ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

„მათუსალას სინდრომი“ თუ „მარადი ურიების“ საიდუმლო?

(ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „ბენჯამინ ბატონის უცნაურ ამბავზე“)

 

სტერეოტიპი არაა ტრადიცული აზროვნება. ის „შტამპებით“ აღქმაა. ტრადიციული კი ყოველთვის არ ნიშნავს კონსერვატიულს, მოძველებულს, რადგან ის შეიძლება „დაემყნოს“ თანამედროვეობაზე, განახლდეს, „სისხლი გადაესხას“ და ხიდად გაიდოს მომავლისკენაც.

სტერეოტიპის ტყვეობა კი ჩვეულებრივი მონობაა გონებრივი, შიში „ჩარჩოების“ მსხვრევისა, თუნდაც საზოგადოებრივი აზრისგან განსხვავებულის ქონის პანიკური მიუღებლობა.

ვწერ სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა-შედევრზე, რომელიც გროტესკული პაროდიზირებაა სწორედ ადამიანთა გაცვეთილი სააზროვნო მოდელებისა და დიდი გალაშქრება დროის წინააღმდეგ, რომლის შიშიც ქმნის ამ სტერეოტიპებს.

საბრალოა ადამიანი, ხანდახან ასე დიდებულიც რომ არ იყოს…

…ვინ იტყვის, აბა, საბრალო იყო თუ დიდებული ანტიკური ეპოქის დიდი მეცნიერი არქიმედე, დედიშობილა რომ გამოვარდა აბაზანიდან და შესძახა: – „ევრიკა!“(აღმოვაჩინე)? ან ისააკ ნიუტონი, 27 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრი რომ იყო და მხოლოდ ერთხელ ამოიღო ხმა, ისიც იმის გამო, რომ ორპირმა ქარმა შეაწუხა და ფანჯრის დახურვა ითხოვა; მანვე დიდი და პატა კატებისთვის ორი – დიდი და პატარა ხვრელი გაკეთა, თითქოს პატარა კატა დიდი ხვრელით ვერ შეძვრებოდა. მავანი მას, გენიოს ფიზიკოსს, გონებასუსტადაც მიიჩნევდა ამ შემთხვევის გათვალსიწინებით; ან ევარისტ გალუა, ფრანგი მათემატიკოსი, რომლის გამოკვლევებმა უდიდესი გავლენა იქონია ალგებრის განვითარებაზე (გალუას თეორია), მისაღებ გამოცდაზე სწორედ მათემატიკაში რომ ჩაიჭრა; ან ყველასთვის ცნობილი სოკრატე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ხოლო მისმა მოწაფეებმა კი გვირაბი გაუთხარეს, სატუსაღოდან გაასქცევად, მან ამაზე უარი განაცხადა, ახლობლებთან გამომშვიდობების შემდეგ კი მშვიდად დალია საწამლავი და სული განუტევა (ეს აღწერილი აქვს მის მოწაფე პლატონს დიალოგ „ფედონში“); თუნდაც ფილოსოფოსი თალესი (ძვ.წ. დააახლ. 625-547 წწ.), მუდამ მაღლა რომ იყურებოდა, ვარსკვლავებს აკვირდებოდა, ზუსტადაც გამოთვალა მზის დაბნელება 585 წლის 28 მაისს; თუმცა ერთხელ ასეთი დაკვირვებისას ორმოში ჩავარდა და ფეხი მოიტეხა, რის გამოც დასცინოდნენ, ამ კაცმა ცაში რა უნდა დაინახოს, ცხვირწინ ვერაფერს ხედავსო?! ან პლატონი, ერთ-ერთი მოგზაურობისას ტყვედ ჩავადნილი მონათა ბაზარზე რომ გაიყვანეს გასაყიდად, ბედად, შემხვედრმა ნაცნობმა გამოისყიდა და კაცობრიობას გენია შეუნარჩუნა? თუნდაც დემოკრიტე, ატომებზე მოძღვრების ავტორი, დიდი საგვარეულოს შთამომავალი, უარი რომ თქვა მემკვიდრეობაზე, „მთელ სიმდიდრეს ერთი კანონზომიერების ამოხსნა მირჩევნიაო“; ან დიოგენე სინოპელი, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი კასრში რომ გაატარა, ალექსანდრე მაკედონელიც რომ მივიდა, რაში დაგეხმაროო და „გაიწი, მზეს ნუ მიჩრდილავო“ მიუგო; ან იგივე ალექსანდრე მაკედონელი, რომელსაც ამის შემდეგ განუცხდებია: „ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენობას ვისურვებდიო“? ან ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი პლოტინე (205-270), განსაკუთრებულად ლამაზი რომ იყო, მაგრამ კუჭის წყლულზე არ იმკურნალა, სხეულზე ზრუნვა ცოდვად მიიჩნია, რის გამოც მოკვდა კიდეც; ჯორდანო ბრუნო, რომელმაც ინკვიზიტორ მსაჯულებს განაჩენის წაკითხვის წინ უთხრა: თქვენ უფრო გეშინიათ მისი წაკითხვა, ვიდრე მე მოსმენაო; ან კანტი, რომლის პუნქტუალურობის გამო, საათს მისი სეირნობის ზუსტი დროის მიხედვით ასწორებდნენ? ვიცით პასუხი? თუ ორივე თეზის ერთობლიობაა ზემოთქმული კითხვისა?

