ხუთშაბათი, ნოემბერი 19, 2026
19 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2026

ტერცო მონდო

Terzo mondo ლათინურად მესამე სამყაროს ნიშნავს. ეს ტერმინი ისეთივე ძველია, როგორიც თვით ლათინური სამყარო. როგორც ჩანს, მსოფლიოში ქვეყნები უძველეს დროშიც ასე იყო გადანაწილებული: ლიდერები – პირველები, დიდები, მდიდრები; მეორე სამყარო ანუ პატარა, მაგრამ კეთილდღეობაში მცხოვრები ქვეყნები და მესამე სამყარო – პატარა, დაჩაგრული, ღარიბი, განვითარებადი, დაუცველი სახელმწიფოები. დღესაც ასეა.

არ ვიცი, ვინ რამდენად ბედნიერია ამგვარ რეალობაში, მაგრამ ალბათ გაუმართლათ დიდ ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ, თავად წარმართონ მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი. მათი მოქალაქეები მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს, რადგან არ უწევთ ომის მუდმივ შიშში ცხოვრება; იციან, რომ სამშობლო მათი გადასარჩენი არ არის. მეორე სამყაროს ქვეყნებს ლიდერობის პასუხისმგებლობაც მოხსნილი აქვთ, სამაგიეროდ, ტკბებიან ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობით, აქვთ სტაბილური ეკონომიკა და, როგორც იტყვიან, მოქალაქეთა ბედნიერების ინდექსი მაღალია.

ისიც არ ვიცი, რამდენად სამართლიანი და კანონზომიერია ეს ყველაფერი. ნუთუ ეს არის უფლის მიერ დაწესებული წესრიგი და მას უნდა დავემორჩილოთ? ამგვარ „წესრიგს“ ხომ იმდენი უსამართლობა, ომი, კონფლიქტი, ადამიანთა ტანჯვა-წამება ახლავს, შეუძლებელია, ეს ღვთის ნება იყოს. ან იქნებ ეს არის მოცემულობა საიმისოდ, რომ სამყარო საინტერესო იყოს, არსებობას აზრი ჰქონდეს, ბრძოლამ და ნაირ-ნაირმა გამოწვევამ ეთნოსები და ინდივიდები გააძლიეროს? თუ ასეა, მაშინ სად არის თანასწორობის პრინციპი? რატომ ერთ ნაწილს – კეთილდღეობა და იდილია, ხოლო მეორეს – ტანჯვა და ულევი განსაცდელი? ოდესმე დაისადგურებს დედამიწაზე საყოველთაო კეთილდღეობა?

ლიტერატურა ყოველ ეპოქაში გვესაუბრება ამაზე. „ვეფხისტყაოსანში“ რუსთველმა იდეალური სამყაროსა და ადამიანის მოდელებიც შექმნა, მაგრამ ეს ხომ მხატვრული სიმულაკრებია. თანამედროვე ლიტერატურაშიც ასეა. რეალობა მკაცრი და დამთრგუნველია, ლიტერატურა კი ქმნის ამ რეალობაზე ადამიანის ფიქრის ახალ და ახალ განზომილებებს, მაგრამ რა იცვლება ამით? თანამედროვე ლიტმცოდნეები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელი ხანის ლიტერატურული სტილიც, პოსტმოდერნიზმი, მსოფლიო რეალობას წარმოაჩენს როგორც ტოტალური სიმულაციის ერას.

ამ ყველაფერზე ბევრს ფიქრობენ მეცნიერები, წერენ მწერლები, ფილმებს იღებენ რეჟისორები, თუმცა მეცნიერული აღწერა და მხატვრული გარდასახვა მხოლოდ მოცემულობის დაფიქსირებაა, რეალობის შეცვლა კი ხალხზეა დამოკიდებული. ვიფიქროთ, რომ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია და შევეგუოთ ამ რეალობას? არა და არა! შემგუებლობა კლავს პროგრესს, სპობს მომავლის იმედს. ჩვენ კი, პატარა, მებრძოლი ერები, ტერცო მონდოდ წოდებული უძმო, უბედური ქვეყნები, შეჩვეულნი არ ვართ დანებებას. ჩვენ თავის გადარჩენისთვის უწყვეტი ბრძოლის ინსტინქტმა გადაგვარჩინა, სხვაგვარად მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე დღეს არ ვიქნებოდით.

