პერსონაჟის გულის იდეა პორტუგალიელი ილუსტრატორის, ლუკას ლოპესის, ინსტაგრამ გვერდის თვალიერებისას დამებადა. ლუკასი სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ხატავს, აკვარელის საღებავით აფერადებს და გულში თემატურ დეტალებს ათავსებს, ნახატს შესაფერის მუსიკას ურჩევს და ამგვარად მნახველს ფიქრისთვის განაწყობს.
ლუკასის იდეა ლიტერატურას მოვარგე და გადავწყვიტე, პერსონაჟების გულები თვალსაჩინოებად მექცია. შევიძინე აკვარელი, ფუნჯები, სქელი ქაღალდი და ზაფხულში ჩანაფიქრი ავისრულე. ერთი სული მქონდა, როდის გავაცნობდი ამ მეთოდს სკოლის მოსწავლეებს. დარწმუნებული ვიყავი, ძალიან მოეწონებოდათ და სემესტრის დასასრულს უკვე შემიძლია გაგიზიაროთ მეთოდი, რომელსაც სახელად პერსონაჟის გული დავარქვი.
პერსონაჟის გული ყველა საფეხურის მოსწავლეს გავაცანი და შეიძლება ითქვას, სემესტრის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები სწორედ მასზე მუშაობას უკავშირდება.
მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილის“ მთავარი პერსონაჟი, ანდრო კაიშაური -მეცხრეკლასელებთან, ანე ფრანკი – მეშვიდე კლასთან, მკითხველთა კლუბის წევრებთან ერთად მერი პოპინსი, მერი ლენოქსი, ლიტერატურულ კაფეში კი ნატო დავითაშვილის პერსონაჟების – კოპალასა და ერეკლეს გულები – სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის პერსონაჟების გულები გავაცოცხლეთ.
ნაბიჯი 1. პირადი მაგალითი
ბავშვების გულების ასანთებად პირადი მაგალითს ვიყენებ. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ხელით დამზადებული რესურსი ქმედებისთვის მომართავს მათ, შემდეგ მათთან ერთად ვიწყებთ კეთებას – ნაბიჯ-ნაბიჯ ვაჩვენებთ თითოეულ ეტაპს.
მაგალითად, ანდრო კაიშაურის პერსონაჟი მათ თვალწინ დავხატე, გამოვჭერი, შემდეგ კი კლასის თითოეულ მოსწავლეს დავეხმარე, დავაკვალიანე და ყურადღება არ მომიდუნებია მუშაობის პროცესში. საგულდაგულოდ ვინახავ ვიდეოს, რომელიც მოსწავლეების ხელებს გადავუღე. ეს იყო გაკვეთილი, როდესაც მთელი კლასის ჩართულობა შევძელი.
ანე ფრანკიც ბავშვებთან ერთად დავხატე და გამოვჭერი. მთავარია, მათ იგრძნონ მასწავლებლის ყურადღება, ინტერესი, შედეგი იმდენად შთამბეჭდავია, უზღვავი ენერგიით გვავსებს.
ნაბიჯი 2. ლუკას ლოპესის ნამუშევრების გაცნობა
ლუკას ლოპესის ნამუშევრები ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ხელოვანის თითოეული პერსონაჟი იმდენად საინტერესო და გამორჩეულია, მნახველს ქმედების სურვილით ავსებს.
ნაბიჯი 3. მინილექცია გულის შესახებ
გამომცემლობა არტანუჯმა გამოსცა წიგნი სახელად „გულის ლექსიკონი“, რომლის ანოტაციაში ვკითხულობთ: „ყოველ ენას მოეპოვება თავისი ცენტრალური სიტყვა (თუ სიტყვათა ჯგუფი), რომელიც საუკეთესოდ ავლენს ენის სიტყვათწარმოქმნისა თუ შემოქმედებით პოტენციას.
თქვენ წინაშე წარმოდგენილი ლექსიკონი თვალნათლივ გიჩვენებთ, რომ ქართველთა ბუნებისა და მხატვრულ-შემოქმედებითი პოტენციის გამომხატველი მთავარი „ენერგეტიკული ბირთვი“ არის სიტყვა „გული“, რომელიც ლექსიკური და ფრაზეოლოგიური სიტყვათწარმოქმნისა და ენობრივი გამომსახველობის მართლაც უშრეტ საფუძველს წარმოადგენს“. (არაბული ავთანდილ, ტუსკია მანანა, 2023)
ლექსიკონში თავმოყრილია გულის ირგვლივ არსებული ფრაზეოლოგიზმები, სიტყვათშეთანხმებები, რომელთა გაცნობისას ვრწმუნდებით, რომ ქართული ენის ბირთვი მართლაც სიტყვა „გულია“.
ამ ლექსიკონის მიხედვით მინილექციისთვის გაკვეთილის აკინძვა შეიძლება, ასევე ყურადღებას ვამახვილებთ გულზე, როგორც ემოციების გამტარზე.
ამასთანავე, გულის გათბობა ჩემი მასწავლებლობის გზაზე უმთავრეს მიზნად მიმაჩნია. ყოველგვარი ცოდნა და უნარი აზრს კარგავს თუკი გულში არ გაივლის, თუკი გული აისხლეტს და სითბოდ არ დააბრუნებს.
