ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

შემოქმედებითი დავალება – რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს?

ყველას, დიდს თუ პატარას, გვიყვარს ნაძვის ხის მორთვა, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვის ხეს და არა რომელიმე სხვას.

გთავაზობთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის შექმნილ შემოქმედებით დავალებას.

გრძელვადიანი სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები)

შუალედური სასწავლო მიზანი – შერჩეული ეპიზოდის წერილობით გადმოცემა და დასათაურება ( სურვილისამებრ, ნახატით გაფორმება).

დავალების პირობა – შეარჩიე  ლეგენდის რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს? ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა, წერილობით გადმოეცი და დაასათაურე. სურვილისამებრ, გააფორმე ნახატით.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რატომ მოგწონს ეს ეპიზოდი, რით არის შენთვის საინტერესო?
  • რატომ დაასათაურე ამგვარად?
  • რომელი სიტყვა/სიტყვები მოგწონს ამ ეპიზოდში? რატომ?

აქტივობები ტესტის წაკითხვამდე:

გაიხსენეთ, რომელ დღესასწაულს აღვნიშნავთ ზამთარში?  ა) შობას       ბ) აღდგომას

რას ნიშნავს შობა?

ა) იესო ქრისტეს დაბადებას    ბ) სანტა კლაუსის სტუმრობას   გ) საჩუქრების ჩუქებას

სიტყვების განმარტება:

ლეგენდა ზეპირი გზით შემონახული მონათხრობი, რომლის სიუჟეტი ზღაპრულ, ფანტასტიკურ ამბავზეა აგებული.

ჩვილი ახალშობილი

მღვიმე – გამოქვაბული

ბაგა პირუტყვის სადგომში საკვების (ჩალის, თივის) ჩასაყრელი ადგილი,  წნულით ან ფიცრებით შეკრული

კენწერო – ხის ყველაზე მაღალი ნაწილი, წვერი

გაჩირაღდნებული განათებული

ნაღვლიანი მოწყენილი

ნუგეში იმედის მიცემა

სიტყვები სწორი ფორმით ჩასვით წინადადებებში:  მოვრთო, მორთვა

  მე მიყვარს ნაძვის ხის  ____________________

  ჩემი ნაძვის ხე ლამაზად უნდა  __________________

გაიხსენეთ ჰორიზონტის მხარეები:

 

  • გაიხსენეთ, ლეგენდებში ნამდვილი ამბავია გადმოცემული თუ მოგონილი?
  • ხომ არ წაგიკითხავთ საშობაო ლეგენდა ან ხომ არ გინახავთ ფილმი?
  • დააკვირდით ილუსტრაციასა და სათაურს, თქვენი აზრით, რის შესახებ იქნება ლეგენდა?

რა მოხდება?

 

ტექსტის წაკითხვა

რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს?

(ლეგენდა)

ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ ის თუ იცით, რატომ ვრთავთ ყოველთვის მაინცდამაინც ნაძვს და არა რომელიმე სხვა ხეს? არა?

ყური დამიგდეთ, რა გიამბოთ…

როცა პატარა იესო დაიბადა და ღვთისმშობელმა ჩვილი ბაგაში თივაზე მიაწვინა, ზეციდან ანგელოზები ჩამოვიდნენ მის სანახავად. დაინახეს უბრალო და ღარიბული მღვიმე და ერთმანეთს უჩურჩულეს: იესოს მღვიმეში, უბრალო ბაგაში სძინავს! ეს შეუძლებელია! უნდა მოირთოს აქაურობა რაც შეიძლება ლამაზად, მდიდრულად: აქ ხომ თვით ღმერთს სძინავს!..

და აი, ერთი ანგელოზი გაფრინდა სამხრეთისკენ, რომ ეპოვნა რამე  მღვიმის მოსართავად. სამხრეთში ხომ მუდამ თბილა და ყვავილები განუწყვეტლივ ყვავიან.

ანგელოზმა დაკრიფა სისხლივით წითელი ვარდები, თოვლივით თეთრი ზამბახები, მაგნოლიები,  მოწყვიტა რამდენიმე მსხვილი, ყვითელი ლოტოსიც და მღვიმეში მიიტანა.

მეორე ანგელოზი კი ჩრდილოეთისკენ გაფრინდა. იქ იმ დროს ზამთარი იდგა. მინდვრები და ტყეები თოვლს დაეფარა და ერთი ყვავილიც არ ყვაოდა

დაღონებული ანგელოზი უკან დაბრუნებას აპირებდა, როცა უცბად თვალი მოჰკრა ერთ მწვანე ხეს, რომელიც თოვლიდან ნაღვლიანად გამოიყურებოდა.

ანგელოზი შეჩერდა და გაიფიქრა: მერე რა მოხდა, რომ ეს უბრალო ხეა,  დაე, ამანაც, ამ ერთადერთმა ჩრდილოეთის მცენარემ, ნახოს პატარა ღმერთიო და თან წამოიღო თავმდაბალი, მწვანით მოსილი ნაძვი.

რა ლამაზად, რა საოცრად იცვალა ფერი მღვიმემ, როცა ყვავილებით მოირთო!

პატარა ნაძვის ხე პირველად ხედავდა ამისთანა მშვენიერ ყვავილებს და ნაღვლიანად ამბობდა: – ოჰ, რად ვარ ასე სადა და ულამაზო? რა ბედნიერი უნდა იყვნენ ეს ყვავილები! მე კი ვერ გავალამაზებ აქაურობას ამ დიდებულ სადღესასწაულო დღეს… – და მწარედ, მწარედ ატირდა.