თამამად ვიტყვი, რომ ჩვენში პოლიტიკოსებს იმდენი წვლილი არ შეუტანიათ ქვეყნის ხსნისთვის ბრძოლაში, რამდენიც ქართველ მწერლებს. ჩვენი ხალხისთვის ყველაზე დიდი პოლიტიკოსები გიორგი მერჩულე, რუსთველი, ილია, აკაკი, ვაჟა, ოთარ ჭილაძე და სხვა მწერლები არიან. თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესის ლიდერად კი აკა მორჩილაძეს დავასახელებდი, რომელიც თავისი შემოქმედებით ესაუბრება არა მხოლოდ ქართველ მკითხველს, არამედ ქართველი ხალხის სახელით – გარე სამყაროსაც. დაუვიწყარია 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოთქმული მისი სიტყვა როგორც ქართველი ხალხის სათქმელი, რომლის მიმართაც მსოფლიო საუკუნეების განმავლობაში ყრუ იყო. აი, რას ამბობს ის მწერლებისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე: „სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია და არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს. გადმოსცემს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულითა და ოსტატობით აკეთებს… დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და, ამავდროულად, იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს“.

ამ წერილის იდეაც აკა მორჩილაძის საუკუნეთა გზაგასაყარზე, 2000 წელს, დაწერილმა მოთხრობამ „ტერცო მონდომ“ შთამაგონა. გენიალურმა რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ამ მოთხრობის მიხედვით მხატვრული ფილმიც გადაიღო, თუმცა ფილმში მოთხრობის თემები და იდეები გადასხვაფერებულია.

მოთხრობას ოთხიოდე გმირი ჰყავს, ორი ქართველი ბიჭი, ერთი გერმანულ-მექსიკური წარმომავლობის გოგონა და კაფე „Terzo mondo-ს“ ბერძენი მფლობელი კოსტასი. ამბავს ჰყვება თბილისელი ბიჭი, რომელსაც ბერლინში მცხოვრები მეგობარი, მეტსახელად მოჰიტო, გეორგიშე შრიფტშტელერს (გერმ. ქართველ მწერალს) ეძახის, თუმცა თავად ბიჭი მწერლობას უარყოფს. ავტორი მის სახელსაც არ გვიმხელს, რაც სიმბოლურია: ის არ არის ერთი კონკრეტული ადამიანი, ის თბილისის იმ თაობის ახალგაზრდობის განზოგადებული სახეა. ბიჭი ბერლინის გავლით კოპენჰაგენში მიფრინავს რომელიღაც საფეხბურთო მატჩის გასაშუქებლად. როგორც მოჰიტო ამბობს, ქართველები ევროპის ქვეყნებში ძირითადად ფრანკფურტის გავლით დაფრინავენ, მაგრამ ბიჭს წლების უნახავი მეგობრის ნახვა სურდა და ბერლინში ჩაფრინდა.

საინტერესოა მეტსახელი მოჰიტოც. „მოჰიტო“ ჰქვია პოპულარულ კუბურ კოქტეილს და ამ სახელის ეტიმოლოგიის შესახებ სამი საინტერესო ვერსია არსებობს: აფრიკული ვერსიით, ეს სიტყვა „პატარა შელოცვად“ ითარგმნება. ის მომდინარეობს დასავლეთაფრიკული „Mojo-სგან“, რაც „მაგიას“, „თილისმას“ ან „შელოცვას“ ნიშნავს. კუბაში ჩაყვანილი აფრიკელი მონები პიტნის, ლაიმისა და ალკოჰოლის ნაზავს სამკურნალო, „ჯადოსნურ“ სასმელად მიიჩნევდნენ. ესპანური კნინობითი სუფიქსის (-ito) დამატებით კი სიტყვა „პატარა შელოცვას“ გარდაიქმნა. კუბური ვერსია გვეუბნება, რომ მოჰიტო „ლაიმის სოუსს“ ნიშნავს, ხოლო ესპანური – „ოდნავ სველს“. არ ვიცი, მართლა ჰყავდა თუ არა აკა მორჩილაძეს მეგობარი ამ მეტსახელით, მაგრამ სიმბოლურ-ალეგორიულად ამ საინტერესო ქართველის სახელი გარე სამყაროსთან მის მიმართებას გამოხატავს.

