2018; Weinberger, 2012)

 

რომელი საკითხები უწყობს ხელს ღირებულებების ფორმირებას ბიოლოგიის სწავლებისას?

როგორც ითქვა, ბიოლოგიის სწავლება არ უნდა შემოიფარგლოს სასიცოცხლო პროცესებისა და მექანიზმების ახსნა-გააზრებით. როგორც საბუნებისმეტყველო დისციპლინა, ბიოლოგია მჭიდროდ უკავშირდება ეთიკურ, ეკოლოგიურ, გარემოსდაცვით, ადამიანის ჯანმრთელობის საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია პიროვნულ დონეზე და აღელვებს საზოგადოებასაც. ღირებულებითი განათლების თვალსაზრისით ეს ბიოლოგიას მდიდარ საგნად აქცევს.

ბიოლოგიის კლასიკური კურიკულუმი პირდაპირ უკავშირდება ღირებულებით განათლებას და შესაძლებელია, ეფექტიანად იქნეს გამოყენებული მისი დანერგვის მიზნით. ეს საკითხებია:

  • გარემოს დაცვა – ხელს უწყობს ბუნების, ბიომრავალფეროვნების მიმართ პასუხისმგებლობისა და მზრუნველობის განვითარებას, ეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ სიცოცხლის მრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობა;
  • კლიმატის ცვლილება – აღძრავს გლობალური სამართლიანობისა და სოლიდარობის განცდას, პასუხისმგებლობას მომავალი თაობების მიმართ;
  • ჯანსაღი კვება – აღძრავს მორალურ დილემას იაფ, პესტიციდებსა და ქიმიურ სასუქებზე დაფუძნებულ და ეკომეგობრულ აგრარულ მეურნეობებს შორის, ხელმისაწვდომ, დაბალი თვითღირებულების მქონე, ქიმიური დანამატებით გაჯერებულ საკვებსა და ორგანული მიწათმოქმედების პრინციპებით მოყვანილ ჯანსაღ პროდუქტებს შორის;
  • ბიოეთიკა – აერთიანებს არაერთ ისეთ საკითხს და იძლევა მათ შესახებ მსჯელობის საშუალებას, როგორიცაა: სიცოცხლის ხელყოფა/ევთანაზია; გენური ინჟინერია, კლონირება და სხვა ბიოტექნოლოგიები; სამედიცინო ცდების ეთიკურობა; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები. მაგალითად, მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ, სად გადის გენოტიპის შეცვლის ზღვარი და ვის აქვს ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მორალური უფლება; კლონირების ღირებულების გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანია, მისი სიკეთით ისარგებლონ მხოლოდ ცალკეულმა ადამიანებმა; რამდენად გამართლებულია ექსპერიმენტები ცხოველებზე მედიცინისა და მეცნიერების განვითარებისთვის; ენდოს თუ არა კაცობრიობა გენმოდიფიცირებულ საკვებს, იმ პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით, რაც მან შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას გენომში უცხო მემკვიდრული მასალის ჩაშენებით და, იმავდროულად, შიმშილის იმ პოტენციური საფრთხის გათვალისწინებითაც, რომელიც ემუქრება დედამიწის მოსახლეობას ზრდის კატასტროფული ტემპის გამო. აქტუალურია სუროგაციისა და დონაციის, გენეტიკური მოდიფიკაციებისა და სპორტული მიღწევების სანდოობის საკითხებიც;
  • ჯანმრთელობა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა – დაკავშირებულია ჰიგიენასთან, ვაქცინაციასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრევენციასთან, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან.

მნიშვნელოვანია, მივიღოთ ის მოცემულობაც, რომ ღირებულებითი განათლების ეფექტური დანერგვა მოითხოვს მოსწავლეზე ორიენტირებული, აქტიური და აზროვნებაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებას; ისეთი სასწავლო პროცესის ორგანიზებას, რომელშიც წახალისებულია განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმა და დაცვა. ამავე დროს, ეს „გაკვეთილი ღირებულებების შესახებ“ კი არ არის, არამედ მეთოდური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც ღირებულებები ბუნებრივად ინტეგრირდება საგნის შინაარსში.

 

მიდგომები ღირებულებითი განათლებისთვის ბიოლოგიაში

როგორც სტატიის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, ღირებულებითი განათლებისთვის მეთოდებისა და ინსტრუმენტების ჩამონათვალი საკმოდ ვრცელია, თუმცა ამ მეთოდებს/მიდგომებს აქვს საერთოც: ისინი ითხოვენ კრიტიკულ აზროვნებას, მსჯელობას, არგუმენტაციას, პოზიციის ფორმირებასა და გამოხატვას, განსხვავებული აზრის მიღებასა და პატივისცემას, გადაწყვეტილების მიღებას.