მოდით, ახლა სკოტ ფიცჯერალდს მივუბრუნდეთ და მის მიმართებას აღნიშნულ მსჯელობასთან… ადამიანები, კი ვიცით, როგორი სკურპულოზურობით ქმნიან, „აწყობენ თუ ვარცხნიან“ საკუთარ შეხედულებებს სამყაროზე, მერე უსადაგებენ ამა თუ იმ ეპოქას, მის მოთხოვნილებებს, რესპექტაბელურობას, ხშირად ყალბ, გამოგონილ მორალსა თუ წეს-ჩვეულებებს, არგებენ და არიან ერთ ამბავში, ისე, რომ ტყუილ-მართალს ძნელად გაარკვევს ზოგჯერ კაცი. სწორედ ამ შეხედულებების „ყირამალა“ დაყენებით ცდილობს მწერალი მათ სიმცდარე-სისწორეში გარკვევას.

ეს ამბავი, ფენტეზი, ბალტიმორში ხდება, იწყება როჯერ ბატონის ოჯახში, რომელიც აღტაცებულია, რომ ვაჟი შეეძინა. აქვე მწერალი მიგვანიშნებს, რომ ადამიანები, განურჩევლად ეპოქისა, ნაკლებად ეგუებიან რეალობის „ანაქრონიზმებს“, ხოლო 1860 წელს ქალბატონმა და როჯერ ბატონებმა დროს გაუსწრეს, როცა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი არატდადიციულად სახლში მოვლენოდა ქვეყნიერებას, არამედ სამშობიაროში. აქდან იწყება, რაც იწყება…

მკითხველს ნაწარმოების დასაწყისშივე ებადება კითხვა: მწერლის თხრობის სტილის სრულიად შეუფარავი ირონია რაზე უნდა მეტყველებდეს, ნეტაო? ანუ რომელ „ბანაკშია“ ავტორი: „ტრადიციონალისტებისა“ თუ „არაორდინალურების“? სტერეპტიპულ აზროვნებას ემხრობა იგი, თუ პირიქით, იმ საზოგადოებას აკრიტიკებს, სააზროვნო „ჩარჩოებს“რომ ებღაუჭება, ვითომდა, საკუთარი სიმყარისთვის?

„– მითხარით, ბავშვი დაიბადა?“

როჯერ ბატონის მუდარას ექიმი სახეშეჭმუხნილი ხვდება. მოკლედ, იბადება 70 წლის მოხუცი, ჩვილის მაგივრად, მკითხველისა თუ მხატვრული რეალობის წევრთა თავსატეხად.

„– ხელჯოხი…მამიკო, აუცილებლად მჭირდება ხელჯოხი“(10).

მიმართავს ახლადდაბადებული ბენჯამინი თავზარდაცემულ მამას, რომელიც, გონს რომ მოეგება, გადაწყვეტს, ეს საზიზღარი წვერი შეკრიჭოს, თმა შეუღებოს და ჩვეულებრივ ბიჭად „გაასაღოს“ შვილი, რომელიც ვერც გაუმეტებია, თუმცა საკუთარი თავიც ეცოდება საქვეყნო სირცხვილისთვის.

