ერთხელ, ბავშვობაში, გურამ დოჩანაშვილის ინტერვიუ წავიკითხე. მწერალი ამბობდა, რომ არ არსებობს ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ადამიანი, ნიჭი ისეთი რამაა, რაც ადამიანს თავისთავად აიძულებს, იმოქმედოს.
იმ პერიოდში ჩემთვის დოჩანაშვილზე დიდი ავტორიტეტი არ არსებობდა, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მიკბინა გულზე მისმა სიტყვებმა. ზარმაცი ვიყავი _ ამას წყალი არ გაუვიდოდა, არადა, მინდოდა ნიჭიერი ვყოფილიყავი.
ჩემს ბუნებრივ სიზარმაცეს სასათბურე პირობებს გარემოც უქმნიდა. ახლაც მახსოვს ჩემი სკოლის რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც გაკვეთილისათვის განკუთვნილ პერიოდში ოდნავ დარცხვენილი სახეებით ლაპარაკობდნენ სხვადასხვა საკითხზე და სემესტრის ბოლოს გულუხვად ჩამოარიგებდნენ შეფასებებს. ბავშვები მათ ,,ჯიგარ მასწავლებლებს” უწოდებდნენ, ეს გამოთქმა დღემდე მძულს.
ახლაც, როცა სტუდენტების მსჯელობა მესმის, ვინ აირჩიონ ლექტორად, ვინ დაწერს ქულას უფრო ადვილად, მინდა დავუყვირო, რომ ასეთი მიდგომა ილუზიაა, ტყუილია, ცხოვრებაში ნამდვილი წარმატება იოლად არასოდეს მოდის, იოლად მიღებული, ვიღაცის უპასუხისმგებლობით გამოწვეული სარგებელი აუცილებლად ახალ უპასუხისმგებლობას შობს და ასე არასოდეს დასრულდება უპასუხისმგებლობათა უწყვეტი ჯაჭვი. მერე კი ვიწუწუნებთ, რომ ჩვენს შვილს ექიმმა მცდარი დიაგნოზი დაუსვა, რომ აუცილებელ დოკუმენტს შესაბამისი სამსახურები დროულად არ გვაწვდიან, რომ ხელოსანმა ცუდად დაგვიმონტაჟა სარეცხი მანქანა და მეზობლის ბინის რემონტის ხარჯები დაგვაწვა მხრებზე… მინდა, დავუყვირო, მაგრამ მე არასოდეს ვყვირი, ასეთი რამ არ მჩვევია. მე საკუთარ თავს სიმშვიდე ვასწავლე.
ჯეკ ლონდონის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ არსებობს ერთი განსაკუთრებული რომანი, ,,მარტინ იდენი”, შესანიშნავი ამბავი ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც საკუთარი თავი აღზარდა. საკუთარი თავის ჯობნა, ფორმირება, ხასიათის იმ თვისების გამომუშავება, რომელიც გინდა, გქონდეს, საკუთარი ნაკლოვანებების დაძლევა, ჩემი აზრით, ყველაზე აზარტული საქმიანობაა.
ადამიანთა შეცნობის დიდი უნარით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ,,მარტინ იდენებს” მაშინვე ვცნობ, ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავზე მუშაობენ, საკუთარ ცხოვრებას ცვლიან, ვცნობ და მიყვარდებიან მათი ნებისყოფის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და სიცოცხლით ტკბობის უნარის გამო.
ბედნიერი ვიქნები, თუ ამ წერილის კითხვისას დაფიქრდებით, რომელი ნაკლოვანებები დაძლიეთ თქვენ; მე კი, ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი დეპრესიისაკენ მიდრეკილება უამრავი სასიამოვნო მოვლენით დატკბობაში მიშლიდა ხელს და სამყაროს პოზიტიურად აღქმა ვისწავლე; შევნიშნე, რომ ჩემი ენამწარე იუმორით ბევრ ადამიანს ვტკენდი გულს და ისეთი გულისტკივილით გამოვემშვიდობე მას, თითქოს ექიმს საყვარელი კერძი აეკრძალოს.