როცა ღვთისმშობელმა დაინახა, შეეცოდა და გაიფიქრა: დღეს ყველა კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყოს; ცოდვაა, ეს პატარა ხე ნაღვლობდეს!.. და ალერსიანად გაუღიმა, ხელი გააქნია… და მოხდა სასწაული: ზეციდან ნელა დაეშვა ბრწყინვალე ვარსკვლავი და ნაძვის კენწეროზე დაბრძანდა. მას თანდათან სხვა ვარსკვლავებიც მოჰყვნენ.

გაშუქდა და კიდევ უფრო გამხიარულდა მღვიმე!

ამ სინათლისგან გამოეღვიძა პატარა იესოს და გაჩირაღდნებულ ნაძვის ხეს მხიარული სიცილით გაუწოდა ხელები. ყვავილები კი გაკვირვებულნი შესცქეროდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ:

– რა მშვენიერი და ლამაზი გახდა ნაძვი, ჩვენც კი გვჯობიაო.

ბედნიერი ნაძვის ხე მადლიერი შეჰყურებდა ღვთისმშობელ მარიამს, რომლის მზრუნველ და მოსიყვარულე თვალს უბრალო ხეც კი არ გამოჰპარვია. ის ხომ არავის ტოვებს უნუგეშოდ…

ის დღეა და ის დღე, ყოველ წელს, შობის ღამეს, სანთლებითა და სათამაშოებით მდიდრულად მორთული ნაძვი ინთება და ბრჭყვიალი გააქვს პატარების გასახარად, ნიშნად იმ პირველი შობის ხისა, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავებით იყო მორთული ( ჟურნალი ,,კარიბჭე’’).

 

უპასუხეთ კითხვებს:

  • რა გადაწყვიტეს ანგელოზებმა?
  • საით გაფრინდა ერთი ანგელოზი? რა მოიტანა მღვიმის მოსართავად?
  • საით გაფრინდა მეორე ანგელოზი?რა მოიტანა მან?
  • რატომ იყო ნაძვის ხე ნაღვლიანი, რას ამბობდა ის?
  • რა გააკეთა ღვთისმშობელმა მარიამმა?
  • სად დაბრძანდა ბრწყინვალე ვარსკვლავი?
  • რას აკეთებს ხალხი ყოველ წელს, შობას?

 

დააკვირდით სურათებს და დაასახელეთ ყვავილების სახელები:

  • თქვენი აზრით, რას ნიშნავს სისხლივით წითელი?
  • გაიხსენეთ, რა არის კიდევ სისხლივით წითელი?
  • რას ნიშნავს თოვლივით თეთრი?
  • გაიხსენეთ, რა არის კიდევ თოვლივით თეთრი?

   გაიხსენეთ ტექსტი და დაუკავშირეთ ერთმანეთს:

 

სისხლივით წითელი                           მაგნოლიები

თოვლივით თეთრი                             ლოტოსი

ულამაზესი                                             ზამბახები

ყვითელი                                                 ვარდები

 

იპოვეთ სწორი პასუხები:

 

  • როგორი იყო მღვიმე, სადაც იესო დაიბადა?

ა) უბრალო     ბ) ლამაზად მორთული

  • როგორი გახდა მღვიმე ლეგენდის ბოლოს?

ა) დიდი      ბ) განათებული და მხიარული

  • როგორი იყო ნაძვის ხე, როცა ანგელოზმა მღვიმეში მოიტანა?

ა) მხიარული    ბ) ნაღვლიანი

  • როგორი გახდა ლეგენდის ბოლოს?

ა) გაბრაზებული     ბ) ბედნიერი

იპოვეთ წინადადება, რომელიც ტექსტში არ არის:

ა)  ერთმა ანგელოზმა   ულამაზესი ყვავილები დაკრიფა და  მღვიმეში მოიტანა.

ბ) მეორე ანგელოზმა ყვავილები ვერ იპოვა და ჩრდილოეთის უბრალო მცენარე წამოიღო, რომ  მასაც ენახა პატარა იესო.

გ) მესამე ანგელოზმა საყვირს ჩაჰბერა და საშობაო მელოდია დაუკრა.

გაიხსენეთ ტექსტი და გააგრძელეთ ეპიზოდები:

  1. იესო ქრისტე უბრალო მღვიმეში დაიბადა…
  2. ანგელოზებმა გადაწყვიტეს, რომ მღვიმე მოერთოთ…ერთი ანგელოზი გაფრინდა სამხრეთისაკენ…მეორე ანგელოზი კი ჩრდილოეთისკენ…
  3. პატარა ნაძვის ხე პირველად ხედავდა ამისთანა მშვენიერ ყვავილებს და ფიქრობდა, რომ ულამაზო იყო, მაგრამ ღვთისმშობელმა მარიამმა…
  4. განათდა და გამხიარულდა მღვიმე, ყვავილები გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს…
  5. ბედნიერი ნაძვის ხე მადლიერი შეჰყურებდა ღვთისმშობელ მარიამს, რომელმაც…

დავალების შესრულება შერჩეული ეპიზოდის წერილობით გადმოცემა და დასათაურება (სურვილისამებრ, ნახატით გაფორმება).

გამოყენებული რესურსი:

https://karibche.ge/skhvadaskhva/tsaukithkheth-patarebs/5108-ratom-rthaven-sashobaod-nadzvis-khes.html

რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს? ლეგენდა (ჟურნალი ,,კარიბჭე’’)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“