საბჭოთა კავშირის ნგრევიდან და 1991-1992 წლების მოვლენებიდან (ძალიან მომწონს ოთარ ჩხეიძის მიერ მათთვის შერქმეული სახელი „არტისტული გადატრიალება“. ამ სახელით მან 1994 წელს ისტორიულ-დოკუმენტური რომანი გამოსცა) უკვე 8-9 წელი გასულა, მაგრამ ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა ძველი იარების მოსაშუშებლად. მთხრობელი განიცდის მოჰიტოს ძმის, ახლო მეგობრის, გიგის, ბედს. როგორც თავად ამბობს, გიგი ზვიადისტი იყო და ქართული მართლმსაჯულებისგან იდევნებოდა, თავად კი აღიარებს, რომ „სულიერად პუტჩისტი იყო“.

მოთხრობის მთავარი სათქმელი უკავშირდება საბჭოთა ეპოქასა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში გაზრდილი ქართველების ფსიქოლოგიურ ტრავმებს, გაუცხოებას, კიდევ უფრო მთავარი აქცენტი კი ალბათ ის არის, როგორ გამოიყურება საქართველო როგორც მესამე სამყაროს ნაწილი ცივილიზებული ევროპის ფონზე. ევროპას თავისი ტრავმები აქვს, რომლებიც მოჰიტოს მეგობარი გოგონას, ნიკის, სახეში წარმოჩნდება. ნიკი, ერთი შეხედვით, თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი ადამიანია, მაგრამ მასაც აქვს თავისი პრობლემები. ის შინაურულად ხვდება ქართველ სტუმარს და  ისტერიულად იმეორებს, ქართველები ყველა ერთმანეთს ჰგავხართო. სინამდვილეში ის არ ჰგავს რეალიზებულ და შემდგარ ადამიანს, რადგან მოჰიტოსთან ერთად დიდ სიდუხჭირესა და ქაოსში ცხოვრობს. წყვილი ერთ პაწაწინა, კეთილმოუწყობელ ბინაში დასახლებულა, სადაც არც კომფორტია და არც საჭმელი. მათ მაცივარში მხოლოდ ერთი ბანანი, რამდენიმე კოვზი თაფლი და თეთრი შოკოლადის ნატეხები მოიძებნება. წყვილი, როგორც ჩანს, ბარიდან ბარში დაეხეტება, ალკოჰოლს და ნარკოტიკებს ეტანება, ცეკვავს, ხელოვნურად გამოწვეული ექსტაზით ებრძვის სულიერ ტრავმებს, შემთხვევითი სექსუალური კავშირები და ჯგუფური სექსი მათი ცხოვრების ნაწილია.

