სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
23 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

შემაჯამებელი დავალება მათემატიკაში – რუბრიკების ეფექტურობის შეფასება

სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის გამოცდილება

სტატიების წინა ციკლში უკვე ვისაუბრეთ ცოდნის შეჯამების მნიშვნელობაზე და
შეფასების სისტემის სანდოობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღვნიშნეთ, რომ
შემაჯამებელი დავალების სწორად დაგეგმვა და წარმართვა – მუდმივი გამოწვევა
მასწავლებლისათვის. გამოწვევა მდგომარეობს მის მრავალშრიანობაში, რადგან იგი
გულისხმობს არამხოლოდ კურიკულუმის შესაბამისი დავალების მომზადებას
მოსწავლეებისათვის, არამედ თავად ამ დავალების შინაარსის გათვალისწინებას,
გარემოს შერჩევას, მოსწავლეთა/მშობელთა ინფორმირებას, სათანადო შეფასების
რუბრიკის მომზადებას, პროცესის წარმართვას და შედეგების რეფლექსიას. პრობლემის
კვლევისა და მიღებული შედეგებით პროცესის დახვეწის მრავალკომპონენტიანი
სამუშაო გასწია სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლამ 2024-2025 სასწავლო წელს,
რომლის საბოლოო მიზანს სანდო და ობიექტური შეფასების სისტემის ჩამოყალიბება
წარმოადგენდა. მასშტაბური კვლევების მიზანი არამხოლოდ კონკრეტული საგნის
დონეზე განხორციელებული ცვლილებები იყო, არამედ სისტემური გაუმჯობესება, რაც
გულისხმობს უკეთეს აკადემიურ გარემოს მოსწავლის, მასწავლებლისა და
მშობლისათვის.
პროცესის ნაწილს მათემატიკის საგნობრივი მიმართულებაც წარმოადგენდა.
მრავალ სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან,
რაც შეფასების სისტემის სანდოობას უკავშირდება. ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მიმართულების საგნებში შეფასება დაკავშირებულია სხვა ისეთი ტიპის პრობლემებთან,
რაც შეიძლება უშუალოდ ამ დარგის მახასიათებელი იყოს, ამიტომ მოსწავლესთან
განსხვავებული მიდგომები და მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია ამ სფეროს
წარმომადგენელი პედაგოგების ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ზოგადად, ბევრ
ევროპულ ქვეყანაში სკოლებისა და მოსწავლეების შეფასება ძირითადად
სტანდარტიზებული ტესტების შედეგებზეა დამოკიდებული. ეს ხშირად აიძულებს
მასწავლებლებს, აქცენტი გააკეთონ მხოლოდ ამ ტესტების შინაარსზე (ე.წ. „teaching to

the test“), ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეებს განუვითარონ ღრმა ცოდნა და პრობლემის
გადაჭრის უნარები.
ევროპასთან საერთო პრობლემა საქართველოში მათემატიკის მასწავლებლებს
შეფასების კომპლექსურობასთან მიმართებით აქვთ. მათემატიკა მოითხოვს როგორც
კონკრეტული უნარების (მაგალითად, გამოთვლები), ისე აბსტრაქტული ცნებების
გაგებას. ამ ორივე კომპონენტის ერთდროული და ობიექტური შეფასება რთულია
იმისათვის, რომ შეფასების სისტემა უფრო სანდო და გამჭვირვალე გამხდარიყო,
ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრამ რამდენიმე ტიპის რუბრიკა
გამოსცადა, შედეგები შეაფასა აკადემიური მოსწრების ანალიზის, კოლეგიური ბრმა
შეფასების, გამოკითხვისა და ფოკუს ჯგუფის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს, რომ
კოლეგიური, ბრმა შეფასების მოდელი ხშირად არ გვხვდება ქართულ სკოლებში.
პრაქტიკა მიღებულია ტესტის ვალიდობის შეფასების ერთ-ერთ ნაბიჯად, რომელიც
გულისხმობს კოლეგა მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა ნაშრომების გასწორებას და
მიღებული შედეგების შედარებას. ამ შემთხვევაში, მათემატიკის კათედრამ, პედაგოგ
ნინო ხოხიაშვილის ხელმძღვანელობით გასწორებული ნაშრომების ბრმა შეფასება
ჩაატარა და მიღებული შედეგები არამხოლოდ აკადემიური მოსწრების, არამედ
რუბრიკის ეფექტურობის თვალსაზრისითაც შეაფასა.
პირველ შემთხვევაში გამოყენებული იყო დეტალიზებული რუბრიკა, გაწერილი
სამიზნე ცნებების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ შემაჯამებელი დავალება
მათემატიკაში უმეტესად არის ტესტის სახით, რომელიც მოიცავს მრავალ საკითხს. ამ
დავალებებიდან ზოგი ფარავს მხოლოდ ერთ სამიზნე ცნებას, ორს ან სამივეს.
შესაბამისად, მხოლოდ სამიზნე ცნენების მიხედვით შექმნილი შეფასების კრიერიუმების
გამოყენება გარკვეულწილად ბუნდოვანს ხდიდა შფასებას, განსაკუთრებით
მოსწავლეებისთვის. მასწავლებლები შეთანხმდნენ, რომ დეტლიზებული რუბრიკის
გამოყენება პროექტის და/ან კომპლექსური დავალების შესრულების დროს უფრო
გამართლებული იქნებოდა.
მეორე შემაჯამაბელი დავალების გასწორების დროს მასწავლებლებმა გამოიყენეს
შეფასების რუბრიკა შედგენილი დავალებების ტიპების მიხედვით. პირველ ჯერზე

გამოყენებული რუბრიკა გაამარტივეს, მოარგეს სამიზნე ცნებებს კონკრეტული
დავალებები და შედეგების დაჯამების სქემა უფრო ნათელი გახადეს
მოსწავლეებისათვის. გასწორებისა და შედეგების შეფასების დროს მათ აღნიშნეს, რომ
მოსწავლისათვის უფრო გასაგები და მასწავლებისათვის მეტად მოქნილი ინსტრუმენტი
შეფასების ობიექტურობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდიდა. ამასვე ადასტურებდა
მოსწავლეთა გამოკითხვა, რომელიც ორივე შემაჯამებლის დასრულების შემდეგ
ჩატარდა იმის გამოსაკვლევად, რომელი შეფასების რუბრიკა იყო მათთვის გასაგები და
მეტად დამხმარე დავალების შესრულების დროს. გამოკითხულთა 77% გამარტივებული
რუბრიკა აირჩია ფავორიტად.
წლიური რეფლექსიის ეტაპზე მათემატიკის კათედრამ აღნიშნა, რომ კვლავ რჩება
გამოწვევები რემედიაციისა და მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების
ფორმებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატება დავალების შეფასების
ეფექტური ფორმის მოძიება – უკვე დაძლეულია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“