სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
23 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

პირველად იყო უკუკავშირიც (წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

 ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ ბავშვებს (კონკრეტულად, პირველკლასელებს ვგულისხმობთ აქ.) ჩვენი გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდებათ. მხოლოდ გამხნევება, შექება და მხარდაჭერა. სრულიად ზედმეტი, დამაზიანებელია შენიშვნა და, მით უფრო, დატუქსვა ან დამუნათება. განა სამი-ოთხი წლის ბავშვი არაფერს აშავებს?! როგორ არა. მაგრამ მის დატუსქსვასა და ჭკუის დარიგებას აზრი აქვს? არა. ყოველ შემთხვევაში, უშედეგოა. უკვე 5-6 წლის ასაკიდან ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა აზრს იძენს, მაგრამ სწავლების პროცესში ჩვენ ამას მაინც უნდა მოვერიდოთ. სრულიად უსარგებლო და გამაღიზიანებელია გავრცელებული უკუკავშირის ყალიბი: ,,შენ კარგად გააკეთე ესა და ეს, მაგრამ ვერ გააკეთე ესა და ეს…”

წინამდებარე წერილით ვაგრძელებთ სერიას ,,სწავლის ძირი” და გთავაზობთ პირველკლასელთათვის განკუთვნილი უკუკავშირის ნიმუშებს.

პირველკლასელთათვის უკუკავშირის უზოგადესი ყალიბის ჩარჩომ შეიძლება ასეთი სახე მიიღოს:

როგორც ვხედავთ ამ სქემაში გამოიყოფა ორი შესანიშნავი და ერთი შესანიშნი ნაწილი. დავსვათ შეკითხვა: რატომ არის აქ ორი შექება და ერთი შენიშვნა, ისიც არასავალდებულოდ შემოთავაზებული? თუ გავიხსენებთ, როგორი სახე ექმნება ხოლმე პირველკლასელს, როდესაც ვაქებთ (როცა აღარ იციან სად წაიღონ პირზე მომდგარი სიამოვნების ღიმილი) და როგორი სახე ექმნებათ შენიშვნების დროს, დავრწმუნდებით ამ რაოდენობრივი განაწილების სისწორეში.

რაც შეეხება შესანიშნ (არა შესანიშნავ) მხარეს, ის გადატანილი უნდა იყოს სწავლების ფორმატში ან იმავე გაკვეთილზე, ან მომავლისთვის, რადგან:

  • უკუკავშირის მიღების დროს პირველკლასეი ელის შექებას, პოზიტივს თავის ნამუშევარზე (მან ამისთვის იმუშავა და დიდი ძალისხმევა გაიღო.) და ვერ კონცენტრირდება იმის გასაგებად, რაც გვინდა, რომ გაიგოს.
  • კლასში მსგავსი შენიშვნა მისაცემი ექნება არა მხოლოდ ერთ და ორ ბავშვს და დროის ეფექტიანობის გაზრდაც გასათვალისწინებელია.

შესაბამისად, მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების ანალიზზე დაფუძნებით დაიგეგმება (გადაკეთდება) სწავლების სამომავლო ნაბიჯები. დაგეგმილ (გადაკეთებულ) ნაბიჯებში სასარგებლო იქნება იმ მოსწავლეთა ჩართვა, რომლებსაც სასურველ დონეზე ჰქონდათ შესრულებული დავალების ის კონკრეტული ნაწილი.

სანამ კონკრეტულ ნიმუშებზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ ე. წ. ხელოვნური ინტელექტის როლი, ზოგადად, სწავლების პროცესში და, კონკრეტულად, უკუკავშირის მომზადებისას. უკვე შეგვიძლია დამხმარე ასისტენტის ინსტრუმენტის გამოყენებით ე. წ. ხელოვნურ ინტელექტს შევთავაზოთ მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება, დავალების პირობა, შეფასების კრიტერიუმები და გამზადებულს მოგვაწვდის საჭირო უკუკავშირს. მაგრამ ამის გაკეთება მოსწავლეებსაც ხომ შეუძლიათ? შესაბამისად, ის, რასაც ეს ინსტრუმენტი ვერ ჩაანაცვლებს, არის ის ემოცია, რომელიც მასწავლებელმა უნდა გადასცეს მოსწავლეს და გაუძლიეროს სწავლის მოტივაცია.