მოჰიტოს ძალიან უნდა, მეგობარს დაუვიწყარი მასპინძლობა გაუწიოს, მაგრამ მისი რესურსები ძალზე მწირია. სიმბოლურია, რომ ისინი ერთმანეთს ცოოზე ხვდებიან. Zoo Berlin გერმანიის ყველაზე ძველი (დაარსდა 1844 წელს) და ცნობილი ზოოპარკია, რომლის მიმდებარედ არის სადგური „ცოო“ (Bahnhof Zoo),  ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი სატრანსპორტო კვანძი. დღეს ბერლინის ცოოს მოედანი ტურისტებისთვის ე. წ. „No-Go ზონად“ (საშიშ ტერიტორიდ) არ მიიჩნევა, თუმცა აქვს სპეციფიკური რეპუტაცია, რომელიც ათწლეულებია მოჰყვება. 1970-1980-იან წლებში სადგური ცოო დასავლეთ ბერლინის ნარკორინგის, უსახლკარობისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ეპიცენტრი იყო. ამ ტრაგიკულ რეალობას მიეძღვნა  კრისტიანე ვერა ფელშერინოვის მსოფლიო ბესტსელერი „ჩვენ, სადგურ ცოოს შვილები“ (Wir Kinder vom Bahnhof Zoo). 1981 წელს რეჟისორმა ული ედელმა ამ წიგნის მიხედვით გადაიღო საკულტო ფილმი „Christiane F“. ფილმში გამოყენებულია ლეგენდარული დევიდ ბოუის მუსიკა და კონცერტის სცენაში თვითონ მომღერალიც ჩნდება. ის კრისტიანეს კუმირი გახლდათ. სწორედ ამ ნაწარმოებმა დაუმკვიდრა ადგილს „საშიში და პირქუში“ ზონის იმიჯი. კრისტიანე ფელშერინოვი 1962 წელს ბერლინში დაიბადა, ალკოჰოლიკი მამის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ცოოს მოედნის ახალგაზრდობას შეუერთდა, იტანჯებოდა ნარკოდამოკიდებულებით, ციხეშიც მოხვდა, ებრძოდა C ჰეპატიტსა და ღვიძლის დაავადებას. მისი მეგობრების უმეტესობა ზედოზირებით გარდაიცვალა. თავად მწერალმა თავი დააღწია ამ პრობლემებს და ამჟამად ბერლინში ცხოვრობს მედიისგან სრულიად იზოლირებული. ერთადერთი ვაჟი ფილიპი, რომელიც 34 წლის ასაკში გააჩინა, მშვიდ, დაცულ და უსაფრთხო გარემოში გაზარდა. დედისა და შვილის თაობების ბედი მკვეთრად განსხვავდება. ცოო ამჟამად კარგად განვითარებული ზონაა, პოლიცია სისტემატურად პატრულირებს და, იშვიათი ჯიბის ქურდობის გარდა, გასული საუკუნის რეალობიდან თითქმის არაფერი შემორჩენილა. თუმცა 2000 წელს ასე არ იყო.

აკა მორჩილაძის მოთხრობის გმირს ბინა სასტუმრო „უნტერ დენ ლინდენის“ ქუჩაზე დაუქირავებია. ეს სახელი აუცილებლად გაგვახსენებს კონსტანტინე გამსახურდიას გასული საუკუნის ათიან წლებში შექმნილ ერთსტროფიან  ლექსს „პეპელა უნტერ დენ ლინდენის ქუჩაზე“:

„საით მიფრინავ, ფრთამოხატული,

ამ აფიშების უწყალო ომში,

შენ გიმღეროდა რომში კატული,

ახლა მე გიმღერ მესამე რომში“.

ლექსში ბერლინის „მესამე რომად“ მოხსენიება გამოხატავდა გერმანიის იმპერიალისტურ ამბიციებს პირველი მსოფლიო ომის საწყის პერიოდში, ვიდრე 1918 წელს გერმანიის იმპერია (კაიზერის რეჟიმი) დაემხობოდა.

1914 წელს, ომის დაწყებისას, მწერალი, როგორც რუსეთის იმპერიის მოქალაქე, გერმანიაში ტყვედ ჩავარდა და გარკვეული ხანი ციხეში გაატარა, თუმცა თომას მანის დახმარებით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, 1916 წელს, მან სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში გააგრძელა. ის დადიოდა უნტერ დენ ლინდენის (გერმანულად ეს სახელი ნიშნავს „ცაცხვების ქვეშ“) ბულვარზე. 1960-იან წლებში უნტერ დენ ლინდენზე ამავე სახელწოდების სასტუმრო აშენდა, რომელიც კომუნისტური გერმანიის სავიზიტო ბარათი იყო. 2006 წელს ძველი სასტუმრო დაანგრიეს და მის ადგილას ახალი კომპლექსი ააგეს. აკა მორჩილაძის გმირს 2000 წელს ძველ სასტუმროში მოუწევდა დაბინავება.

მოთხრობის მთავარი ინტრიგა დაკავშირებულია ორ ეპიზოდთან. ერთია მოჰიტოს, ნიკისა და მთხრობელის სტუმრობა ბერძენი კოსტასის კაფე „ტერცო მონდოში“, მეორე – კაფეში თეფშების მსხვრევის შემდეგ, კოპენჰაგენში გაფრენის წინა საღამოს, მთხრობელის სტუმრობა მოჰიტოსა და ნიკის პატარა ბინაში. მთხრობელსაც და მოჰიტოსაც დიდი მეგობრობა და სიყვარული აკავშირებთ და ორივეს სურს, ეს ხანმოკლე შეხვედრა სასიამოვნო მოგონებად აქციოს, თითქოს ლაღობენ, ხუმრობენ, იხსენებენ წარსულს, ერთმანეთის ამბებს კითხულობენ, მაგრამ ცხადია, რომ რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს, ორივე შინაგანად მაინც დამსხვრეული და დემორალიზებულია.

