ვეძებ. სულ ვეძებ ასეთ საკითხავს, ახლიდან, ახლებურად რომ დამანახებს იმას, რაც იყო. წარსულს, რომლის შესახებ ნათქვამ სიტყვას, თვითმხილველისას, ფართოდ თვალგახელილი მოწმისას დიდი ფასი აქვს. მეორეა, როგორ წერს გერონტი ქიქოძე, როგორი ენით. მისი ჩანაწერების პატარა წიგნს, ახლად გამოცემულს, სხვა წიგნის ძებნისას გადავაწყდი, ვიყიდე და კითხვა დაუყოვნებლივ დავიწყე.
გასული საუკუნის პირველი ნახევრის მთავარი ამბების მოყოლისას ავტორი მათაც საყურადღებოდ აღწერს, ვინც მკაფიოდ გასარჩევი კვალი დატოვეს, ვისმა გადაწყვეტილებებმაც – გაუმართლებელმაც, გამართლებულმაც – ისტორია მეტ-ნაკლებად შეცვალეს. არც „დემაგოგიური აქცენტის ტლანქ მატერიალიზმთან“ ერთად „ზნეობრივი ოპტიმიზმის“ მქადაგებელი ნოე ჟორდანიაა დავიწყებული და არც ლავრენტი ბერია, რომლის ყურებსაც „ყველაფერი ესმოდათ, თვით ქალ-ვაჟის ჩურჩული სიყვარულის სარეცელზე, თვით მრგვალი მაგიდის გარშემო მსხდომარე მეგობრების ნელი საუბარი; რაც შეეხება სულთმობრძავთა ხრიალს, მას თბილისის დიქტატორი ისე იყო შეჩვეული, რომ ალბათ მისი შეწყვეტისთანავე ეღვიძებოდა, როგორც ეღვიძება მეწისქვილეს, როცა დოლაბის ხრიალი ჩერდება“.
მომნუსხველი შედარებები მრავლადაა ამ წიგნში, რომელშიც მწერლებსაც შევხვდებით, ყველაზე სახელიან შემოქმედებს. მიხეილ ჯავახიშვილის გარეგნობის აღწერას ავტორი შემდეგ სიტყვებს მოაყოლებს: მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობასაც ავლენდაო. იქვე კი მის „მტკივნეულ პატრიოტიზმსაც“ ახსენებს. დაუფარავად დასცინის გრიგოლ რობაქიძეს – დიდად პატივმოყვარე იყო და ფიქრობდა, რომ სამშობლოში მის ნიჭს სათანადოდ არ აფასებდნენო: „გადაწყვიტა, ხმალი გადაეტეხა ბაზალეთის ტბასთან დამარცხებულ გიორგი სააკაძესავით და უცხოეთში გადახვეწილიყო, რათა იქიდან უმადური თანამემამულეების დაპყრობა ეცადნა“.
მძიმეა 1921 წლის 24 თებერვლის მოგონება. ცოტა ხნით ადრე თბილისში დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ქართული დემოკრატიის კიდობანი მტკიცედ იყო შეკრული და ყოველ წარღვნას გაუძლებდა“. მაგრამ დადგა დღე, რომელმაც თავის მოტყუება შეუძლებელი გახადა. „24 თებერვალს ერთს ჩემ მეგობართან ერთად უძილო ღამე გავატარე, – წერს გერონტი ქიქოძე. – ქალაქის ქუჩებში საოცარი სიჩუმე იდგა. თოვლის ფანტელები უხმოდ ეცემოდნენ ქვაფენილებს. უკან ჩამორჩენილი ჯარისკაცები ჩრდილებივით მოძრაობდნენ, ზოგი მათგანი კედელზე აყუდებდა ან მიწაზე აგდებდა თავის თოფსა და სავაზნეს. ქალაქი ჩაბნელებული იყო“. მარტში რევოლუციური კომიტეტი მას დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად აგზავნის. გასავლელი გზის სირთულეს საშინელი სიცივეც ემატება: „კაცს ეგონებოდა, დარიალის კარი ფართოდ გაიღო და ჩრდილოეთის უსაზღვრო სივრცეებიდან საქართველოში სუსხიანი ქარები შემოიჭრნენო“.
30-იანი წლების ქრონიკა კიდევ უფრო გულისმომკვლელია. შიში და უიმედობის, უმომავლობის განცდა. სიკვდილის დაუჯერებელი სიახლოვე. ყოველ ნაბიჯზე დაგებული ხაფანგები. „დატყვევებულთა ერთ ნაწილს კონვეიერის სისტემით ხოცავდნენ, როგორც ხარებს ხოცავენ ჩიკაგოს სასაფლაოზე, ხოლო მეორე ნაწილს შრომის ბანაკებში გზავნიდნენ, სადაც მათ ნელ-ნელა ჩაფერფვლა ელოდათ, აუტანელი შრომისა და საკვების ნაკლებობის გამო“, – ვკითხულობთ წიგნში, რომლის ავტორი იმასაც ამბობს, შიშის მიზეზი ისიც იყო, რომ ხალხი ხედავდა – კომუნიზმი მეტისმეტად სწრაფად მიჰქროდა საბედისწერო უფსკრულების ნაპირასო.
ბევრი დასამახსოვრებელი ამბავია გერონტი ქიქოძის ჩანაწერების ამ წიგნში, ბევრი ისეთი დაკვირვება თუ შეფასებაა, წარმოსახვასაც რომ აღიზიანებს და შემაწუხებელ შეკითხვებსაც აჩენს. მაინც რა ჩანს წარსულის უფსკრულებში? მაინც სადამდე მივაწვდინეთ თვალი?