ახლა უკვე მივადექით უკუკავშირების კონკრეტულნიმუშებს წინასაანბანო პერიოდისთვის და დავამზადოთ იგი შემდეგი კომპეტენციებისთვის:

  • სიტყვების დამარცვლა
  • დამარცვლით ნათქვამი სიტყვების გამთლიანება
  • პირველი მარცვლის ჩანაცვლება
  • პირველი ბგერის ამოცნობა
  • მეორე ბგერის ამოცნობა
  • სიტყვების ბგერებად დაშლა
  • ბგერებად ნათქვამი სიტყვების გამთლიანება

კიდევ ერთხელ თუ დავფიქრდებით და ყურადღებით დავაკვირდებით ქვემოთ მოცემულ უკუკავშირებს, დავასკვნით რომ მათი  თქმა პირველკლასელებისთვის არც ისე გონივრული იქნება, ისევ მხოლოდ მამოტივირებელი შექებით შემოვიფარგლებით და გასაუმჯობესებელ მხარეებს მომავალ სწავლბაში ჩავნერგავთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბლა შემოთავაზებული ანალიზი ჩვენ არ უნდა გვქონდეს, თუნდაც მშობლისთვის, კოლეგისთვის, დირექციისთვის მისაწოდებლად.

კომპეტენცია უკუკავშირი სრულყოფილი მოსწრებისთვის უკუკავშირი გასაუმჯობესებელი მოსწრებისთვის
სიტყვების დამარცვლა ტარიელი ყოველთვის სწორად მარცვლავს ზეპირად ნათქვამ, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ნესტანი ყოველთვის სწორად მარცვლავს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების დამარცვლას.
დამარცვლით ნათქვამი სიტყვების გამთლიანება თინათინი ყოველთვის სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ავთანდილი ყოველთვის სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ ორ და სამმარცვლიან, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს ოთხმარცვლიანი სიტყვების გამთლიანებას.
პირველი მარცვლის ჩანაცვლება ფრიდონი ყოველთვის სწორად  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ სიტყვაში პირველ მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას. ასმათი სწორად  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ სიტყვებში პირველ ორბგერიან მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ორბგერიანი მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას. ზოგჯერ ვერ ახერხებს სამბგერიანი მარცვლის ჩანაცვლებას.
პირველი ბგერის ამოცნობა შერმადინი ყოველთვის სწორად ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამი სიტყვის პირველ ბგერას და ასახელებს ამავე ბგერით დაწყებულ სხვა სიტყვებს. ფატმანი სწორად ამოიცნობს ზეპირად ნათქვამი ნაცნობი სიტყვების პირველ ბგერას. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების პირველი ბგერის დასახელებას.
მეორე ბგერის ამოცნობა როსტევანი ყოველთვის სწორად ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამი სიტყვის მეორე ბგერას. ფარსადანი სწორად ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამი ნაცნობის სიტყვების მეორე ბგერას. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების მეორე ბგერის დასახელებას.
სიტყვების ბგერებად დაშლა დარეჯანი ყოველთვის სწორად შლის ბგერებად ზეპირად ნათქვამ, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ნურადინი ყოველთვის სწორად შლის ბგერებად ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების ბგერებად დაშლას.
ბგერებად ნათქვამი სიტყვების გამთლიანება დავარი ყოველთვის სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერებად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. მელიქი სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ მოკლე, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს გრძელი სიტყვების გამთლიანებას.

 

Ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ სწავლების პროცესში მასწავლებელი აღჭურვილი უნდა იყოს ყოვლისმომცველი საინფორმაციო სკივრით, ხოლო რას და ვისთვის ამოიღებს ამ სკივრიდან, მის გონიერებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“