მწერლის სათქმელი უკავშირდება იმას, რომ ტოტალიტარული სისტემებიდან და მესამე სამყაროს საზოგადოებებიდან გამოსული ადამიანები ვერ ახერხებენ სულიერი ჰარმონიის მიღწევას, მათ ტანჯავთ თავიანთი ქვეყნების წარსული და აწმყო, დაკომპლექსებულები, დეპრესიულები და რწმენაშერყეულები არიან. ადამიანები რომ ბედნიერები იყვნენ, საზოგადოებამ რომ პროგრესს მიაღწიოს, აუცილებელია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციების არსებობა. ძლიერი სახელმწიფო შობს ბედნიერ ადამიანებს. ეს აქსიომაა.

მოჰიტოს თითქოს უყვარს ნიკი, ტკბება ამ სექსუალური, მიმზიდველი გოგოს სიახლოვით, სამშობლოში მისი წაყვანა და მასზე დაქორწინებაც კი უნდა, მაგრამ იცის, რომ მისი სანათესაო-სამეგობრო ამ გოგონას არ და ვერ მიიღებს. ის მეგობარს დაჟინებით სთხოვს, სასტუმროში არ დაბრუნდეს და ღამე მათ არაკომფორტულ, ღარიბულ ბინაში გაათიოს, თუმცა სამი ადამიანი იქ ვერანაირად ვერ მოთავსდება – სამივეს ერთ დივანზე მოუწევს ძილი. მოჰიტო თითქოს უბიძგებს მეგობარსა და ნიკის, სექსუალური კავშირი დაამყარონ. ნიკი გამაღიზიანებელია და ვნებით იპყრობს სტუმარს. ძნელია ახალგაზრდა კაცისთვის სექსუალური ინსტინქტის მოთოკვა. ნიკი შიშვლდება, თავის სველ პირსახოცს აძლევს სტუმარს, მისკენ იწევს და სტუმარიც აგზნებულია, მაგრამ მაინც ერევა ამ ძნელად დასაძლევ ვნებას, თავს არაფრით აძლევს უფლებას, მეგობრის გოგონასკენ გაიწიოს, ჯოჯოხეთური მოთმინების ფასად იკავებს თავს. მეგობრებს შორის ფინალში ასეთი დიალოგი შედგება:

„- კაროჩე… ქაჯი ვარ, ხო?

– მეთქი, რამდენზე გაქაჩავს. საღოლ და კაროჩე, ჩაგწერე გვარდიაში. საშვი გაქვს…

– გრუპი რომ ვერ გავქაჩე, პლუსი ჩაწერე თუ მინუსი? – როგორც იქნა, მოვიფიქრე რაღაც ავი, მაგრამ არ გაბრაზებულა. რა გააბრაზებთ ეგეთებს.

– ფირმის საიდუმლოა.

– ტერცო მონდო, – ვთქვი უცებ.

– ტერცო მონდო, – თავი დამიქნია ღიმილით, – მესამე სამყარო ბერლინის კედელთან.

– მე ვარ ხო ტერცო მონდო და აქ დეტექტორი გიყენიათ…

– რა ვქნა? ხალხი უნდა შეამოწმო“.

