1920-1933 წლები აშშ-ს ისტორიაში ცნობილია როგორც პრობიციის ეპოქა, როდესაც ალკოჰოლის წარმოება, გაყიდვა და ტრანსპორტირება ფედერალური კანონით აიკრძალა. მიუხედავად მკაცრი შეზღუდვებისა, მოთხოვნა ალკოჰოლურ სასმელებზე არ გამქრალა. ამან გამოიწვია არალეგალური ბაზრის და „სპიკეეზის“ (Speakeasy) ტიპის ფარული დაწესებულებების აყვავება, სადაც კონტრაბანდული სასმელი იყიდებოდა.
თუმცა, ამ ალტერნატიულმა გზამ კოლოსალური საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ახალი წლის ღამეს, 1927 წელს, ალკოჰოლური მოწამვლით ჰოსპიტალში 42 პაციენტის გარდაცვალება მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რა ფატალური შედეგები მოჰყვა აკრძალვას. მიუხედავად რისკების ცოდნისა, ხალხი მაინც მოიხმარდა საეჭვო წარმოების სასმელებს, რომელთა ტოქსიკურობა მათი ქიმიური შედგენილობით იყო განპირობებული.
სტატიაში განხილულია, თუ როგორ იმოქმედა ამ ,,პოლიტიკურმა და კრიმინალურმა ქიმიამ“ ადამიანის ორგანიზმზე (გამოიწვია სიბრმავე და დამბლა) და შეისწავლის, თუ როგორ გარდაიქმნება ეს ორი სპირტი — ეთანოლი – უსაფრთხო ნაერთებად, მეთანოლი – სასიკვდილო ჭიანჭველმჟავად. რაც საბოლოოდ ხსნის, რატომ გადაიქცა აკრძალვის ეპოქა მასობრივი მოწამვლის ეპიდემიად
მასალა გამოდგება ინტეგრირებულ გაკვეთილის დასაგეგმად, რომელიც აკავშირებს ორგანულ ქიმიას (სპირტები და მეტაბოლიზმი), ბიოლოგიას (ფერმენტული გარდაქმნები) და მსოფლიო ისტორიას (პრობიციის ეპოქა და სსრკ-ის მშრალი კანონი).
მასალის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი საკითხების საილუსტრაციოდ:
- ქიმიაში: ჰომოლოგური რიგის განსხვავება (ეთანოლი მეთანოლი) და მათი ტოქსიკურობის საფუძველი.
- ბიოლოგიაში: ფერმენტების როლი მეტაბოლიზმში და ტოქსიფიკაციის პროცესი.
- ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში: მთავრობის პოლიტიკის პირდაპირი შედეგი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.
ასევე რეკომენდებულია მოსწავლეებთან მუშაობა ტექსტის ანალიზის, დისკუსიისა და შედარებითი კითხვების (იხ. სავარაუდო შეკითხვები) მეშვეობით.
საკითხავი მასალა მოსწავლისთვის:
1927 წელს, ახალი წლის ღამეს ალკოჰოლური მოწამვლით ჰოსპიტალში 42 პაციენტი გარდაიცვალა. იმ პერიოდში აშშ-ში ალკოჰოლი, სპირტიანი სასმელები აკრძალული იყო. ბევრმა ადამიანმა ალტერნატიულ გზებს მიმართა. დაიწყეს ალკოჰოლური სასმელების არალეგალური წარმოება. ასეთი გზით მიღებული სასმელი მრავლად იყიდებოდა ბარებში, კლუბებში, რომლებიც ცნობილი იყო როგორც ,,Speakeasy” – ტერმინი მომდინარეობს იდიომიდან: ,,to speak easy” – დაბალი ხმით ლაპარაკი, რაც მიანიშნებს რომ დაწესებულების შესახებ სამართალდამცავებს არაფერი უნდა სცოდნოდათ, რადგან 1920-1933 წლებში აშშ-ში ალკოჰოლის გაყიდვა, წარმოება და ტრანსპორტირება ფედერალური კანონით იყო აკრძალული.
ალტერნატიული ვერსიები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყო, ხალხმაც იცოდა, თუმცა მაინც მოიხმარდა. ამ სასმელების ტოქსიკურობა, მათი ქიმიური შედგენილობით იყო განპირობებული.
ეთანოლს ეთილის სპირტს, ღვინის სპირტს ან უბრალოდ სპირტს უწოდებენ. ეს არის ორგანული ნაერთი, რომელიც შეიცავს ეთილის რადიკალს და ჰიდროქსილის ჰგუფს OH. ქიმიური ფორმულაა C2H5OH. ეთანოლი აქროლადი, აალებადი უფერო სითხეა, რომელსაც ღვინისთვის დამახასიათებელი გემო და მძაფრი სუნი აქვს. ნივთიერება ფსიქოაქტიურია. ბუნებაში ეთანოლი შაქრის სპირტული დუღილის შედეგად მიიღება, საფუარი სოკოების საშუალებით. მას იყენებენ მედიცინაში როგორც სადეზინფექციო საშუალებას. კარგი ქიმური გამხსნელია. ეთანოლი ასევე მიიღება ეთილენის ჰიდრატაციით.
