პარასკევი, ნოემბერი 20, 2026
20 ნოემბერი, პარასკევი, 2026

როგორ ვაქციოთ სიცოცხლის უფლება მოზარდის ცნობიერ არჩევნად

მოზარდი ასაკი ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების ის უნიკალური ეტაპია, როდესაც ხელახლა იწყება სიცოცხლის, ფასეულობებისა და პასუხისმგებლობის აღქმა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ არასრულწლოვნებს იმის გააზრებაში, რამდენად ძვირფასი და შეუცვლელია  თითოეული ადამიანის სიცოცხლე, რომ ყოველ ქმედებასა თუ სიტყვას აქვს უკუქცევადი შედეგები.

იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ კონფლიქტების მშვიდობიანი მართვა, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მათში სიცოცხლის როგორც უზენაესი ფასეულობის აღქმის გაძლიერება.

მეშვიდე კლასი ის ფსიქოსოციალური ზღვარია, როდესაც მოსწავლეები პირველად იწყებენ სამოქალაქო სივრცის, უფლებებისა და პასუხისმგებლობების გააზრებას. სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში სიცოცხლის უფლების განხილვა უნდა გარდაიქმნას ღირებულებით გამოცდილებად, სადაც ძალადობაზე უარის თქმა არა მხოლოდ წესი და სავალდებულო მოცემულობა, არამედ მოზარდის ბუნებრივი, პიროვნული გაცნობიერებული არჩევანი ხდება.

რა არის სიცოცხლის უფლება? სიცოცხლის უფლება ყველას აქვს. ის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და გარანტირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო დოკუმენტით. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა: „სიცოცხლის უფლება არის უზენაესი უფლება, რომლისგან გადახვევაც ნებადართული არ არის, თუნდაც შეიარაღებული კონფლიქტისა თუ სხვა ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს“.

სიცოცხლის უფლების დამცავი ნორმები ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა, დაედგინა საერთო სტანდარტი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

1948 წელს მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის მე-3 მუხლში განმარტებულია: „ყველას აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება“. სიცოცხლის უფლება ასევე ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ყველა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციაში.

თანამედროვე მოზარდი იზრდება ციფრულ სამყაროში, სადაც ციფრულ გმირს, პერსონაჟს წაგების შემდეგ ახალი სიცოცხლე ეძლევა, ღილაკზე თითის დაჭერით კი ყველაფერი თავიდან იწყება. რეალობაში კი სიცოცხლე ერთადერთია. მისი ხელყოფის, დაზიანების ან წართმევის შედეგები ვეღარასოდეს გამოსწორდება.

როდესაც მოზარდი აცნობიერებს, რომ:

  • სიცოცხლეს ვეღარავინ იყიდის, მოიპოვებს ან დაიბრუნებს;
  • არავის აქვს უფლება, სხვას წაართვას ის, რაც მას არ შეუქმნია;
  • ნებისმიერ კონფლიქტს აქვს ალტერნატივა, ხოლო წართმეულ სიცოცხლეს – არა, –

სწორედ ამ დროს უყალიბდება შინაგანი ბარიერი ძალადობის წინააღმდეგ.

სასწავლო წლის დასაწყისში, განსაკუთრებით მეშვიდე კლასში, გადამწყვეტია, პირველი გაკვეთილები დაეთმოს არა დეკლარირებულ წესებს, არამედ ღირებულებით და ინტერაქციულ აქტივობებს. ეს ქმნის მორალურ-ღირებულებით კონსტრუქციას, რომელსაც მოსწავლე მთელი წლის განმავლობაში რეფლექსიისთვის გაჰყვება და რომელზეც ყველა შემდგომი სასწავლო თემატიკა დაეშენება.

ინტერაქციული სიმულაცია „გაყინული საათი“

ეს მოდელი ფოკუსირებულია სიცოცხლის ყველაზე მთავარ რესურსზე – დროზე.

მასწავლებელი ფასილიტატორის როლშია. იგი წინასწარ გეგმავს სიმულაციურ სცენარს, სადაც დროის „გაყინვითა“ და გადაწყვეტილებების მოდელირებით მოსწავლეებს ეხმარება იმის დანახვაში, თუ როგორ განსაზღვრავს მათი ყოველდღიური არჩევანი საკუთარი და სხვისი სიცოცხლის ხარისხს.

