თანამედროვე განათლების უმნიშვნელოვანესი ამოცანა ცოდნის გადაცემა აღარ არის – არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე თავისუფლად აზროვნებს, სვამს კითხვებს, გამოთქვამს მოსაზრებებს და არ ეშინია ცდის, ძიებისა და შეცდომის დაშვების.
დაწყებით საფეხურზე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ასაკში ბავშვი მხოლოდ საგნობრივ ცოდნას კი არ იძენს, არამედ თანდათან უყალიბდება დამოკიდებულებაც სწავლის, საკუთარი შესაძლებლობებისა და შეცდომების მიმართ. შეცდომაზე მასწავლებლის ან თანაკლასელების რეაქციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს იმაზე, რამდენად თამამად ჩაერთვება მოსწავლე მომავალში სასწავლო პროცესში.
სასკოლო პრაქტიკაში არცთუ იშვიათად შეხვდებით მოსწავლეს, რომელიც პასუხის გაცემას ერიდება არა იმიტომ, რომ არ იცის, არამედ იმიტომ, რომ ეშინია, არასწორად არ უპასუხოს. როდესაც ბავშვი შეცდომას სირცხვილთან, დაცინვასთან ან დაბალ შეფასებასთან აკავშირებს, ის კითხვების დასმას, აზრის გამოთქმასა და ახალი გზების მოსინჯვასაც ერიდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, შეიცვალოს შეცდომის მიმართ დამოკიდებულება: შეცდომა ცოდნის საპირისპირო რამ კი არა, ხშირად მისი ნაწილია.
შეცდომა – სწორი პასუხისკენ მიმავალი გზა
არსებობს შეცდომები, რომლებიც უშუალოდ ცოდნის, გამოთვლის ან მსჯელობის პროცესს უკავშირდება. მაგალითად, თუ მოსწავლე ამბობს, რომ ორს მივუმატოთ ორი ხუთის ტოლია, მასწავლებლის მიზანი მხოლოდ პასუხის შესწორება არ უნდა იყოს. უფრო მნიშვნელოვანია, მოსწავლემ თავად შეძლოს საკუთარი მსჯელობის გადამოწმება და შეცდომის აღმოჩენა.
ამ დროს კითხვები: „როგორ მიიღე ეს პასუხი?“, „მოდი, ერთად გადავამოწმოთ“, „შენი აზრით, სად შეიძლება იყოს შეცდომა?“ – ბავშვს საშუალებას აძლევს, პასუხის მიღმა საკუთარი აზროვნების პროცესსაც დააკვირდეს.
უბრალოდ შეცდომის შესწორება ყოველთვის არ არის საკმარისი. გაცილებით მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელსაც მოითხოვს არასწორი პასუხიდან სწორ პასუხამდე მისვლა. სწორედ ამ პროცესში სწავლობს მოსწავლე საკუთარი მსჯელობის გაანალიზებას, შეცდომის მიზეზის პოვნას და გამოსწორების გზის ძიებას.
კვლევებიც მიუთითებს, რომ შეცდომა, რომელსაც სათანადო უკუკავშირი და მისი გააზრება მოჰყვება, შესაძლოა, სწავლისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. Janet Metcalfe-ის მიერ შეცდომებიდან სწავლის შესახებ ჩატარებული კვლევების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ შეცდომაზე დაფუძნებულ სწავლებას, განსაკუთრებით – შესაბამისი მაკორექტირებელი უკუკავშირის პირობებში, შეუძლია, ხელი შეუწყოს ცოდნის უკეთ ათვისებას.
ამგვარად, ჩვენი მიზანი არ არის შეცდომის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად. ჩვენი მიზანია, მოსწავლემ ისწავლოს შეცდომის დანახვა, გააზრება და გამოსწორება.
როდესაც „შეცდომა“ სინამდვილეში ინდივიდუალიზმია
მასწავლებელმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს ფაქტობრივი შეცდომა და ბავშვის შემოქმედებითი ხედვა.