„– ახლავე ჩაიცვი, თორემ…თორემ გაილახები!“(12)

ასე იწყება ჩვენი „მათუსალას“ (მამას ეს სახელი უნდა დაარქვას ახლადდაბადებულს და აქ მწერალი მიგვანიშნებს ჩვეულ სააზროვნო კონსერვატიზმზე კაცთა მოდგმისა, უხსოვარი დროიდან) თუ „მარადიული ურიის“ თავგადასავალი.

კარგა ხანს მწერლის დამოკიდებულება, პოზიცია, ორაზროვანია, თითქოს, მას ვერც ერთი მხარე ვერ დაუთმია და თავის წილ პატივს მიაგებს ორივე ტიპის აზროვნებას, რომლებიც ერთმანეთის გვერდით „ჩხუბითა და აყალმაყალით“, მაგრამ არსებობს.

ბენჯამინი, წესისამებრ, საჩხარუნოთი თამაშობს, თუმცა ჩუმად ჰავანურ სიგარებსაც ეწევა. კალის ჯარისკაცებს შვილ-მოხუცს ბრიტანეთის ენციკლოპედია ურჩევნია. საზოგადოება მილოცვაშიც ცდილობს, ეტიკეტი არ დაარღვიოს და „ბავშვი ზედგამოჭრილი ბაბუააო“, ამბობენ. ხოლო ბაბუას რაც შეეხება, მასთან ბენჯამინი ყველაზე უკეთ გრძნობს თავს. ჰო, მშობლები შვილს „თქვენობით“ მიმართავენ. ხოლო როჯერ ბატონი, რომელიც დაბეჯითებით მოითხოვს, შვილმა მოკლე შარვლები ატაროს, რადგან გრძელი შარვლები თოთხმეტი წლიდან აცვიათ, საკუთარ თავს აიძულებს, დაიჯეროს, რომ მის შვილს უცნაური არაფერი სჭირს…

დრო გადის და ახალი უცნაურობები მოაქვს…და მიაქვს. იელის კოლეჯი გააძევებს ბენჯამინს, რადგან არ უჯერებს, რომ თვრამეტი წლისაა და მწერლის აზრით, „იელის კოლეჯს აქამდე არასდროს დაუშვია ასეთი სერიოზული შეცდომა…“(23) ბენჯამინი კი არ ბერდება, ახალგაზრდავდება, დრო მასზე საპირიპიროდ მოქმედებს, ანუ „ყველაფერი ყირამალა“ გრძელდება!…ჰილდეგარდა მონკრიფი, გენერლის ქალიშვილი და საზოგადოებრივ თავშეყრებზე ყველაზე სასურველი ქალიშვილი, „მშვენიერი, როგორც პირველყოფილი ცოდვა“, ბენჯამინის პირველი სიყვარული ხდება. ჰილდეგარდას მოსწონს მოწიფული ასაკის მამაკაცები („ახალგაზრდა ბიჭები ყოველტვის იდიოტებივით იქცევიან. მუდამ ერთსა და იმავეს ყბედობენ…თქვენი ასაკის კაცები კი ქალებს აფასებენ.“), მაგრამ საზოგადოება რასაც ვერ იგებს, არც იღებს. ამიტომ ბენჯამინზე ათას რაღაცას ამობენ: რომ, პირიქით, იგია როჯერ ბატონის მამა ან ძმა (ამასობაში, კი გაახალგაზრდავებულა შვილი ბატონი), რომელიც ციხეში იჯდა ორმოცი წელი; ან სულაც ხორცშესხმული ეშმაკი, თავზე წყვილი რქით…ჟურნალისტები მას მოიხსენიებენ, როგორც „იდუმალ კაცს მერილენდიდან“. საბოლოო ჯამში კი, როგორც ხდება ხოლმე ჩვენში, არავინ არაფერი იცის ბენჯამინ ბატონის შესახებ, პრაქტიკულად.