თითოეული მოსწავლე იღებს პატარა ქვიშის საათს ან ტელეფონში რთავს ერთწუთიან წამმზომს და ფურცელზე სვამს წერტილს. დღეს, 13 წლის ასაკში; გვერდით ავლებს ხაზს – 80 წლამდე – და აღნიშნავს მომავალ მოვლენებს. ეს არის აწმყო, სადაც ყველა შესაძლებლობა და არჩევანი ჯერ კიდევ წინაა. მაგ., დამოუკიდებელი ნაბიჯები; პირველი დიდი მოგზაურობა; ოჯახი; სიყვარული; დიდი მიღწევები; მოგონებები; შვილიშვილები; დატოვებული კვალი და ა.შ.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წამმზომი შუა გზაში უეცრად გააჩერონ და ხაზი 13 წლის ნიშნულთან მაკრატლით გადაჭრან. დარჩენილი გრძელი მონაკვეთი, მომავალი 60-70 წელი, ნარჩენების ურნაში ჩააგდონ.

ამის შემდეგ ჯგუფში იმართება კითხვა-პასუხი. მასწავლებელი სვამს მთავარ კითხვას: დააკვირდით ამ ხაზს. მასზე დახატულია მთელი თქვენი მომავალი, სიყვარული, მოგზაურობა და ოცნებები. რა ხდება მაშინ, როდესაც აგრესიით, ნაჩქარევი ქმედებით ან ძალადობით ეს ხაზი – თქვენი თუ სხვისი – წყდება? აქვს თუ არა ვინმეს უფლება, სხვას წაართვას ათეულობით წელი, მისთვის განკუთვნილი დრო?

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ სიცოცხლე არის ამ ხაზის ერთიანობა და ყოველი წამი შეუცვლელი რესურსია.

თუ სამოქალაქო განათლების პირველსავე გაკვეთილებზე მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ სიცოცხლის უფლება არის ყველა სხვა უფლების საძირკველი, ჩვენ მივიღებთ თაობას, რომელიც კონფლიქტის დროს იარაღის ან ძალის ნაცვლად დაფიქრებასა და სიტყვას აირჩევს.

ინტერაქციული სიმულაცია „დინამოს ეფექტი“

ეს აქტივობა იყენებს ტექნოლოგიებისადმი მოზარდების ინტერესს და სიცოცხლეს უკავშირებს დროს. ჩართეთ ონლაინ-წამმზომი უკუთვლისთვის. სთხოვეთ მოსწავლეებს, იპოვონ თავიანთი პულსი მაჯაზე ან კისერზე და ჩუმად, თვალდახუჭულებმა იგრძნონ გულისცემა. სანამ წამმზომი მუშაობს, მასწავლებელი მშვიდად ეუბნება ბავშვებს: თითოეული დარტყმა უნიკალურია. ის წარსულში რჩება და აღარასოდეს გამეორდება. ეს არის თქვენი შინაგანი საათი. როდესაც როცა წამზომი 00:00-ზე ჩამოვა, მასწავლებელი ეკრანს უეცრად გააშავებს, შავ ფონზე გადართავს და კლასში სრულ სიჩუმეს ჩამოაგდებს.

სადისკუსიო კითხვები:

  • რა იგრძენით, როდესაც წამმზომი გაჩერდა და ეკრანი გაშავდა?
  • თუ წამმზომის გადატვირთვა შეგვიძლია, რატომ ვეღარ ჩავრთავთ ადამიანის გულს, როცა ის გაჩერდება?
  • როგორ იცვლება ჩვენი პასუხისმგებლობა, როცა ვაცნობიერებთ, რომ სხვისი გულისცემის შეწყვეტა სამუდამოა?

ინტერაქციული სიმულაცია „ჭიქა და მელანი“

ეს არის ფიზიკური და თვალსაჩინო სიმულაცია იმისა, თუ როგორ ცვლის ძალადობა ადამიანს.

მაგიდაზე დადგით გამჭვირვალე ჭიქა სუფთა წყლით. ის განასახიერებს ადამიანის სიცოცხლეს, მის სისუფთავესა და პოტენციალს. სთხოვეთ მოსწავლეებს, დაასახელონ ძალადობრივი ქცევები -ყვირილი, ჩხუბი, ფიზიკური შეხება, იარაღის გამოყენება. ყოველ დასახელებულ ძალადობაზე წყალში ჩააწვეთეთ შავი ან მუქი წითელი მელნის ან საღებავის თითო წვეთი. წყალი შეიღებება და დაბინძურდება. მიეცით მოსწავლეებს საწრუპი (უსაფრთხოების წესების დაცვით), კოვზი ან ხელსახოცი და სთხოვეთ, ამოიღონ მელანი წყლიდან ისე, რომ წყალი ისევ სუფთა გახდეს.

