,,უსაყვარლესი თამაშია და მსგავსად ბევრი სხვა ნაწარმოების გათვალისწინებით შეიძლება შევქმნათ სხვა სამაგიდო თამაშები…” ესაა ამონარიდი ქ. გორის მე-8 საჯარო სკოლის გვერდიდან და შეეხება ჩვენ მიერ USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დამზადებულ სამაგიდო თამაშს ,,ქეთოს გზა”.
ლიტერატურული სამაგიდო თამაშის იდეა ზემოთაღნიშნული პროგრამის წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელს, თათა ჭანტურიას წლების განმავლობაში ჰქონდა და, როდესაც სათანადო შესაძლებლობა გამოჩნდა, მისი რეალიზება მე დამევალა, როგორც პროგრამის კონსულტანტს. უნდა აღინიშნოს, რომ იდეის ავტორისა და, ამავროულად, ჩემი უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მხარდაჭერა თამაშის შექმნის პროცესში მას ამ რესურსის თანაავტორადაც აქცევს. თამაშის დიზაინზე კი ნუგზარ არჩემაშვილმა იმუშავა.
სათამაშო კომპლექტი მოიცავს დაფას, ბარათებს, ტექსტს, კამათელსა და ნიშანფიგურებს.
თამაშის დასაწყისი და დასასრული იქნება ქეთოს გზის საწყისი და საბოლოო წერტილები. ამ გზაზე მოთამაშეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას. შეიძლება ითამაშოს ორმა, სამმა, ოთხმა ბავშვმა. ერთი მოთამაშე შეიძლება იყოს „დედა“ ანუ მოთამაშე, რომელიც იცავს წესრიგს, ანაწილებს და იღებს შეკითხვებს, დავალებებს, ამოწმებს პასუხების სისწორეს, ინიშნავს მოთამაშეთა ქულებს და ა. შ. მოთამაშეები სვლებს გააკეთებენ ერთი ცალი კამათლის გაგორებით.
მოთამაშეს თითო დავალების შესრულებაში ეძლევა ერთი ქულა. დავალება სრულდება იმ შემთხვევაში, თუ კამათლის გამგორებელს შესაბამის ნიშნულზე მოუწევს შეჩერება. გამარჯვებული ხდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ადრე მიაღწევს ფინიშს და ყველაზე მეტი ქულა ექნება. თუ მოთამაშე ფინიშს მიაღწევს, იგი უნდა დაელოდოს გაგორების ერთ წრეს. თუ მასთან ერთად, სხვაც გადალახავს ფინიშის ხაზს, გამარჯვებული იქნება ის, რომელსაც მეტი ქულა ექნება.`
ვნახოთ დავალებათა რუბრიკები, რომელიც შეთავაზებულია ბავშვებისთვის.
- უპასუხე შეკითხვას (ორი სახის)
შეკითხვები ორი სახისაა: ჯერ ტესტური დავალების ტიპის შეკითხვებია, რომელშიც ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთი უნდა შეარჩიოს მოთამაშემ. შემდეგ კი შეთავაზებულია შედარებით სააზროვნო შეკითხვებიც.
- შეავსე წინადადება
აქ მოცემულია ფრაგმენტები ტექსტიდან, რომელიც გამოტოვებულია სიტყვა. მოთამაშე იხსენებს იმ მონაკვეთს და ცდილობს აღადგინოს სიტყვა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლის ძალისხემვა ფასეული იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი მაინცდამაინც ზუსტად არ ჩასვამს გოგებაშვილისეულ სიტყვას, მაგრამ დაიცავს აზრობრივ გამართიულობას.
- გამოიცანი პერსონაჟი
ამ ბარათებზე მოკლე ფრაზებია შეთავაზებული, რომელთა მიხედვითაც მოთამაშე ამოიცნობს პერსონაჟს:
- პატარა ბავშვია და კისკისება;
- თარზე უკრავს;
- სასიამოვნოდ მღერის;
- დალაწლაწებენ…
აქ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა თავადაც მოიფიქრონ სხვა ფრაზებიც, რომლებიც ამა თუ იმ პერსონაჟს გამოაცნობინებს თანაკლასელს.
- გამოცანი ეპიზოდი
დავალებათა ამ პაკეტის ბარათებზე დატანილია ტექსტის ციტატები და ბავშვებმა უნდა გაიხსენონ შესაბამისი ეპიზოდი. ისევე როგორც სხვა პაკეტებში, აქაც 10 ბარათია:
- „ლეკები მოწიწებით მივიდნენ და თავი დაბლა დაუკრეს, როგორც თავის ბატონ მბრძანებელს.“
- „ტყეს რომ მიუახლოვდნენ, ბავშვმა ხის ქვეშ ჩიტი დაინახა და გაექანა. ჩიტმა ისკუპა და იქით ხეებში გადაფრთხიალდა.“
- „დედობრივმა ალერსმა მალე მოასულიერა ბავშვი.“
- „ამოვიდა თუ არა მზე, ზურაბ ქართველაძე მივიდა გზის პირას, ამოეფარა ხეების ჯგუფს და დაიწყო ცქერა იქითკენ, საიდანაც ქეთოს უნდა გამოევლო.“
- და ა. შ.
