სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
1 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

როგორ ვაქციოთ ლიტერატურა ცოცხალ თავგადასავლად

ხშირად გვესმის, რომ ჩვენს დროში ახალგაზრდებს კითხვა არ უყვართ და რომ წიგნი ეკრანმა ჩაანაცვლა, მაგრამ საგანმანათლებლო პრაქტიკა გვაჩვენებს: ბავშვებს კითხვა კი არ ეზარებათ, მათ ლიტერატურის ცოცხლად აღქმა და მასთან თამაში სურთ. თუ წიგნი თაროზე შემოდებულ დამტვერილ ტომად დარჩა, ის მოზარდისთვის ვერასოდეს გახდება საინტერესო. აი, თუ მას კლასში შემოვუშვებთ, მის პერსონაჟებს რეალურ სივრცეში გავაცოცხლებთ და მოსწავლეებს მოქმედების თავისუფლებას მივცემთ, სასწავლო პროცესი ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.
გაგაცნობთ ინგლისური ენის გაკვეთილებზე განხორციელებულ სამ ლიტერატურულ პროექტს, რომლებშიც გამოყენებულია საგნობრივი ინტეგრაციის, დრამაპედაგოგიკისა და ციფრული წიგნიერების თანამედროვე მიდგომები.
პრაქტიკული გამოცდილება მოწმობს, რომ მოზარდები უფრო ეფექტურად ითვისებენ კლასიკურ ტექსტებს, როდესაც მასწავლებელი უარს ამბობს მშრალ თეორიაზე და საკლასო ოთახს შემოქმედებით ლაბორატორიად აქცევს. ქვემოთ დეტალურად არის აღწერილი აქტივობები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წარმატებით განხორციელდა.
1. პინოქიოს „გადარჩენა“ – ლიტერატურა და ბავშვის უფლებებ
როდესაც კლასში „პინოქიოს თავგადასავალს“ ვკითხულობდით, მიზნად გვქონდა არა მხოლოდ სიუჟეტის გაცნობა, არამედ ტექსტის საკუთარ ღირებულებებზე გატარებაც, კრიტიკული აზროვნების, ემპათიისა და სამართლიანობის გრძნობის განვითარებაც როლური თამაშების მეშვეობით.
საჭირო რესურსები: პერსონაჟების ატრიბუტები (პინოქიოს გრძელი ცხვირი, ჯეპეტოს ხელსაწყოები და სხვ.), ილუსტრაციები ან ციფრული პრეზენტაცია.
ნაბიჯნაბიჯ ინსტრუქცია:
  1. პერსონაჟის გაცოცხლება (ინსცენირება). მოსწავლეები ინაწილებენ როლებს (პინოქიო, ჯეპეტო, მელა, კატა). ისინი უბრალოდ კი არ კითხულობენ ტექსტს, არამედ სცენურად აცოცხლებენ საკვანძო ეპიზოდებს პერსონაჟის ემოციების უკეთ გამოსახატად.
  2. პრობლემის იდენტიფიცირება – „საფრთხე ბუხართან“. ინსცენირებას ვაჩერებთ იმ მომენტში, როდესაც პინოქიოს საფრთხე (ბუხარში დაწვა) ემუქრება. ვსვამთ კითხვას: „არის თუ არა ეს სამართლიანი? რას გრძნობს პინოქიო ამ დროს?“
  3. პინოქიოს უფლებების დაცვა (ადვოკატირება). კლასი იყოფა „უფლებადამცველებად“. მათი დავალებაა, მოიფიქრონ არგუმენტები პინოქიოს გადასარჩენად. აქ აქტიურად შემოდის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია: სიცოცხლის უფლება, დაცვის უფლება და პრინციპი, რომ შეცდომის გამო ბავშვი სასტიკად არ უნდა დაისაჯოს.
  4. ალტერნატიული ფინალის მოფიქრება. ბავშვები ერთობლივად ქმნიან სცენარს, როგორ გადაარჩინონ პინოქიო და რა გზით წაიყვანონ მისი თავგადასავალი უკეთესობისკენ.
შედეგი: ლიტერატურას ბუნებრივად დაუკავშირდა სამოქალაქო ცნობიერება. მოსწავლეებმა თავად შეცვალეს ფინალი, გადაარჩინეს გმირი და გააცნობიერეს, რომ ლიტერატურული პერსონაჟის ბედზე მათაც აქვთ პასუხისმგებლობა.
2. „დღეს კლასში ყველა პეპია!“: თემატური დაბადების დღე და წიგნიერების კვირეულ
ასტრიდ ლინდგრენის სამყარო თავისუფლებისა და ფანტაზიის ზეიმია. პეპი გრძელიწინდას დაბადების დღე საუკეთესო შანსი აღმოჩნდა კურიკულუმის სხვადასხვა თემისა და კლასის დასაკავშირებლად, წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად და კლასთაშორისი თანამშრომლობისთვის.
საჭირო რესურსები: პეპის ატრიბუტები (ჭრელი წინდები, თმის სამაგრები ნაწნავებისთვის), წიგნის მულტიმედიური პრეზენტაცია, მუსიკალური გაფორმება.
ნაბიჯნაბიჯ ინსტრუქცია:
  1. ვიზუალური ტრანსფორმაცია („ყველა პეპია“). აქტივობის დღეს მოსწავლეები (და თავად მასწავლებელიც) ირგებენ პეპის იმიჯს: იკეთებენ გრძელ, მხიარულ ნაწნავებს და იცვამენ სხვადასხვა ფერის ჭრელ წინდებს, რაც მყისვე ხსნის კომპლექსებს.
