იდიომები ენის მნიშვნელოვანი ლექსიკური, გამომსახველობითი და კულტურული რესურსია, რომლის საშუალებითაც მოსწავლე სწავლობს აზრის ხატოვნად, მოკლედ და ემოციურად გადმოცემას. დაწყებით საფეხურზე იდიომებთან მუშაობა ხშირად მხოლოდ მათი მნიშვნელობის განმარტებითა და დამახსოვრებით შემოიფარგლება. მოსწავლეები ეცნობიან ქართულში ფართოდ გავრცელებულ იდიომებს (ხელი ჩაიქნია, გული გაუტყდა, ყური დაუგდო, თვალი გადაავლო, გული გაუთბა, თავი შეიკავა, თავი გამოიჩინა, ხელი შეუწყო, ენა დაება, ხმა ჩაიკმინდა, კბილი გაჰკრა, გული აიცრუა და მისთანანი), თუმცა მათ შესაძლოა, გაუჭირდეთ იმის განსაზღვრა, რომელ სიტუაციაშია კონკრეტული იდიომის გამოყენება ბუნებრივი, რატომ შეარჩია ავტორმა სწორედ ეს გამოთქმა ან რა შეიცვლება მისი ნეიტრალური სიტყვათშეთანხმებით ჩანაცვლებისას. აქ მასწავლებლის წინაშე დგება მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანა: იდიომის ცოდნა უნდა გადაიზარდოს მისი ფუნქციური გამოყენების უნარში.
იდიომის მნიშვნელობა ყოველთვის არ იკითხება მისი შემადგენელი სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობებიდან. ამიტომ სწავლებისას ეფექტურია, მოსწავლეს იდიომი ბუნებრივ კონტექსტში გავაცნოთ და მნიშვნელობის ამოცნობის შესაძლებლობაც თავად მივცეთ. მაგ.: ,,ნინომ მეგობარს რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ბოლოს ხელი ჩაიქნია და გადაწყვიტა, აღარ დაერეკა“.
მასწავლებელმა შეიძლება იკითხოს:
- რა გადაწყვიტა ნინომ?
- როგორ ფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს „ხელი ჩაიქნია“?
- რომელი სიტყვები ან მოვლენები დაგეხმარა ამ ფრაზის მნიშვნელობის გაგებაში?
- როგორ ვიტყოდით იმავე აზრს სხვა სიტყვებით?
მოსწავლე თანდათან მიდის მნიშვნელობამდე: იმედი დაკარგა, მცდელობა შეწყვიტა. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვანია, რადგან იგი ფრაზის მნიშვნელობას მზა განმარტების სახით კი არ იღებს, არამედ კონტექსტიდან აღადგენს.
ფუნქციური ცოდნის განსავითარებლად ეფექტურია იდიომის ჩანაცვლება მოსწავლისთვის ნაცნობი სიტყვებით.
შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება იკითხოს: რომელი ფორმაა უფრო გამომსახველი? რატომ? ან ასე: რა იცვლება ტექსტში, როდესაც იდიომს სხვა სიტყვებით ვანაცვლებთ?
მოსწავლე ამ დროს ამჩნევს, რომ ორივე ფორმა მსგავს შინაარსს გადმოსცემს, თუმცა იდიომი აზრს უფრო ხატოვნად და ემოციურად გამოხატავს. ასეთი შედარება მოსწავლეს არა მხოლოდ მნიშვნელობის, არამედ ენობრივი არჩევანის გააზრებაშიც ეხმარება.
იდიომებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია, მოსწავლემ თავად აღმოაჩინოს განსხვავება სიტყვათა პირდაპირ მნიშვნელობასა და იდიომის, როგორც მთლიანობის, მნიშვნელობას შორის.
მაგ.: ხელიდან გავარდნილი კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
მის მოტყუებას ცდილობდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
კითხვები შეიძლება იყოს:
- ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავეს ნიშნავს ეს გამოთქმა?
- რომელ წინადადებაშია იგი პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენებული?
- რომელშია იდიომური მნიშვნელობით გამოყენებული?
- რას ნიშნავს მეორე წინადადებაში „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“?
ასეთი შედარებით მოსწავლე რწმუნდება, რომ იდიომური მნიშვნელობა ხშირად სიტყვათა ცალკეული მნიშვნელობების უბრალო შეკრებით არ მიიღება, ამასთანავე, იგი ეჩვევა კონტექსტის გათვალისწინებას — უნარს, რომელიც ლექსიკური მნიშვნელობის გააზრებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფუნქციური ცოდნა მკაფიოდ ვლინდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს იდიომის კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირება შეუძლია. მაგალითად, შევთავაზოთ ფრაზები: გული გაუტყდა; თავი შეიკავა; ენაზე ადგას. შემდეგ კი სამი სიტუაცია:
- ბავშვს ძალიან უნდოდა შეჯიბრებაში გამარჯვება, მაგრამ დამარცხდა და იმედგაცრუებული დარჩა.
- ნინოს ძალიან უნდოდა მეგობრისთვის პასუხის გაცემა, თუმცა გაბრაზების მიუხედავად, არაფერი უთქვამს.
- გოგონას პასუხი ზუსტად ახსოვდა, მაგრამ ვერ ამბობდა, რადგან ძალიან ღელავდა.
მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შესაბამისი იდიომი და შემდეგ დაასაბუთოს, რატომ შეარჩია. ამ შემთხვევაში იგი მხოლოდ მნიშვნელობას კი არ იხსენებს, არამედ მას კონკრეტულ კონტექსტს უკავშირებს.
ტექსტის კითხვისას იდიომი შეიძლება იქცეს ავტორის ენობრივ არჩევანზე დაკვირვების საშუალებად. მასწავლებელი განმარტავს იდიომების მნიშვნელობას, მაგალითად: პირი დააღო – გაოცდა; გულზე მოეშვა – შვება იგრძნო, ხელი შეუწყო – დაეხმარა; გული მოიგო – ვინმეს კეთილგანწყობა დაიმსახურა; გული გაუტყდა – იმედგაცრუებული დარჩა და სხვა. შემდეგ ეკითხება მოსწავლეებს, კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ფორმა უფრო ცხადად წარმოგვიდგენს ადამიანის მდგომარეობას?
ამგვარი მუშაობით მოსწავლე მხოლოდ ტექსტის შინაარსს კი არ იაზრებს, არამედ ავტორის ლექსიკურ არჩევანსაც აკვირდება. იგი თანდათან ამჩნევს, რომ ენობრივი ფორმის შერჩევა შემთხვევითი არ არის: სხვადასხვა ფორმულირებამ შეიძლება ერთი და იგივე ფაქტი გადმოსცეს, მაგრამ განსხვავებული ემოციური და სტილისტური ეფექტი შექმნას.
ფუნქციური სწავლების მნიშვნელოვანი პირობაა ახალი ენობრივი ერთეულის მოსწავლის გამოცდილებასთან დაკავშირება. მაგალითად, იდიომის – „გული გაუტყდა“ შესწავლისას შეიძლება ვკითხოთ: მოიფიქრე შემთხვევა, როდესაც ადამიანს შეიძლება გული გაუტყდეს. შემდეგ კი იგივე სიტუაცია აღწერე იდიომის გამოყენების გარეშე.
შდრ.: სანდრო გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა და გული გაუტყდა. – სანდრო იმედგაცრუებული დარჩა.
რომელი ფორმა უფრო ემოციურად გადმოსცემს პერსონაჟის მდგომარეობას?
ასეთი შედარება მოსწავლეს ეხმარება, იდიომის გამოყენება კომუნიკაციურ მიზანს დაუკავშიროს.
ფუნქციური ცოდნის კარგი მაჩვენებელია არა მხოლოდ შესაბამისი კონტექსტის პოვნა, არამედ შეძლო მისი შესაბამისად გამოყენება. მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეს შესთავაზოს წინადადება, რომელშიც იდიომი განზრახ არასწორად არის გამოყენებული და ჰკითხოს:
- შეესაბამება თუ არა ეს იდიომი მოცემულ სიტუაციას? თუ არა — რატომ?
- რომელი გამოთქმა იქნებოდა უფრო შესაფერისი?
ასეთი დავალება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე აცნობიერებს: იდიომის ცოდნა მხოლოდ მისი მნიშვნელობის ცოდნას არ ნიშნავს. აუცილებელია სიტუაციის, ტექსტისა და კომუნიკაციური მიზნის გათვალისწინება.
იდიომის გააზრებისას შეიძლება თანმიმდევრულად გამოვიყენოთ სხვადასხვა მოქმედება: ამოიცანი → გაიგე → შეადარე → შეარჩიე → გამოიყენე.
მოსწავლე იდიომს ტექსტში ამოიცნობს → შემდეგ განმარტავს → ადარებს მის ნეიტრალურ ფორმას → კონკრეტულ სიტუაციას უსადაგებს → ბოლოს თავად იყენებს ზეპირ ან წერით მეტყველებაში. ასეთი ეტაპობრივი ნაბიჯები ენობრივი ერთეულის პასიური ცოდნიდან აქტიურ გამოყენებაში გადასვლას უწყობს ხელს.
თუმცა აქ ერთი პირობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: იდიომი არ უნდა იქცეს ტექსტში ხელოვნურად ჩასმულ „სავალდებულო ელემენტად“. მოსწავლემ უნდა შეძლოს იმის ახსნა, რატომ გამოიყენა ის. ამ კითხვაზე პასუხი მიანიშნებს, რომ იგი იდიომს არა მექანიკურად, არამედ მიზნობრივი ენობრივი არჩევანის საფუძველზე იყენებს.
იდიომების ფუნქციური სწავლების შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები ფართოა. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- იდიომის ამოცნობა კონტექსტში;
- მისი მნიშვნელობის საკუთარი სიტყვებით ახსნა;
- ფრაზის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობის გარჩევა;
- საკუთარი არჩევანის დასაბუთება;
- იდიომის ნეიტრალური ფორმულირებით ჩანაცვლება;
- გამომსახველობითი ეფექტის შეფასება;
- იდიომის ბუნებრივად გამოყენება ზეპირ და წერით მეტყველებაში.
ფუნქციური სწავლების არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს: იდიომი უნდა გადავიდეს სახელმძღვანელოს გვერდიდან მოსწავლის აქტიურ მეტყველებაში; განმარტება – გამოყენებაში; ცოდნა – გააზრებულ ენობრივ არჩევანში.


