რიცხვითი კიბე მასწავლებლებისათვის უცხო და ახალი არ არის, მას ხშირად ვიყენებთ მათემატიკის სწავლებისას, როგორც ვიზუალურ დახმარე ინსტრუმენტს მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ მარტივ, სახალისო მეთოდში გაცილებით მეტი შესაძლებლობა იმალება. ის აადვილებს ზრდადობით და კლებადობით რიცხვების დათვლის კონცეფციის აღქმას, შეკრების და გამოკლების ცნებების ადვილად გააზრებას. ამიტომ, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ ვასწავლი ან თემას პირველკლასელებს „ნაბიჯების თამაშის“ საშუალებით. ჩემს გაკვეთილზე რიცხვითი კიბე არ არის უბრალოთ ნახატი ან ილუსტრაცია, არამედ მოძრავ გამოცდილებაა, სადაც ბავშვები თავად „დადიან“ მასზე – თითით, ან რაიმე საგნით
თემატური ბლოკი: რიცხვები და მოქმედებები
მათემატიკური მოდელი:
მოქმედებები რიცხვებზე; რიცხვითი კიბე;
კანონზომიერება: ბიჯით თვლა; ზრდადობა, კლებადობა, მოქმედებათა თვისებები.
ლოგიკა: მსჯელობა დასაბუთება
თემა:
რიცხვები 20-ის ფარგლებში; მიმატება, გამოკლება 20-ის ფარგლებში
საკითხები:
- 1-დან 20 მდე რიცხვების დათვლა და უკუთვლა;
- 20-მდე რიცხვების დალაგება ზრდადობით და კლებადობით;
- მიმატების, გამოკლების ცნებები და არსი;
- მიმატება და გამოკლება 20-ის ფარგლებში, მიმატება და გამოკლება ვიზუალური მოდელების გამოყენებით.
თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:
მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- 20-ის ფარგლებში შეკრებისა და გამოკლების ცოდნის დემონსტრირება ვიზუალური მოდელების, სათვლელი ნივთების ანდა სქემის გამოყენებით; პროცესის ახსნა (მათ.მოდ.ლოგ.)
რესურსები:
- დიდი რიცხვითი კიბე (დაფაზე დახატული ან ბანერის სახით – 0-დან 20-მდე).
- პატარა ფიგურა/ნიშანი (შეიძლება იყოს ბურთულა, მაგნიტი, სათამაშო).
- რიცხვითი კიბის, ინდივიდუალური ბარათები თითოეული ბავშვისათვის
გაკვეთილის სტრუქტურა
აქტივობა 1: „ნაბიჯების თამაში“ (15-20 წთ)
გაკვეთილის დასაწყისში, მოტივაციის ასამაღლებლად, პატარა დინამიკური აქტივობა დავიწყე
- პირველ რიგში მოსწავლეებს კითხვები დავუსვი რეალურ გამოცდილების შესახებ:
-როგორ ავდივართ ნამდვილი კიბეზე? (მათგანვე მივიღე მთავარი პასუხი: „ნაბიჯ-ნაბიჯ!“ )
-რა მოხდება, თუ კიბეზე ზემოთ ავდივართ? რიცხვები იზრდება თუ მცირდება?“
-თუ ქვემოთ ჩამოვდივართ? რიცხვები იზრდება თუ მცირდება?
- შემდეგ გადავედი “მოძრავ გამოცდილებაზე”. მოსწავლეებს ვუთხარი, რომ წარმოედგინათ, ჩვენს საკლასო ოთახში უზარმაზარი კიბე იყო, რომელსაც რიცხვები აწერია
3.მოძრაობის დაკავშირება მათემატიკურ ოპერაციებთან:
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა რამდენჯერმე გაიარეს „ნაბიჯების თამაში“ (წინ და უკან), მათ საკუთარი გამოცდილება დაუგროვდათ. ამის შემდეგ, მათ დავუსვი კითხვები, რათა დამოუკიდებლად გამოეტანათ დასკვნები:
-როცა კიბეზე ზემოთ ავედით, ანუ წინ წავედით. ამ დროს ჩვენი რიცხვი გაიზარდა თუ შემცირდა?
-რა ხდება, როცა რიცხვი იზრდება? რომელი მოქმედება გვეხმარება მის გაზრდაში?
-ახლა კიბეზე უკან დავიხიეთ. ამ დროს ჩვენი რიცხვი გაიზარდა თუ შემცირდა?
