(გრიგოლ რობაქიძის „ენგარდი“)
დიდ მწერალს უბრუნდები, როგორც ძველ ნაცნობს… ასეც გადავფურცლე ეს მოთხრობა. ნებისმიერი კარგი ლიტერატურული ნაწარმოები, ჯეიმს ჯოისის „ულისესი“ არ იყოს, მოიაზრებს გარკვეულ წინარეცოდნას, სწორედ ამიტომ, ხშირად მითქვამს, რომ კარგ ლიტერატურას „ელიტარული მკითხველი“ სჭირდება, მას მასები ვერანაირად გაიგებენ. ვეცადოთ ჩვენც, ჩავწვდეთ ამ, ცოტა არ იყოს, წინააღმდეგობებით სავსე მოთხრობას, რომლის, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი იდეური „ბზარი“ მოგვიანებით ცნობილი, არაორდინარული, უკვე ემიგრაციაში წასული, მწერლის მსოფლმხედველობაშიც გაჩნდა…
რა არის მითი, მითოლოგემა? ეს დროის ლოკალში მკაცრად მოქცეული სამყაროა, ადამიანური, პირველყოფილი წარმოდგენები მასზე თუ, პირიქით, ყველა დროზე „მოსარგები“, პარადიგმული, სახე-ხატების პირველქმნილი სისტემა, „მარტივი ფორმულები“, რომლებიც ძირძველი, თუმცა არა მოძველებული, არამედ ზედროული მოდელია ყოფიერების მსოფლაღქმისა? გერმანელი ფილოსოფოსი ვინდელბანდი წერდა, რომ მითოლოგია მთავრდება იქ, სადაც იწყებაო ფილოსოფია, მოცემულობის, აზრის დასაბუთების სისტემა. მაგრამ, განა, დაუსაბუთებელი ნიშნავს არარსებულს, გამოგონილს?! ფილოსოფიაც, რელიგიაც და მითოლოგიას, მიუხედავად მათი „ურთიერთშეუთანხმებლობისა“, მსოფლმხედველობებს წარმოადგენს და გულისხმობს მსოფლიოს აღქმის სხვადასხვა „ქვაკუთხედებს“. მითოლოგია, როგორც კონკრეტული მსოფლმხედველობა, რელიგიის ადრეულ ფორმად მიიჩნევა, რომელიც ტრანფორმირდა უკვე ქრისტიანულ წარმოდგენებში. მაგრამ მითოსი, როგორც სააზროვნო წესი, ქარგა, – უკვე ზედროულისა და მარადიულისკენ გაგვახედებს და კონკრეტულ „ჩარჩოებს“ მოკლებულია; ამიტომაა დიდებულიცა და ერთგვარად, შემზარავიც, რადგან იქ ახალი არაფერია, ყველაფერი ძველია და ფესვუცვლელი! ამიტომ როცა მას თუნდაც ვაჟასნაირი მწერალი მიმართავს საკუთარი მხატვრული „ცივილიზაციის“ მკითხველისთვის მისაწოდებლად, სწორედ ამ ცივილურის მიღმა ცდილობს მიმართოს ადამიანის გულისყური, რადგან სიღრმისეულ შრეებში დიდი, დროის უგულებელმყოფელი და მარადისობასთან წილნაყარი ჭეშმარიტებების წვდომის დვრიტაა თუ გასაღები…
გრიგოლ რობაქიძე მოთხრობა „ენგარდში“ მოჰგვითხრობს ხევსურეთში ხუთკაციან ექსპედიციაზე, ხოლო მისი მთავარი გმირიც, მთხრობელი, გიორგი ვალუევი, მამით რუსი, დედით ქართველი, კიდევ ერთხელ ეზიარება საკუთარი გენეტიკის მძლავრი ნაკადის პირველწყაროს, მთიელთა მათივე წარმოდგენებივით ღრმა სამყაროს – „ახლა შემეძლო ადგილზე გავცნობოდი ამ უსაიდუმლოეს ტომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ტომთა შორის“(106). ეს კი „გულის ფრიალით მიახლებაა, გზნება მძლეოსანი მითოსისა“; …„წინარექვეყნიური დაგქროლავს და გევლება თან.“