ღირებულებითი განათლების მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენება:

  • დისკუსია და დებატები;
  • სიტუაციური ამოცანებისა და მორალური დილემების ანალიზი (Case Study, VaKE );
  • როლური თამაშები და სიმულაციები;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება (როგორც სასწავლო, ისე სოციალური პროექტები);
  • საგანთაშორისი ინტეგრაცია (მაგ., ქართული ენა და ლიტერატურა, მოქალაქეობა, უცხო ენა).

ინსტრუმენტები, რომლებიც თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომების გამოყენებას, ასევე მრავალფეროვანია. ქვემოთ გთავაზობთ მათი გამოყენების მაგალითებს:

 

 

ინსტრუმენტი გამოყენება

 

მაგალითი
გრაფიკული მაორგანიზებლები, კოგნიტიური სქემები, ღირებულებების რუკა მოსწავლეები აანალიზებენ და აორგანიზებენ ინფორმაციას, რაც ეხმარება მათ პოზიციის გამოკვეთაში, საკუთარი ღირებულებების პრიორიტეტების მიხედვით დალაგებაში ანუ თვითშეცნობაში. მუტაციის ცნებისა და მექანიზმების შესწავლისას მოსწავლე ქმნის T-დიაგრამას, სადაც ერთმანეთს უპირისპირებს არგუმენტებს ადამიანის ემბრიონის ხელოვნური გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ.

 

ეკოსისტემების შესწავლისას მოსწავლე ქმნის კოგნიტიურ სქემას, სადაც ასახავს, რა მოკლე- და გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს გარემოზე ადამიანის გაუფრთხილებელ ზემოქმედებას

 

გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით მოსწავლე ქმნის ღირებულებების რუკას, სადაც განათავსებს ღირებულებებს და აანალიზებს მათ მნიშვნელობას კონკრეტული გადაწყვეტილების კონტექსტში, აფასებს, რომელია პრიორიტეტული პირადად მისთვის.

რეფლექსიური დღიურები და რეფერატები

 

ჩანაწერები ეხმარება მოსწავლეებს ანალიზში, ღირებულებების სიღრმისეულად გააზრებაში, საბოლოო ჯამში კი მათ პერსონალურ ინტეგრაციაში. მოსწავლე ქმნის ნაშრომს თემაზე „ორგანოების დონაცია და ტრანსპლანტაცია“. თემა მოითხოვს ბიოლოგიურ ცოდნას (იმუნური სისტემა, თავსებადობა, რისკები), ასევე ბიოეთიკას (თანხმობის პრინციპი, სხეულზე უფლების ქონება) და უკავშირდება სოლიდარობას, ალტრუიზმს, სიცოცხლის უფლებასა და პირად არჩევანს.

 

ინტერაქციული ციფრული ინსტრუმენტები (მაგ., Mentimeter, Padlet) წარმოადგენს ღირებულებებთან დაკავშირებულ კითხვებზე მოსწავლეთა მოსაზრებების შეგროვების საშუალებას. იმუნიტეტის შესწავლისას მოსწავლეები რეალურ დროში გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ასაბუთებენ თავიანთ პოზიციას ბიოლოგიიდან შესაბამისი საკითხების ცოდნით. იმავდროულად, მოისმენენ თანაკლასელთა შეხედულებებს რეალურ დროში, რაც მათ ასწავლის ტოლერანტობას და განსხვავებულ აზრთან ურთიერთობას.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტები ეხმარება მასწავლებელს ისეთი სასწავლო მასალების შექმნაში, როგორიცაა სიტუაციური ამოცანები/დილემები, მათი მოდელირება ვიდეო/აუდიორესურსების საშუალებით. მოსწავლეს შეიძლება შევთავაზოთ სიტუაციური ამოცანა განსხვავებულ თემაზე. მაგალითად:

. საკუთარი დნმ-ს განთავსებაზე გენეტიკურ მონაცემთა ბანკში, რომელიც სახელმწიფომ შექმნა პრევენციისა და კრიმინალური გამოძიების მიზნებისთვის. საგნობრივი კუთხით მოსწავლემ უნდა ახსნას, რატომ და როგორ არის შესაძლებელი დნმ-ს მონაცემთა ბაზის გამოყენება დასახული მიზნებისთვის;

. ეთიკური საკუთრების დარღვევაზე, როდესაც საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიამ გამოიყენა მცენარის ენდემური სახეობა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და ფინანსური ანაზღაურების გარეშე. ქეისზე მუშაობისას მოსწავლემ უნდა ახსნას ენდემური სახეობების რაობა და მნიშვნელობა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ამასთან ერთად, განიხილოს ქეისში მოყვანილი ნივთიერების ფარმაკოლოგიური მოქმედება კონკრეტულ ორგანოზე.