  2. თემატური ინტეგრაცია (მე-3 კლასი – „სახლი – House“). თემაზე მუშაობისას ბავშვები განიხილავენ ვილა „კურიოზს“. ისინი მსჯელობენ, რით განსხვავდება პეპის სახლი ჩვეულებრივი სახლებისგან და როგორი იქნებოდა მათი „ოცნების სახლი“.
  3. თანატოლთა განათლება (სტუმრად მეორე კლასთან). რაკი მეორეკლასელებს წიგნი ჯერ არ აქვთ წაკითხული, მესამეკლასელები მათთან „ელჩებად“ მიდიან. უფროსი მოსწავლეები პატარებს წარუდგენენ სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციას და უყვებიან პეპის თავგადასავლებს.
  4. სადღესასწაულო ფინალი. ორივე კლასი ერთვება საერთო მხიარულებაში: მღერიან, ცეკვავენ და ერთად ულოცავენ პეპის დაბადების დღეს. სწავლა ემსგავსება დღესასწაულს, რაც წიგნს პოზიტიურ ემოციასთან აკავშირებს.
3. ინგლისური ენის კვირეული „შექსპირი და ბავშვები“: ემოჯიებიდან ივანე მაჩაბლამდ
კლასიკური ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, ციფრული წიგნიერების, შემოქმედებითი აზროვნებისა და მთარგმნელობითი კულტურის გაცნობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სრულიად სხვადასხვა მეთოდებით წარიმართა.
საჭირო რესურსები: ბარათები ემოჯიებით/ტაბლეტები, სახატავი მასალა, ბიბლიოთეკის რესურსი (მაჩაბლისა და ჭავჭავაძის თარგმანები), სოციალური ქსელის (Instagram) შაბლონები.
  1. მეორე კლასი: „რომეო და ჯულიეტა“ ემოჯიების ენაზე – სიმბოლური აზროვნება
პატარებს ვუყვებით გამარტივებულ სიუჟეტს, რის შემდეგაც ისინი მათთვის ნაცნობი ციფრული ენით – სმარტფონის ემოჯიებით (გვირგვინი, გული, ხანჯალი, გატეხილი გული და სხვ.) გადმოსცემენ მთავარი სცენებსი შინაარსს.
  1. მესამე კლასი: შექსპირის პიესა და ილუსტრაციები – სმენითი და ვიზუალური აღქმა
მასწავლებელი კლასს უკითხავს პიესა „ზამთრის ზღაპრის“ ადაპტირებულ ვერსიას. ბავშვები აამოქმედებენ ფანტაზიას და ფურცელზე ხატავენ იმ ეპიზოდს, რომელმაც მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გამოფენაზე კი თავადვე ხსნიან საკუთარ ნამუშევრებს.
  1. მეშვიდე კლასი: „კულტურათა დიალოგი ბიბლიოთეკაში“ – კვლევითი უნარები.
გაკვეთილი გადაინაცვლებს საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში, სადაც მოსწავლეები მუშაობენ „მეფე ლირის“ ქართულ თარგმანებზე. ისინი ადარებენ ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის თარგმანებს და აკვირდებიან, როგორ გადმოიტანეს ქართველმა კლასიკოსებმა შექსპირისეული ეპოქა და მეტაფორები ქართულ რეალობაში.
  1. მეცხრე კლასი: „შექსპირი რომ ინსტაგრამერი ყოფილიყო“ – მედიაწიგნიერება
კლასიკური ნაწარმოებების დაკავშირება თანამედროვე ციფრულ სამყაროსთან. მოსწავლეები ქმნიან შექსპირის წარმოსახვით ინსტაგრამ-პროფილს და მსჯელობენ: რას დაწერდა მწერალი სთორიში ჰამლეტის ტრაგედიის დროს? რა ჰეშთეგებს (#) გამოიყენებდა? ეს დაანახებს მოზარდებს, რომ შექსპირისეული ემოციები დღესაც ცოცხალია.
ამ პრაქტიკულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კლასიკური ლიტერატურა არ არის „ჩაკეტილი სამყარო“. ემოჯიებით დაწყებული, მაჩაბლის თარგმანებითა და სოციალური ქსელებით დასრულებული, ჩვენ შევძელით, დიდი დრამატურგი მოსწავლეთა ყოველდღიურობის ნაწილად გვექცია. როდესაც მასწავლებელი სცდება ტრადიციულ ჩარჩოებს, ბავშვები თავად ხდებიან წიგნის თანაავტორები. მთავარია, მივცეთ მათ საშუალება, ითამაშონ, იფიქრონ, იკამათონ და შექმნან კედლებისა და შეზღუდვების გარეშე.
გამოყენებული ლიტერატურ
1. ეროვნული სასწავლო გეგმა. (2018). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია. (1989). გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
3. კოლოდი, კ. (2015). პინოქიოს თავგადასავალი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
4. ლინდგრენი, ა. (2018). პეპი გრძელიწინდა. თბილისი: გამომცემლობა დიოგენე.
5. შექსპირი, უ. (2020). ტრაგედიები და დრამები. (ი. მაჩაბლისა და ი. ჭავჭავაძის თარგმანი). თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი.
6. Coyle, D., Hood, P., & Marsh, D. (2010). CLIL: Content and language integrated learning. Cambridge: Cambridge University Press.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“