სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მამობის უფლებებს მიღმა

ამ წერილის დაწერას უფრო ადრე ვაპირებდი, მაგრამ თითქმის მთელი სექტემბერი საშემოდგომო ვირუსულ ინფექციებს ვებრძოდით და ხან ერთი და ხან მეორე ბავშვის წამლებს წიწილებივით ვითვლიდი, რამე რომ არ შემშლოდა და ამრეოდა გადაღლილ და დასტრესილ გონებაზე. გავიფიქრებდი – “აი, ეს ერთი გამოჯანმრთელდა უკვე და სახლში ვბრუნდებით, რა კარგია ყველა ერთად ჯანმრთელად და მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას”- რომ უკვე მეორეს ეწყებოდა სიცხეები, სურდო, უხასიათობა და მაღალ ხმაზე გაჰკიოდა შემართებით. მერე, ისევ თავიდან იწყებოდა მაღალი სიცხეები, პატარა ხელებში გარჭობილი კათეტერი, “დაბინტული” მაჯები, გადასხმის მილები, დაღონებულთვალებიანი მშობლების სახეები საავადმყოფოს გრძელ დერეფნებში, რომლებიც ყველაზე მეტად ითხოვენ მალე გამოჯანმრთელების იმედს, სვამენ უამრავ შეკითხვას, ექიმები კი მხოლოდ მათთვის გასაგები ტერმინებით უხსნიან მდგომარეობის სიმძიმეს. ყველაზე მთავარი კი ეს შეკითხვაა – როდის გაგვწერთ? როდის გვიშვებთ?

 

რომ არა ერთი თითქოს “უმნიშვნელო” დეტალი მთელი რიგი ამ ამბებისა, ასეთ პირადულ და უსიამო ამბებს ნამდვილად არ გავიხსენებდი. ვითარების სიმძიმის მიუხედავად, ავადმყოფობები ტრივიალური მოვლენაა ბავშვის გაზრდის პროცესისა და ამ ყველაფერს მშვიდად უნდა შევხვდეთ. სათქმელად ადვილია… მიუხედავად გამოცდილი მშობლების დარიგებისა და დამშვიდებისა, რთული საყურებელია სიცხისგან გაკაშკაშებული ბავშვის ლოყები, გაღიზიანებული და აღგზნებული მზერები ერთმანეთს რომ ენაცვლებიან, ხან ქრებიან და ხან ისევ ინთებიან.

მამა უფროს სიცხიან ბიჭს გაჰყვა საავადმყოფოში, დედა უმცროს გოგოსთან დავრჩი სახლში და მთელი აფორიაქებულობა და იმდღევანდელი დაძაბულობა შიშები და შეკითხვები – რა იქნება? ექიმი რას იტყვის? გარდა სიცხისა და მუცლის ტკივილისა რამე სერიოზული ხომ არ იქნება? – ჩავიბარე. დედის ტვინი კი გამოულეველი და უძირო შიშების საბადო ყოფილა. ყველაფრისთვის ემზადები თითქოს. ემზადები გადამწყვეტი და რთული მომენტებისთვის. სანამ, იმედის მომცემ სიტყვებს არ გეტყვიან, სანამ არ დაგირეკავენ და არ გახარებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ თითქმის ყველაფერი ნორმალურადაა, სანამ “მის” ხმას არ გაიგონებ – მანამდე ღელავ, შფოთავ და ვერ ისვენებ. მაგრამ გეუბნებიან, რომ მამებს ღამით პალატაში დარჩენის უფლება არ აქვთ, აუცილებლად დედა ან ბებია უნდა დარჩეს. ასეთია წესი. ახალი საფიქრალი გაჩნდა, ვინ დარჩება ბავშვთან ღამით? არადა, ჩვენ შეგვიძლია სხვების დაუხმარებლად ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე, ორივემ გადავინაწილოთ საქმეები. ამას ხომ თავიდანვე ორივე ძალიან კარგად მივეჩვიეთ, გამოცდილებაც დაგვიგროვდა ამ ამბებში და ცოტა არ იყოს უცნაურია, როცა მამას მხოლოდ იმიტომ არ რთავენ შვილთან თავდგომის უფლებას, რომ მამაკაცია.

და ზუსტად იმ დროს გადავწყვიტე, რომ თუ მე ხმამაღლა ვლაპარაკობ ქალების უფლებებზე თუ უუფლებობაზე, მათ დისკრიმინაციასა თუ ძალადობის ფაქტებზე, თუ არაკომფორტულ სიტუაციებშიც არ მერიდება ვისაუბრო, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც იჩაგრებიან ქალები და ამ “ახალი ამბით” იმ ადამიანების გაღიზიანებას არ ვერიდები, რომლებსაც ვერც კი დაუჯერებიათ, რომ ეს ჩვენ გარშემო მართლა ასე ხდება, ასევე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო ამაზეც. როდესაც საქმე მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, მეორეხარისხოვანი ამბავი უნდა იყოს, დედა დარჩება მასთან ღამით თუ მამა. მაგრამ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, მამები ნაკლებად არიან ჩართულნი შვილების აღზრდის პროცესში და თავიანთ მეუღლეებთან ერთად არ ინაწილებენ ოჯახური მოვალეობების ტვირთს, ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი ხელის შემშლელი ფაქტორები უფრო მეტად აღრმავებს სტერეოტიპებს და აკნინებს მამის როლს.

ჩვენს მეზობლად პალატაში ორნი არიან, მამა და პატარა ბიჭი. პატარა ბიჭსაც გადასხმების კვალი ატყვია მაჯაზე – სქლად შემოხვეული მარლა. მამა ფუსფუსებს, ხან გასარეცხ თეფშებს გამოიტანს და გარეცხავს, ხან ხილი მიაქვს პატარა ბიჭისთვის. საღამოს სააბაზანოში მიჰყავს და იქიდან სუფთა და მოწესრიგებული გამოჰყავს. სხვა დედებმა თქვეს, რომ მარტო არიან. დედა არ ჰყავთ. არ ჩავძიებივარ, სად ჰყავს დედა. საავადმყოფოს ჩვენზე ადრე ტოვებენ. ფანჯრიდან ვხედავ მამა ბარგით ხელდატვირთული ცდილობს ერთ თავისუფალ ხელში ბიჭი აიყვანოს. ცრემლი მერევა. განსაკუთრებული, ხომ არაფერი მომხდარა. მამამ გამოჯანმრთელებული შვილი სახლში წაიყვანა. ალბათ, გადაღლილობის ბრალი იყო…

პ.ს როცა მე სკოლაში ვსწავლობდი, მშობელთა კრებებზე მხოლოდ დედები და ბებიები დადიოდნენ, მამები იშვიათად მინახავს. ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ მასწავლებლებს ძალიან კარგი საბაბი აქვთ ჩართონ მამები თავიანთი შვილების აღზრდის პროცესში, ჩააყენონ ისინი საქმის კურსში, ესაუბრონ თავიანთი შვილების განათლებაზე, წარმატებებსა და პრობლემებზე. შეიძლება დღეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა და თანამედროვე მამები უფრო მეტად ინტერესდებიან საკუთარი შვილების განათლებით, უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ მათთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც ძალიან მცირეა.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“