სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
23 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

სურათის აღწერა (წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

მეოთხე სურათის აღწერით ვაგრძელებთ ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მე-6, მე-7 და მე-11 წერილებში წარმოდგენილ სურათების აღწერებს. ეს წერილიც მიუყვება წინა წერილების სტრუქტურას და ყურადღებას გავამახვილებთ ქართული ანბანის შემდეგ ხუთ ბგერაზე:

ნ, ო, პ, ჟ, რ

განსახილველ სასწავლო მონაკვეთშიც გამოყენებული იქნება ე. წ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამზადებული ილუსტრაცია ,,პინგვინის დაბადების დღე”.

ტრადიციულად შევაფასოთ ჩვენი ილუსტრაცია წინა წერილებში გამოყენებული რუბრიკის მიხედვით:

კრიტერიუმი დასაბუთება
შეესაბამება პირველკლასელთა ინტერესებს, თემატიკას. ილუსტრაციაზე ,,პინგვინის დაბადების დღე” ასახული სიტუაცია სახალისოა ბავშვებისთვის, შეესაბამება მათს ინტერესებსა და გამოცდილებას. დაბადების დღის სცენა ნაცნობია ყველა ბავშვისთვის და წარმოდგენილი სიტუაცია კი გაახალისებს ბავშვებს უჩვეულო პერსნაჟებითა და გარემოთი.
ადვილად ,,იკითხება”, მკაფიოა მასზე ასახული სიტუაცია. ილუსტრაციაზე ასახული სიტუაცია ნაცნობია გასაგებია, მკაფიოა, მარტივია. არააა დატვირთული ჩახლართული კომბინაციებითა და წვრილი დეტალებით.
იძლევა ინტერაქციის საშუალებას. ილუსტრაციის გამოყენებით შესაძლებელია კარგი შეკითხვების დასმა და მათს საპასუხოდ მოსწავლეების ჩართვა.
ასახულია ისეთი საგნები, რომლებიც გამოგვადგება ფონოლოგიური და ფონეტიკური უნარების განვითარებისთვის. ილუსტრაციაზე სპეციალურადაა დატანილი ერთი, ორი, სამი და ოთხმარცვლიანი სიტყვები. აგრეთვე გათვალისწინებულია სიტყვებში ბგერათა რაოდენობა. სიტყვების პირველი ბგერები შეესაბამება სასწავლო მონაკვეთის სამიზნე ხუთ ბგერას (ნ, ო, პ, ჟ, რ).

ამ სასწავლო მონაკვეთის (დაახლოებით ერთკვირიანი პერიოდი ანუ სწავლის დაწყებიდან დაახლოებით მეხუთე კვირა.) სამიზნე აქცენტებია:

  • ზეპირმეტყველების განვითარება,
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება,
  • ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა და ბგერებად დაშლა, პირველი ბგერის ამოცნობა, ბგერების გამთლიანება, ხმოვანთა იდენტიფიცირება) გამომუშავება,
  • ფონეტიკური კომპეტენციის განმტკიცება ,,ნ”, ,,ო”, ,,პ”, ,,ჟ”, ,,რ” ბგერებზე კონცენტრირებით,
  • წინადადებებზე დაკვირვება და მათში სიტყვების გამოყოფა,
  • კითხვისა (მთლიანი სიტყვების ცნობა) და წერის (წვრილი, ნატიფი მოტორიკის გამომუშავება) საწყისი უნარების ჩამოყალიბება.

 

სურათებისა და აქტივობების ნიმუშები

ამ წერილშიც ქვემოთ წარმოდგენილია ფოტო-სლაიდები, რომლებიც ასახავს სათანადო აქტივობებს. სურათები დამზადებულია ე. წ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.  აქტივობების აღწერა თან ერთვის შესაბამის ფოტოს. აქტივობათა ლოგიკური თანმიმდევრობა მიუყვება წინა წერილებში გააქტიურებული ბგერების (ა, ბ, გ; დ, ე, ვ, ზ და თ, ი, კ, ლ, მ) მიხედვით შექმნილ სასწავლო მონაკვეთებს.

I ფოტო

როგორც ვნახეთ, ვმუშაობთ ე. წ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ ილუსტრაციაზე ,,პინგვინის დაბადების დღე”. ილუსტრაციის წარდგენისას მასზე ინტერაქცია შეიძლება წარიმართოს ისე, როგორც აღწერილი გვაქვს წინა წერილებში. მთავარია, ეს პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდეს და მოიცავდეს თამაშისა და შეჯიბრობითობის ელემენტებსაც.

