თანამშრომლობის უნარი ის სიკეთეა, რომელსაც სწავლა და განვითარება სჭირდება. სწორედ თანამშრომლობის უნარის განვითარებისთვის საჭირო საკითხებია წარმოდგენილი სტატიაში, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია, სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის ხარისხის ასამაღლებლად.
იმისთვის, რომ ეფექტიანად შევძლოთ თანამშრომლობა საჭიროა:
- განსხვავებული შეხედულებების, გამოცდილების, საჭიროებების და მიღწევების მქონე ადამიანების მოსმენის კულტურის ცოდნა და გამოყენება: მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ხედვები შესაძლოა არ დაემთხვეს ან სრულადაც განსხვავდებოდეს ჩვენი მოსაზრებებისგან, მაგრამ ჩვენ გვმართებს მოვუსმინოთ ჯგუფის თითოეული წევრის მოსაზრებასა და არგუმენტაციას.
- თანამშრომლობის პროცესში, ჯგუფის სხვა წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმამდე: გამოვიყენოთ სიღრმისეული/დამაზუსტებელი შეკითხვები, რათა უფრო ნათლად გავიგოთ, რას გულისხმობს მოსაზრების ავტორი, შემდეგ, გამოვთქვათ ჩვენი ალტერნატიული მოსაზრება და წარმოვადგინოთ შესაბამისი არგუმენტები. ვეცადოთ ჩვენი შეხედულების გამოთქმის დროს არ მოვახდინოთ ზეწოლა ჯგუფის დანარჩენ წევრებზე; არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენი შეხედულება ან მოსაზრება აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და სხვა ალტერნატივების განხილვა აღარ არის საჭირო. ვეცადოთ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ ამოცანის შესრულებაში, არამედ თანამშრომლობითი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში.
- საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შემდეგ გამოვიჩინოთ მოთმინება და დაველოდოთ ჯგუფის დანარჩენ წევრებს, მათაც გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები: ვეცადოთ, ეფექტიანად გამოვიყენოთ პაუზები საუბრის დროს და ამით „ფიქრის დრო“ და ნათქვამის გააზრების საშუალება მივცეთ ჯგუფის დანარჩენ წევრებს.
- ნუ გავცხარდებით, თუ ჩვენ მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით კრიტიკულ კომენტარს მივიღებთ: ჩვენი არგუმენტების დახვეწისა და საერთო ამოცანის ეფექტიანად შესრულებისთვის, საჭიროა ყველას მიეცეს საკუთარი მოსაზრების და არგუმენტების წარმოდგენის საშუალება. დავფიქრდეთ და თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი მოსაზრების შეცვლით და ჩვენი ჯგუფის წევრის მოსაზრების გაზიარებით საერთო ამოცანა უფრო ეფექტიანად მიიღწევა, ასეც მოვიქცეთ. ასეთი ქმედება გაამყარებს თანამშრომლობით გარემოს და სამუშაო პროცესი უფრო საინტერესო და სასიკეთო შედეგს მოიტანს.
- თანამშრომლობითი მუშაობის პროცესში ჩვენზე დაკისრებული ინდივიდუალური სამუშაოს შესრულების დროს: ვიყოთ მოქნილები და პუნქტუალურები, დროულად შევასრულოთ ჩვენზე მონდობილი დავალება. დავალების შესრულების შემდეგ მზად ვიყოთ: განსხვავებული მოსაზრებების მოსმენისთვის, სიახლეების მიღებისთვის, საკუთარი მოსაზრებების გაჟღერების დროს არგუმენტების მოხმობისთვის, კრიტიკული შეკითხვებისთვის, სხვადასხვა მოსაზრების მოსმენისთვის და დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში მათი გათვალისწინებისთვის.
- არგუმენტირებული მსჯელობა თანამშრომლობის დროს: არგუმენტირებული მსჯელობა, რომ არაფერი ვთქვათ მის მაღალ მნიშვნელობაზე ჯგუფის საერთო მიზნის მიღწევის საქმეში, არის ნამდვილი ინტელექტუალური სავარჯიშო, რადგან არგუმენტირებული მსჯელობის პროცესში ხდება ერთი საკითხის განსხვავებული პრიზმით დანახვა, სხვადასხვა მოსაზრებისა და არგუმენტის მოსმენა, დასკვნების გამოტანა და შეკითხვების დასმა. თუმცა, ამ ყველა სიკეთის მისაღებად საჭიროა ჯგუფის თითოეული წევრის მიერ გაცნობიერებული იყოს რომ, პირველი, შეკითხვის დასმა და ალტერნატიული მოსაზრების წარმოდგენა არ ნიშნავს დაპირისპირებას ჯგუფის წევრებს შორის; მეორე, თუ არგუმენტების განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ალტერნატიული ხედვის გათვალისწინება არ მოიტანს სარგებელს საერთო ამოცანის შესრულების პროცესში და გადაწყდება პირვანდელ მოსაზრებაზე დაბრუნება, ეს არ ნიშნავს, რომ თავდაპირველი მოსაზრების ავტორი არ არის ღია თანამშრომლობისადმი; მესამე, ალტერნატიული მოსაზრების წარმოდგენის და მთლიანად სამუშაო პროცესი წარვმართოთ ეთიკური ქცევის სტანდარტის დაცვით.
- ეთიკური ქცევის სტანდარტის დაცვა საფუძველია ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის: ურთიერთპატივისცემა, განსხვავებული აზრის მოსმენა, მიღება და პატივისცემა, მიმართვის კულტურა, ფამილარობის თავიდან აცილება, განსაკუთრებით თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, თმენის ვალდებულების გააზრება, საერთო მიზნის პატივისცემა, ერთმანეთის ინტელექტუალური შრომის ნაყოფის პატივისცემა, ეფექტიანად შესრულებული სამუშაოს აღიარება, კეთილსინდისიერება, პუნქტუალურობა, პოლემიკის დროს პაუზის ეფექტიანად გამოყენება, თანამშრომლობის პროცესში ჯგუფის წევრებისთვის ფიქრის დროის მიცემა და გამოყენება. თავი ავარიდოთ დესტრუქციულ ქმედებებს, როგორიც არის: საუბრის დროს ჯგუფის სხვა წევრის ხმის გადაფარვა, შეკითხვის იგნორირება, არაეთიკური კომენტარები, განსხვავებული აზრის ჩახშობის ან ჩახშობის წახალისების მცდელობა, საკუთარი აზრის ჯგუფის სხვა წევრისთვის/წევრებისთვის უპირობო ჭეშმარიტებად შეთავაზება. უარი საკუთარი მოსაზრების ჯგუფის წევრებისთვის გაცნობასა და ახსნაზე.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ როგორც ნებისმიერი სფეროს წარმატებით განვითარებისთვის, ისე ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანის პროფესიული წინსვლისთვის, აუცილებელია თანამშრომლობითი მიდგომა და თანამშრომლობის უნარების განვითარება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწავლა-სწავლების პროცესში შემოვიტანოთ და დავნერგოთ სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის თანამშრომლობაზე დაფუძნებული აქტივობები.


