ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026
5 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2026

PPP მოდელი მუსიკის სწავლა-სწავლების პროცესში

XXI საუკუნის განათლება მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. თანამედროვე სკოლა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის გადაცემით.  მისი მთავარი მიზანია ისეთი მოსწავლის აღზრდა, რომელსაც შეუძლია მიღებული ცოდნის გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება, პრობლემების გადაჭრა, შემოქმედებითი აზროვნება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.  თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლებას, აქტიურ სასწავლო გარემოსა და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს.

მუსიკალური განათლება თანამედროვე სკოლაში მხოლოდ სიმღერის სწავლას ან მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენას აღარ გულისხმობს. იგი წარმოადგენს მრავალმხრივ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც ავითარებს შემოქმედებით,  კრიტიკულ აზროვნებას, ემოციურ ინტელექტს, თანამშრომლობასა და  კულტურულ ცნობიერებას. მუსიკის გაკვეთილზე მოსწავლე ისმენს და აღიქვამს მუსიკას,  აანალიზებს, ადარებს, აფასებს, ქმნის და საკუთარ იდეებს სხვადასხვა მუსიკალური ფორმით გამოხატავს.

ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტები ეფუძნება კომპეტენციებზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას, მრავალფეროვან სასწავლო გამოცდილებას, რეალურ კონტექსტებთან დაკავშირებულ ამოცანებსა და კომპლექსურ-შემოქმედებითი დავალებების შესრულებას, რომელიც აერთიანებს ცოდნას, პრაქტიკულ საქმიანობას, შემოქმედებითობასა და რეფლექსიას.

თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპის მიხედვით, ცოდნა მოსწავლეს მზა სახით არ გადაეცემა. იგი თავად აგებს საკუთარ ცოდნას წინარე გამოცდილების, ახალი ინფორმაციის, პრაქტიკული მოქმედებისა და რეფლექსიის საფუძველზე. სწორედ ამ იდეას ეფუძნება სწავლების კონსტრუქტივისტული თეორია, რომლის მიხედვითაც მასწავლებლის მთავარი ფუნქცია ცოდნის გადაცემა კი არ არის, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე ეტაპობრივად მიდის დამოუკიდებელ ცოდნამდე.

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარაჩოს, სკაფოლდინგის  პრინციპს, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მხარდაჭერას სწავლების საწყის ეტაპებზე და ამ მხარდაჭერის თანდათანობით შემცირებას მისი დამოუკიდებლობის ზრდის პარალელურად. შესაბამისად, სწავლების ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ იმაზეც, რამდენად თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ვითარდება მოსწავლის კოგნიტიური აქტივობა.

მუსიკის სწავლების პროცესში აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კომპლექსურ-შემოქმედებითი  დავალებების შესრულებისას. სწავლება იწყება მარტივი წინასაეტაპო აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავს მუსიკალური აღქმის, დაკვირვების, ემოციური რეაგირებისა და ასოციაციური აზროვნების განვითარებას. თითოეული მომდევნო აქტივობა ეფუძნება წინა გამოცდილებას და თანდათან ზრდის როგორც კოგნიტიურ, ისე შემოქმედებით სირთულეს. ამგვარი თანმიმდევრული განვითარება ქმნის იმ კოგნიტიურ „ხარაჩოს“, რომელიც მოსწავლეს საბოლოოდ დამოუკიდებელი მუსიკალური ინტერპრეტაციისა და კომპლექსურ-შემოქმედებითი  დავალების შესრულების შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ წინასაეტაპო აქტივობების მიზანი მხოლოდ მოსწავლის მომზადება არ არის. ისინი მასწავლებლისთვის შეფასების მნიშვნელოვან ინსტრუმენტსაც წარმოადგენს. ეტაპობრივად მცირდება მასწავლებლის მხარდაჭერა და იზრდება მოსწავლის დამოუკიდებლობა. სწორედ ბოლო წინასაეტაპო აქტივობებში ვლინდება, რამდენად შეუძლია მოსწავლეს, დამოუკიდებლად აღიქვას მუსიკალური ნაწარმოების გამომსახველობითი საშუალებები, დაამყაროს კავშირი მუსიკასა და რეალურ მოვლენებს შორის, გამოხატოს საკუთარი ემოციური გამოცდილება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი ინტერპრეტაცია. სწორედ ამ ეტაპზე ხდება შესაძლებელი, შეფასდეს მოსწავლის მზაობა შემოქმედებითი  დავალების დამოუკიდებლად შესასრულებლად.