ჩამოვწეროთ შეკითხვების ვერსიები:

  • ვინ არიან ილუსტრაციაზე? (მიუხედავად იმისა, რომ ილუსტრაციაზე ცხოველები არიან, როგორც პერსონაჟებს ვუსვამთ ,,ვინ” შეკითხვას.)
  • სად არიან ცხოველები? როგორ ხასიათზე არიან? რატომ?
  • რას აკეთებენ ცხოველები? ვისი დაბადების დღეა?
  • რა ალაგია სუფრაზე? ვინ ჭამს ნესვს? ვინ შეჭამს ტორტს? რას შეჭამს ჟრაფი?..
  • რა არის ზღვაში? ცაში? ხეზე?
  • რომელი ორი ცხოველია დაბადების დღეზე? რას შვრება ერთ-ერთი მათგანი?
  • როგორ ფიქრობ, რამდენი წლის გახდა პინგვინი?..
  • რა საჩუქრები იქნება ყუთებში? ვინ რას აჩუქებდა?

მნიშვნელოვანია, ილუსტრაციის პირველივე წარდგენისას გამოვკვეთოთ აქ შერჩეული საგნები და მათი დასახელებისას ხაზგასმით დავმარცვლოთ პირველ ფოტოზე ცალკე გამოყოფილი თითოეული სიტყვა და დამარცვლითვე გავამეორებინოთ მოსწავლეებსაც. სიტყვების დამარცვლა უკვე ათვისებული კომპეტენციაა და ამაზე ამ მონაკვეთში დიდი დროც არ დაიხარჯება.

(ამ და სხვა აქტივობების დაწვრილებით აღწერები აქ არაა წარმოდგენილი და მხოლოდ იდეებია მოწოდებული. ცხადია, ეს იდეები სხვადასხვაგვარად შეიძლება გაიშალოს სხვადასხვა საკლასო ოთახში. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ უფრო მეტი ყურადღება და დრო დასჭირდებათ იმ მოსწავლეებს, რომელთათვისაც ქართული არაა მშობლიური ენა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სამიზნე ბგერათაგან ერთის —  — ზუსტად აღქმა და წარმოთქმა უჭირთ ხოლმე ენის შემსწავლელებს და ერევათ მსგავსი ჟღერადობის ბგერებში — ბ,ფ.)

 

II და III ფოტოები

მეორე ფოტოზე უკვე მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჯგუფებული საგნებია.

როგორც წინა მონაკვეთების განხილვისას, ამ დროსაც უკვე მიზანმიმართულად გადავანაწილებთ ჩვენ მიერ შერჩეული სიტყვების სურათებს წინასწარ მომზადებულ სქემაში —  დავყოფთ სიტყვებს მარცვალთა რაოდენობის მიხედვით.

რადგან ასეთ აქტივობაში ბავშვები უკვე ნავარჯიშები არიან, მათი როლი შედარებით აქტიური იქნება. შესაძლებელია, ჯგუფებშიც დავურიგოთ სქემები და სურათები და ვთხოვოთ დავალების შესრულება და შემდეგ ნამუშევრების პრეზენტაცია.

როგორც ვიცით, საგრძნობლად ეხმარება ბევრ ბავშვს მე-2 სურათზე ასახული რესურსები — მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჭრილი სურათები. მესამე სურათზე კი უკვე ,,დაუჭრელი” ნახატებია წარმოდგენილი.

მარცვლებზე ყურადღების კიდევ ერთხელ შეჩერება, ერთი მხრივ, გამეორება-განმტკიცებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ, ბგერებზე ვარჯიშისთვისაც ვემზადებით.

IV-V ფოტოები

მე-4 ფოტოზე წარმოდგენილ საგნებზე ვარჯიშით ჩვენ სიტყვების ბგერებად დაშლაში ვწაფავთ ბავშვებს.

ეს სიტყვებია: რქა, რკო, ჟოლო, რუკა, ნესვი, პანდა, ოფოფი, ნაყინი, რობოტი. შევაფასოთ ეს სიტყვები სირთულის მიხედვით: შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაა რთული სიტყვები ადვილია მათი ბგერებად დაშლაც და ბგერა-ბგერა ნათქვამი ამ სიტყვების ამოცნობა, გამთლიანება მოსწავლეების მიერ. აქ ერთგვარად უფრო გათვალსაჩინოებულია და ნახატები დაჭრილია ბგერათა რაოდენობის მიხედვით. ზედა ზოლებში ნაჩვენებია ბგერათა და მარცვალთა რაოდენობა. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რომ ორმარცვლიან სიტყვაში შეიძლება იყოს ოთხი ბგერაც და ხუთიც. ან სამმარცვლიან სიტყვაში შეიძლება იყოს ხუთი ბგერაც ექვსიც.