თურმე მოჰიტო სპეციალურად უბიძგებდა მეგობარს ნიკისკენ და მის მოთმინებას სცდიდა. სტუმარმა „გამოცდა“ სწორედ იმის წყალობით ჩააბარა, რომ თავს ტერცო მონდოდ მიიჩნევდა. ეს გამოცდა თვით საფარ-ბეგმა ვერ ჩააბარა აკაკის „გამზრდელში“. მოჰიტოსგან განსხვავებით, ბათუს და ნაზიბროლას მაპროვოცირებელი არაფერი ჩაუდენიათ, მაგრამ… სექსუალური ინსტინქტების დაძლევა იოლი არ არის, ზოგი ისე საბედისწეროდ ეცემა, როგორც საფარ-ბეგს მოუვიდა… აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? ტერცო მონდოს საზოგადოებიდან გამოსული ადამიანები თავიანთი მორალით მწვერვალზე ადიან, რადგან სწორედ დაჩაგრულ საზოგადოებაში ინახება ის ზნეობრივი ორიენტირები, რომლების თავისუფალ საზოგადოებაში წაშლილია. თუმცა თავისუფლებაც სწორედ ამ გზით მიიღწევა, ჯერ ამსხვრევ, ეცემი, მერე თავისუფლდები, განიწმინდები, მშვიდდები და მაღლდები. ეს გზა გასავლელია. კარგი იქნება, უმტკივნეულოდ, ზედმეტი სოდომ-გომორისა და კრიმინალის გარეშე გაიაროს საზოგადოებამ, საუკეთესო გამოცდილებები გვინახავს სხვა ქვეყნებისგან.

ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ლიტერატურის მასწავლებელი, ერთგვარი მეტაფორული გაგებით, პოლიტიკოსია, რომელიც მოსწავლეებს მხატვრული ტექსტების სწავლების გზით ადამიანური მორალის, პატრიოტიზმის, სახელმწიფოებრივი აზროვნების ყველა საიდუმლოს აზიარებს.

მივუბრუნდეთ კოსტასის კაფეში განვითარებულ მოვლენებს. კოსტასი თესალონიკელი ბერძენია და თბილისს კარგად იცნობს. ის თბილისელ სტუმარს ასე ხვდება: „ტიფლიდა, თესალონიკი, ძმა!“ გმირი ამბობს: „ეს „ძმა“ ტყვიასავით გაისროლა“. ქართველებს ხომ მრავალ იმპერიასთან გვაკავშირებს მტკივნეული მოგონებები. კოსტასისგან განსხვავებით, „გეორგიშე შრიფტშტელერ“ ცუდად იცნობს საბერძნეთს. ის მოჰიტოს ეუბნება, რომ ნიკოს გალისის გარდა ბერძნული სამყაროდან არავის იცნობს. ნიკოს გალისი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ბერძენი კალათბურთელი და ევროპული კალათბურთის ლეგენდაა. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ევროპის ისტორიაში საუკეთესო სკორერს (მექულეს). სწორედ ნიკოს გალისის ფენომენის წყალობით დაიწყო 1980-იან წლებში საბერძნეთში კალათბურთის ბუმი, რის გამოც ქვეყანაში ეს სპორტი რელიგიასავით შეიყვარეს. აკა მორჩილაძე თავს იკატუნებს, ცდილობს, თავის გმირს მწერლობის ტვირთი ჩამოხსნას და უბრალო სპორტულ ჟურნალისტად წარმოაჩინოს, თუმცა აშკარაა, რომ მთხრობელის პროტოტიპი თავად ავტორია.

კოსტასთან ჩვენი გმირების დიალოგი იმდენად საინტერესოა, იმდენადაა სავსე ქვეტექსტებით, რომ მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას გავიხსენებ, როგორ შესთავაზა კოსტასმა ქართველ სტუმრებს „თეფშების მსხვრევის“ რიტუალი. საკვირველია, რომ კაფეს მეპატრონე საკუთარ დაწესებულებაშია ამ იდეის ინიციატორი. ეს სცენა მრავალ კითხვას ბადებს. ის მუხლზე შემოიდგამს თეფშების გროვას და დასცხებს… თეთრი ნამსხვრევებით ივსება კაფე. ლეწავს ყველა: მთხრობელი, კოსტასი, ნიკი და მოჰიტო, ხორვატები, არახორვატები, კაფეს ყველა სტუმარი. „და აქვს ასეთ ამბებს ბოლო?“ – სვამს კითხვას ავტორი და თვითონვე პასუხობს: „ალბათ არა, იმიტომ, რომ ასეთი ამბავი რომც მთავრდებოდეს ოდესმე და სადმე, არასოდეს იკარგება და დაუსრულებლად, დაუსრულებლად და მოუღლელად იგონებს გაგრძელებებს“.

