ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026
29 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

წყალქვეშა სამყარო საკლასო ოთახში – სახალისო სასწავლო აქტივობები

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად გვევლინება მოსწავლეების გაჯეტებზე დამოკიდებულება – ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იმყოფებიან ეკრანებით გაჯერებულ გარემოში, რაც ხშირად ამცირებს მათ კონცენტრაციის ხანგრძლივობას და ზღუდავს რეალურ, ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობას. აღნიშნული ტენდენციის საპასუხოდ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სასწავლო მიდგომები, რომლებიც ეფუძნება გამოცდილებით სწავლებას და კეთებით სწავლების პრინციპს, სადაც ცოდნა აქტიური მოქმედების პროცესში ყალიბდება.

ამ მიდგომის პრაქტიკულ მაგალითს წარმოადგენს ბუნებისმეტყველების საგნის ფარგლებში მეორე კლასში განხორციელებული 3-კვირიანი პროექტი – „წყალქვეშა სამყარო“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართვა არაციფრულ, კვლევით და შემოქმედებით აქტივობებში.

პროექტის მიზნები

პროექტის ფარგლებში დაისახა შემდეგი მიზნები:

  • მოსწავლეებმა შეისწავლონ და აღწერონ წყალქვეშა სამყაროს ბინადრები;
  • მოიძიონ, გააანალიზონ და დაახარისხონ ინფორმაცია სხვადასხვა ზღვის ცხოველის შესახებ;
  • განივითარონ თანამშრომლობის, კვლევის და პრეზენტაციის უნარები;
  • გააცნობიერონ წყლის ეკოსისტემების დაცვის მნიშვნელობა.

პროექტის განხორციელების ეტაპები

I ეტაპი – თემის შერჩევა

კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა ინტერესების მიხედვით შეარჩია საკვლევი მიმართულება: „მედუზები და რვაფეხები“, „ზღვის კუები და ნიჟარები“, „დელფინები“ და „ლურჯი ვეშაპები“.

II ეტაპი – ინფორმაციის მოძიება და ანალიზი

მოსწავლეებმა მასწავლებლისა და მშობლების მხარდაჭერით მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიები, შემეცნებითი ლიტერატურა, ინტერნეტრესურსები) და გაეცნენ ბინადართა საცხოვრებელ გარემოს, კვების თავისებურებებსა და ეკოლოგიურ საფრთხეებს.

III ეტაპი – პრეზენტაციების მომზადება

მოსწავლეებმა დაამუშავეს მოძიებული მასალა, გააკეთეს არჩევანი მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და ჯგუფურად მოამზადეს პირველადი პრეზენტაციები, სადაც წარმოაჩინეს თითოეული ბინადრის თავისებურებები და მათი როლი ეკოსისტემაში.

IV ეტაპი – საბოლოო პროდუქტი: დიორამების შექმნა, საკლასო პრეზენტაცია და SOLO შეფასება

პროექტის ცენტრალურ ეტაპს წარმოადგენდა სამგანზომილებიანი (3D) დიორამების შექმნა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ააგეს წყალქვეშა სამყაროს მოდელები მუყაოს ყუთების, ფერადი ქაღალდის, პლასტილინისა და ბუნებრივი მასალების გამოყენებით.

დიორამების შექმნის დასრულებისთანავე, კლასში მოეწყო შიდა სამუშაო პრეზენტაციები. თითოეულმა ჯგუფმა თანაკლასელებისა და მასწავლებლის წინაშე წარადგინა თავისი ნამუშევარი, რაც საფუძვლად დაედო მოსწავლეთა მიღწევების SOLO ტაქსონომიით შეფასებას. მასწავლებელმა სამუშაო პროცესშივე, კრიტერიუმებზე დაყრდნობით, განსაზღვრა თითოეული მოსწავლის სააზროვნო დონე და მისცა კონკრეტული განმავითარებელი რეკომენდაციები.

ეს შიდა საკლასო განხილვა გახდა გარდამავალი ხიდი საბოლოო პროდუქტსა და საჯარო გამოსვლას შორის: მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, მოსწავლეებს მიეცათ დრო და შესაძლებლობა, დაეხვეწათ, შეევსოთ თავიანთი დიორამები თუ საპრეზენტაციო არგუმენტები და მომდევნო, უფრო მაღალ სააზროვნო დონეზე გადასულიყვნენ საჯარო პრეზენტაციამდე. ამგვარად, დიორამა და მისი შიდა განხილვა იქცა შეფასების ალტერნატიულ ინსტრუმენტად, რომელმაც რეალურად ასახა ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების ტრანსფერი.