ბენჯამენი მდიდრდება თავისი ჭკუის წყალობით, ხდება სახელგანთქმული და აი, როგორ: „ყველა ლურსმანი, რომლებიც გამოიყენება ყუთისთვის, რომელშიც ტვირთია მოთავსებული, წარმოადგენს ტვირთის მიმღების საკუთრებას.“ – ეს პუნქტი, რომელიც ბენჯამინ ბატონმა ჩაამატა მიწოდების ხელშეკრულებაში, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ მოიწონა და დაუშვა. ერთი სიტყვით, ახლა სრულიად ნათელი ხდება, რომ მწერლის სარკაზმი ადამიანთა საზოგადოებისადმია მიმართული, თავისი სასაცილო კანონებითა და „შტამპ/სტერეოტიპებით“; ბენჯამენი პირველია ბალტიმორში, ვინც ავტომობილი შეიძინა და მისი მართვაც ისწავლა. ადამიანებიც მას უკვე შურით უყურებენ. ის კი განაგრძობს დღითიდღე გაახალგაზრდავებას; ცოლიც აღარ ხიბლავს, ამ უკანასკნელის ცხოვრებისადმი ინდიფერენტულობისადა გამო. ჩნდება ახალი გროტესკული პერსონაჟიც, როსკუ – ბანჯამინისა და ჰილდეგარდას შვილი, რომელსაც ისეთივე „გამოცდა“ ელის, როგორც მის პაპას, როჯერს.

ბენჯამინი ჯარში წასვლას გადაწყვეტს, მეტიც, იღებს ჯერ კაპიტნის, შემდეგ მაიორის, ვიცეპოლკოვნიკის ჩინებსაც კი. ბრძოლიდან დაბრუნებულს კი ბალტიმორის სასულე ორკესტრი შეეგებება და დიდი პატივით აცილებს სახლამდე…ბენჯამინის უჩვეულო, სენსაციური დაბადების გროტესკული ფენომენი კი არა და არ ქრება და მას (ბენჯამინს) იმედი ეკარგება, რომ ოდესმე მაინც დაემთხვევა მისი ასაკი და ფიზიკური სახე – იგი უკვე 30 წლისას ჰგავს; ჰილდეგარდა კი მოითხოვს მისგან, ზიზღით, რომ ეს ყველაფერი შეწყვიტოს („შეგიძლია! უბრალოდ, ზედმეტად ჯიუტი ხარ. აჩემებული გაქვს, რომ არ გინდა ისეთი იყო, როგორებიც სხვები არიან. ყოველთვის ასეთი იყავი და ასეთად დარჩები. მაგრამ, ღვთის გულისთვის, დაუფიქრდი, რას დაემსგავსებოდა სამყარო, ყველა რომ ისევე ფიქრობდეს და იქცეოდეს, როგორც შენ!“– 35)…განა, იტყვის ვინმე, მის ამ მსჯელობაში ჭეშმარიტების მარცვალი არაა?!

საზოგადოებას აღარ ახსოვს, რომ ერთ დროს ამ წყვილის ასაკის შეუფერებლობაზე საუბრობდა და ახლა ჰილდეგარდა გამოიყურება მობერებულად ახალგაზრდა, ენერგიული ქმრის გვერდით და ამას სწორედ იგივე ხალხი აღნიშნავს, ოღონდ — პირიქით, როგორც ვთქვით.

ბენჯამინი საოჯახო, თავის მიერ აყვავებულ, ბიზნესს შვილს, როსკუს, გადააბარებს და ახლა უკვე ის და ბენჯამინი ერევათ ერთმანეთში;