ვიწყებთ ამ ჯადოსნურ მოგზაურობას, ძველი ბერძნული ეპოსის გმირებივით, იმ საკრალურ წიაღში, ქართული მთა რომ ჰქვია, მწერლის ამაღლებული აღქმა და წერის პათეტიკური მანერა ამ განწყობილებებს ისე უხდება, როგორც მთის ფერდობებს ნიავი. ვიწყებთ დარიალით, „გაქვავებული ზვავმდენი ოკეანით“, ვაგრძელებთ მყინვარით, რომელიც თითქოს უსაზღვროებას ერთვის საკუთარი მკაცრი სიცხადითა და თავისთავადობით. გზაში ხეებზე აქა-იქ ამოჭრილი შაირები გვახსნებს გოგლა ლეონიძისეულს – „ყველა ხევსური ვიცი დანტეა“. უფსკრულში აქაფებული, შიშისმომგვრელი არაგვი არასდროს მოგცემს მოდუნების უფლებას და შენ ხარ შემართული საოცრებათა საიდუმლოს გაგებისთვის თუ არა, მცდელობისთვის მაინც.
გრიგოლ რობაქიძის პოეტურ-ფილოსოფიურ-ეზოთერული პროზის საკითხავად განწყობაა საჭირო, მომზადება, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ინებეთ მისი ფიქრები ხევსურეთის ნისლში: „ხოლო მყისვე ვიგრძენით უცხო რამ: თითქოს კლდე ხომალდი ყოფილიყოს უდიდესი და მძლავრი; სიზმრეულ მიგვაქნებდა იგი უსაზღვროებაში ცის რძისფერი შორეთის მიმართ. იყო ერთი წუთი, მეგონა შევეხე მარადისობის სამოსელს. უღრმესი ნატვრა, რომელიც თან გამოყვა ჩემ სულს აქეთკენ, იქცა ჩვილ და ნაზ ელეგიად“(108)…მოჩანს სახლები, კლდიდან ამოზრდილი არწივთა ბუდეებივით…გამოჩნდება მგელიკა ალუდაურიც, 22 წლის „მჭლე“ ხევსური, ფარ-ხმლითა და მოკლე, მოშავო ჯუბაში ჩაქსოვილი ჯვრებით, გამომწვარაგურისფერი სახით, ხოლო „ზედა ქუთუთოები ნაღვლიანად ძირს დაშვებულნი – თოვლიან ველთა მოლურჯო ციალის გამო?…უნდობლობა და ამაყი თავდაჭერა, მზადყოფა გამოწვევისთვის და უშიშროება. თავნებობა და გულოვანება“; ამავე დროს, ბავშვური დარცხვენა და კდემაცო, მწერალმა თავის პორტრეტში. ეს არის ამაყი და არა მედიდური ვაჟკაცი, „რომლის არსში ყველა ელემენტები ერთ სახედ იყვნენ ქცეულნი და რომელმაც არ იცოდა, რაა განყოფა.“ ბუნებასავით ერთია იგი, ნამდვილი, ნაწილი „ნამეხარი, გაფატრული, მაგრამ მაინც მდგარი მუხების“ განზომილებისა. ასე იჭრება მითოსური სახე-ხატები თხრობაში; „აქ ცხოვრობენ ნაშიერნი ჰომერისა“, ამბობს მწერალი და თითქოს, ხარკს უხდის მთის გრანდიოზულ დიდებულებას.
