ორშაბათი, მაისი 4, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

მეცნიერება ეთიკის სადარაჯოზე – ინტეგრირებული სწავლების გამოცდილება

დღეს, როდესაც ინფორმაცია ასეთი ხელმისაწვდომია, პედაგოგის უპირველესი ამოცანა არა ფაქტების გადაცემა, არამედ მოსწავლეებისთვის კრიტიკული და ეთიკური აზროვნების განვითარებაა. სწორედ ამ იდეას დაეფუძნა თბილისის 108–ე საჯარო სკოლაში ჩატარებული ინტერდისციპლინური გაკვეთილი „როცა ადამიანი ციფრებად იქცევა – ტკივილის ანატომია“. ეს იყო ბიოლოგიისა  და მათემატიკის საგნების ინტეგრაცია ისტორიულ კონტექსტთან – ჰოლოკოსტთან. გაკვეთილი ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს ქიმიისა და ბიოლოგიის  მენტორმა მასწავლებელმა ლუსანა ლომაიამ და მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა ეკა ახალაიამ.

 

ინტეგრაცია როგორც ღირებულებითი არჩევანი

ხშირად ბიოლოგიასა და მათემატიკას „მშრალ“ მეცნიერებებად განიხილავენ, მაგრან ამ გაკვეთილზე ვაჩვენეთ, რომ ისტორიულ კონტექსტთან მათი სინთეზი ქმნის უნიკალურ საგანმანათლებლო ეფექტს:

ისტორია: მოსწავლეებმა გააანალიზეს კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი – ჰოლოკოსტი – და ადამიანებზე ჩატარებული ნაცისტური ექსპერიმენტების ეთიკურობა.

ბიოლოგია:  მოსწავლეებმა განიხილეს ადამიანის ორგანიზმში ჰომეოსტაზის დარღვევის პროცესები ექსტრემალურ პირობებში (მაგალითად, ჰიპოთერმიის დროს). მათ არგუმენტირებულად ამხილეს ევგენიკა როგორც ფსევდომეცნიერება და პენეტის ცხრილის მეშვეობით დაამტკიცეს მისი ბიოლოგიური უსაფუძვლობა. მონიშნეს გენეტიკური კვლევების ეთიკური საზღვრები, განსაკუთრებით ტყუპებზე დაკვირვების მაგალითზე.

მათემატიკა: ციფრებმა აქ ემოციური დატვირთვა შეიძინა. ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის გამოყენებით მოსწავლეებმა გააცნობიერეს ტრაგედიის მასშტაბი. გამოთვალეს გადარჩენილთა პროცენტი, ააგეს  სვეტოვანი დიაგრამები.   დავალებამ  „დუმილის მათემატიკა“ მოსწავლეებს დაანახა, რომ 6 მილიონი მსხვერპლის პატივსაცემად წუთიერი დუმილი 11 წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა.

ეთიკა: გაკვეთილის ცენტრალური სადისკუსიო თემა გახდა არაეთიკური ცოდნა. მოსწავლეებმა იმსჯელეს მორალურ დილემაზე: გვაქვს თუ არა უფლება, გამოვიყენოთ სამედიცინო მონაცემები, რომლებიც ადამიანთა წამებისა და ტანჯვის ფასად არის მოპოვებული? სად გადის ზღვარი მეცნიერულ ინტერესსა და მორალურ პასუხისმგებლობას შორის?

 

მეთოდოლოგიური მიდგომა

საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული ისეთი აქტივობები, როგორიცაა „სახელი თუ ნომერი“, მიზნად ისახავდა დეჰუმანიზაციის პროცესის სიმულაციას. მოსწავლეებმა იმსჯელეს „არაეთიკურ  ცოდნაზე“ – მეცნიერულ მონაცემებზე, რომლებიც არაეთიკური გზით არის  მოპოვებული. ამან საშუალება მოგვცა, გავსულიყავით სასკოლო პროგრამის ფარგლებს გარეთ და თანამედროვე ბიოეთიკაზე გვემსჯელა.

