სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ქალები და დღესასწაულები

„საკერავი მანქანა დედას! მიართვი დედას საჩუქრად ელექტროსაკერავი მანქანა დედის დღესთან დაკავშირებით” – ბევრი ასეთი მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაიწყო მარტი. გვილოცავდნენ დედის დღეს, ქალთა დღეს და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანს გვთავაზობდნენ.
 
წელიწადის ამ თვეს ქალებს საკუთარი დღეები აქვთ. დღეები, როდესაც მათ განსაკუთრებით ანებივრებენ ყვავილებით, სუნამოებით და სხვა საჩუქრებით. გვანებივრებენ სარეკლამო წინადადებებითაც და მთელი თვის განმავლობაში განუწყვეტლივ გვთავაზობენ ხან საკერავ მანქანას, ხან – ახალ მტვერსასრუტსა და მაცივარს, ხან – მიქსერს ან ყავის აპარატს, ტოსტერს, უთოს, გაზქურას… რეკლამა საზოგადოებაზე მუშაობს, რომელიც არსებული სტერეოტიპების კვლავწარმოებას უწყობს ხელს და უფრო მეტად ამყარებს მათ; წარმოგვიდგენს ქალს თავის ტრადიცულ როლში, ისევ საყოფაცხოვრებო რუტინასთან მიბმულს, ისევ ძალზე ტრივიალური არჩევანით: ან გაზქურა, ან სუნამო. და სხვა?
ამ საჩუქრების, ყვავილებისა და სუნამოების იქით ჩვენ, ქალებს, არავინ გვეკითხება, რა გვინდა. გვინდა თუ არა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სამზარეულოს ნიჟარაში თავის დახრჩობა. გვინდა თუ არა, მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის უნიკალურ მომხმარებლად წარმოგვიდგენდნენ და ამით ამოიწურებოდეს ჩვენი შესაძლებლობები. იქნებ ჩვენ ყველას – მე, შენ ან ჩვენთვის კარგად ნაცნობ ქალებს, დედებს – უფრო მეტის გაკეთება შეგვძლებოდა საკუთარი თავისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, საზოგადო მორალი ყოველდღიურად სულ სხვა რამეს რომ არ გვიქადაგებდეს და სულ სხვა რამეში არ გვარწმუნებდეს.
თუმცა დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ ქალის როლისა და შესაძლებლობების აღქმა მხოლოდ საყოფაცხოვრებო პრიზმაში ხდება: ქალი- დიასახლისი, ქალი-დედა, ქალი-სიმშვიდისა და ოჯახური კერის მფარველი ანგელოზი.
თანამედროვე სამყარო ქალებს უფრო დიდ გამოწვევებს სთავაზობს, რომლებიც არამც და არამც არ აკნინებს მის სხვა, ტრადიციულ უნარებს. სთავაზობს იყოს უფრო აქტიური, მოიხსნას წინსაფარი და გამოვიდეს საზოგადოებრივ ასპარეზზე, გახდეს კონკურენტუნარიანი და უბრალოდ, იყოს გადაწყვეტილების მიმღები.
ერთხელ ვთქვი, რომ აღარ გავიხსენებ პირქუშ 90-იანებს. უშუქობას, მერე – შუქით მოგვრილ სიხარულს და ყიჟინას, უწყლობას და მაღალ სართულებზე მძიმე სათლებით არტეზიული ჭების წყლის თრევას, პურის რიგებს და იმას, როგორ იბრძოდნენ გადარჩენისთვის ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები. რომლებმაც ოჯახები თავიანთი შრომითა და თავგანწირვით შიმშილს გადაარჩინეს.
ამიტომ მარტი ისე არ ჩაივლის, რომ ამ მძიმე ამბებიდან ერთი მხიარული დღე არ გამახსენდეს, როდესაც ჩემი მეზობელი ქალები რვა მარტის საღამოს საგანგებოდ გამოეწყობოდნენ და რომელიმე მათგანის სახლში ამ დღის აღნიშვნას იწყებდნენ.
ისე გულწრფელად, ისე თავგანწირვით ალბათ არასდროს უზეიმიათ ქალებს თავიანთი დღე, როგორც მაშინ, რადგან მეორე დღეს ისევ ძველებურ ყოფას უნდა დაბრუნებოდნენ, დილაადრიან გასდგომოდნენ გზას სამუშაოსკენ, ზოგი დახლს იქით უნდა დამდგარიყო და გათოშილი ხელები პატარა გაზქურაზე გაეთბო… ამიტომ მღეროდნენ და მხიარულობდნენ ასეთი თავდავიწყებით. მათი სიმღერის ხმა ჩვენს ფანჯრებშიც აღწევდა.
მათ იცოდნენ, რომ იმსახურებდნენ ამ ერთდღიან განტვირთვას, ქალად ყოფნის გამო სიხარულს და მძიმე რუტინის დავიწყებას. იქნებ მერე უფრო კარგად იყვნენ, უფრო გამძლეები ხდებოდნენ, იქნებ მომდევნო წლის მარტამდე ჰყოფნიდათ ეს მხიარული გადატვირთვა, იქნებ ამიტომაც გადაარჩინეს თავიანთი ოჯახები იმ მძიმე წლებში.
რვა მარტის ასეთი აღნიშვნა ნელ-ნელა მოდიდან გადავიდა. გაჩნდა ჩვეულებრივი, „არაკომერციული” შუქი, ჩვეულებრივი, „არაარტეზიული” წყალი. ეს დღესასწაულებიც ჩვეულებრივი გახდა და გაუფერულდა. აღარც ქალები იკრიბებოდნენ სამეზობლოში, აღარც ერთმანეთის დაბადების დღეებს ზეიმობდნენ, არც განსაკუთრებულად გამოეწყობოდნენ, აღარც ქმარ-შვილს ტოვებდნენ ერთი ღამით მარტო და აღარც ისეთი მხიარულები იყვნენ.
მერე ზოგიერთი მათგანი ახალი გამოწვევის პირისპირ დადგა: შვილები, მათი განათლება და მომავალი. და იძულებული გახდნენ, ისევ რამე მოეფიქრებინათ. ისევ მათ უნდა გამოეძებნათ გზები შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად. აი, ასე ადგნენ და გაუდგნენ გზას სხვა ქვეყნებისკენ.
თუ კაცები დღეს და ღამეს სადარბაზოსთან უქმად დგომაში ატარებდნენ, მათი დედები და ცოლები არ გაჩერებულან, დაირაზმნენ და თავიანთი ოჯახების გადასარჩენად უკანონო თუ კანონიერი გზებით წავიდნენ აღთქმული ქვეყნებისკენ. მერე გვიყვებოდნენ, როგორ გადალახეს საზღვარი და როგორ მოხვდნენ ახალ ქვეყანაში, რა პირობებში უწევდათ მუშაობა. ამ ისტორიებს ტუჩებზე ხელებაფარებულები ვისმენდით. მძიმე ისტორიები იყო, ძნელად მოსასმენი.
ასე მგონია, ამ წლებმა ქალები უფრო უშიშარი გახადა, ვიდრე იყვნენ. უფრო ბრძოლისუნარიანნი და უფრო მოტივირებულები, მზად ყოფილიყვნენ ყოველგვარი ცხოვრებისეული გამოწვევისთვის. მათ თავად აღმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და საკუთარი ბუნების ახალი მხარე დაინახეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“