ფშავ-ხევსურეთზე საუბრისას ვის მივადგებით?! რასაკვირველია, ვაჟა-ფშაველას. თუმცა რობაქიძისეული აღწერა, რაღაცით წააგავს პაოლო იაშვილისა (ყველის სუნისა და გაშავებული ფრჩხილების ასოციაციებით) და კონსტანტინე გამსახურდიას (დაბალი შუბლი ჰქონდაო, გენოსისთვის შეუფერებელი) მხატვრულ თუ რეალურ პორტრეტებს, რადგან მაინც „გაურანდავისკენ“ მიჰყავს ვაჟას გენია: „მე არ ვიცი ვინ დავუყენო მას გვერდით თანადროულ პოეზიაში. მისი მგოსნური აღვივება მაგონებს ძველთა-ძველ კაცის ექსტაზს, რომელმაც უეცრად მუხის ქერქთა ხეხვისას პირველად იხილა ცეცხლი“; განა, პირველქმნილი სიხარული არ გვეუფლება ყოველ ჩვენგანს ჭეშმარიტების ჩვენეული აღმოჩენისას და თითქოს ამ სიხარულით ვუერთდებით იმ დიდ წიაღს ყოფიერებისა, რომლის ჩვეულებრივი გონისთვის ფარული სიღრმეების „მარგალიტების“ მფლობელი იყო ვაჟა, მათზეც მოგვითხრობდა. მაგრამ მისი შემოქმედების ან მისი მწერლური სიდიდის შესაფასებლად მთის ყოფის გაუმართაობა, ზოგადად, ყოფითი, შუბლის სიმაღლე თუ ფრჩხილების სისუფთავე, თუ არ დაივიწყე, მის აზროვნებას ვერანაირად მიჰყვები, რომ სწორედ ამ კოკეტური ადამიანური პირობითობების უხილავი „ბრჭყალებისგან“ გათავისუფლდე, სიბრძნის მაძებარი დერვიშივით…აი, ვაჟას სიკვდილის განუმეორებელი, მითოსური, სცენაც: „ასე შეერთო იგი მიწას, დედას იგი: ცეცხლოვანი ნაშიერი გილგამეშისა და ილიადასი“(111).
ასევე სწორად აფასებს გრიგოლ რობაქიძე ვაჯას ენის ე.წ. „ხორკლიანობას“, რომელიც ვერ გაიგო ბევრმა მოაზროვნემ და ნაკლად ჩავთვალა. მისი აზრით, ეს პროვინციალიზმი კი არა, არქაიზმია, „სიტყვები აქ ყოფის ფესვებია, მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ სურნელება პირველქმნილისა. მეტაფორები უბრალო შედარებები კი არ არიან, არამედ თვით სინამდვილე, განცალკევებულ საგანთა და მოვლენათა შინაგან გადამბმელნი. ყოველი თქმა აქ ელემენტურია, როგორც ცეცხლი.“ ვაჟაც მითოსურ ტიტანს ჰგავს, თუმცა არა ვიწრო მსოფლმხედველობრივი გაგებით, არამედ წარმოგვიდგება ყველაზე ჰუმანური, ქრისტიანული აზროვნების საუკეთესოდ, სიღრმისეულად შემმეცნებელ-აღმქმელად. მისი პოეზიის ექსპრესიაც სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს შემოქმედით აღფრთოვანება!…
გრიგოლ რობაქიძე ზუტად გადმოსცემს ამ შვილის მტრის დამტირებელი დედების სინამდვილეს, შაირით თრობას, „გამოუთქმელ სევდას ყველგან“; ხევსურთა სიმღერას მეფე ერეკლეზე, რომელიც პირდაპირ ტირილიაო ნამდვილი („შედარებით სხვა ქართველ ტომებთან, ხევსურები ჰგოდებენ უფრო, ვიდრე მღერიან“(113).
თუ გინდა შეჩვევა დაივიწყო და აღქმა გაიმძაფრო შენივე სინამდვილისა, მას „უცხო თვალით“ უნდა შეხედო. ამას აკეთებს მწერალიც, როცა აღგვიწერს ამ უცნაურ ძალმოსილებას…ძილსაც კი მძიმეს, ადამისას, ამ სამყოფელში.
