სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026
27 ოქტომბერი, სამშაბათი, 2026

როგორ ვაქციოთ კლასის საათი ნდობისა და თანამშრომლობის სივრცედ

ფორმალური შეხვედრიდან ცოცხალ დიალოგამდე: 

 

  1. კლასის საათი — ნდობისა და თანამშრომლობის სივრცე

კლასის საათი მხოლოდ კვირის განრიგში ჩასმული შეხვედრა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, მოსწავლეებთან ერთად ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, ურთიერთობებსა და არჩევანს უკავშირდება; მოვუსმინოთ ერთმანეთს და უსაფრთხო გარემოში გავიაზროთ, როგორ ვიმოქმედოთ რთულ სიტუაციებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მოსწავლემ თავი იგრძნოს არა მხოლოდ მსმენელად, არამედ მონაწილედ — ადამიანად, რომლის აზრსაც ყურადღებით ეკიდებიან. მე-11 კლასში ამგვარი საუბრების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. უფროსკლასელები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, აწყდებიან თანატოლთა გავლენას, იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ხშირად სჭირდებათ სანდო უფროსებთან გულწრფელი საუბარი. ამიტომ მსურს, კლასის საათები მოსწავლეებისთვის რეალურ, მათ საჭიროებებზე მორგებულ გამოცდილებად ვაქციო და ამ საქმეში მშობლები, დირექცია და სკოლაში შემომსვლელი მასწავლებლებიც ჩავრთო.

  1. მშობელი — კლასის საათის თანამონაწილე

უახლოესი პერიოდისთვის ჩემი ერთ-ერთი გეგმაა, მშობლების ჩართულობით ჩავატარო კლასის საათი თემაზე: „მოწევა — მოდა თუ სურვილი?“ შეხვედრის საფუძველი იქნება მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი მუშაობა. მშობლები გაკვეთილს ჩემი დახმარებითა და წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვით გაუძღვებიან. ასე მათ ექნებათ შესაძლებლობა, შვილებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე ესაუბრონ, მოსწავლეები კი დაინახავენ, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ოჯახისა და სკოლის საერთო პასუხისმგებლობაა.

გაკვეთილი შეეხება ელექტრონულ სიგარეტსა და ნიკოტინს, მათ შესახებ გავრცელებულ წარმოდგენებს და იმ გავლენებს, რომლებიც მოზარდისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. მოკლე საინფორმაციო ვიდეოს შემდეგ მოსწავლეები და მშობლები მცირე ჯგუფებში იმუშავებენ. ერთ-ერთი ჯგუფი განიხილავს თანატოლთა ზეწოლისგან თავდაცვისა და უარის თქმის გზებს; მეორე — ელექტრონული სიგარეტის შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობას; მესამე კი ისაუბრებს იმაზე, რა ეხმარება ადამიანს ჯანსაღი არჩევანის გაკეთებასა და საკუთარი გადაწყვეტილების დაცვაში. ჯგუფები წარმოადგენენ მოსაზრებებს, შემდეგ კი გაიმართება საერთო დისკუსია და შეჯამება.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, საუბარი არ გადაიქცეს მხოლოდ აკრძალვებისა და გაფრთხილებების ჩამონათვალად. მსურს, მოსწავლეებმა შეძლონ კითხვების დასმა, არგუმენტების მოსმენა და ისეთი პრაქტიკული გზების მოძებნა, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ. მშობლების მონაწილეობა ამ პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს: მათი ხმა მოსწავლეებისთვის ახლობელი და სანდოა, ხოლო ერთობლივი მუშაობა ოჯახსა და სკოლას შორის აძლიერებს ნდობას.