თუ მოსწავლემ დახატა ვარდისფერი სპილო ან მწვანე მზე, მისი ნამუშევარი, ბუნებრივია, არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ შესაძლოა, სავსებით შეესაბამებოდეს მის წარმოსახვასა და შემოქმედებით ხედვას.
ამ შემთხვევაში კითხვა: „რატომ არის სპილო ვარდისფერი?“ – ბევრად უფრო პროდუქტიულია, ვიდრე მითითება: „სპილო ასეთი არ არის“.
ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი ახსნა, რომელიც მის წარმოსახვას, ემოციას, გამოცდილებას ან უბრალოდ შემოქმედებით არჩევანს უკავშირდება. სწორედ ამიტომ შემოქმედებით დავალებებში ერთი „სწორი“ პასუხის მოთხოვნამ შესაძლოა ფრთა შეუკვეცოს მოსწავლის ინიციატივასა და ფანტაზიას.
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ განსხვავებული პასუხი ყოველთვის შეცდომას არ ნიშნავს.
შეცდომაზე რეაგირების კულტურა
შეცდომის უფლება მხოლოდ მასწავლებლის დამოკიდებულებით არ იქმნება. მნიშვნელოვანია ისიც, როგორ რეაგირებენ ერთმანეთის პასუხებზე თავად მოსწავლეები.
კლასში თანდათან უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი კულტურა, სადაც მოსწავლეს არასწორი პასუხის გამო არ დასცინიან, საუბარს არ აწყვეტინებენ და არ კიცხავენ.
შეცდომის აღმოჩენისას შეიძლება, ყურადღება გადავიტანოთ არა მოსწავლის შეფასებაზე, არამედ თავად სასწავლო პროცესზე: „რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ პასუხიდან?“ ან „როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ თავადვე მივაგნოთ სწორ პასუხს?“
ასეთი მიდგომა შეცდომას სოციალური საფრთხიდან სასწავლო შესაძლებლობად გარდაქმნის.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით კლასებში, სადაც თანაკლასელების რეაქციას ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მოსწავლე დარწმუნებულია, რომ არასწორი პასუხის გამოდასცინებენ, შესაძლოა, მომავალში საერთოდ აღარ მოისურვოს პასუხის გაცემა.
სიტყვები, რომლებსაც მასწავლებელი იყენებს, მნიშვნელოვანია
შეცდომაზე რეაგირებისას მასწავლებლის მიერ გამოყენებულ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფრაზას „ეს შეცდომაა“ ზოგი ბავშვი თუ მხოლოდ მისი პასუხის შეფასებად აღიქვამს, ზოგი მისი პიროვნების შეფასებად მიიჩნევს: „არ ვიცი“, „არ გამომდის“, „სხვები მჯობიან“.
ამიტომ უმჯობესია, მასწავლებელმა გამოიყენოს ისეთი ფრაზები, რომლებიც ბავშვს ფიქრის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს:
„მოდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ“.
„როგორ მიხვედი ამ პასუხამდე?“
„მოდი, ერთად გადავამოწმოთ“.
„კიდევ ერთი გზა ხომ არ არსებობს?“
„საინტერესო აზრია. აგვიხსნი, რატომ გგონია ასე?“
ასეთი უკუკავშირი არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი არასწორ პასუხს სწორად აცხადებს. პირიქით, სწორი პასუხის მნიშვნელობა უცვლელი რჩება. იცვლება მხოლოდ გზა, რომლითაც მოსწავლე სწორ პასუხამდე მიდის.
კვლევები უკუკავშირის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. Hattie-სა და Timperley-ს მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი აჩვენებს, რომ უკუკავშირი სწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მისი ეფექტი დამოკიდებულია მის შინაარსზე, ფორმასა და იმაზე, თუ როგორ მიეწოდება ის მოსწავლეს.
მასწავლებელიც შეიძლება შეცდეს
შეცდომის მიღების კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავად მასწავლებლის მაგალითი.
როცა მასწავლებელი მშვიდად ამბობს: „შემეშალა. მოდი, ერთად გადავამოწმოთ“, – ბავშვი იღებს მნიშვნელოვან გზავნილს – შეცდომა უუნარობას არ ნიშნავს.