აღარ გავიმეორებთ, რომ მსგავს თამაშ-დავალებებს ბავშვები თვითონაც უნდა ქმნიდნენ, როგორც ამავე ტექსტიდან, ასევე სხვა უკვე შესწავლილი თუ შესასწავლი მასალიდან. განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუკი მოსწავლეთა მცირე ჯგუფები ერთად წაიკითხავენ ე. წ. კლასგარეშე ლიტერატურას, იმის მიხედვით მოიფიქრებენ და დაამზადებენ მსგავს თამაშს და წარუდგენენ თანაკლასელებს, რითაც კიდევ უფრო მეტად აღეძვრებათ ახალი წიგნის წაკითხვის მოტივაცია.
- აღწერე ადგილი
აღწერა ერთ-ერთი სასარგებლო უნარია, რომელიც ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები უკვე აღჭურვილნი არიან ამ უნარით. სწორედ მისი გავარჯიშებისთვისაა გათვალისწინებული ამ რუბრიკის დავალებებიც. მოსწავლეები ჯერ ამოიცნობენ იმ ადგილმდებარეობას ე. წ. ლოკაციას, რომელიც ნაწარმოებიდანაა შეთავაზებული, შემდეგ მაქსიმალური სიზუსტით ცდილობენ მის აღწერას. ,,სიზუსტე” აქ მეტად პირობითი ნათქვამია, რადგან ბავშვებს არ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი ინტერპრეტაციები, წარმოსახვა, ფანტაზია და რაც შეიძლება უხვად გაამრავალფეროვნოს აღსაწერი ადგილი.
- განმარტე სიტყვა / გამოთქმა
სიტყვების განმარტება ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენციაა, რომელიც მოსწავლეებს შეგვიძლია განუვითაროთ დაწყებით საფეხურზე. ამასთან, იგი უნდა დაიხვეწოს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში. ამ რუბრიკის ბარათებზე სავალდებულო არაა მაინცდამაინც იშვიათი ანდა რთული სიტყვები შევთავაზოთ მოსწავლეებს. კარგი იქნება ჩვეულებრივი სიტყვების განმარტებაც, რადგან თავისთავად სიტყვების განმარტების უნარია მეტად ღირებული. ამასთან, ადვილ სიტყვებზე მუშაობისას ყველა მოსწავლე ინტერესით იქნება ჩართული, მიუხედავად იმისა მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვს თუ შედარებით ღარიბი.
- იმღერე იავნანა
ეს რუბრიკა გაამრავალფეროვნებს და კიდევ უფრო გაახალისებს ჩვენს ლიტერატურულ თამაშს. პრინციპში, განა შეიძლებოდა ,,ქეთოს გზა” სიმღერის გარეშე?! ნამდვილად არ შეიძლებოდა.
ნაწარმოები საშალებას იძლევა კიდევ უფრო მეტი გასაქანი მივცეთ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ნაწარმოების დასაწყისში შემთხვევით არაა გამახვილებული ყურადღება მაგდანის საოცარ საშემსრულებლო ნიჭზე. მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ ხელოვნების ძალაზე, მის დადებით გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაში.
მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თამაშის ამ მონაკვეთში ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება არასათანადო რეაქცია გამოავლინოს თანაკლასელის ნამღერის მიმართ — იციან ხოლმე ბავშვებმა ერთმანეთის გაქილიკება, დაცინვა, დამცირებაც კი. რაც არ უნდა ,,თამაშისა” და ,,ხუმრობის” იარლიყით იყოს შეფუთული ასეთი გამოვლინებები, მაინც სახიფათოა და აღმოსაფხვრელია. კარგი იქნება, თუკი მასწავლებელი ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცესვ.
- რა ხმა გესმის?
ამ დავალებებში მოთამაშეებმა უნდა გაიხსენონ შეთავაზებული ეპიზოდი და გაახმოვანონ, როგორც ვერბალური, ისე არავერბალური (ხმაური, ჭიკჭიკი, ჭიხვინი, ბუნების მოვლენების ხმა…) საშუალებებით. რასაკვირველია, კარგი იქნება ამ დროს თანაკლასელის დახმარება.
ამავე სამგიდო თამაშს შეიძლება დაემატოს შემდეგი სახის დავალებებიც:
ა) ამოიცანი ან შეცვალე ეპითეტი;
ბ) შეცვალე ან მოიფიქრე შედარება;
გ) გაახმოვანე ან გაითამაშე ეპიზოდი…
…ამ წერილის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბავშვბმა და მასწავლებლებმა თავადაც იმუშაონ მსგავსი ტიპის თამაშების შექმნაზე სხვადასხვა ნაწარმოების მიხედვით. საინტერესო სამაგიდო თამაში შეიძლება გამოვიდეს ისეთი ნაწარმოებებისგან, როგორებიცაა ,,შვლის ნუკრის ნაამბობი” (,,ნაფეხურები”), ,,ჩემი თავგადასავალი” (,,სხვიტორიდან სავანემდე”), ,,კაცია ადამიანი?!” (,,ოლოლო შენ!”), ,,სოლომან მორბელაძე” (,,ხეტიალი”) და სხვა და, რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს ,,ვეფხისტყაოსანი” (,,სიყვარული — გზა და ხიდი”).
ბოლოს, გთავაზობთ ბმულს, რომლის საშუალებითაც ნახავთ აღნიშნულ თამაშს: https://drive.google.com/file/d/1QIIX1oYP4HOa_RaE2Vp_HFWR44KWLCoq/view?usp=sharing
იგი აგრეთვე ატვირთულია პორტალზე https://chemiskola.iliauni.edu.ge/