  1. საუბარი მეგობრობაზე — მშობლებისა და გოგონების ერთობლივი შეხვედრა

პირველ სემესტრშივე ვგეგმავ გოგონების მშობლების მონაწილეობით კლასის საათის ჩატარებას თემაზე „შვილებისა და მშობლების მეგობრობა“. შეხვედრის მიზანი იქნება არა მშობლისა და შვილის როლების აღრევა, არამედ ურთიერთგაგების, ნდობისა და გულწრფელი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბარი. გვინდა, გავიაზროთ, რა ეხმარება შვილს, რომ მშობელს საკუთარ განცდებსა და სირთულეებზე ესაუბროს, და რა უწყობს ხელს მშობელს, ყურადღებით მოუსმინოს და მხარდაჭერა შესთავაზოს მას.

ასეთი შეხვედრა განსაკუთრებით ღირებულია მაშინ, როცა მოსწავლეებს აზრის გამოხატვისა და მოსმენის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ. ამიტომ დაგეგმილი საუბარი დაეფუძნება პატივისცემას, ურთიერთმოსმენასა და კონკრეტულ, ყოველდღიურ გამოცდილებებს — და არა მზა პასუხებსა და შეფასებებს.

  1. სკოლის გუნდის ერთობლივი ძალა

კიდევ ერთი კლასის საათის ჩატარებას დირექციისა და ჩვენს კლასში შემომსვლელი მასწავლებლების ჩართულობით ვგეგმავ. სხვადასხვა საგნის მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელობას მოსწავლეებთან განსხვავებული გამოცდილება და ურთიერთობის საკუთარი ხედვა აქვთ. მათი მონაწილეობა საშუალებას მოგვცემს, საერთო საკითხს სხვადასხვა მხრიდან შევხედოთ და მოსწავლეებს დავანახოთ, რომ მათი კეთილდღეობა და განვითარება მთელი სასკოლო საზოგადოების საზრუნავია. ამ შეხვედრის თემასა და ფორმატს მონაწილეებთან შეთანხმებით განვსაზღვრავ, რათა ის კლასის საჭიროებებსა და ინტერესებს პასუხობდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს თანამშრომლობითი სივრცე, სადაც მოსწავლეები შეძლებენ კითხვების დასმას, საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას და სკოლის წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგს.

  1. საერთო მიზანი — მოსწავლის გვერდით ყოფნა

დაგეგმილი კლასის საათები განსხვავებულ თემებს შეეხება, თუმცა მათ ერთი საერთო მიზანი აერთიანებს: მოსწავლემ იგრძნოს, რომ მის გარშემო არიან უფროსები, რომლებიც უსმენენ, პატივს სცემენ და საჭიროებისას გვერდით უდგანან. მშობლის, დამრიგებლის, დირექციისა და მასწავლებლების მონაწილეობა კლასის საათს ერთჯერადი ღონისძიების ნაცვლად ნამდვილ თანამშრომლობის პროცესად აქცევს. ხშირად ითვლება, რომ უფროსკლასელებისთვის მთავარი მხოლოდ აკადემიური მომზადებაა, თუმცა პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, მე-11 კლასი გარდამტეხი პერიოდია. ამ ასაკში მოზარდები დგანან მნიშვნელოვანი არჩევანის, მომავლის შიშის, თანატოლთა გავლენისა და პიროვნული იდენტობის ძიების წინაშე. სწორედ ამიტომ, საშუალო საფეხურზე კლასის საათი არათუ კარგავს აქტუალობას, არამედ იძენს სრულიად ახალ, სტრატეგიულ ფუნქციას. როდესაც კლასის საათი ეხება რეალურ, მათთვის მწვავე და აქტუალურ თემებს, ის ფორმალური შეხვედრიდან გადაიქცევა პიროვნული ზრდის ლაბორატორიად. მშობლებისა და სკოლის გუნდის ერთობლივი მონაწილეობა კი მოსწავლეს აძლევს მთავარ განცდას: ის მარტო არ არის თავისი გამოწვევების წინაშე, და მის გვერდით მდგომი უფროსები არიან არა გამკონტროლებლები, არამედ სანდო მეგზურები ზრდასრულობისკენ მიმავალ გზაზე.

