სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სერიალი სკოლის ცხოვრებაზე

თორნიკე ბერიძე, გუგა ბუკია, მეკო დიდებულიძე, რატი კაჭარავა, ლაშა დადიანი, ანანო ჩანტლაძე და ქეთი კაპანაძე – ახალი ქართული ინტერნეტ-პროექტის “კლასის” გმირები არიან.
ონლაინსერიალი სკოლისა და მოსწავლეების შესახებ ბუნებრივი და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ლექსიკით  გვიყვება მათ ცხოვრებაზე, ოჯახზე, მტკივნეულ განცდებზე, პრობლემებზე; მშობლებთან, მასწავლებლებთან და მეგობრებთან დამოკიდებულებაზე. ეს მოზარდობის კარგად ნაცნობი ეტაპია, როდესაც მძიმე გამომეტყველებით მსოფლიო სევდას დავათრევთ ზურგით; როდესაც თავს მახინჯად აღვიქვამთ და  გვტანჯავს ზედმეტი კილოგრამები; როდესაც მშობლებს უცხოებივით ველაპარაკებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გაგება და მოსმენა დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია; როდესაც უამრავი კომპლექსით დატვირთულები, რომელიც გადასალახი და თავიდან მოსაშორებელი გვაქვს, ჯიქურ და აგრესიით ვცდილობთ მნიშვნელოვანი პერსონები გავხდეთ სამყაროსთვის და  სხვა დანარჩენ გარშემომყოფებსაც დავუმტკიცოთ ჩვენი უპირატესობა. “კლასი” ზუსტად ამ თემების შესახებ გვიყვება და განსაკუთრებულად კი ერთ-ერთ მძიმე და ცენტრალურ  პრობლემას – ბულინგს აყენებს დღის წესრიგში. პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ სათანადოდ არ არის შეფასებული სკოლის ცხოვრებაში და ხშირად  ეს მოზარდებს შორის კინკლაობად აღიქმება.
სწორედ ბულინგის  თემით იხსნება კლასის შესახებ თხრობა. გუგა ბუკია თანაკლასელთა  მხრიდან სისტემატური  ძალადობის მსხვერპლია. როგორც ყველა მსხვერპლს, მასაც ეთაკილება თავის პრობლემაზე ლაპარაკი, ამიტომ იგი მშობლებთან და მასწავლებელთან ურთიერთობის დროს გულდასმით მალავს თავის საიდუმლოს. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს, როდესაც მას თანაკლასელები ცემით ემუქრებიან და ფულის მოტანას ავალდებულებენ, ერთ-ერთი თანაკლასელი გოგონა, “რომელიც ყველაფერში არამკითხე მოამბესავით ერევა” მასწავლებელს გუგას დაცვის მიზნით მის  საიდუმლოს უმხელს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი ინფორმირებულია, რომ მისი მოსწავლეები ერთ-ერთ მოსწავლეს ცემას უპირებენ, მორიგ ეპიზოდებში არსად არ ჩანს მასწავლებლის მხრიდან რეაგირების ნიშნები. ვფიქრობ, ეს დეტალი ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, თუ როგორ არ აღიქმება ბიჭებს შორის ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა სერიოზულ პრობლემად და ფაქტიც მასწავლებლის ყურადღების მიღმა რჩება.
“ყურადღება არ მიმიქცევია ეგრევე გავვარდი გარეთ. შეიძლება რომელიმეს საჭირო ოთახში გასვლა ეთხოვა მასწავლებლისთვის და დამწეოდნენ. ჩემს ქუჩამდე სირბილით მივედი. არსად გავჩერებულვარ გზაში. სახლში ჯერ ვერ ავიდოდი, ძალიან ადრე იყო სკოლიდან მისასვლელად. ბოლო გაკვეთილის დაწყების დროს მისვლა იყო ყველაზე კარგი ვარიანტი, გაგვიცდა-მეთქი ვეტყოდი დედაჩემს და ეგ იქნებოდა”, – ეს გუგა ბუკიას, ერთ-ერთი გმირის ამბავია.