სპირტები ადამიანის ღვიძლში მეტაბოლიზდება ალკოჰოლდეჰიდროგენაზას (ADH) მონაწილეობით. სპირტი იშლება ძმრის ალდეჰიდად, მეორე ფერმენტი, ალდეჰიდ დეჰიდროგენაზა (ALDH) გარდაქმნის აცეტატად. საბოლოოდ მიიღება ნახშირორჟანგი და წყალი, რომლებიც ფილტვებითა და თირკმელებით გამოიდევნება ორგანიზმიდან.
ხის სპირტი შედგება მეთილის რადიკალისა და ჰიდროქსილის ჯგუფისგან. ფორმულაა – CH3OH. მისი ხელოვნური წარმოება ადვილია, ამისთვის საჭიროა ხე და მაღალი ტემპერატურა. პროცესს ეწოდება უჟანგბადო გამოხდა. წვრილად დაჭრილ ხეს ათავსებენ მჭიდრო კონტეინერში და აცხელებენ 200 გრადუსამდე. ხის ნახშირად გადაქცევის შემდეგ წარმოქმნილი სითხეები აქროლდება. ორთქლი ცივდება და კონდენსაციის შედეგად მიიღება მეთილის სპირტი, აცეტონი და ძმარმჟავა. მეორეული გამოხდით გამოჰყოფენ სუფთა მეთანოლს, სითხე უსუნო და გამჭვირვალეა. ამიტომ ალკოჰოლური სასმელებისთვის იყენებდნენ.
მარცვლეულისგან მიღებული სპირტი, ეთანოლი სრულად ვერ აიკრძალა, რადგან მრავალი მიმართულებით ხდება მისი გამოყენება. ტექნიკური სპირტის სასმელად გამოსაყენებლად აკრძალვის მიზნით მთავრობა მწარმოებლებს ავალდებულებდა მასში რაიმე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება შეერიათ. ერთ-ერთი გავრცელებული დანამატი სწორედ მეთილის სპირტი იყო.
მთავრობას ,,ტოქსიკური სტრატეგია“ ჰქონდა შემუშავებული. ამიტომ გასცა განკარგულება ტექნიკურ სპირტში შეერიათ საწამლავი, რათა სასმელად უვარგისი გამხდარიყო. პრობლემა კი ის იყო, რომ ხალხი მაინც იყენებდა სასმელად არალეგალურ ბარებსა და კლუბებში. შედეგად მოწამვლის რისკი იზრდებოდა. 10 მლ მეთანოლს შეუძლია მხედველობის დაკარგვა, ოპტიკური ნერვის დაზიანების გამო. 30 მლ კი სიკვდილს იწვევს. რატომ არის ასე ტოქსიკური? საჭმლის მომნელებელი სისტემიდან მეთანოლი ღვიძლში გადადის, სადაც უფრო ტოქსიკური ნაერთი მიიღება. პროცესს ტოქსიფიკაცია ეწოდება. ფერმენტები მეთანოლს გარდაქმნიან ფორმალდეჰიდად, ბოლოს კიდევ უფრო ტოქსიკური ჭიანჭველმჟავა მიიღება. მეთანოლის მიღების შემდეგ ადამიანი შესაძლოა კარგად გაერთოს, თავიდან არაფერი შეიმჩნევა, თუმცა გარდაქმნა 30 საათის შემდეგ იწყება. მეთანოლით მოწამვლის პირველი ეფექტი მხედველობის დაკარგვაა. ჭიანჭველმჟავა აზიანებს მხედველობის ნერვს, სიბრმავე კი სამუდამოა. სიკვდილი შეიძლება მიღებიდან 30 საათის შემდეგ დადგეს.
1926 წელს მხოლოდ ნიუიორკში 1200 ადამიანი მოიწამლა, მათგან 400 გარდაიცვალა. მთავრობა ძირითადად დუმდა, ზოგჯერ ამბობდა რომ ისინი ფაქტობრივად თვითმკვლელები იყვნენ, რადგან იცოდნენ რომ საწამლავს სვამდნენ. 1933 წელს აკრძალვის ფედერალური კანონი გაუქმდა. ამერიკელებს აღარ უწევდათ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.
სავარაუდო შეკითხვები:
- რატომ გამოიწვია ალკოჰოლის გამოყენებაზე დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა გარდაცვალების შემთხვევების ზრდა?
- რას ნიშნავს ალკოჰოლის არალეგალური წარმოება?