 ჩასატარებელი კლასის საათის სცენარი

  • თემა: „მოწევა — მოდა თუ სურვილი?“
  • სამიზნე ჯგუფი: მე-11 კლასის მოსწავლეები და მშობლები (დედები)
  • ხანგრძლივობა: 45 წუთი
  • საჭირო რესურსები: პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ვიდეორგოლი (TED-Ed/NCDC-ის ანიმაციური ვიდეო Vape-ზე), დავალების ბარათები, ფლიპჩარტის ქაღალდები, მარკერები, ფერადი სტიკერები, დიდი პოსტერი.

 გაკვეთილის მსვლელობის ცხრილი

ფაზა / დრო აქტივობის დასახელება შინაარსი და მეთოდოლოგია მონაწილეები / როლები
I ფაზა

 

(7 წთ.)

შესავალი და მოტივაცია დამრიგებლის მიმართვა: შეხვედრის მიზნისა და წესების გაცნობა.

ვიდეო-სტიმული (3-4 წთ): TED-Ed / NCDC-ის ვიდეოს ჩვენება ნიკოტინსა და ელექტრონულ სიგარეტზე (Vape), ტვინის განვითარებასა და თამბაქოს კომპანიების მარკეტინგულ ხაფანგებზე.

დამრიგებელი (ფასილიტაცია)

 

მოსწავლეები და მშობლები (მსმენელები)

II ფაზა

 

(15 წთ.)

მცირე ჯგუფებში მუშაობა ჯგუფი 1: „მოდის და სოციალური წნეხის ჯგუფი“

ქეისი: 15 წლის მოზარდს მეგობრები სთავაზობენ Vape-ს.

 

პროდუქტი: 3 ოქროს წესი მოზარდს (როგორ თქვას უარი) + 2 რჩევა მშობელს (როგორ ესაუბროს შვილს ყვირილის გარეშე).

 ჯგუფი 2: „მითები vs რეალობა“

დავალება: მარკეტინგული ილუზიების შეფასება.

პროდუქტი: ფლიპჩარტზე „მითებისა და რეალობის“ დაფის შექმნა (ორთქლი vs ნიკოტინი; თავისუფალი არჩევანი vs მარკეტინგული ხაფანგი).

 ჯგუფი 3: „ჯანსაღი ალტერნატივა და მხარდაჭერა“

დავალება: სტრესის/მოწყენილობის მართვა.

პროდუქტი: „იდეების ბანკი“ (სპორტი, ჰობი) + ოჯახში ნდობის გარემოს შექმნის გზები.

მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად მუშაობენ თანაბრად გადანაწილებულ 3 ჯგუფში.
III ფაზა

 

(15 წთ.)

პრეზენტაციები და ღია დიალოგი ჯგუფების პრეზენტაცია (9 წთ): თითო ჯგუფიდან 1 მოსწავლე და 1 მშობელი ერთობლივად წარადგენენ ფლიპჩარტს (3-3 წთ).

ღია ინტერაქტიული დისკუსია (6 წთ): დედები სვამენ შეკითხვებს კლასის მიმართ, მოსწავლეები (განსაკუთრებით ბიჭები) პასუხობენ და მსჯელობენ.

პრეზენტატორები (1 მოსწავლე + 1 მშობელი)

 

მთელი კლასი და მშობლები (დისკუსია)

IV ფაზა

 

(8 წთ.)

შეჯამება და უკუკავშირი დედების გზავნილი: მშობელთა წარმომადგენლის მოკლე სიტყვა.

 

დამრიგებლის შეჯამება: ნამდვილი დამოუკიდებლობა ჯანსაღ არჩევანშია.

რეფლექსია („რა წავიღე დღეს?“): მონაწილეები სტიკერებზე წერენ 1 სიტყვას/ფრაზას („ნდობა“, „არჩევანი“, „სიმტკიცე“) და აკრავენ საერთო პოსტერზე.

დამრიგებელი

 

მშობელთა წარმომადგენელი

 

ყველა მონაწილე (სტიკერები)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“