სადისკუსიო კითხვები: რატომ ვერ შევძელით წყლისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება? ეს წყალი რომ გადავღვაროთ და ახალი ჩავასხათ, ეს ხომ უკვე სხვა წყალი იქნება? ანუ დაკარგულ სიცოცხლეს ვეღარ ჩავანაცვლებთ.

როდესაც მოსწავლეები ემოციურ დონეზე პირველად შეიგრძნობენ დროის შეუცვლელობას, მასწავლებლელი დისკუსიას რეალურ მაგალითებსა და ალტერნატიულ განხილვაზე გადაიყვანს. ამ დროს საუკეთესო გზა იმის საჩვენებლად, რამდენად შეუცვლელია სიცოცხლე, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მისი შედარებაა.

კაცობრიობას შეუძლია, შექმნას ხელოვნური ინტელექტი, გაგზავნოს რობოტები მარსზე, ააგოს ცათამბჯენები და შექმნას უმარტივესი ციფრული სამყაროები, მაგრამ მსოფლიოს არცერთ ლაბორატორიას არ შეუძლია, არაფრისგან შექმნას თუნდაც ერთი ცოცხალი უჯრედი.

ამის საილუსტრაციოდ უაღრესად შთამბეჭდავია ალფრედ ნობელის ისტორიის განხილვა. ნობელმა დინამიტი სამშენებლო და სამთო სამუშაოებისთვის გამოიგონა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ეს გამოგონება ადამიანებმა ერთმანეთის გასანადგურებლად გამოიყენეს, მან უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო. სწორედ ამ მძიმე გააზრების შედეგი იყო მისი გადაწყვეტილება, მთელი თავისი ქონება იმ ადამიანების დასაჯილდოებლად დაეტოვებინა, რომლებიც მშვიდობასა და სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებიან.

ამ მონაკვეთის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია, კლასს დაუსვას ორი სადისკუსიო კითხვა:

  1. მეცნიერებას ყველაფრის აღდგენა შეუძლია, გარდა სიცოცხლისა – რას გვეუბნება ეს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე?
  2. ნობელმა თავისი საქმიანობა სიცოცხლისა და მშვიდობის სამსახურში ჩაყენებით განავითარა. ჩვენ როგორ შეგვიძლია, ყოველდღიურ ცხოვრებაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ემოციებს?
  3. ვიდეოთამაშებში ან ციფრულ სამყაროში ჩვენ გვაქვს ხელახლა დაწყების ან უკან დაბრუნების ღილაკი. რატომ იქმნება ილუზია, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ასეა და რა იცვლება ჩვენს ქცევაში, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ რეალურ სიცოცხლეს ეს ღილაკები არ აქვს?
  4. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, დაწეროს ლექსი, დახატოს სურათი ან მართოს ავტომობილი, მაგრამ მას არ აქვს ემპათია და ტკივილის განცდა. როგორ აქცევს ეს თვისებები (ემპათია და თანაგრძნობა) ადამიანს უნიკალურად და რატომ არის მათი დაკარგვა სიცოცხლის გაუფასურების ტოლფასი?
  5. როდესაც სიტყვით ან ქმედებით, მაგ., ბულინგით ან აგრესიით, სხვას ზიანს ვაყენებთ, რა შეიძლება იყოს ამის „დინამიტისებრი ეფექტი“ იმ ადამიანის სიცოცხლესა და ემოციურ სამყაროზე?
  6. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ შესაძლებლობა, დააარსოთ თქვენი „მშვიდობის პრემია“ სკოლაში. რა ისეთ ქცევას ან ქმედებას დააჯილდოებდით ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში, რაც სიცოცხლისა და ერთმანეთის გაფრთხილებას უწყობს ხელს?
  7. როგორ შეგვიძლია, გავხდეთ „სიცოცხლის დამცველები“ არა მხოლოდ დიდ ისტორიულ მოვლენებში, არამედ ყოველდღიურ, უბრალო სიტუაციებში კლასში, ეზოში, სოციალურ ქსელებში?