ბოლო ხანებში მივხვდი, რომ ყველაზე მეტად უდისციპლინობა იყო ის თვისება, რომელიც საკუთარი თავის პატივისცემაში მიშლიდა ხელს. ის, რომ დროს არასოდეს ვანაწილებდი, რომ ბევრი რამ მავიწყდებოდა, რომ თითქმის ვერაფერი მიმყავდა ბოლომდე, მით უმეტეს, დროულად.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და მე გადავწყვიტე დისციპლინა მესწავლა. ამაში კი ერთი შემთხვევა დამეხმარა:
მოხდა ისე, რომ წიგნის თარგმნა შემომთავაზეს, საკმაოდ მოკლე დროში უნდა მომესწრო, უფრო სწორად, ჩემთვის მოკლე დროში. საერთოდ მე წიგნზე იდეალური მუშაობა ასე წარმომიდგენია: სათარგმნს უნდა მიუჯდე მაშინ, როცა საამისო განწყობაზე ხარ, დაგროვილი გაქვს მუხტი, რომელიც შემოქმედებით საქმიანობას უნდა დაახარჯო; ამ მუხტის დაცლისთანავე (ალბათ, ორ გვერდზე გაგწვდება) კალამი გვერდზე გადადო (ანუ ფაილი ჩაკეცო) და მომავალ ,,ავსებას” დაელოდო. ასე თარგმნა, ჩემი წარმოსახვით, დავით წერედიანმა ,,ფაუსტის” პირველი ტომი, ასე თარგმნა გურამ გოგიაშვილმა ,,გარგანტუა და პანტაგრუელი”, სხვათა შორის, ორივეს ოცდაათ-ოცდაათი წელიწადი და გრანდიოზული ნიჭი დასჭრიდა, აი, რა სჭირდება კარგ თარგმანს _ 30 წელიწადი და ნიჭი, რომელსაც სიზარმაცე კი არა, ავსების ლოდინი ახლავს თან.
ნიჭი იქით გადავდოთ და მე დამანამუსეს: ,,ახალი გამომცემლობაა და მათთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად განსაზღვრულ დროს ჰქონდეთ წიგნი, არ დააღალატო” და მერე წიგნიც მომცეს.
ვკითხულობდი წიგნს და მივხვდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო, შანსი მეჯობნა საკუთარი თავისთვის. ეს წიგნი იქნებოდა ის, რაც ყოველი სხვა საქმისაგან თავისუფალ საათს თავის ფურცლებს მიმაჯაჭვავდა, რაც იქცეოდა ჩემთვის განტვირთვად სამუშაო დღის შემდეგ, მძიმე შრომით განტვირთვად.
ყოველთვის შემეძლო სასიამოვნოდ დავღლილიყავი ჩემი ძირითადი საქმიანობით, მასწავლებლობით, მაგრამ ეს სიამოვნებაზე მეტი გამოდგა: საკუთარი თავისთვის დაწესებული დღიური ნორმის შესრულების შემდეგ ფეხს ვითრევდი, ნათარგმნს ვკითხულობდი, მომდევნო სათარგმნ გვერდებს გადავხედავდი. მოკლედ, ჩავეფალი…
– საყვარელი საქმის კეთება გონებისათვის იგივეა, რაც იოგა – სხეულისათვის, _ ვუთხარი მაშინ მეგობარს, _ საკუთარი შინაგანი სამყაროსათვის სასურველი ფორმის მიცემა.
თარგმანი დასრულდა, დასრულდა დროზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთი თვე რომ მაინც კიდევ მქონოდა…
თუმცა გადავუხვიე, თარგმანი დასრულდა. თქვენ მას წაიკითხავთ ან არ, მოგეწონებათ ან არ. მე კი მისგან ყველაფერი მივიღე, მივიღე სულიერი აღმაფრენა, შთაგონება და მივიღე დისციპლინის, ყველაფრის დროზე მოსწრების ჩვევა.
ახლა მთავარია ეს ჩვევა შევინარჩუნო და სხვა საქმიანობებზე მისი განზოგადებაც ვისწავლო, ოღონდ გონივრულობის ფარგლებში. თორემ ამის წინ ლაშქრობაში მიმავალი ვითვლიდი, მთაზე ნახევარ საათში ავალთ, იქ საათ-ნახევარი დავრჩებით, უკან ჩამოსვლას ერთი საათი დასჭირდება, შვიდზე ალბათ სახლში ვიქნებით, სანამ არ მივხვდი, რომ ეს მათემატიკა მთელ სიამოვნებას მაშხამებდა.
და კიდევ, როგორც მასწავლებელმა ერთი თეორია შევიმუშავე, რომელიც, როგორც წესია, პრაქტიკის შედეგად უნდა დადასტურდეს. ეგებ თითოეულ მოსწავლეს შევურჩიოთ საქმე, რომელიც ძალიან უყვარს, მივცეთ დავალება, მიზნად დავუსახოთ საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესება, მაქსიმალური თვითრეალიზაცია და თუკი ამას მოახერხებს, მას ექნება საკუთარ თავზე გამარჯვების ჩვევა, რომელიც ნიჭის არ იყოს, ისეთი რამეა, რომ ადამიანს მოქმედებისაკენ უბიძგებს.
ვცადოთ, ცდა ბედის მონახევრეა.