(აქ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეთა არითმეტიკული კომბინაციები, თუმცა, ვფიქრობ, ვთანხმდებით, რომ ათის ფარგლებში თვლა სკოლამდელი ასაკის კომპეტენციაა.)

ამ ნაწილისთვის სასარგებლო სავარჯიშოების ნიმუშები წინა წერილებში გვაქვს აღწერილი და აქ აღარ გავიმეორებთ.

ქვემოთ, მეხუთე სურათზე უკვე დაუჭრელი ნახატებია შეთავაზებული:

VI-VII ფოტოები

მეექვსე ფოტოზე სიტყვები პირველი ბგერის მიხედვითაა შეთავაზებული. რასაკვირველია, ამ სლაიდის/პოსტერის პრეზენტაციისას მასწავლებელი ჯერ თვითონ დამარცვლავს და ბგერებად დაშლის სიტყვებს, შემდეგ იმავეს გააკეთებინებს მოსწავლეებს.

მეშვიდე ფოტოზე კი უკვე ვიზუალიზებულია სამიზნე ბგერები:

VIII-XIII ფოტოები

მერვე ფოტოზე ჩვენ ვაგრძელებთ წინა წერილში დაწყებულ მუშაობას — ხმოვნისა და თანხმოვნის გამიჯვნას. მასწავლებელი აქაც თითოეული სიტყვის ბგერა-ბგერა წარმოთქმისას გაგრძელებებით ამბობს შემხვედრ ხმოვნებს. აქვე განმარტავს, რომ ხმოვნები წარდგენილ პოსტერზე განსხვავებული (მწვანე) ფირითაა გამოკვეთილი.

აქვეა შემოთავაზებული ხმოვანთა ვიზუალური გამოსახულებებიც, რომლებიც უკვე შევთავაზეთ წინა სასწავლო მონაკვეთში:

  • არის მარცხნივ და ოდნავ ზემოთ მიმართული ღია რგოლი;
  • არის მარცხნივ მიმართული ღია რგოლი;
  • არის დაბლა მიმართული ღია რგოლი;
  • არის დაბლა მიმართული ორთავიანი ღია რგოლი;
  • არის მარცხნივ მიმართული ორთავიანი ღია რგოლი.

მეცხრე ფოტოზე ბგერებად დაშლილ სიტყვებში გამოკვეთილია  ხმოვნები და თანხმოვნები:

მეათე ფოტოზე ბგერებით მარცვლების შედგენაზე ვარჯიშია. სათანადო ახსნის შემდეგ ბავშვებმა შემდეგი მარცვლები უნდა ამოიცნონ, ,,ამოიკითხონ” თითოეული სვეტის მიხედვით:

  • პა-პე-პი-პო-პუ
  • ნა-ნე-ნი-ნო-ნუ
  • ჟა-ჟე-ჟი-ჟო-ჟუ
  • რა-რე-რი-რო-რუ
  • რა-რე-რი-რო-რუ

მეთერთმეტე ფოტოზეც მარცვლების შედგენაში ვარჯიშია, სადაც წყვილსვეტებში შემდეგი მარცვლები იკითხება:

  • ნა-პა-ჟა-რა
  • ნე-პე-ჟე-რე
  • ნი-პი-ჟი-რი
  • ნო-პო-ჟო-რო
  • ნუ-პუ-ჟუ-რუ

მეთორმეტე ფოტოზეც ორბგერიან მარცვლებს ვადგენთ, ოღონდ ჯერ ხმოვანი იქნება, შემდეგ — თანხმოვანი:

  • ან-აპ-აჟ-არ
  • ენ-ეპ-ეჟ-ერ
  • ინ-იპ-იჟ-ირ
  • ონ-ოპ-ოჟ-ორ
  • უნ-უპ-უჟ-ურ

მეცამეტე ფოტოზე დაკვირვებით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზრონ, რომ სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიცაა. საინტერესოა, აღმოაჩენენ თუ არა ბავშვები ერთბგერიან მარცვლებს…

