სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

განვმარტოთ მეტაფორა

ტროპის სახეთაგან მოსწავლეებს ყველაზე მეტად მეტაფორის ამოცნობა უჭირთ. შედარება, გაპიროვნება, ეპითეტი, ჰიპერბოლა, ალეგორია და სიმბოლო შედარებით მარტივია. თითოეულს აქვს კონკრეტული მახასიათებელი. კონკრეტული „სამოდელო“, თვალსაჩინო მაგალითების მოშველიება დასამახსოვრებლადაც ადვილია. მეტაფორასთან კი საქმე სხვაგვარადაა.

 

ამ წერილში დეტალურად იქნება განხილული ტროპის ეს სახე – მისი უდიდებულესობა მეტაფორა.

 

დავიწყოთ პრაქტიკული საქმიანობით. ჯერ – პრაქტიკა, მერე – თეორია (ჩემი დაკვირვებით, თუ მოსწავლეებმა თავად მიაგნეს განმარტებას, თუ თავად მივიდნენ დეფინიციამდე, პრაქტიკული საქმიანობის შედეგად თუ გააკეთეს დასკვნები, შედეგი უფრო თვალსაჩინოა).

 

მაშ, დავიწყოთ:

 

თუ გაინტერესებს, რას ნიშნავს მეტაფორა და როგორ უნდა განასხვაო მეტაფორა სხვა მხატვრული საშუალებებისგან, შეასრულე მოცემული დავალება:

 

უპასუხე წერილობით:

რა სიტყვებით გამოხატავ დღის დასასრულს, დროის მონაკვეთს დღის დასასრულიდან ღამის დაწყებამდე, დღისა და ღამის გასაყარს?

შეგვიძლია რამდენიმე შესატყვისი ჩამოვწეროთ: საღამო, მწუხრი, დღის ბოლო, საღამოხანი…

ჩვეულებრივ მეტყველებაში ვიტყვით: მოსაღამოვდა. საღამო დადგა.

ახლა შეეცადე, აღწერო ეს პერიოდი ისე, როგორც შეგიძლია.

 

აი, რა გამომივიდა მე:

ეს ყველაზე იდუმალი დროა დღის განმავლობაში, როცა ბინდი შემოეპარება ხოლმე დღის კაშკაშსა და სინათლეს, როცა რაღაც განსაკუთრებულ გუნება-განწყობაზე ვდგებით. საღამო დღის დასასრულია. მზე ჩადის. სამყარო ღამისთვის ემზადება. სინათლე იკლებს. მოიისფრო სილურჯე გადაეფინება გარემოს.

 

სულ ესაა, რაც მე შემიძლია ვთქვა დღის ამ პერიოდზე.

მე პოეტი არ ვარ და ეს ნათქვამიც, რასაკვირველია, არ იყო პოეტური. უბრალოდ, აღვწერე, რას და როგორ ვხედავ, აღვიქვამ.

 

მაგრამ

ახლა

მოისმინე (წაიკითხე ხმამაღლა):

 

„სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი

მწუხრის ზეწარი გადაეფარა,

და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი

ალაზნის ველზედ წამოიხარა.

ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი,

მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,

მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი

იმის სხივებთან მუსაიფობდა“.

 

ეს ილია ჭავჭავაძეა.

და ეს სტრიქონები ნამდვილად პოეტურია.

 

რამხელა სიყვარული გამოსჭვივის სამშობლოსადმი ამ სტრიქონებიდან, არა?

როგორ მშვენივრად ამბობს სათქმელს, მეტაფორულად, სურათხატოვნად.

 

ეს სურათი, რაც ილიამ დახატა სიტყვებით, მე რომ აღმეწერა, ვიტყოდი:

 

ჩემს სამშობლოში დაღამდა. ცა ჩამუქდა. მთვარემ ალაზნის ველი გაანათა. მთვარე სხივებს ფენს არემარეს. მოჩანს მთების ყინულოვანი მწვერვალები.

 

ილიამ თქვა:

სამშობლოს ცას ბნელად გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა.

ზეწარი მართლაც გადასაფარებელია. მაგრამ ამ სტრიქონში ილია სრულიად სხვა მნიშვნელობით იყენებს სიტყვას.

როგორი მშვენიერი სურათხატია – სიბნელის ზეწარი გადაეფარა ქვეყნიერებას.

ამავე ლექსში პოეტი „ღამის გუშაგს“ ახსენებს.

გუშაგი მცველია, დარაჯი. მაგრამ მკითხველი ხვდება, რომ აქ მთვარე იგულისხმება.

ისევ – სულ სხვა მნიშვნელობითაა გამოყენებული სიტყვა.

ორივე ეს შემთხვევა მეტაფორის ნიმუშია.