 

დასკვნა

გაკვეთილი „ტკივილის ანატომია“ გასცდა სტანდარტული სწავლების ფარგლებს. მან აჩვენა, რომ მათემატიკური გამოთვლები და ბიოლოგიური კანონზომიერებები ეთიკის გარეშე აზრს კარგავს. ეს იყო ცოცხალი გაკვეთილი იმის შესახებ, რომ მეცნიერების უმთავრესი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსებაა. ტექნოლოგია და მეცნიერება მხოლოდ მაშინ არის პროგრესის მომტანი, როდესაც ის ჰუმანურობის პრინციპებს ეფუძნება.  ასეთი გაკვეთილი საინტერესოა, რადგან ერთდროულად მოქმედებს გონებასა და ემოციაზე, აერთიანებს ცოდნას, გამოცდილებას და ღირებულებებს.  სწორედ ამ სამეულს მოიაზრებს ღრმა, მდგრადი და ნამდვილი სწავლება.

 

გაკვეთილის გეგმა: როცა ადამიანი ციფრებად იქცევატკივილის ანატომია

საგნები: ბიოლოგია + მათემატიკა (ინტეგრირებული)

პედაგოგები – ლუსანა ლომაია, ეკა ახალაია

კლასი: მე-11

ხანგრძლივობა: 40 წუთი

გაკვეთილის მიზნები

მოსწავლეებმა განიხილონ, როგორ შეიძლება, მეცნიერება (ბიოლოგია და მათემატიკა) გამოყენებულ იქნეს როგორც ჰუმანური განვითარების, ისე დეჰუმანიზაციის ინსტრუმენტად; გააცნობიერონ ეთიკის როლი მეცნიერებაში და ისტორიული ტრაგედიის მასშტაბი რიცხვითი მონაცემების გააზრებით.

ბიოლოგი – გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე შეძლებს:

  • ახსნას, რატომ არის ევგენიკა ფსევდომეცნიერული და ბიოლოგიურად უსაფუძვლო მიდგომა;
  • აღწეროს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევა ექსტრემალურ პირობებში (ჰიპოთერმია, ჰომეოსტაზის მოშლა);
  • გაარჩიოს ეთიკური და არაეთიკური კვლევის პრინციპები გენეტიკის მაგალითზე (ტყუპებზე დაკვირვება);
  • იმსჯელოს „მოწამლული ცოდნის“ ცნებასა და მეცნიერის პასუხისმგებლობაზე.

მათემატიკგაკვეთილის ბოლოს მოსწავლე შეძლებს:

  • რეალური ისტორიული მონაცემების საფუძველზე პროცენტული მაჩვენებლებისა და ალბათობის გამოთვლას;
  • დემოგრაფიული ცვლილებების რაოდენობრივ ანალიზს;
  • მონაცემების ვიზუალურ წარმოდგენას (სვეტოვანი დიაგრამა);
  • ციფრული ინფორმაციის ინტერპრეტაციას ემოციური და ეთიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

ღირებულებითი და მოქალაქეობრივი მიზნები მოსწავლე:

  • გააცნობიერებს ადამიანის ღირსების მნიშვნელობას;
  • განივითარებს ემპათიას და ისტორიულ პასუხისმგებლობას;
  • შეძლებს მსჯელობას იმაზე, რატომ არ არის რიცხვები საკმარისი ადამიანის განსაზღვრისთვის.

 

  1. შესავალი: დეჰუმანიზაციის ფორმულა

აქტივობა: მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ტყვეების ტანსაცმელზე დაკერებულ და მკლავზე ამოსვირინგებულ ნომრებს.

კითხვა: როგორ ხდება ადამიანის გარდაქმნა მათემატიკურ მონაცემად?

როცა ადამიანს ნომრად აქცევ, უფრო ადვილია მისი წამება?

მიზანი: მოსწავლეებმა დაინახონ კავშირი „მშრალ რიცხვებსა“ და ცოცხალ ადამიანს შორის.

