თანამედროვე სამყაროში ციფრული პროდუქტი განათლების განუყოფელი ნაწილი გახდა. ახალგაზრდების ინტერესები იუთუბერების მიმართ იზრდება. ისინი უნიკალურ და საინტერესო ვიდეოებს ქმნიან. ერთმანეთს ეჯიბრებიან. მათი არხები და შექმნილი ვიდეოები ნელ-ნელა ანაცვლებს ტელევიზიებს, ცნობილი ტელეარხების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს. მოსწავლეებთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ისინი დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ქართველ იუთუბერებს, რომლებიც ცდილობენ, მაყურებელს აჩვენონ მიუწვდომელი ადგილები და გააცნონ ამბები.
ამ აღმოჩენის შემდეგ აქტიურად დავიწყე იუთუბ ვიდეოების სასწავლო პროცესში გამოყენება. მიდგომამ საშუალება მომცა საგნობრივი თემები დამეკავშირებინა რეალურ ამბებთან. მით უმეტეს, მათთვის გასაგებ და პოპულარულ ენაზე მოსმენილი თავგადასავლები უფრო თვალსაჩინოსა და აღქმადს ხდის თანამედროვე პრობლემებს.
სტატიაში გაგიზიარებთ სოსო ნებიერიძის (Soso Around The World) ორ ვიდეოს, რომლებიც წარმატებით გამოვიყენე საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
პოლიტიკური იდეოლოგიები და რეჟიმები საგნების – მოქალაქეობა, ისტორია, გეოგრაფია – ფარგლებში ისწავლება საბაზო და საშუალო საფეხურებზე. საკითხის დამუშავებისას მოსწავლემ უნდა დაინახოს ამა თუ იმ პოლიტიკური იდეოლოგიისა თუ რეჟიმის გავლენა ადამიანსა და საზოგადოებაზე. სახელმძღვანელოები ძირითადად საბჭოთა და ნაცისტური გერმანიის მაგალითებს განიხილავენ, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ტოტალიტარიზმი მხოლოდ წარსულის გამოძახილი არ არის. დღეს, XXI საუკუნეშიც ადვილი შესაძლებელია ადამიანების სრულად დამორჩილება. ჩრდილოეთ კორეა კი ამის თვალსაჩინო მაგალითია.
„მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში“ არის ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული იუთუბ ვიდეო ქართულ რეალობაში. რესურსი საუკეთესოა დიქტატურის, ერთპიროვნული მმართველობის, ადამიანების დამორჩილებისა თუ დამონების პროცესის თვალსაჩინოდ საჩვენებლად. ვიდეოში ნაჩვენები თითოეული ეპიზოდი კარგად ასახავს იმ უბედურებას, ნამდვილ ტრაგიზმს, რომელიც მოაქვს დიქტატორულ მმართველობას მოსახლეობისთვის.
დავალების პირობა: ფილმის ყურების დროს შეაგროვე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, მოამზადე წერილი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელზე. წერილში მიუთითე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ის მუხლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ირღვევა ჩრდილოეთ კორეაში.
მოჩვენებების ქალაქი, რომელიც 50 წლის წინ მიატოვეს
2004 წელს კვიპროსი გახდა ევროკავშირის წევრი ისე, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყო დარღვეული. ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი დღემდე რჩება თურქეთის კონტროლქვეშ. ეს და სხვა მიზეზი კვიპროსს საქართველოსთვის საინტერესო და სამაგალითო ქვეყნად აქცევს.
კონფლიქტი, მშობლიურ სახლებს მოწყვეტილი მოსახლეობა, ორად გაყოფილი ქვეყანა და დედაქალაქი, ტრავმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ომი და მისი შედეგები.
სოსო ნებიერიძის მორიგი ეპიზოდი „მოჩვენებების ქალაქი, რომელიც 50 წლის წინ მიატოვეს“ კარგად აჩვენებს კონფლიქტის უარყოფით მხარეებს.
ეს ვიდეო განსაკუთრებით აქტუალურია ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის საგნებისთვის, რადგან ის მშრალი ისტორიული ფაქტების ნაცვლად, ემოციურ და რეალურ მაგალითებს გვთავაზობს.
სადისკუსიო კითხვები:
- რა განცდები გაგიჩნდათ ვიდეოს ყურებისას?
- როგორ ფიქრობთ, რა პრობლემებია ნაჩვენები ამ ვიდეოში და როგორ უკავშირდება ის ქართულ რეალობას?
- როგორ შეიძლება ამ ვიდეოში ნაჩვენები პრობლემების მოგვარება? თქვენ რომ ამ ქვეყნის მოქალაქე იყოთ, რას გააკეთებდით?
როგორ გავლენას ახდენს ოკუპაცია და კონფლიქტები ადამიანებზე?