კოსტასის ქართველ სტუმრებს უფასოდ ეძლევათ თეფშები, სხვები კი ყიდულობენ თეფშების მთელ კოშკებს და ამსხვრევენ, ლეწავენ, მსუბუქად იჭრებიან, სისხლი სდით ხელებიდან, დაჩხაპნილი აქვთ სახეები, ამსხვრევენ და ცეკვავენ, ისეთი ექსტაზი და ეგზალტაცია იპყრობთ, რომ აქ თავის გაკონტროლება შეუძლებელია. ემოციების ვულკანი ცეცხლოვან ლავას აფრქვევს. კოსტასი არ ემშვიდობება სტუმრებს. არ უყვარს დამშვიდობება. უბრალოდ ქრება.

სიმბოლურია კაფეს მიმტანის სახელიც – პანოსი. ბერძნულ სამყაროში პანოს კაცის გავრცელებული სახელია. ის ორი კლასიკური ბერძნული სახელის შემოკლებული, კნინობითი  ფორმა: პანაგიოტისის (ნიშნავს „ყოვლადწმინდას“ ან „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმდევარს“ (ბერძნულად Panagia-დ მოიხსენიებენ ღვთისმშობელ მარიამს) და პანტელეიმონის, რომელიც „ყოვლადმოწყალეს“ ნიშნავს. ასევე, ძველ ბერძნულ მითოსში პოპულარულია მწყემსების ღმერთი პანი, რომლის სახელიც ნიშნავს „ყველაფერს“, „მთლიანს“ (აქედან მოდის სიტყვები: პანორამა, პანდემია, პანიკა). თანამედროვე საბერძნეთში სახელი პანოსი პანაგიოტისის შემოკლებაა.

„ტერცო მონდოში“ ეს უცნაური თავდავიწყება სიმბოლურ-ალეგორიულია. კოსტასი განვითარებული სახელმწიფოს შვილია, ის უძველესი ცივილიზაციიდან მოდის და სამყაროს მრავალი საიდუმლოს მცოდნეა. თეფშების მსხვრევით სტუმრებს ის თითქოს რელაქსაციის, თვითაღდგინების ერთგვარ ტრენინგს სთავაზობს. საქართველო დღემდე ტერცო მონდოს მიეკუთვნება. შემთხვევითი არ არის, რომ კოსტასის კაფეს სტუმრები ხორვატები არიან. დღეს ხორვატია მაღალგანვითარებული და მდიდარი ეკონომიკის ქვეყანაა, ხოლო 2000 წელს ის ომის შემდგომი რეაბილიტაციისა და სიღარიბის რეალობაში მყოფი ახალშექმნილი სახელმწიფო იყო. ხორვატია ჩვენთვის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა. მან მოახერხა ტერცო მონდოდან გასვლა და ევროპული განვითარება. ჩვენი მიზანიც ეს უნდა იყოს.

ვფიქრობ, აკა მორჩილაძის „ტერცო მონდო“ უმნიშვნელოვანესი ტექსტია, რომელიც აუცილებლად უნდა წავაკითხოთ ჩვენს უფროსკლასელებს, რათა დავაფიქროთ საქართველოს წარსულსა და მომავალზე. საუკუნეთა გზაგასაყარზე მწერლის ოცნება იყო, მის სამშობლოს, საბჭოთა იმპერიიდან ახლად თავდაღწეულს,  ტერცო მონდოდანაც დაეღწია თავი, კოსტასის თეფშებივით დაემსხვრია ყველა ბორკილი და ცივილიზებულ სამყაროს შეერთებოდა. დღემდე ვიბრძვით ამ სანუკვარი ოცნების მისაღწევად. მომავალს იმედიანად უნდა შევხედოთ, საკუთარი ძალების რწმენამ არ გვიმტყუნოს. საქართველოსთვის ბრძოლის გზაზე ჩვენი მწერლობა ყოველთვის იყო ყველაზე მძლავრი და საიმედო საყრდენი და ასეც გრძელდება.

ეს ყველაფერი ჩვენი საიდუმლო საზეპირო უნდა იყოს. ხოლო რას ვეტყვით გარე სამყაროს? აქ ისევ აკა მორჩილაძის ფრანკფურტში წარმოთქმულ სიტყვებს მოვიშველიებ:   „საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს, ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევეა ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა, ჩვენი ოცნებაცაა…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მშობლის მთავარი კითხვა

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“