  1. ბიოლოგიის ბლოკი: ეთიკის მიღმა დარჩენილი მეცნიერება

აქტივობა 1: გენეტიკურისელექციისამოცანა

ამოცანა:არიული რასის“ იდეალის  ხელოვნური სელექცია

პენეტის ცხრილის მიხედვით გამოიანგარიშეთ „იდეალური“ (ცისფერთვალება)  შვილის ყოლის ალბათობა, თუ შევაჯვარებთ ჰეტეროზიგოტ  თაფლისფერთვალება მშობლებს

აქტივობა 2: ჰომეოსტაზის დარღვევა

დავალება: აღწერეთ, რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს ყინულიან წყალში ექსპერიმენტის დროს (ჰიპოთერმია). როგორ ფუნქციონირებს ამ დროს  სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სისტემები?

აქტივობა 3: ტყუპების ფენომენი (მენგელე განსაკუთრებით აწამებდა ტყუპებს)

მსჯელობა: მონოზიგოტური ტყუპები როგორც საკონტროლო ჯგუფი

ეთიკური კითხვა:

შეიძლება თუ არა არაეთიკური გზით მოპოვებული მონაცემების გამოყენება მედიცინაში?

თუ ამ მონაცემების გამოყენებით დღეს შესაძლებელია ადამიანის გადარჩენა, გვაქვს თუ არა მათი გამოყენების მორალური უფლება? ხომ არ ნიშნავს ეს ექსპერიმენტის „გამართლებას“ მისი შედეგებით?

სად გადის ზღვარი „მეცნიერულ ცნობისმოყვარეობასა“ და „ბოროტებას“ შორის? რატომ არის აუცილებელი, რომ გენეტიკური კვლევები (მაგალითად, ტყუპებზე დაკვირვება) მკაცრად კონტროლდებოდეს ეთიკის კომისიების მიერ?

III. მათემატიკის ბლოკი: ტრაგედიის სტატისტიკური მასშტაბი

მონაცემთა დამუშავება რეალურ ისტორიულ რიცხვებზე დაყრდნობით

აქტივობა 1: მენგელეს ტყუპები

მონაცემები:  მენგელეს „შავ სიაში“ ირიცხებოდა 1500 წყვილი ტყუპი. გადარჩა მხოლოდ 200 ბავშვი.

დავალება: ბავშვების  საერთო რაოდენობის რამდენი პროცენტი გადარჩა?

აქტივობა 2: დემოგრაფიული კლება

პოლონეთის ებრაული მოსახლეობის მაგალითი: 3.3 მილიონიდან (1939 წ.) დარჩა 300 000 (1945 წ.).

დავალება: გამოთვალეთ კლების პროცენტი  და გამოსახეთ სვეტოვანი დიაგრამით.

აქტივობა 3: ალბათობის ანალიზი: თუ ბანაკში ხვდებოდა ტყუპების წყვილი, როგორი იყო ალბათობა იმისა, რომ ორივე მათგანი გადარჩებოდა?

აქტივობა 4: მონაცემთა ინტერპრეტაცია

ექსპერიმენტებს გადარჩენილი 200 ადამიანიდან უმრავლესობას სიცოცხლის ბოლომდე სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდებოდა. თუ გადარჩენილთა 85%-ს არაეთიკური კვლევების გამო ქრონიკული დაავადებები განუვითარდა, გამოთვალეთ, რამდენი ადამიანი გადაურჩა მძიმე ფიზიკურ დაზიანებას.

აქტივობა 5: „დუმილის მათემატიკა

დავალება: თუ ჰოლოკოსტის 6 მილიონი მსხვერპლიდან თითოეულს წამიერი დუმილით მივაგებთ პატივს, რამდენი დღე გაგრძელდება  დუმილი?

  1. დასკვნა: ევა მოზეს კორის გაკვეთილი

აქტივობა: მასწავლებელი კითხულობს ევას ციტატას და აჩვენებს მის ფოტოს.