შემოქმედებითი  დავალებების შესრულებისას შეფასების მთავარი კრიტერიუმი არ არის ერთი წინასწარ განსაზღვრული „სწორი“ პასუხის პოვნა.  მუსიკალური აღქმის ინდივიდუალური ხასიათიდან გამომდინარე, სხვადასხვა მოსწავლემ შეიძლება ერთი და იგივე მუსიკალური ნაწარმოები განსხვავებულ ბუნებრივ მოვლენებთან, ემოციებსა თუ წარმოსახვით სახეებთან დააკავშიროს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს არა პასუხის იდენტურობა, არამედ მოსწავლის უნარი, მუსიკალური გამომსახველობითი საშუალებებისა და პირადი გამოცდილების საფუძველზე არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი ინტერპრეტაცია. სწორედ არგუმენტირებული მსჯელობა წარმოადგენს მოსწავლის მუსიკალური აზროვნების განვითარების მნიშვნელოვან ინდიკატორს.

მესამე კლასში ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილზე მოსწავლეებს აჩვენეს ველური ბუნების ამსახველი ვიდეო, რომელშიც დომინირებდა მთიანი ლანდშაფტი, მცხუნვარე მზე და ხელშეუხებელი გარემო. დავალება ითვალისწინებდა ნანახის დაკავშირებას სამ ფერთან – მწვანესთან, ყვითელთან ან წითელთან – და არჩევანის დასაბუთებას. მოსწავლეთა უმრავლესობამ ბუნება მწვანე ფერს დაუკავშირა, მაგრამ ერთმა ყვითელი აირჩია და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „იმდენად მცხუნვარე მზეა, რომ მალე ყველაფერი გახმება და მწვანე კი არა, ყვითელი იქნება“. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ერთი შეხედვით მოულოდნელი პასუხიც არ არის შეცდომა, თუ ის ლოგიკურ მიზეზშედეგობრივ მსჯელობას ეფუძნება. ასეთი შემთხვევები ადასტურებს, რომ კომპლექსურ დავალებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა პასუხების ერთგვაროვნებას, არამედ მოსწავლის არგუმენტირებულ მსჯელობას.

მასწავლებლის პროფესიონალიზმი მაშინ ვლინდება, როდესაც იგი აფასებს არა იმას, რამდენად ემთხვევა მოსწავლის პასუხი მის მოლოდინს, არამედ იმას, რამდენად საფუძვლიანად შეუძლია მოსწავლეს საკუთარი აზრის დასაბუთება. ასეთ გარემოში განსხვავებული აზრი აღარ არის დაცინვის საბაბი – ის სწავლისა და საერთო აღმოჩენის შესაძლებლობად იქცევა.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სასწავლო მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფს ცოდნის ეტაპობრივ და ლოგიკურ განვითარებას ახალი მასალის გაცნობიდან დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობამდე. ერთი მათგანია PPP (Presentation–Practice–Production) მოდელი, რომელიც თავდაპირველად ფართოდ გამოიყენებოდა უცხო ენების სწავლების მეთოდიკაში, თუმცა მისი პრინციპები შეიძლება ეფექტურად ინტეგრირდეს მუსიკის სწავლებაშიც, რადგან იგი ქმნის ლოგიკურ გზას ახალი გამოცდილების მიღებიდან პრაქტიკულ გამოყენებამდე და საბოლოოდ – შემოქმედებითი პროდუქტის შექმნამდე.

საქართველოს ზოგადი განათლების განახლებული მიდგომები, განსაკუთრებით  შემოქმედებითი  დავალებების კონცეფცია, ასევე ეფუძნება მოსწავლის აქტიურ ჩართულობას, კვლევასა და საბოლოო პროდუქტის შექმნას. ამ თვალსაზრისით PPP მოდელი ბუნებრივად ეხმიანება თანამედროვე მუსიკის სწავლების მიზნებს და ქმნის შესაძლებლობას, მოსწავლემ არა მხოლოდ შეისწავლოს მუსიკა, არამედ საკუთარი გამოცდილებითაც გაიაზროს და შემოქმედებითად გამოიყენოს.

თემის გაცნობა, მოსმენა, დაკვირვება და ახალი ცნების წარდგენა შეიძლება განხილულ იქნეს როგორც Presentation ეტაპი, მრავალფეროვანი პრაქტიკული აქტივობები – როგორც Practice, ხოლო შემოქმედებითი დავალებები, სადაც მოსწავლე ქმნის საკუთარ პროდუქტს, სავსებით შეესაბამება Production ეტაპს. ეს გარემოება განსაკუთრებით საინტერესოა მუსიკის სწავლების მეთოდოლოგიური ანალიზის თვალსაზრისით და აჩვენებს, რომ საერთაშორისო პედაგოგიკური მოდელის ინტეგრირება შესაძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმისა და მოქმედი სახელმძღვანელოების ფარგლებში.