 

აქ ილია ჭავჭავაძე მეტაფორულად აღწერს გარემოს.

 

რას ნიშნავს მეტაფორა

მეტაფორა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გადატანას.

„თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა“ – ასე ამბობდა არისტოტელე, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მოაზროვნე.

რატომ ადარებს არისტოტელე მეტაფორას გამოცანას?

 

იმიტომ, რომ მეტაფორული მეტყველება დაშიფრული მეტყველებაა.

მეტაფორული გამოთქმის დროს ერთი საგნის რაიმე თვისების გადატანა ხდება. სათქმელი გამოხატულია ისე, რომ უნდა ამოვიცნო, რა ახალ მნიშვნელობას იძენს ის სიტყვა ან წინადადება, რომელსაც პოეტი იყენებს.

აი, როგორც ზეწრისა და გუშაგის შემთხვევაშია.

 

 

კიდევ ერთი მაგალითი ლიტერატურიდან:

შოთა რუსთველი თავის გენიალურ „ვეფხისტყაოსანში“ თინათინის გამეფების სცენას აღწერს. ჩვენ ვხედავთ ქალს, რომელსაც „მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა“, ანუ არ მიაჩნდა თავი ღირსად, ტახტი დაეკავებინა.

თავმდაბალი გოგოა თინათინი, უმშვენიერესი, და იქვე რუსთველი ამბობს:

„ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა“.

 

ჩვენ ვიცით, რომ ეს ქალი მშვენიერია, მეფობისთვის ემზადება, ღირსიცაა მეფობის, მაგრამ თავმდაბალია. ჰოდა, ვხედავთ, რომ ტირის, ცრემლი სდის, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს „ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა“?

რა შუაშია ყორანი და მისი ფრთა?

აი, აქ უნდა გავიხსენოთ, რას ნიშნავს მეტაფორა და გავიხსენოთ, რომ არისტოტელე გამოცანას უწოდებს მას.

წარმოიდგინე ყორნის ფრთა. სხვათა შორის, დიდებული ფრინველია ყორანი. შავფრთიანი. ფრთის ბოლოც მშვენიერი აქვს, ბუმბულით შემოსილი.

შოთა რუსთველი თინათინის უმშვენიერეს წამწამებს ყორნის ფრთის ბოლოს ადარებს და პირდაპირ გადააქვს ყორნის ფრთის ბოლოს მშვენიერება თინათინის წამწამებზე.

ლიტერატურული გამოცანაც ამოხსნილია.

მაშ, თინათინის წამწამები ხშირი და ლამაზია. ისეთ, როგორიც ყორნის ფრთა.

 

დავიმახსოვროთ:

 

მეტაფორას ხშირად უწოდებენ მოკლე შედარებასაც. მეტაფორის ამოსახსნელად წარმოსახვის მოშველიება დიდად სასარგებლო რამაა. დახატე გონებაში სურათი, რომელსაც პოეტი სიტყვიერად აღწერს.

 

განსხვავება შედარებასა და მეტაფორას შორის

 

შედარება ადვილი ამოსაცნობი მხატვრული საშუალებაა.

ჩვენ ხშირად ვადარებთ ერთ საგანს ან მოვლენას მეორეს, რათა მისი თვისება წარმოვაჩინოთ.

მაგალითად, მე შეიძლება ვთქვა, თავისუფლება მინდა-მეთქი. გალაკტიონმა იგივე ამ შედარებით გამოხატა – „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა“ და კიდევ უფრო ნათელი გახადა, რაოდენ მძაფრია მისი წადილი.

შედარებაში ყოველთვის ორი საგანია ხოლმე ნახსენები. გამოყენებულია თანდებული „ვით“ ან კავშირები „როგორიც“, „როგორც“.

„მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…“.

ამასაც გალაკტიონი ამბობს.

მიუსაფარ, უბინაო ადამიანს რაოდენ ძლიერად უნდა თავშესაფარი, ბინა – გასაგებია. ჰოდა გალაკტიონიც ასეთი შედარებით ხატავს, რაოდენ მონატრებულია ვიღაცას.

 

კიდევ ერთ გამოცანა:

გალაკტიონის არაჩვეულებრივი ლექსი „შერიგება“ ასე იწყება – „ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი“ – დააკვირდი, რას ამბობს პოეტი…

ქარს ტოტები არ აქვს, ცხადია. მაგრამ ქარის დროს ტოტები ირხევა. ეს ფრაზა ნიშნავს, რომ ქარიანი მარტი გავიდა.

 

მეტაფორები ლიტერატურული გამოცანებია, ლიტერატურული ამოცანები, რომელთა ამოხსნა სახალისოცაა და სასარგებლოც.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი