სამიზნე ჯგუფი: III-IV კლასი
საგნები: ქართული ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება, ფიზკულტურა.
გაკვეთილის მიზნები:
- მოსწავლეები გაეცნობიან შემოდგომის ბუნებრივ ცვლილებებს (ფოთლების ცვენა, ამინდი, მოსავალი).
- განვითარდება ხელოვნებისა და ხელნაკეთობის უნარები.
- ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის გაძლიერება.
- გარე აქტივობების ხელშეწყობა.
სასურველია, მოვაწყოთ ექსკურსია პარკში ან სკოლის ეზოში, სადაც მოსწავლეები შეაგროვებენ ფოთლებს, ნაყოფს და აკვირდებიან ბუნებას.
ბუნებისმეტყველება: ფოთლების კლასიფიკაცია (ფერის, ფორმის, ზომის მიხედვით).
მათემატიკა: ფოთლების ან ნაყოფის დათვლა, გრაფიკის შედგენა (მაგ., „რამდენი წითელი/ყვითელი ფოთოლი ვიპოვეთ“).
ხელოვნება: ფოთლებით ხელნაკეთობების დამზადება (კოლაჟი, ფოთლების ცხოველები).
ფიზკულტურა: თამაში „ფოთლების რბოლა“ (ფოთლების შეგროვება გუნდურად).
- შესავალი (5 წუთი)
აქტივობა: „შემოდგომის სიტყვების ქარიშხალი“
მასწავლებელი ეკითხება: „რა ასოციაციები გაქვთ სიტყვა ‘შემოდგომასთან’?“
მოსწავლეები სათითაოდ ან ჯგუფებად ამბობენ სიტყვებს (მაგ.: ფოთლები, წვიმა, ფერები, ქარი).
მასწავლებელი წერს სიტყვებს დაფაზე, ქმნის „სიტყვების ღრუბელს“.
მხიარული ელემენტი: თუ მოსწავლე ამბობს საინტერესო სიტყვას, მასწავლებელი „ფოთლის“ სტიკერს აძლევს (ან ქულას).
- ძირითადი ნაწილი
ა) ტექსტის კითხვა – „შემოდგომის ფოთლები“ (უცნობი ავტორი)
მასწავლებელი კითხულობს მოთხრობას – ,,შემოდგომის ფოთლები’’ , მოსწავლეები იმახსოვრებენ სიტყვებს, რომლებიც შემოდგომასთან არის დაკავშირებული და პატარა ფურცლებზე ჩაწერენ.
დადგა შემოდგომა და ფოთლებმა ძალიან მოიწყინეს, ჯერ ერთი მოსწყდა თავის ალაგს, მერე მეორე, ქარმა ისინი სხვადასხვა მხარეს გადაისროლა და მიწაზე მოათავსა. ხეზე დარჩენილები კანკალით ელოდნენ თავიანთ აღსასრულს, არ უნდოდათ დედა-ხესთან განშორება, ამიტომ მონდომებით ეკვროდნენ ტოტებს, მაგრამ შემოდგომის ქარი რის ქარია, თუ ისე არ დაუბერა, რომ ფოთლები იქით-აქეთ არ მოისროლა, ცოტა არ წაითამაშა! გინახავთ, ალბათ, როგორ მიარბენინებს ქარი ფოთოლს, ხან იქით მიაგდებს, ხან აქეთ, თითქოს ფეხბურთს თამაშობსო.. მართლაც, ახლაც მიეხალა ხეს და სულ სათითაოდ დააწყვიტა ფოთლები, დაატრიალა, დაატრიალა და ისინიც მიწას დაანარცხა, ნეშომპალად უნდა იქცნენ და მიწა გაანოყიერონო. ქალაქშიც აათამაშა ქარმა ფოთლები, რიგ-რიგად დააწყო, შარიშური გააქვს ფოთლებს გამვლელების ფეხქვეშ ასფალტზე, დილით მეეზოვე ცოცხით მოხვეტს და ურნაში გადაუძახებს, მერე ქალაქის დასუფთავების სამსახურის მანქანები ჩამოუვლიან ურნებს და ფოთლებს ქალაქგარეთ გაიტანენ, მიწას ჩაეხვევიან იქაც ფოთლები, შეეზრდებიან, ნეშომპალად იქცევიან, გაანოყიერებენ. მაგრამ განა ყველა ფოთოლს ეს ბედი ეწევა?
თინა მასწავლებელმა დღეს ბავშვები ქალაქის მთავარ პარკში გაიყვანა, შემოდგომის ფოთლები შევაგროვოთო. დინარამ ყველაზე დიდი ფოთოლი იპოვა, თინა მასწავლებელს მიურბენინა, – ნახეთ, რამხელა ფოთოლი ვიპოვეო, – ნეკერჩხლისააო, – აუხსნა მასწავლებელმა, შოთიკომ ქაღალდის პარკი ალვის ხის ფოთლებით აავსო, ყველაზე ძალიან ისინი მოეწონა, ბურთივით მრგვალები არიანო, რამდენიმე ვერხვის ფოთოლიც მიამატა. სხვებმაც უხვად დაიმშვენეს ხელები აკაციის, ცხენის წაბლის, ჭადრის, მუხის, არყის ფოთლებით. წიწვოვანი ხეები – ნაძვი, ფიჭვი, კვიპაროსიც მრავლად დგას ამ ბაღში, მაგრამ ისინი ხომ მარადმწვანეა, ამიტომაც ბავშვებმა მხოლოდ ფერად-ფერადი გამხმარი ფოთლები შეაგროვეს, ზოგი ისევ მწვანე დარჩენილიყო, ზოგს ყვითელი შერეოდა, ზოგსაც წითელი შეფერილობა მიეღო, მათ შორის მოყავისფრონიც იყვნენ, ცხენის წაბლის ქურქებიც გამოაყოლეს ხელს, ზღარბუნიებს რომ ჰგვანან, იქვე გამხმარი ბალახიც მიგლიჯ-მოგლიჯეს და სკოლაში დაბრუნდნენ. დღეს ხელგარჯილობის გაკვეთილი აქვთ. ბავშვებმა წინ დაილაგეს ფოთლები და დიდხანს გულდასმით ათვალიერეს, ამათგან რა უნდა გავაკეთოთო. მალე პატარა ხელებმა ნაირ-ნაირი სურათები შექმნეს, ზოგმა მელაკუდა გააკეთა წითელი ფოთლებით, ზოგმა – მამალი, ათასფერი ბოლოთი, ზოგმა – გოგონა, სოკოებით სავსე კალათით, შოთიკომ თავის სურათზე ბურთებით მოთამაშე ბიჭუნები დახატა. ვისაც როგორი ფანტაზია აქვს, ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ამისთვის წებო, მაკრატელი და მუყაოს ფურცლებიც დასჭირდათ ბავშვებს, ყველაზე მეტად კი, თინა მასწავლებლის რჩევები გამოადგათ. თავიანთი სურათები ბავშვებმა სკოლის დერეფანში გამოკიდეს, რომ ყველას ენახა, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა შემოდგომის ფოთლებისგან. ფოთლებსაც ძალიან მოეწონათ ასეთი გარდასახვა, მათ ხომ ბავშვებმა ახალი სიცოცხლე შესძინეს.
პატარებო და დიდებო, სცადეთ, იქნებ თქვენც გამოიხმოთ თქვენი ფანტაზია და თქვენივე ხელით შექმნათ სურათები ათასნაირი პეიზაჟებით. გაახაროთ თქვენი ახლობელი ადამიანები!
კითხვები:
-
-
- რა განწყობა გქონდათ ამ ამბის მოსმენისას?
- რომელი სიტყვა მოგეწონათ ყველაზე მეტად? რატომ?
-
ბ) ლექსიკაზე მუშაობა
აქტივობა: „შემოდგომის სიტყვების ხე“
მოსწავლეები ჯგუფებად იყოფიან. თითოეულ ჯგუფს ეძლევა „ხის“ მაკეტი (ქაღალდზე ან დაფაზე).
ამოცანა: დაწერონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა, რომელიც შემოდგომას უკავშირდება (ზედსართავები, არსებითი სახელები, ზმნები).
მხიარული ელემენტი: ყველაზე „ფერადი“ ხის მქონე ჯგუფი იგებს „შემოდგომის გვირგვინს“ (ქაღალდისგან ან სიმბოლურად).
გ) შემოქმედებითი წერა
აქტივობა: „ჩემი შემოდგომის თავგადასავალი“
-
- მოსწავლეები წერენ მოკლე (4-5 წინადადება) ამბავს, სადაც მთავარი გმირი შემოდგომის ტყეში მოგზაურობს.
- მასწავლებელი აძლევს დასაწყის ფრაზას: „ერთ მშვენიერ შემოდგომის დღეს…“
- მხიარული ელემენტი: მოსწავლეებს შეუძლიათ, თავიანთი ამბავი გააფერადონ ფანტაზიით (მაგ.: საუბრობდნენ ფოთლებთან, შეხვდნენ ჯადოსნურ ციყვს).
- რამდენიმე მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს თავის ამბავს.
დასკვნა
აქტივობა: „შემოდგომის სურვილების ფოთოლი“
-
- თითოეული მოსწავლე იღებს ქაღალდის ფოთოლს, წერს მასზე ერთ სურვილს ან შემოდგომის თემაზე წინადადებას (მაგ.: „მინდა, შემოდგომა ყოველთვის ფერადი იყოს!“).
- ფოთლებს აკრავენ კლასის „შემოდგომის ხეზე“ (დაფაზე ან კედელზე).
- მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს: „შემოდგომა არა მხოლოდ ფერადი, არამედ შემოქმედებითი სეზონია!“