საინტერესოა აღწერა ხახმატობისა, „მსუნთქავ მყუდროებაში ჩასვენებული ეწერისა“, რომელშიც აკრძალულია ტოტის მოტეხვაც კი, სადაც „ხატი“, სალოცავია გამართული. სრულად შეიგრძნობ მსუსხავ ენერგეტიკას ჩვეულების ავთენტურობის ამ აღწერისას, თანამონაწილეც ხდები ამ მძიმე იდუმალებისა („ყოველივე ეს უბრალო იყო, ვით ლოცვა“ – 116), განიცდი ძალას მთის სარწმუნოების სინკრეტულობის მტვირთველი სალოცავებისა; ხევისბერს, სისხლიანი დანით („შეშლილს ჰგავდა იგი წმინდას, რომელიც უკანასკნელ საიდუმლოს ეხება“– 117); ვიკინგებივით მოფარიკავე ხევსურებს, რომლებიც ამ უცნაური ძალისთვის, რომელიც მათშია ამ დროს, გზის მისაცემად ცხენებს მოახტებიან ხოლმე. აქ გვახსენდება გზნება გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ მთავარი გმირისა; ინერციას ხევსურული ნადიმისა და „ყოველი ხევსური ცოცხლობდა აქ სიცოცხლით მთელისა…ცალკეულობა ჰქრებოდა, გვარეული ღვიოდა…“(117)
ხევსურებს ძალიან ჰყვარებიათ ძროხები, ერთი წმინდა ცხოველი არააო მხოლოდ, როგორც ინდოეთში…მეც დიდ პატივს ვცემ ძროხებს. ვიდეოში მათი სიკვდილისწინა ცრემლის გამო ერთი წელი ვეღარ შევჭამე ვერანაირი ხორცი. დღესაც ამ საწყალი ქათმის ხორცს ვჭამ, „წითელ“ ხორცს არსდროს ვიყიდი ხოლმე. არც არანაირი ბუნებრივი ტყავის ქურქი ან ლაბადა მაქვს. ნუ, ფეხსაცმელს ვერაფერი მოვუხერხე და ამ იდეურ კომპრომისს ვყაბულდები…მოვა ალბათ დრო, როცა კაცობრიობა გაჰყვება გველისმჭამელი მინდიას ფილოსოფიას, რწმენას და ძროხებსაც ჩვენი სტომაქებისკენ კი არ გავუყენებთ გზას, იმ ძველი ქართველებივით საფლავებს გავუთხრით. ნუ, ძროხა იქნება თუ დიდებული ხარი, რომლის კულტი იყო ერთ დროს, ტოტემი, ახლა კი ეს ყველაფერი კორიდას ბნელ ვნებებზეა დასული…
…წვიმის წვეთების „ველური ატეხილობა, ელემენტთა ახმაურება ჯადოსნური ორკესტრივით“. მოკლედ, ესაა მთის კოსმიური სიმფონია, რობაქიძისეული!…როცა „ვხედვით სიცოცხლეს, ბრმას, უცოდოს, პირველსუნთქვიანს, ძლევამოსილს…ჩვენი გულებიც ხარობენ ალმოკიდებულნი“(120).
მთა წაწლობის გარეშე ძნელად წარმოსდგენია. ახლა ამის ახსნას, შეცნობას ცდილობს მწერალი: „პრიმიტივ ხალხთა შორის ცნობილია, ხომ, რომ სტუმარს ერთი ღამით მშვენიერ ქალწულს მიუყვანენ ხოლმე“(120). ამ ნათქვამს გრიგოლ რობაქიძეს კი არა, მის მთხრობელს, მამით რუს გმირს, მივაწერ და არ გავნაწყენდები, თორემ თავად ბუნებაც, რომელშიც ყველაზე უკეთ დაივანებს ხოლმე ღმერთი, ერთ დიდ და პრიმიტიულ მოცემულობად მოეჩვენებოდა კაცს. ეს ირონიულად. სერიოზულად კი, „პრიმიტივი ტომი“, როგორც მას ხშირად უწოდებს რობაქიძის პერსონაჟი, თუნდაც მაღალგანვითარებულ და ინტელექტუალურად თუ ინტუიციურად განათლებულ ვაჟა-ფშაველას ვერ დაბადებდა, რომელსაც შეეძლო, ფორმისა თუ შინაარსის რაფინირებულობაც ისე მოეხდინა პუბისლციტიკასა და აზროვნებაში, როგორი ბუნებრივიც „კლდის ჩამონატეხივით“ პოეზიის ერთგულება იყო.