მოზარდებში აგრესია იშვიათად არის წინასწარ დაგეგმილი; ის თითქმის ყოველთვის იმპულსურია, ცხელ გულზე მიღებული წამიერი გადაწყვეტილება. ნეირობიოლოგიურად დამტკიცებულია, რომ ბრაზის ქიმიური ტალღა ორგანიზმში ზუსტად 90 წამს გრძელდება. სპორტსა და ავტომართვაში არსებული „2 წამის წესი“ თუ ტვინისთვის საჭირო 90-წამიანი პაუზა აჩვენებს, რომ იმპულსსა და მოქმედებას შორის არსებობს სივრცე. თუ მოზარდს ვასწავლით ამ 90 წამის გადაგორებას ფიზიკური ნაბიჯის გადადგმის გარეშე, ბრაზის პიკი მოიკლებს და ტვინის ანალიტიკური ნაწილი ჩაირთვება.

როდესაც 90-წამიანი პაუზის წყალობით ტვინი ანალიზის უნარს დაიბრუნებს, მოზარდს დასჭირდება მკაფიო კოგნიტიური ინსტრუმენტი სიტუაციის შესაფასებლად. ტექნოლოგიურ ეპოქაში გაზრდილი თაობისთვის ყველაზე გასაგები მოქმედების უკან დაბრუნების კონცეფციაა.

დისკუსიისა და რეფლექსიის გასამყარებლად უაღრესად ქმედითია პრაქტიკული და თვალსაჩინო ინსტრუმენტის  „აღდგენადობის ინდექსის“ გამოყენება. ეს სამსვეტიანი მატრიცა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს შეადარონ ყოველდღიური პრობლემები და დაინახონ სიცოცხლის შეუცვლელი, უალტერნატივო ბუნება.

მოსწავლეები ავსებენ ან განხილვის რეჟიმში აანალიზებენ „აღდგენადობის ინდექსის“ სამსვეტიან ცხრილს

მოვლენა / ქმედება შესაძლებელია უკან დაბრუნება? რა არის აღდგენის ფასი?
ტელეფონის გატეხვა დიახ ახლის ყიდვა / შეკეთება
მეგობართან ჩხუბი დიახ ბოდიშის მოხდა, დრო
ცუდი ქულის მიღება დიახ სწავლა, გადაბარება
სხვისი/საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა არა (შეუძლებელია) ფასი არ არსებობს, დანაკარგი სამუდამოა

 

სასურველია, ცხრილის ბოლო სტრიქონი დაფაზე ან სამუშაო ფურცელზე გამოყოფილი იყოს განსხვავებული ფერით, მაგ., წითლად ან მუქად, რათა კონტრასტი აღდგენად და აღუდგენელ მოვლენებს შორის მყისიერად აღიქმებოდეს.

მასწავლებელს შეუძლია, დაამატოს მე-4 სვეტი: რა ემოცია გვრჩება? – სადაც მოსწავლეები დაინახავენ, რომ პირველ სამ შემთხვევაში რჩება იმედი და გამოსწორების შანსი, ხოლო ბოლო შემთხვევაში – მხოლოდ სინანული.

ეს შედარება მოსწავლეს თვალნათლივ დაანახებს, რომ ყოველდღიური კონფლიქტებიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ძალადობა და სიცოცხლის ხელყოფა კი ის შემთხვევაა, სადაც გამოსწორების გზა  არ არსებობს.

მხოლოდ საფრთხითა და შეშინებით სწავლება ეფექტური არ არის. ტრავმის თავიდან აცილებისა და აგრესიის დაძლევის საუკეთესო გზა მოზარდისთვის პოზიტიური გამოსავლისა და ნამდვილი ძალის ჩვენებაა. ისეთი ისტორიული თუ სპორტული ფიგურების მაგალითები, როგორებიც არიან ნელსონ მანდელა, ამსხვრევს მცდარ სტერეოტიპს, თითქოს თმენა ან დიალოგი სუსტის არჩევანია.