ვირტუალური ლაბორატორიები იძლევა კონკრეტული სიტუაციების კვლევის საშუალებას საგნობრივ დონეზე. ამით ეხმარება მონაწილეებს, მიიღონ კონკრეტული შედეგები, რასაც საბოლოოდ დაეფუძნება მოსწავლის პოზიცია/გადაწყვეტილება.. მოსწავლე იკვლევს ბიოლოგიურ თემატიკას, რომელიც, იმავდროულად, მნიშვნელოვანია ღირებულებით კონტექსტშიც. მაგალითად, ვორტუალური ლაბორატორიის Plastic Degradation | Golabz საშუალებით მოსწავლე იკვლევს პლასტმასის დეგრადაციის პროცესს და იყენებს მიღებულ მონაცემებს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული დავალებების შესრულებისას.

 

 

მასწავლებლის როლი ღირებულებითი განათლების დანერგვაში

ღირებულებითი განათლების ეფექტიანად დანერგვისთვის საკმარისი არ არის არც კარგი სასწავლო პროგრამა, არც სახელმძღვანელო და სასწავლო რესურსები. მისი მთავარი განმახორციელებელი მასწავლებელია – პიროვნება, რომელიც, ერთი მხრივ, ნერგავს ღირებულებით განათლებას, ქმნის კონტექსტს ღირებულებების გასააზრებლად, ამზადებს რესურსებს სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად, მეორე მხრივ კი თავადაც იზირებს ძირითად, უნივერსალურ ღირებულებებს.

მასწავლებლის როგორც მოდელის როლი ღირებულებით სწავლებაში წამყვანია. ამ ტიპის სწავლება ვერასდროს იქნება წარმატებული, თუ მასწავლებელი არ იზიარებს ღირებულებით მსოფლმხედველობას და პირიქით – ღირებულებები ადვილად, ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება იქ, სადაც მასწავლებელი ახდენს სწორი ღირებულებების დემონსტრირებას ყოველდღიური ქცევითა და დამოკიდებულებით მოსწავლეების, კოლეგების, სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიმართ, ქმნის უსაფრთხო გარემოს და გამოხატავს პატივისცემას ნებისმიერი მოსაზრების მიმართ, ამჟღავნებს სამართლიანობასა და ემპათიას კლასის მართვის პროცესში, შეუძლია, მოუსმინოს და გასცეს უკუკავშირი ისეთი ფორმით, რომელიც მისაღები იქნება, განურჩევლად შინაარსისა. დიდი ხანია ცნობილია, რომ მოსწავლეები ითვისებენ ღირებულებებს მასწავლებლის ქცევაზე დაკვირვებით, რაც ხშირად უფრო შედეგიანია, ვიდრე თეორიული სწავლება (Bandura, 1977).

 

გამოწვევები და სირთულეები ღირებულებითი განათლების დანერგვისას

ღირებულებითი სწავლებისას თავს იჩენს სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც საგნობრივი და მეთოდური ბუნების გამოწვევებთან, ისე მოსწავლეების (ან ზრდასრული შემსწავლელების) პიროვნულ თვისებებთანაც.

ღირებულება იმთავითვე სუბიექტური ცნებაა, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლოა განსხვავებული ღირებულებები ჰქონდეთ, ამან კი, ადვილი შესაძლებელია, კონფლიქტური სიტუაციები წარმოშვას.

არსებობს რისკი, რომ მასწავლებელმა უნებლიეთ თავს მოახვიოს მოსწავლეებს საკუთარი ღირებულებები და შეხედულებები, ანუ არსებობს ინდოქტრინაციის საფრთხე.

მასწავლებელს სჭირდება სიღრმისეული ცოდნა და ჩამოყალიბებული პროფესიული კომპეტენციები: კლასის მართვის სტრატეგიების ცოდნა და პრაქტიკაში მათი გამოყენება, კრიტიკული აზროვნება და რეფლექსია, დისკუსიებისა და დებატების მართვის უნარი. გამოწვევაა სათანადო სიტუაციური ამოცანებისა და დილემების მოძიება ან/და შექმნაც.

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი, რომელსაც აქვს ღირებულებითი სწავლების სურვილი, მიიღებს გამოცდილი კოლეგების პროფესიულ მხარდაჭერას და წახალისებას სკოლის მხრიდან ამ მიმართულებით პროფესიული განვითარებისთვის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Patry, J.-L., Weyringer, S., & Weinberger, A. (2007). Combining values and knowledge education: A method for moral and democratic education in constructivist settings. In D. N. Aspin & J. D. Chapman (Eds.), Values education and lifelong learning (Lifelong Learning Book Series, Vol. 10, pp. 160-179). Dordrecht: Springer VerlagSpringer.
  2. Weinberger, A. (2012). Moral education through VaKE: Facilitating students’ reflection and discussion on values. In D. Alt & R. Reingold (Eds.), Changes in Teachers’ Moral Role: From Passive Observers to Moral and Democratic Leaders (pp. 165-179). Sense Publishers.
  3. Weinberger, A., Patry, J.-L., & Weyringer, S. (Eds.). (2018). Professionals’ ethos and education for responsibility. Brill Sense.
  4. Bandura, A. (1977). Social learning theory. Englewood Cliffs, NJ: Prentice-Hall.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“