ჩემი მიზანი იყო PPP მოდელის თეორიული საფუძვლების გაანალიზება და მისი გამოყენების შესაძლებლობების წარმოჩენა მუსიკის სწავლების პროცესში დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში).

დასახული ამოცანებია:

  1. სწავლების თანამედროვე მიდგომების მიმოხილვა;
  2. PPP მოდელის წარმოშობისა და განვითარების განხილვა;
  3. მის უპირატესობათა ანალიზი;
  4. საქართველოს მუსიკის სახელმძღვანელოებთან შესაბამისობის წარმოჩენა;
  5. პრაქტიკული მაგალითების შეთავაზება თითოეული კლასისთვის.

სიახლე ის არის, რომ PPP მოდელი განიხილება არა მხოლოდ როგორც ზოგადი პედაგოგიკური სტრუქტურა, არამედ როგორც მუსიკის სწავლებისთვის ადაპტირებული მეთოდოლოგიური ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ეტაპობრივ ტრანსფორმაციას მუსიკალურ გამოცდილებად, პრაქტიკულ უნარებად და დამოუკიდებელ შემოქმედებით პროდუქტად.

PPP მოდელის გაცნობის შემდეგ გაჩნდა კითხვები:

  1. როგორ შეიძლება PPP მოდელის დანერგვა სასკოლო მუსიკალურ განათლებაში და რა სპეციფიკური პედაგოგიური ფუნქციები შეიძლება შეესაბამებოდეს მის ტრადიციულ ეტაპებს მუსიკის სწავლების კონტექსტში?
  2. როგორ შეიძლება შემოქმედებითი დავალებების შესრულებისას მოსწავლის თანდათანობით ინტეგრირება ადაპტირებულ PPP სტრუქტურაში?
  3. როგორ შეიძლება, შემოთავაზებულმა პედაგოგიურმა ჩარჩომ გაითვალისწინოს მოსწავლეთა განვითარების განსხვავებები I-VI კლასებში?
  4. როგორ შეიძლება ადაპტირებული პედაგოგიური ჩარჩოს გამოყენების შესაძლებლობის დემონსტრირება სასკოლო მუსიკალური განათლების განსხვავებულ თემატურ კონტექსტებში?

PPP მოდელის ღირებულება მუსიკის სწავლა-სწავლების პროცესში  განისაზღვრება არა მისი სამეტაპიანი სტრუქტურით, არამედ იმით, რომ იგი ქმნის თანმიმდევრულ პედაგოგიურ გარემოს, სადაც ცოდნა თანდათან გარდაიქმნება მუსიკალურ გამოცდილებად, გამოცდილება – გააზრებულ უნარად, ხოლო უნარი –  შემოქმედებით თვითგამოხატვად; აერთიანებს კონსტრუქტივიზმის, ვიგოტსკის განვითარების ზონისა და ხარაჩოს პრინციპის, ბლუმის და სოლო ტაქსონომიების,  შეფასებისა და ჰუმანისტური პედაგოგიკის ძირითად იდეებს ერთიან სასწავლო პროცესში.

მუსიკის სწავლა-სწავლების პროცესში PPP მოდელი განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს იმით, რომ ბუნებრივად ემთხვევა საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემოქმედებითი დავალებების ლოგიკას: წინასაეტაპო აქტივობები ქმნის ცოდნისა და უნარების საფუძველს, ხოლო Produce ეტაპი მოსწავლის დამოუკიდებელი, არგუმენტირებული შემოქმედებითი პროდუქტის შექმნით სრულდება.

PPP მოდელის ძირითადი იდეა ეფუძნება მოსწავლის სწავლის პროცესის სამ საფეხურად ორგანიზებას:

  • Presentation (წარდგენა/პრეზენტაცია) — ახალი ცოდნის, ცნების, უნარის ან მასალის გაცნობა;
  • Practice (პრაქტიკა) — მიღებული ცოდნის განმტკიცება სხვადასხვა აქტივობის საშუალებით;
  • Production (პროდუქტი/შემოქმედებითი გამოყენება) — მოსწავლის მიერ დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა, სადაც იგი მიღებულ ცოდნას ახალ სიტუაციაში იყენებს.