V ეტაპი – საჯარო პრეზენტაცია და რეფლექსია

მას შემდეგ, რაც ნამუშევრები კლასში საფუძვლიანად დაზუსტდა და დაიხვეწა, პროექტი დასრულდა საზეიმო საჯარო პრეზენტაციით, სადაც მოსწავლეებმა ფართო აუდიტორიის (მასწავლებლები, მშობლები, უფროსკლასელები) წინაშე სრული თავდაჯერებულობით წარადგინეს საბოლოო  პროდუქტები.პროექტზე მუშაობის  პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები.პრეზენტაციების პარალელეურად  ჩატარდა ინტერაქციული ვიქტორინა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და უზრუნველყო პოზიტიური უკუკავშირი.

პროექტის შეფასების მეთოდოლოგია

იმისათვის, რომ შეფასების პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე და მასწავლებლისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტი მიეცა, პროექტის შიდა საკლასო განხილვის ეტაპზე გამოყენებულ იქნა შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები და SOLO ტაქსონომიაზე დაფუძნებული რუბრიკა.

დიორამის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

  1. შინაარსობრივი სიზუსტე და მრავალფეროვნება: რამდენად ასახავს დიორამა შერჩეული ჯგუფის რეალურ საცხოვრებელ გარემოს, კვების თავისებურებებსა და ეკოსისტემას.
  2. სივრცითი ორგანიზება და სტრუქტურა: რამდენად არის დაცული სივრცითი განაწილება (წინა და უკანა პლანი, ზღვის ფსკერი, მცენარეული საფარი და ბინადრები ერთიან სისტემაში).
  3. შემოქმედებითობა და მასალების გამოყენება: რამდენად ორიგინალურად არის გამოყენებული სხვადასხვა არაციფრული მასალა (მუყაო, პლასტილინი, ბუნებრივი მასალები).
  4. პრეზენტაცია და არგუმენტირება: როგორ ხსნის მოსწავლე თავის ნამუშევარს შიდა საკლასო განხილვისას და რამდენად ავლენს კავშირს ცოცხალ ორგანიზმებსა და გარემოს შორის.

სოლო (SOLO) შეფასების სქემა განმავითარებელი რეკომენდაციებით

ეს სქემა გამოიყენება IV ეტაპზე — საკლასო პრეზენტაციისა და სამუშაო პროცესის დროს, ვიდრე ნამუშევრები საჯარო გამოფენაზე გავა. ეს ბავშვს აძლევს შანსს, მიღებული რჩევებით გააუმჯობესოს პროდუქტი:

SOLO დონეები დონის აღწერა (დიორამასთან მიმართებით) შეფასების ინდიკატორები (რას აკეთებს მოსწავლე) რეკომენდაცია / განმავითარებელი უკუკავშირი (შემდეგ დონეზე გადასასვლელად)
პრესტრუქტურული დონე მოსწავლეს არ აქვს გაგებული დავალების არსი.  დიორამა ვერ ასახავს წყალქვეშა სამყაროს. მასალები ქაოტურად არის განლაგებული და არ უკავშირდება თემას.  „სცადე, თავიდან გადახედო შერჩეული ჯგუფის მასალებს. მოდი, ერთად ავირჩიოთ ერთი კონკრეტული ზღვის ბინადარი (მაგალითად, დელფინი) და დავფიქრდეთ, როგორი ფორმა აქვს მას და სად ცხოვრობს.“
უნისტრუქტურული დონე მოსწავლე ფოკუსირდება მხოლოდ ერთ, იზოლირებულ ასპექტზე.  დიორამაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ელემენტი (მაგალითად, მხოლოდ ერთი თევზი ან მხოლოდ ლურჯი ფონი), გარემოსა და სხვა ბინადრების გარეშე.

 საუბრისას ასახელებს მხოლოდ ერთ ფაქტს.

