თვითშეფასება განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც სკოლა საკუთარი მუშაობის შედეგიანობის გასაზომად და გასაუმჯობესებლად იყენებს. ამავე დროს, მონაცემებს რეგულარულად აგზავნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, სადაც ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის ანალიზი კეთდება.
სკოლის თვითშეფასების მთავარი მიზანია, დადგინდეს რამდენად შეესაბამება მისი პროგრამა, პერსონალი და ზოგადად, სამუშაო პროცესი ავტორიზაციის სტანდარტებს; ამავე დროს, თვითშეფასებაზე დაყრდნობით მუშავდება სკოლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.
თვითშეფასების ამოცანაა, გამოავლინოს სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები, დააკონკრეტოს ის გამოწვევები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში დგას სკოლის წინაშე, დაისახოს გადაჭრის გზები, რისი დეკლარირებაც წლიურ სამოქმედო გეგმაში მოხდება და რეალურად განხორციელდება პრაქტიკაში.
საქართველოში არსებული ავტორიზებული საჯარო სკოლები თვითშეფასების ანგარიშს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოთხოვნით ყოველწლიურად ამზადებენ. სკოლამ პირველი თვითშეფასება ავტორიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ უნდა წარადგინოს. 2025 წელს ანგარიშის ცენტრში წარსადგენად ვადა 25 დეკემბრამდე განისაზღვრა.
დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის საყრდენი ელემენტია, ამიტომ ცენტრის მიერ შემუშავებული წესით, სკოლის თვითშეფასებაში ადმინისტრაცია, პედაგოგები, საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეები და მშობლები უნდა მონაწილებდნენ.
მშობლები განათლების ხასისხის გაუმჯობესებით დაინტერესებული ერთ-ერთი მთავარი ჯგუფია, შესაბამისად, მათ მონაწილეობას სკოლის თვითშეფასებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხარისხის ცენტრის მიერ გამოცემული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესის თანახმად, თვითშეფასების პროცესში სკოლის ყველა კლასიდან არანაკლებ ერთი მშობელი უნდა მონაწილეობდეს.
როგორ მოხდება თვითშეფასებაში მონაწილე მშობლების შერჩევა ეს ცენტრალიზებულად განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, სკოლის დირექცია უფლებამოსილია თავად შეარჩიოს მშობლები ან მიაწოდოს მათ ინფორმაცია და უზრუნველყოს დაინტერესებული მშობლების ჩართულობა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესის თანახმად, ადმინისტრაცია/დირექცია ვალდებულია ხელი შეუწყოს თვითშეფასების პროცესში ჩართული მხარეების შეუფერხებელ წვდომას თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე, მხარეთა კონსულტირებას და პროცესის შეუფერხებლად წარმართვას. ამავე დოკუმენტით, დაუშვებელია თვითშეფასების პროცესში ჩართულ მხარეებზე ზეწოლა ან თვითშეფასების პროცესში მონაწილეობის შეზღუდვა.
ადმინისტრაციისა და პედაგოგებისგან განსხვავებით, მშობლებისთვის კითხვარის ყველა ველის შევსება სავალდებულო არ არის. სკოლის თვითშეფასების კითხვარი მოიცავს ისეთ საკითხებს, სადაც მშობლების შეფასება საინტერესო იქნება როგორც სკოლისთვის, ისე განათლების სისტემის ეროვნული შეფასებისთვის. მაგალითისთვის,
სასკოლო საზოგადოებისთვის რამდენად ცნობილი და გამჭვირვალეა მოსწავლეთა შეფასების სისტემა, შეფასების კრიტერიუმები და რამდენად გამოიყებენა შედეგები მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად – ასეთი ტიპის ინფორმაცია სწორედ მშობლების შეფასებით უნდა შეივსოს. ასევე, რამდენად შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და ზოგადად, რამდენად უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მშობლების მონაწილეობის შესაძლებლობა.
თვითშეფასებაში რეალური სასკოლო სურათის ასახვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებმაც შეაფასონ სკოლის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. რამდენად საკმარისად აქვს დაწესებულებას სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის: ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები. არის თუ არა სკოლაში ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით. აქვს თუ არა სკოლას ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. არის თუ არა სკოლაში დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.
თვითშეფასების ფორმალური ანგარიშიდან განვითარების ინსტრუმენტად გარდაქმნას დროსთან ერთად სასკოლო საზოგადოების მოტივირებული და კომპეტენტური გუნდიც სჭირდება, რომელსაც აქვს მოტივაცია, მონაწილეობა მიიღოს სწავლა-სწავლების პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, შიდა შეფასების პროცესის მშვიდ სამუშაო გარემოში მიმდინარეობა, რაც ხელს უწყობს ობიექტური სურათის დეკლარირებას და განვითარების რეალისტური გეგმის დასახვას. შედეგების გამოყენება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ კოლაბორაციული კულტურის გაძლიერებით მიიღწევა.
სკოლის თვითშეფასების პროცესში მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობის საკითხების შესახებ 3 წლიანი კვლევა ჩატარდა ირლანდიაში, დუბლინის უნივერსიტეტში, რომელიც 2021 წელს სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა (European Educational Research Journal). კვლევის საგანი იყო, რამდენად ძლიერია მშობლებისა და მოსწავლეების ხმა შიდასასკოლო ხარისხის შეფასების პროცესში. კვლევაში 4 ქვეყანა მონაწილეობდა: ირლანდია, ბელგია, პორტუგალია და თურქეთი. მკვლევარებმა გააკეთეს პოლიტიკის, სტრუქტურების, პროცესების, მხარდაჭერისა და ბარიერების ანალიზი და დაადგინეს, რომ მიუხედავად დოკუმენტებში ნახსენები სრული და თანასწორი ჩართულობისა, მშობლების/მოსწავლეების ხმები და სკოლის პოლიტიკაზე გავლენა, პრაქტიკაში ძირითადად სიმბოლურია. გამოვლენილი გამოწვევების პასუხად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საჭიროა შემუშავდეს ინსტრუმენტთა ნაკრები, რომელიც გაზრდის დაინტერესებული მხარეების ცნობიერებას განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში თითოეული ჯგუფის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ. ამავე დროს მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მოსწავლეებისა და მშობლების ხმის გაძლიერება მხოლოდ გაცხადებული პოლიტიკის განხორციელებით შეიძლება, რომელიც იქნება მშობლებს/მოსწავლეებსა და მასწავლებლებს/სკოლის ხელმძღვანელებს/ხარისხის განვითარების ჯგუფს შორის ორმხრივი პარტნიორობა, თითოეულის მკაფიოდ განსაზღვრული როლებითა და პასუხისმგებლობებით.
წყარო:
- დანართი №1 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესი https://eqe.ge/res/NewFolder%2028/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%20%E2%84%961.pdf
- European Educational Research Journal 2021, Exploring parent and student engagement in school self-evaluation in four European countries, M. Brown, G. McNamara https://doras.dcu.ie/26379/1/1474904120961203.pdf