„ჩვენ არ ვიყავით ბავშვები. ჩვენ ვიყავით სხეულების ნაკრები ლაბორატორიაში, ნომრები ფურცელზე და ექსპერიმენტის ობიექტები. როცა მენგელე შემოდიოდა, სტატისტიკა იწყებდა სუნთქვას, მაგრამ ჩვენთვის ის მხოლოდ სიკვდილის სუნთქვა იყო“.

გამოსათხოვარი გზავნილი: „მე ვპატიობ მენგელეს, არა იმიტომ, რომ მან ეს დაიმსახურა, არამედ იმისთვის, რომ მე ვიმსახურებ, ვიყო თავისუფალი იმ ტკივილისგან, რომელიც მან მომაყენა“, – ევა მოზეს კორი.

რეფლექსია: მოსწავლეები თავიანთ სამუშაო ბარათებზე სახელსა და ნომერს შორის აკეთებენ არჩევანს.

შეჯამება: მეცნიერება ეთიკის გარეშე იარაღია, მათემატიკა კი გვეხმარება, რომ ეს მასშტაბი არასოდეს დავივიწყოთ.

 

შეფასების რუბრიკა (ინტეგრირებული გაკვეთილისთვის)

კრიტერიუმი მაღალი დონე საშუალო დონე დაბალი დონე
ბიოლოგიური კონცეფციების გააზრება ზედმიწევნით ხსნის ევგენიკის ფსევდომეცნიერულ ბუნებას და ჰომეოსტაზის დარღვევის მექანიზმებს ექსტრემალურ პირობებში. ხსნის ძირითად ცნებებს, თუმცა უჭირს ფიზიოლოგიური პროცესების დეტალური დაკავშირება ერთმანეთთან. ზედაპირულად საუბრობს ევგენიკაზე; უჭირს ჰიპოთერმიის გავლენის აღწერა ორგანიზმზე.
მათემატიკური ანალიზი უშეცდომოდ ითვლის პროცენტულ ცვლილებებს, ალბათობას და ზუსტად აგებს სვეტოვან დიაგრამას. სწორად ასრულებს გამოთვლების უმეტესობას, თუმცა დიაგრამის აგებისას უშვებს მცირე ტექნიკურ ხარვეზებს. უჭირს პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლა და მონაცემთა ინტერპრეტაცია.
ეთიკური და კრიტიკული აზროვნება ღრმად მსჯელობს მეცნიერის პასუხისმგებლობაზე; კრიტიკულად აფასებს „მოწამლული ცოდნის“ გამოყენების ეთიკურობას. აცნობიერებს ეთიკის მნიშვნელობას, თუმცა უჭირს არგუმენტირებული მსჯელობა თანამედროვე მედიცინის კონტექსტში. მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ ექსპერიმენტები იყო არაეთიკური; ვერ აყალიბებს ვრცელ მსჯელობას.
ინტეგრირებული მიდგომა ახერხებს, ციფრული მონაცემების მიღმა დაინახოს ადამიანური ტრაგედია და გააანალიზოს დეჰუმანიზაციის პროცესი. ნაწილობრივ აკავშირებს მათემატიკურ მონაცემებს ემოციურ კონტექსტთან. ციფრებს აღიქვამს მხოლოდ როგორც მათემატიკურ მოცემულობას და უჭირს მათი ემოციური ინტერპრეტაცია.

დავალება

  1. გაეცანით ინფორმაციას ნაცისტური „T4 პროგრამის“ შესახებ. დააკავშირეთ ეს საკითხი გაკვეთილზე განხილულ ჰომეოსტაზისა და გენეტიკური სელექციის თემებთან და დაწერეთ მოკლე ესე (150-200 სიტყვა) თემაზე „ფსევდომეცნიერული არგუმენტების გამოყენება ადამიანთა სეგრეგაციისთვის“.
  2. 2. მოიძიეთ ინფორმაცია  ვარშავის გეტოს შესახებ და შეადარეთ  მოსახლეობის რაოდენობა ომამდე და ომის შემდეგ. გამოთვალეთ გადარჩენილთა პროცენტული მაჩვენებლები და  გამოსახეთ სვეტოვანი დიაგრამით.

 გაკვეთილზე გამოყენებული   პრეზენტაცია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“