ნელსონ მანდელა, სამხრეთ აფრიკის ლიდერი. როდესაც 27-წლიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, მას ჰქონდა სრული ძალაუფლება და მიზეზი, შური ეძია თავის მტრებზე, მაგრამ მან შერიგება და დიალოგი აირჩია. მანდელამ დაამტკიცა, რომ ბრაზის მართვა და შურისძიებაზე უარის თქმა ერის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

ჯესი ოუენსი და ლუც ლონგი. 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადაზე, შავკანიან ამერიკელ სპორტსმენს ჯესი ოუენსს უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიძულვილის გარემოში უწევდა ასპარეზობა. სიგრძეზე ხტომისას ოუენსმა ორი მცდელობა გააფუჭა და ტურნირს ეთიშებოდა. ამ დროს მისმა მთავარმა გერმანელმა მეტოქემ, ლუც ლონგმა, სტადიონზე ათასობით აგრესიული მაყურებლისა და ჰიტლერის თვალწინ, ოუენსს მიაშველა მეგობრული რჩევა  – დაანახა, საიდან გაეთვალა ნახტომი. ოუენსმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ლონგი პირველი მივიდა მასთან მისალოცად. მოგვიანებით ისინი დამეგობრდნენ და ერთმანეთის პატივისცემის სიმბოლოდ დარჩნენ ისტორიაში. ნამდვილი ჩემპიონობა და სულიერი სიძლიერე აგრესიასა და მეტოქეობაზე მაღლა დადგომაა. ლუც ლონგმა აჩვენა, რომ ადამიანობა და ემპათია ბევრად აღემატება ბრაზსა და სიძულვილს.

ხოსე მუხიკა, ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი. მუხიკამ 12 წელი გაატარა სამხედრო ციხეში, საიდანაც რამდენიმე წელი სრულ იზოლაციაში, ჯურღმულში იმყოფებოდა. პატიმრობისას მასზე სასტიკად იძალადეს. როდესაც გათავისუფლდა და მოგვიანებით ურუგვაის პრეზიდენტი გახდა, მას ჰქონდა შანსი, შური ეძია თავის მტრებზე. ნაცვლად ამისა, მან განაცხადა: თუ მთელ დროს შურისძიებაზე დავხარჯავთ, მომავლის შენებას ვეღარ შევძლებთ. მან აირჩია უბრალო ცხოვრება, თავისი ხელფასის 90%-ს ქველმოქმედებას ახმარდა, ხოლო მთელ თავის ენერგიას – ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას.

ტრავმამ და განცდილმა უსამართლობამ არ უნდა გვაქციოს აგრესიულ ადამიანებად. შურისძიებაზე უარის თქმა მომავლის შენების ერთადერთი გზაა.

ეს მაგალითები მოზარდებს აჩვენებს, რომ ნამდვილი ძალა სხვისი დაზიანების უნარი კი არა, არამედ საკუთარი ემოციების მართვა, სხვისი სიცოცხლის გაფრთხილება და მშვიდობის არჩევაა.

მოზარდებში აგრესიის პრევენცია და სიცოცხლის უფლების გააზრება დეკლარაციული მორალიზებით, შიშით ან ფორმალური აკრძალვებით ვერ მიიღწევა. როდესაც მოსწავლე ინტერაქციული სიმულაციებითა და ნეირობიოლოგიური ინსტრუმენტებით აცნობიერებს, რომ რეალურ ცხოვრებაში „უკან დაბრუნების ღილაკი“ არ არსებობს, ხოლო ნამდვილი ძალა არა სხვისი დაზიანება, არამედ საკუთარი ემოციის მართვაა, სიცოცხლის უფლება და გაფრთხილება საგანმანათლებლო ვალდებულებიდან მის შინაგან, გააზრებულ არჩევანად იქცევა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გაეროს გენერალური ასამბლეა. 1948. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
  2. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. 2018. ზოგადი კომენტარი №36: მუხლი 6 სიცოცხლის უფლება) CCPR/C/GC/36. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
  3. ევროპის საბჭო. 1950. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მუხლი 2: სიცოცხლის უფლება. სტრასბურგი
  4. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი. 1989. ბავშვის უფლებათა კონვენცია მუხლი 6: სიცოცხლისა და განვითარების უფლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
  5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამინისტრო. 2023. საზოგადოებრივი მეცნიერებები . მოქალაქეობა (VII-IX კლასები). თბილისი
  6. Goleman, D. 1995. Emotional Intelligence: Why It Can Matter More Than IQ .ემოციური ინტელექტი. რატომ შეიძლება იყოს ის IQ-ზე მნიშვნელოვანი. Bantam Books
  7. Siegel, D. J. 2013. Brainstorm: The Power and Purpose of the Teenage Brain. მოზარდის ტვინის ძალა და დანიშნულება. TarcherPerigee

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მშობლის მთავარი კითხვა

ტერცო მონდო

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“