მასწავლებლის მიერ საკუთარი შეცდომის მშვიდად აღიარება მოსწავლეს აჩვენებს, რომ სწავლა მუდმივი პროცესია და მცოდნე ადამიანიც შეიძლება შეცდეს, გადაამოწმოს თავისი მოსაზრება და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს კიდეც.
ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე, რადგან აქ ბავშვი სწავლობს არა მხოლოდ საგნობრივ მასალას, არამედ იმასაც, როგორ მოიქცეს მაშინ, როდესაც რაღაც არ იცის ან არასწორად გააკეთა.
შეცდომა როგორც სასწავლო რესურსი
შეცდომის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება არ ნიშნავს მის უგულებელყოფას. პირიქით, ეს გულისხმობს შეცდომების გააზრებულ გამოყენებას სასწავლო პროცესში.
მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს მისცეს დავალებები, რომლებშიც საჭიროა შეცდომის აღმოჩენა, მისი მიზეზის ახსნა და დავალების შესრულების სწორი გზის პოვნა.
მაგალითად, შეიძლება, მოსწავლეებს მივცეთ რამდენიმე ამოხსნილი მაგალითი და ვთხოვოთ, იპოვონ შეცდომა. ასეთ დროს მხოლოდ სწორი პასუხის პოვნა აღარ არის მთავარი – ბავშვი აკვირდება მსჯელობის პროცესს, ერთმანეთს ადარებს ამოხსნის სხვადასხვა გზას და სწავლობს შეცდომის მიზეზის განსაზღვრას.
ეს მიდგომა ფორმატიული შეფასების პრინციპებსაც უკავშირდება. Black-ისა და Wiliam-ის კვლევებმა აჩვენა, რომ დროული და შესაბამისი უკუკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლის გაუმჯობესებაში.
ამ შემთხვევაში შეფასება არ არის მხოლოდ საბოლოო შედეგის დაფიქსირება – ის თავად სწავლის პროცესის ნაწილია.
დასკვნა
სკოლაში ყველაზე საშიში არასწორი პასუხი არ არის.
ყველაზე საშიში ის მომენტია, როდესაც მოსწავლე ხელს აღარ სწევს, რადგან ეშინია, არ შეცდეს.
ამიტომ ჩვენი მიზანი ისეთი კლასის შექმნა კი არ უნდა იყოს, სადაც ბავშვები არასდროს ცდებიან, არამედ ისეთი სასწავლო გარემოსი, სადაც ბავშვს შეცდომისა არ ეშინია.
როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ შეცდომა მისი შესაძლებლობების საზომი კი არა, სწავლის პროცესის ნაწილია, ის უფრო თავისუფლად აზროვნებს, უფრო თამამად სვამს კითხვებს და უფრო აქტიურად ეძებს პასუხებს.
შეცდომა შეიძლება იყოს დაბრკოლება, მაგრამ სწორად წარმართული სასწავლო პროცესის პირობებში ის შესაძლოა ახალი ცოდნის დასაწყისიც გახდეს.
გამოყენებული ლიტერატურა
-
ბლექი, პ., უილიამი, დ. (1998). შეფასება და საკლასო სწავლება (Assessment and Classroom Learning). ჟურნალი Assessment in Education: Principles, Policy & Practice, 5(1), 7-74
-
ჰეტი, ჯ., ტიმპერლი, ჰ. (2007). უკუკავშირის ძალა (The Power of Feedback). Review of Educational Research, 77(1), 81-112
-
მეტკალფი, ჯ. (2017). შეცდომებიდან სწავლა (Learning from Errors). Annual Review of Psychology, 68, 465-489
-
კაპური, მ. (2008). პროდუქტიული მარცხი (Productive Failure). Cognition and Instruction, 26(3), 379-424
-
ბლექი, პ., ჰარისონი, ჩ., ლი, კ., მარშალი, ბ., უილიამი, დ. (2003). შეფასება სწავლისთვის: მისი პრაქტიკაში გამოყენება (Assessment for Learning: Putting It into Practice). Buckingham: Open University Press