-რომელი მოქმედება გვეხმარება რიცხვის შემცირებაში?
ამ მიდგომით, მოსწავლეებმა თავად დაინახეს და ლოგიკურად დააკავშირეს მოძრაობა და რიცხვითი ცვლილება შესაბამის მათემატიკურ ოპერაციასთან.
- მეზობელი რიცხვები
ამავე აქტივობის ფარგლებში, მეზობელი რიცხვების ცნებაც ბუნებრივად გამოჩნდა მოსწავლეებმა ეს ცნება კიბეზე მოძრაობისას, მარტივ კითხვებზე პასუხისას თავად დაინახეს
მოსწავლეებს ვთხოვე, კიბეზე „შეჩერებულიყვნენ და გარშემო მიმოეხედათ“.
„დადექით რიცხვ 5-ზე.“
–დააკვირდით, რომელი რიცხვია ზუსტად თქვენს წინ? ანუ, ერთი ნაბიჯით ზემოთ?, და რომელი რიცხვია ზუსტად თქვენს უკან? ანუ, ერთი ნაბიჯით ქვემოთ?
მოსწავლეებმა შესაბამისი რიცხვები დაასახელეს. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ იმ რიცხვებს, რომლებიც ზუსტად ჩვენს გვერდით არიან, მეზობელი რიცხვები ჰქვიათ. ეს ის რიცხვებია, რომლებიც ჩვენგან მხოლოდ ერთი ნაბიჯით არიან დაშორებულნი. წინ გადადგმული ერთი ნაბიჯით მომდევნო მეზობელ რიცხვს ვიპოვით, ხოლო ერთი ნაბიჯით უკან გადადგმით – წინა მეზობელს.“
„ ნაბიჯებით თამაშის“ აქტივობა ერთდროულად აერთიანებს დათვლის (წინ და უკან), შეკრების, გამოკლებისა და მეზობელი რიცხვების ცნებებს, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ეს ცნებები ერთმანეთთან დაკავშირებულად აღიქვან.
აქტივობა 2: სავარჯიშოების შესრულება „მოგზაურობა კიბეზე“, (10 წთ)
„ნაბიჯების თამაშის“ შემდეგ, მოსწავლეები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში იყენებენ. ჯერ დაფასთან, რიცხვითი კიბის დახმარებით, ასრულებენ რიცხვებზე შეკრება- გამოკლების მაგალითებს, ადარებენ და ალაგებენ რიცხვებს ზრდადობითა და კლებადობით, პოულობენ მეზობელი რიცხვებს. ამ პროცესში, თითოეულ მოსწავლეს ვუწევ ინდივიდუალურ უკუკავშირს და ვეხმარები, თუკი სირთულეები შეექმნება. შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ვურიგებ რიცხვითი კიბის ინდივიდუალურ ბარათებს, რათა დამოუკიდებლად შეასრულონ სავარჯიშოები.
აქტივობა 3: შეჯამება/ შეფასება
გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებ მიღებულ ცოდნას კითხვების დახმარებით:
ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ რიცხვით კიბეზე. ახლა მითხარით, გახსოვთ, როცა წინ მივდიოდით, რიცხვებს რა ემართებოდა? ხოლო როცა უკან ვბრუნდებოდით? რა მოქმედებები შეესაბამებოდა ამ მოძრაობებს?
რიცხვითი კიბე ახალი მეთოდი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე ვთავაზობ მის გამოყენებას დინამიკური თამაშის ფორმით. როცა ბავშვები ნაბიჯებს თავად გადიან – თვალით, თითით ან ფიზიკურად – ეს მათ ეხმარება, თავი აარიდონ მექანიკურ დამახსოვრებას და რიცხვებთან მუშაობა ლოგიკურ პროცესად აღიქვან. მხოლოდ ნახატის ჩვენება და რამდენიმე მაგალითის ამოხსნა საკმარისი არ არის. როდესაც ბავშვებს საშუალებას ვაძლევთ თავად „იარონ“ რიცხვებს შორის, ისინი მათემატიკას შეიგრძნობენ როგორც მოძრაობას, თამაშს და გამოცდილებას.
ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ მიმდინარე თემის ათვისებას უწყობს ხელს, არამედ აყალიბებს სწავლისადმი სიყვარულს, რაც მომავალშიც გაჰყვებათ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
- დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
- მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/
- ზურაბ ვახანია, დოდო ნაზირიშვილი „მათემატიკის სწავლება I კლასში.“ 2009