XIV ფოტო

მეთოთხმეტე ფოტოზე გარკვეულწილად სიახლეა წარმოდგენილი ჩვენი პირველკლასელებისთვის: წინადადებაში სიტყვების გამოკვეთა. პოსტერის ჩვენებისას მასწავლებელი ხმამაღლა იმეორებს წინადადებებს და თითოეული სიტყვის წარმოთქმისას ხელს ადებს შესაბამის სიმბოლო-მართკუთხედს:

  • ნავი ზღვაშია.
  • რაკეტა ცაში მიფრინავს.
  • ტორტზე სანთელი ანთია.
  • მაგიდაზე აწყვია პანტა, ნიორი, რკო, ტორტი, პომიდორი, ჟოლო, ნაყინი, პური.

XV-XVI ფოტოები

მეთხუთმეტე და მეთექსვმეტე ფოტოები კი უკვე კარგად ნაცნობია ბავშვებისთვის. ბარათების გადანაწილებით ბგერების შესატყვისი ასოების საჭირო ადგილსაც დაიმახსოვრებენ არაცნობიერად ქართული ანბანის ოთხხაზიან ბადეში. ამასთან, ამ შემთხვევაში სიტყვის საწყისი ასოს შესაბამისი ბარათი ,,თავის ადგილზეა” მოთავსებული ამ ბადეში.

XVII-XX ფოტოები

მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე ფოტოების მიხედვით კვლავ წერის საწყისი უნარების განვითარებაა გათვალისწინებული, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, კიდევ ერთხელ განმტკიცდება სიტყვებში ბგერების ამოთვლის ახალშეძენილი უნარი. ადვილად ვხვდებით, რომ ამ შემთხვევაში უკვე განსხვავებული, შედარებით მოზრდილი რკალი უნდა მოხაზონ ბავშვებმა.

მეცხრამეტე და მეოცე ფოტოების მიხედვით კი ბგერების გაფერადება მოითხოვება, ოღონდ უკვე ხმოვანიც უნდა გამოჰყოს მოსწავლემ სხვა ბგერებისგან და იგი მწვანედ უნდა გააფერადოს. ამასთან, ამ რესურსის დამზადება-გადატანა ბუკშიც კარგი იქნება, სადაც უკვე ფერებს ჩაასხამენ ბავშვები და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაშიც გავარჯიშდებიან.

XXI-XXII ფოტოები

ოცდამეერთე და ოცდამეორე ფოტოებზე ასახულ აქტივობებსაც შეჩვეული უნდა იყვნენ ჩვენი პირველკლასელები, როდესაც ნახატ-წარწერიან ბარათებს აკავშირებენ შესაბამის წარწერებთან.

XXIII, XIV და XXV ფოტოები

 

ოცდამესამე ფოტოს მიხედვით წარმოდგენილი დავალება ასევე ნაცნობია ჩვენი პირველკლასელებისთვის — საწყისი ბგერის მიხედვით სურათების გადაჯგუფება სვეტებში. როგორც წინა წერილებში აღვნიშნეთ, შეგვიძლია ისეთი ნახატებიც შევთავაზოთ ბავშვებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ გააქტიურებულა.

ოცდამეოთხე ფოტოზე მოცემული დავალების მსგავსიც შევთავაზეთ ბავშვებს წინა წერილში:

ოცდამეხუთე ფოტოზე ნაჩვენებია დავალება, რომლის შესასრულებლადაც მოსწავლეებმა სურათებს უნდა შეუსაბამონ წარწერები. ამის გამოცდილებაც აქვთ უკვე ჩვენს პირველკლასელებს, რაც წინა წერილებში უკვე აღწერილია.

 

ბოლოს, ტრადიციული ამ სასწავლო მონაკვეთის გამამთლიანებელი დავალება: ბავშვები მცირე ჯგუფებში მუშაობენ, რათა დაამზადონ საწყისი ილუსტრაციის მსგავსი აპლიკაცია ,,პინგვინის დაბადების დღე” შეთავაზებული რესურსების (ფერადი ფურცლები, გამოჭრილი ფიგურები, წარწერებიანი ბარათები, რეალური საგნები, ფერადი ფანქრები…) გამოყენებით. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ამ დავალებას სათანადო მომზადება დასჭირდება, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ სათანადო რაოდენობის ფიგურები, ნახატები… ამ დავალების შესრულება სასარგებლო იქნება ციფრულადაც. კარგი იქნება დი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“