ღმერთის შეცნობის საინტერსო „ფორმულას“ გვთავზობს გროგოლ რობაქიძე: „ღმერთი არის თვითმქმნელი. ყოველ წუთში თვითქმნისა იგი, რასაკვირველია, „იგივეა“, ხოლო თანვე „სხვაც“. ეს სხვა ვლინდება როგორც „უცხო“, ხანადხან როგორც მოშუღარი. თითქმის, აქ მარხია პირველსაიდუმლო“; ისევ ცდილობს მწერალი, ჩასწვდეს მთის სალოცავების ამოუხსნელ ძალმოსილებაში ბევრისთვის გაუგებარ ნაზავს წარმართულ-ქრისტიანულისა, როცა თუნდაც ეგზოგამიის საიდუმლოზე საუბრობს და თვალწინ გადაგვიშლის საკუთარი გმირის ცნობიერების მორგების მცდელობებს წაწლობის მისთვის უჩვეულო, „უცხო“, წესის ამოხსნისას. აქვე საინტერესო ეტიმოლოგია სიტყვა „საუცხოოსი“, რომელიც სწორედ „უცხოსგან“ მოდის და სასურველს, სანატრელს, მშვენიერს ნიშნავს. ამ მშვენიერებას კი მასპინძლის მიერ შემოთავაზებულ ვნებათა მორევში წაწლობის საკრალური ზღვარი ქმნის…
დ რ ო მთაში მითოსში ცხოვრებასავითაა! „ხევსურეთში არ იციან დრო: იქ დღესაც ისე ცხოვრობენ, როგორც ათასი წლის წინათ“; ესაა მითის მარადმბადი თანამედროვეობა, როგორც ხილული სამყაროს არქეტიპი, წინარეხატი.
აი, სწორედ გრიგოლ რობაქიძე (და არა მისი მთავრი პერსონაჟი, რომელსაც მწერალი შეუმჩნევლად ემიჯნება): „როცა ხევსურებს უცქერ, ნაჭდევებით სახეზე და ტანზე, მუდამ იარაღასხმულთ და მზადმყოფთ შეტევისთვის, გგონია, სისხლი სწყურიათ მხოლოდ. მაგრამ ეს ასე არ არის. არავის ეშინია სისხლის დაღვრისა ისე, როგორც ხევსურს: არც ერთ ხალხს, არც ერთ ტომს. მკვლელს ხევსურეთში „ლაჩარის“ სახელით სდაღავენ. გმირი მათთვის ის მორკინალი არაა, ვინც სახიფათოდ დაჭრის მოპირისპირეს. ჭრილობა კანის გაკაწვრა უნდა იყოს მხოლოდ, თვით გაავებულ შებმაშიც კი…აი, უტყუარი ნიშანი ხევსურის ნამდვილი ვაჟკაცობისა…(124). ესაა ძირიც მათი სულის რაინდობისა და პოეტურობისა. ესაა მათი პირუთვნელობაც: ხევსური ყოველთვის სიმართლის მხარესაა და არაფრისა და არვის (ნათესავის, მეგობრის, ტომის) გულისთვის არ იქნებაო მიკერძოებული, მწერალმა.
საინტერესოა და ასევე მითოსური მთლიანობისაა სახე ლიქოკელისა, მოხუცი დოსტაქრისა, ტვინის ყველა ხვეული რომ იცის და აფიქრებინებს კიდეც მთხრობელს, „რომ ხევსურები დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა“(125). მე კი ვიტყოდი, რომ ეს „შტოა“ იმ დიდი „მდინარისა“, დიდკულტუროსანი ქართველი ხალხი, ერი რომ ჰქვია; ლიქოკელი ჭრილობის მოსაშუშებლად იყენებს ბალახს, რომელსაც გველისგან სასიკვდილოდ დაგესლილმა მყვარმა მიაგნო, დაიდო ნაკბენებზე და გადარჩა. ესეც მითოსია და აქვე ბერი ლუხუმის გახსენებაც („ბახტრიონი“). ლიქოკელი ჯადოსანია, „ლანდი პრეისტორიული დროიდან“, მითიური ხატი თუ გრძნეული, თავისი ცოდნითა თუ „ცოდნით“, საუკუნეებს რომ გამოაღწია…
„ფრთხილად უნდა იყო სისხლთანა“ – სამყაროს კანონია მგელიკას სიტყვებში, ჭეშმარიტების მარცვალი.