- აღწერე ეთანოლის სტრუქტურა;
- რა გამოყენება აქვს ეთანოლს?
- როგორ მიიღება ეთანოლი?
- როგორ გარდაიქმნება ეთანოლი ორგანიზმში?
- რომელი ფერმენტებია ჩართული სპირტების მეტაბოლიზმში?
- აღწერე მეთანოლის სტრუქტურა;
- როგორ მიიღება მეთანოლი?
- რა საჭიროა მეორეული გამოხდა?
- რატომ არ აკრძალეს მარცვლეულიდან მიღებული სპირტი?
- რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ტექნიკურ სპირტში მეთანოლის შერევა?
- რა ცვლილებას განიცდის მეთანოლი ორგანიზმში?
- დაასახელე მეთანოლით მოწამვლის პირველი ნიშანი;
- როგორ გადაიჭრა პრობლემა?
ჯინჯერ ჯეიკი და დამბლის ეპიდემია
1928 წელს დაიწყეს არალეგალური ალკოჰოლური სასმელის წარმოება, რომელიც იამაიკური ჯანჯაფილის ექსტრაქტს ეფუძნებოდა. ეს იყო ძველი სამედიცინო საშუალება, რომელიც ალკოჰოლთან შერეული ფხვნილისგან მზადდებოდა.პრობიციის აგენტებისგან ალკოჰოლის დასამალად, მწარმოებლებმა სასმელს დაუმატეს ქიმიური ნივთიერება ტრი–ორთო–კრეზილ ფოსფატი (tri-ortho-cresyl phosphate), რომელიც ცნობილი იყო როგორც „ლინდოლი“ (Lindol). ეს ნივთიერება იყო პლასტიფიკატორი და ფირის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ამ ნარევს ბაზარზე „ჯინჯერ ჯეიკის“ სახელით ყიდდნენ და ათასობით ბოთლი გაიყიდა. ლინდოლი აღმოჩნდა ტოქსიკური ნერვული უჯრედებისთვის, რამაც გამოიწვია წელს ქვემოთ დამბლა. მან გამოიწვია სასმელის მომხმარებელთა ფეხების დაზიანების ეპიდემია, და ათასობით ადამიანი დაავადდა ხანგამოშვებითი კოჭლობით, რომელსაც „ჯეიკ–ფეხი“ (jake leg) ან „ჯეიკის სიარული“ (jake walk) ეწოდა.
რა მსგავსებაა მეთანოლსა და ლინდოლს შორის?
ისტორიის ტრაგიკული გამეორება
პრობიციის ეპოქის დასრულებამ (1933) ამერიკელებს საშუალება მისცა, თავი დაეღწიათ ტოქსიკური ალკოჰოლის საფრთხისგან. ამერიკული გამოცდილება გლობალურ გაკვეთილად იქცა: აკრძალვა არ უთანაბრდება მოხმარების შეწყვეტას, არამედ უთანაბრდება ხარისხის კოლაფსს.
ტრაგიკული სცენარი ათწლეულების შემდეგ საბჭოთა კავშირში გამეორდა. 1985 წელს მიხეილ გორბაჩოვის ინიციატივით შემოღებულმა „მშრალმა კანონმა“ ალკოჰოლის წარმოება მკვეთრად შეზღუდა, საბჭოთა მოქალაქეებმაც მიმართეს ალტერნატიულ ალკოჰოლს. მოხმარების ობიექტი გახდა ეთანოლის შემცველი ნებისმიერი სითხე — ოდეკოლონი, მინის საწმენდი საშუალებები, წებოები და სხვა ტექნიკური სითხეები. ეს ნივთიერებები, ისევე როგორც აშშ-ში, შეიცავდა დიდი რაოდენობით მეთანოლს ან სხვა ინდუსტრიულ ტოქსინებს.
შედეგად, საბჭოთა კავშირშიც მკვეთრად გაიზარდა მეთანოლით მოწამვლის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც იმეორებდა ნიუ-იორკის 1926 წლის სტატისტიკას. ამ ორი ისტორიული პერიოდის პარალელი ნათლად ადასტურებს, რომ როდესაც სახელმწიფო ცდილობს მოთხოვნას ქიმიური აკრძალვით ებრძოლოს, ის არა ჯანმრთელობას, არამედ მასობრივ მოწამვლას უწყობს ხელს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Morgan, J. P. (1982). The “Jake Leg” Paralysis: The History and Treatment of Tri-ortho-cresyl Phosphate Poisoning.
- Okrent, D. (2010). Last Call: The Rise and Fall of Prohibition.
- Blum, D. (2010). The Poisoner’s Handbook: Murder and the Birth of Forensic Medicine in Jazz Age New York.
- https://www.biologycorner.com/2022/09/10/methanol-and-the-chemistry-of-a-poison/