ნაბიჯი 4. გულის ირგვლივ ასოციაციური რუკის შექმნა
დაფაზე ვწერ სიტყვას გული და მოსწავლეებს ვთხოვ, მიკარნახონ ყველა სიტყვა თუ ფრაზეოლოგიზმი, რაც გულის ირგვლივ ახსენდებათ.
დაფაზე ასახული მეშვიდეკლასელების ასოციაციურ რუკა ამგვარი გამოვიდა: გულზე ლოდი დამაწვა, გული გამისკდა, გული ამიჩუყდა, გულუხვი, გული გადაუშალა, გულგატეხილი, გული გადამიტრიალდა, გული ამიფანქალდა, გულგატეხილი, გულიანი, გულზე დარდი დამაწვა, გულზე არ მეხატება, გულდამწვარი, გული მომილბა, უგულო..
ნაბიჯი 5. მთავარი დეტალები
პერსონაჟის გულის შესახებ საუბრისას მნიშვნელოვანი ეტაპია ტექსტის მიხედვით მთავარი დეტალების შერჩევა, რომლებზე დაყრდნობითაც ვისაუბრებთ პერსონაჟის შესახებ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პერსონაჟის გულის დამზადება ტექსტის შესწავლის შემდგომი ეტაპია, რადგან სწორედ ტექსტია მთავარი საყრდენი და მასალა, საიდანაც მთავარი დეტალები უნდა ამოვკიფოთ.
ანე ფრანკის დღურის 50 გვერდის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად დაფაზე ჩამოვწერე მთავარი დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს პერსონაჟის შესახებ:
დღიური, ნაყინი, ველოსიპედი, ვარსკვლავი, მონტესორის ბაღი/სკოლა, ჟაკეტი, ყაყაჩოს შტო, ფილმი „შუქურის დარაჯი“, სავარცხელი, სათხილამურო ბათინკები…
ნაბიჯი 6. პერსონაჟის გამოჭრა
ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების შემდეგ დგება დრო, როდესაც თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის პერსონაჟს – ხატავს, ჭრის, აფერადებს.
ნაბიჯი 7. მთავარი დეტალების არჩევა
დაფაზე ჩამოწერილი დეტალებიდან ვარჩევთ სამს, მცირე ზომის ფორმებად ვხატავთ, ვჭრით და გულში ვაკრავთ. ჩემი დაკვირვებით, მთავარი დეტალები ხშირად მეორდება, ამიტომ დავამატოთ თავისუფალი არჩევანი და მოსწავლეებს ვთხოვოთ, თავად შეარჩიონ წიგნიდან ერთი დეტალი.
შერჩეული დეტალების მეშვეობით ყურადღებას ვამახვილებთ პერსონაჟის:
- საცხოვრებელ გარემოზე;
- ოჯახზე;
- განათლებაზე;
- მეგობრებზე;
- ინტერესებზე;
- ხასიათზე;
- ღირებულებებზე;
- ეპოქაზე.
ნაბიჯი 8. ნამუშევრის წარდგენა
ეს ბოლო ეტაპია და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანიც, რადგან თუკი მოსწავლემ იმუშავა, თავი გაართვა ყველაფერს, შექმნა, იფიქრა, შეარჩია, ბოლოს აუდიტორიის – კლასისა და მასწავლებლის წინაშე – საკუთარი ნამუშევრის წარდგენა და საუბარი საკუთარი არჩევანის შესახებ მას ახალ გამოცდილებას შესძენს, საპრეზენტაციო უნარებს გამოუმუშავებს, საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსრებას ასწავლის და დარწმუნდება, რომ მიუხედავად ერთი პერსონაჟის მრავალჯერადად გამეორებისა, თითოეული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა.
ანე ფრანკის დღიური მეშვიდე კლასისთვის საკითხავ წიგნად განვსაზღვრე. 12-13 წლის ქართველ ბავშვებს ძალიან მოსწონთ ზუსტად მათი თანატოლი პერსონაჟი, მისი დამოკიდებულება ცხოვრებისეული სირთულეებისადმი, უკვირთ, რთულ პირობებში ანე როგორ ინარჩუნებს ხალისს, მისი წიგნებისადმი სიყვარულიც მისაბაძია. ამასთანავე, საერთო წიგნის შერჩევისას ჩემი მიზანი იყო ბავშვების ცნობიერების ამაღლება. წიგნის წაკითხვამდე მოიძიეს მეორე მსოფლიო ომის, ჰოლოკოსტის, დიქტატორების შესახებ ინფორმაცია და კლასის წინაშე წარადგინეს. ანე ხშირად წერს ხასიათისა თუ სხეულის ცვლილებების შესახებ, რაც საპირისპირო სქესის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის დაგროვების შესაძლებლობას იძლევა.
ვფიქრობ, წიგნის დასრულების შემდეგ დავხატავთ ანე ფრანკს დიდი გულით, თითოეული მოსწავლე ერთ დეტალს მოათავსებს მის გულში და კლასში გამოვფენთ.
სტატიის ბოლოს გთავაზობთ დეკემბერში მეცხრე კლასთან გამართულ ლიტერატურულ კაფეში ჩაწერილ ვიდეოს, რომელშიც ანე ფრანკის შესახებ ჩემი ხელით შექმნილი პერსონაჟის გულის მიხედვით ვსაუბრობ.