მხოლოდ ბულინგი და მოზარდებს შორის კონფლიქტი არ არის პროექტის ავტორთა სამიზნე. ისინი საუბრობენ ყველაფერზე, რაც მოზარდს და მის ცხოვრებას შეეხება. იმაზე, თუ რა პრობლემები ექმნებათ მათ მშობლებთან ურთიერთობის დროს, როდესაც უფროსები ცდილობენ აიძულონ საკუთარი შვილები გახდნენ იმ ოცნებების ამსრულებლები, რომელთა მიღწევაც თავის დროზე თავად ვერ შეძლეს. ასეთია ერთ-ერთი გმირის, რატი კაჭარავას დედა, რომელიც თავის მოსაწონებლად  ათასგვარ ტყუილს იგონებს. ეს ტყუილები კი მის შვილს არაფერში სჭირდება. არ სჭირდება ტყუილი იმის შესახებ, თუ  როგორ უნდა წასულიყო ზაფხულში ლონდონში. რატი მეგობართან უხერხულად გრძნობს თავს დედის ტყუილების გამო, დედაც კი ვერ ხვდება, რატომ უქმნის შვილს უხერხულობას ასეთი უწყინარი ტყუილებით.
“უკვე მეათასედ იტყუები ეგეთ რაღაცას და თან არც მეუბნები, ვინმეს რამე ეგეთს რომ ეუბნები და მერე მრცხვენია ხოლმე, ვიღაცა რაღაცას რომ მეკითხება და თან ტყუილის თქმას მაიძულებ. მრცხვენია ამდენი ტყუილები, რომელსაც ყველა ხვდება, რომ იტყუები და მეც მატყუებინებ ხალხს”, – ეუბნება რატი დედას.
ოჯახური კონფლიქტები და  მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდის ჩამოყალიბებაზე. ლაშა დადიანი, რომელიც თავის კლასელ გუგა ბუკიას ცემს და ფულის შეგროვებას აიძულებს,  სწორედ ასეთი ოჯახიდანაა, სადაც მამა გამუდმებით სვამს და შვილების  ცხოვრებაც მშობლების მუდმივი კონფლიქტების ფონზე მიმდინარეობს. 
“ეზოში ცოტა დაძაბული გავედი, მართალია დღეს მამაჩემს არავისთვის უგინებია და არც ყვირილის ხმა გასულა ჩვენგან, მაგრამ სულ მეშინია, რომ ვიღაცამ რაღაც არ მითხრას ან დამცინოს. არავის არაფერი უთქვამს, ბიჭები ვნახე, მივესალმე და მაღაზიისკენ გავაგრძელე გზა”, – ჰყვება ლაშა, კლასის ერთ-ერთი მოსწავლე.
 გოგონები კი ზედმეტი წონის გამო ტირიან. თავიანთ საკვებს მშიერ ბავშვებს ჩუქნიან, ან ჭამის შემდეგ გულს ირევენ ან დედებს ექიმთან წაყვანას სთხოვენ, რომ რამე უშველონ, როგორმე ზედმეტი წონა მოიშორონ: ”ერთხელ ჩხიკვაძემ დამინახა ნაგავში რო ვაგდებდი ხაჭაპურს და დამცინა, ქეთი ისეთი მსუქანია ერთი თვე რო არ ჭამოს, მაინც არაფერი მოაკლდებაო  და არ ჭამს მაგიტოო. მე თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე”,- ამბობს ქეთი კაპანაძე.
დიახ, ეს ერთი ჩვეულებრივი კლასია. შესაძლოა, ის თქვენი სადამრიგებლო კლასიც იყოს. შესაძლოა თქვენს კლასშიც ტიროდნენ გოგონები ზედმეტი წონის სირცხვილის გამო ან ბიჭები გაკვეთილიდან ნაადრევად წასვლას იმიტომ ითხოვდნენ, რომ თანაკლასელთა მხრიდან ცემის და დამცირების თავიდან არიდება სურთ. იქნებ იმ მოსწავლესაც აქვს პრობლემები, რომელიც სხვაზე ძალადობს. იქნებ თქვენს კლასშიც არიან გოგონები, რომელსაც მათი სურვილის გარეშე ათხოვებენ. იქნებ თქვენს კლასშიც არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც გთხოვენ, რომ დაეხმაროთ, როცა ისინი თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობენ, როცა საკუთარი თავისუფალი თემის წაკითხვის დროს თანაკლასელთა მხრიდან დამცინავი ყიჟინის ობიექტები ხდებიან; იქნებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეც გყავთ, რომელიც ასევე დამცირების მსხვერპლია და თანაკლასელთა მხრიდან გარიყულია. 
ალბათ შესაძლებელია ამ ყველაფრის გამოსწორება, პრობლემების აღმოჩენა და მისთვის თვალის გასწორება. მთავარია დროულად შევამჩნიოთ  და დაუყოვნებლივ ვცადოთ მისი გადაჭრა. მანამდე კი, შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ამ ონლაინპროექტს ფეისბუქზე, რომელიც არამარტო მასწავლებლებს, მშობლებსაც  დაგვაფიქრებს ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“