მოდი, მზექალაზეც ვთქვათ, მთავარი გმირის სწორფერზე, წაწალზე, „ავხორცსა და უმანკოზე“, რომელმაც იცის, რომ მხოლოდ ალერსი წამებაა, მაგრამ „ტკბილ ხომ არს!“ ასე მივადექით სიყვარულის გაგებასაც მთის „ენაზე“. „არ იქნების დაქორწინებაი (სწორფერთა – მ.ი.), აკრძალული არს“(129), რადგან „ერთია სწორფერი გიყვარდეს და სხვაა ცოლი გყავდეს“(131). „ხევსურისთვის სქესი და სიყვარული სხვადასხვა რამაა“, რადგან „ღვთიურ არს სიყოარულ; ხორციელ იგემებ – მოჰკლავ მას; იწვოდ მხოლოდ“(131). ,,სიყვარული შობაა მშვენიერებაში, როგორც სულით, ისე სხეულით;”– ეს უკვე პლატონის ,,ნადიმია” და ნაკლებ ჰგავს „პლატონური სიყვარულის” განმარტებას. თუმცა პლატონი, ყოფის „იდეით“ განმჭვრეტი, შესაძლოა აქაც სრულყოფილებას გულისხმობდესო, რობაქიძემ…
ხევსურთა ტომი წარსულში სიყვარულის „ორდენად“ წარმოესახება ავტორს, რომელსაც „გაჰკრავს“ სიყვარულის „პლატონურობა“. აქედან გამომდინარე, აღარ გვიკვირს სამრელო, რომელსაც თავს აფარებენ ქალები მშობიარობისას, ანუ ხევსურთა ზიზღი მშობიარის მიმართ, რადგან ესაა სწორედ ის ზღვარგადალახული სიყვარული და მისი შედეგი, რამაც ფუჭად აქცია გზნება.
დაბოლოს, გენიალური, ხევსურთა შესაფერისი დასკვნები:
„ხევსური ცეცხლია და კაეშანი“…ისინი „ბავშვებსაც შეფარვით ეფერებიან“, ხოლო მოხუცებულობისას ფეზე წამოუდგებიან კიდეც, როგორც მათ მიერ გადავიწყებული, საკრალური საიდუმლოს მფლობელებს…აქვე ისევ გურამ რჩეულიშვილის შეკუმშული, მთლად ბოლომდე გასაგებიც არა, კოსმიური ექსპრესიის მოთხრობა გვახსენდება („ბათარეკა ჭინჭარაული“) და მასში ასე ზუსტად გაშლილი მთის სამყარო.
„ხევსურის გულისყური უფრო გონისა და სულისკენაა მიქცეული, ვიდრე მატერიალურისკენ“(132); ამ უზარმაზარ კლდეებში ეს პაწაწინა, წამლევა წისქვილები, დონკიხოტურია, ერთგვარად;
დიდებული მწერლის ასეთივე სტრიქონები, რომელსაც ამჯერად მისი ტრანსფორმირებული პერსონაჟი ამბობს: „ჩემი სიყვარული თავის თავის მწველი იყო. როგორ მიმეცა საზრდო ამ ცეცხლისთვის? ამისთვის საჭირო იყო ხევსურად ქცევა. შემეძლო ეს?…“(133)
მართლაც, უძნელესია, იცხოვრო „უსაზღვროებიდან ჩამოშვებულ სევდაში“…
ციტატები წიგნიდან – მე-20 საუკუნის მოთხრობის ანთოლოგია, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წ.