 „ძალიან კარგია, რომ ეს თევზი ასე ლამაზად გამოძერწე. ახლა დაფიქრდი, კიდევ რა შეიძლება შევამჩნიოთ ზღვის სიღრმეში? ვინ არიან მისი მეზობლები? რისგან შედგება ზღვის ფსკერი? დაამატე ეს ელემენტებიც შენს ყუთში.“
მულტისტრუქტურული დონე მოსწავლე აერთიანებს რამდენიმე ელემენტს, თუმცა მათ შორის კავშირებს ვერ ხედავს.  დიორამაში მოცემულია ბევრი სხვადასხვა ბინადარი და მცენარე, თუმცა ისინი უბრალოდ ჩაყრილი/ჩაკრულია ყუთში, სივრცითი ლოგიკის გარეშე.

 მოსწავლეს შეუძლია ჩამოთვალოს ნამუშევარში არსებული ყველა საგანი, მაგრამ ვერ ხსნის მათ ურთიერთკავშირს.

 „შენს დიორამაში უამრავი საინტერესო ბინადარია! ახლა შეეცადე, ისინი ისე გადაანაწილო, რომ ნამდვილ წყალქვშა სახლს დაემსგავსოს: ვინ ცურავს ზედაპირზე და ვინ იმალება ქვიშაში ან მცენარეებში? ახსენი, რატომ სჭირდებათ მათ ეს გარემო.“
მიმართებითი დონე მოსწავლე აცნობიერებს კავშირებს და ქმნის ერთიან, სტრუქტურირებულ სისტემას.  დიორამაში მკაფიოდ ჩანს მთლიანი ეკოსისტემა: დაცულია სივრცე (ფსკერი, წყლის მასა), ბინადრები განაწილებულნი არიან თავიანთ ბუნებრივ გარემოში.

 მოსწავლე პრეზენტაციისას ნათლად ხსნის, თუ რატომ არის ესა თუ ის არსება კონკრეტულ ადგილას და როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს ან გარემოს.

 „შესანიშნავი ნამუშევარია, ნამდვილი ერთიანი სისტემა შექმენი! საინტერესოა, რა მოხდება, თუ ამ გარემოში რაღაც შეიცვლება? მაგალითად, თუ წყალი დაბინძურდება ან წყალმცენარეები გაქრება, როგორ იმოქმედებს ეს შენს ბინადრებზე? დაფიქრდი ამაზე.“
აფსტრაგირების გაფართოებული დონე მოსწავლე მიღებულ ცოდნას განაზოგადებს და გადააქვს ახალ, უფრო ფართო კონტექსტში.  დიორამაში, გარდა ბუნებრივი გარემოსა, შემოქმედებითად არის ნაჩვენები ეკოლოგიური პრობლემაც (მაგალითად, დამატებულია პლასტმასის ნარჩენები, როგორც საფრთხე).

 მოსწავლე მსჯელობს იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის სამყაროს დაცვა და რა მოხდება, თუ ეს ბალანსი დაირღვევა.

„შენ უბრალოდ კი არ აღწერე წყალქვეშა სამყარო, არამედ გლობალურ პრობლემასაც შეეხე. შეგიძლია თუ არა, შენი ცოდნა სკოლის სხვა მოსწავლეებსაც გაუზიარო? მაგალითად, მოიფიქრო 1-2 წესი, რომლებსაც ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიურად უნდა ვიცავდეთ წყლის ეკოსისტემის გადასარჩენად?“

პროექტის განხორციელებამ ცხადყო, რომ არაციფრული, გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტივობები მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და სწავლების ხარისხს. მათ არა მხოლოდ გაიღრმავეს ცოდნა წყალქვეშა სამყაროს შესახებ, არამედ განივითარეს ისეთი მნიშვნელოვანი კომპეტენციები, როგორებიცაა: თანამშრომლობა, კვლევა, პრეზენტაცია და კრიტიკული აზროვნება.

საკლასო ეტაპზე შეფასების კრიტერიუმებისა და SOLO ტაქსონომიის მიზანმიმართულმა გამოყენებამ პროცესი უფრო პროდუქტიული გახადა: მოსწავლეებმა ისწავლეს საკუთარი შეცდომების დანახვა, კავშირების გააზრება და ნამუშევრების გაუმჯობესება საჯარო პრეზენტაციამდე. აღნიშნული გამოცდილება ადასტურებს, რომ არაციფრული აქტივობები და სწორი ფორმატიული შეფასება აუცილებელი ბალანსის იმ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ჰოლისტურ და მდგრად სწავლებას დაწყებით საფეხურზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“