ბენჯამინი ხდება ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტიც და ვერ ამხელს, რომ ის მისმა შვილმა 10 წლის წინ დაამთავრა…თუმცა წონაშიც იკლებს დროთა განმავლობაში და სიმაღლეშიც დაბლდება. ნელ-ნელა სწავლაც უჭირს, ფიზიკურადაც სუსტდება. ამიტომ იგი საზოგადოებაში აღარ ჩნდება, ხოლო მისი კომპანიონებიც მეზობლის ბავშვები არიან, ისიც ხანდახან…შვილი როსკუ, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობასავით ეშინია სკანდალისა, მამისგან მოითხოვს, „ბიძიათი“ მიმართოს, რადგან როცა მას 15 წლის ბავშვი „შვილოს“ ეძახის, ეს სასაცილოა; ბენჯამინს წვერ-ულვაში აღარ ამოსდის; როსკუ მას შესთავაზებს, სათვალე და ხელოვნური წვერ-ულვაში ატაროს. ანუ იგივე ფარსი მეორდება, როგორიც ბენჯამინის ცხოვრების დასაწყისში, მოხუცებულობისას…და, აი, ისევ მწერლის ირონია ადამიანურ, გარდაუვალ პირობითობებზე: „ბენჯამინს სურვილი გაუჩნდა, რომ მოხალისედ წასულიყო. მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ჯარში მხოლოდ თექვსმეტი წლიდან მიჰყავთ, ის კი გაცილებით პატარას ჰგავდა. თუმცა მისი ნამდვილი ასაკიც – ორმოცდაჩვიდმეტი წელი – არ აძლევდა უფლებას, ჯარში ემსახურა“(41).

ადამიანური „აბრაკადაბრა“ გრძელდება და სახელმწიფო მას საბრძოლო დამსახურებისთვის ბრიგადის გენერლის წოდებას ანიჭებს და იხმობს, თუმცა როცა გახარებული ბანჯამინი სამხედრო უნიფორმის შესაკერად მიდის, თერძს ჰგონია, რომ მას „ომობანას“ თამაში სურს.

დროის „უკუღმა“, მაგრამ მაინც წრებრუნვით, როსკუ ბატონის პირველი შვილის მისალოცად მისულ ადანიანებს არანაირად აფიქრებთ, რომ იქვე მოთამაშე ათიოდე წლის, ვარდისფერლოყება ბიჭუნა მისივე პაპაა. მოგვიანებით მათ (ბაბუასა და შვილიშვილს) ერთად შეიყვანენ საბავშვო ბაღში. ბენჯამინიც აღმოაჩენს, რომ ფერადი ქაღალდებით თამაში მსოფლიოში საუკეთესო საქმიანობა ყოფილა. ასევე ძალიან მოსწონს ხელჯოხი, თუმცა მას „ცხენად“ იყენებს და ხტუნაობს. დაბოლოს, ის ისევ მარად მბად წიაღში ბრუნდება, რომელსაც მარადისობა ჰქვია; „იქ“ უკვე აღარაა ბენჯამინისა და თავად მწერლისთვის ასე შემაწუხებელი დრო, რომლის წინააღმდეგ გალაშქრებაცაა ეს უცნაური მონათხრობი…

…რა არის ან რა უნდა იყოს წუთისოფელი, რომელიც ასე მოგვაგონებს რძის მოტკბო-მომჟავო სურნელს? გონითი, ადამიანთა მიერ დაწესებული საზღვრები თუ სრული ლაგამახსნილობა ამ მხრივ? რა არის უფრო პატივსაცემი: შეჩვეული, კარგად „გაზეპირებული“ სააზროვნო ფორმულები თუ ორიგინალურ-არასტანდარტულნი, რომლებიც არანაირ ჩარჩოებში არ „ჯდება“?

ამ პოლარულობის, უკიდურესობათა წარმოსახვით, მწერლური ფანტაზიით შემოთავაზებულ „ომზეა“ ეს ფანტასმაგორიული ნაწარმოები („ბენჯემინ ბატონის უცნაური ამბავი“), რომელიც იქნებ „ოქროს შუალედისკენ“ მოგვიწოდებს ან „დუმილის ოქროობისკენ“, რაც ასე საძნელოა ამქვეყნიურ სამყაროში…

…თუმცა მაინც რიტორიკული კითხვებისაა ეს სმაყარო; პასუხები კი ან ვიცით, ან ვითომ „ვიცით“.

დიახ, საბრალოა ადამიანი, ხანდახან დიდებულიც რომ არ იყოს…

 

ციტატები წიგნიდან – ფ. სკოტ ფიცჯერალდი „ბენჯამინ ბატონის უცნაური თავგადასავალი“, გამომცემლობა პალიტრა, 2021 წ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“