PPP მოდელში ეს პრინციპი შემდეგნაირად ვლინდება:

PPP ეტაპი მოსწავლის როლი მასწავლებლის როლი
Presentation აკვირდება, უსმენს, აანალიზებს, სვამს კითხვებს ქმნის საგანმანათლებლო სიტუაციას, წარადგენს ახალ მასალას
Practice ასრულებს აქტივობებს, შეცდომებზე სწავლობს აძლევს უკუკავშირს, ეხმარება უნარის განვითარებაში
Production ქმნის ახალ მუსიკალურ პროდუქტს, გამოხატავს საკუთარ იდეას აფასებს პროცესს და ხელს უწყობს შემოქმედებითობას

 

PPP მოდელისა და შემოქმედებითი დავალების შესაბამისობა:

PPP მოდელის ეტაპი შემოქმედებითი  დავალების ეტაპი მუსიკის გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობები
Presentation (წარდგენა) წინარე ცოდნის გააქტიურება და ახალი საკითხის აღმოჩენა მუსიკის მოსმენა, დისკუსია, კითხვების დასმა, მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი
Practice

(პრაქტიკა)

ცოდნისა და უნარების განვითარება აქტივობების შესრულება
Production (პროდუქტის შექმნა) დავალების საბოლოო შედეგი პრეზენტაცია, შემოქმედებითი პროექტი

PPP მოდელის მთავარი ღირებულება ის არის, რომ იგი თანდათან ზრდის მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხს.

პირველ ეტაპზე მასწავლებელი ქმნის სასწავლო სიტუაციას, სთავაზობს მოსწავლეებს მუსიკალურ მასალას და ეხმარება ახალი ცოდნის აღმოჩენაში.

მეორე ეტაპზე მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ მიღებული ცოდნის გასამყარებლად. ამ დროს მნიშვნელოვანია ექსპერიმენტი, შეცდომის დაშვების შესაძლებლობა და მრავალფეროვანი პრაქტიკული აქტივობები.

მესამე ეტაპზე მოსწავლე გადადის დამოუკიდებელ შემოქმედებით მოქმედებაზე,  თავად ქმნის პროდუქტს და ავლენს საკუთარ მუსიკალურ აზროვნებას.

PPP მოდელის ეტაპები ასევე შეიძლება დავუკავშიროთ ბლუმის  ტაქსონომიას:

PPP ეტაპი ბლუმის კოგნიტიური დონეები
Presentation დამახსოვრება, გაგება
Practice გამოყენება, ანალიზი, შეფასება
Production შეფასება, შექმნა

ბლუმის ტაქსონომია შემოთავაზებულ PPP მოდელში  ფუნქციონირებს როგორც დამატებითი ანალიტიკური მიდგომა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კონკრეტულ მუსიკალურ აქტივობებსა და შემოქმედებით დავალებებში ჩართული კოგნიტიური პროცესებისა და მათი სირთულის გაანალიზება.

SOLO ტაქსონომია ავსებს ბლუმის ტაქსონომიას იმით, რომ ყურადღებას ამახვილებს სწავლის შედეგის სტრუქტურულ სირთულესა და მოსწავლის გაგების ხარისხობრივ განვითარებაზე. ტაქსონომია მოიცავს ხუთ დონეს: პრესტრუქტურულს, უნისტრუქტურულს, მულტისტრუქტურულს, მიმართებითსა და  აბსტრაქტულს.

მუსიკის განათლებაში SOLO ტაქსონომიის გამოყენება შესაძლებელია იმის აღსაწერად, თუ როგორ ვითარდება მოსწავლის გაგება ცალკეული მუსიკალური მახასიათებლის ამოცნობიდან სხვადასხვა ელემენტს შორის ურთიერთკავშირის გააზრებამდე და საბოლოოდ – მიღებული ცოდნისა და გაგების ახალ კონტექსტში გადატანამდე.

მაგალითად, მოსწავლემ თავდაპირველად შესაძლოა მხოლოდ ტემპის მახასიათებელი ამოიცნოს და მუსიკა დაახასიათოს როგორც სწრაფი ან ნელი (უნისტრუქტურული დონე). მომდევნო ეტაპზე მან შესაძლოა ცალ-ცალკე ამოიცნოს რამდენიმე მუსიკალური მახასიათებელი, მაგალითად, ტემპი, დინამიკა და რიტმი (მულტისტრუქტურული დონე). უფრო განვითარებულ ეტაპზე მოსწავლე უკვე შეძლებს იმის ახსნას, როგორ ურთიერთქმედებს ეს ელემენტები ერთმანეთთან და როგორ მონაწილეობს მათი ერთობლიობა კონკრეტული მუსიკალური ეფექტის შექმნაში (მიმართებითი დონე). აბსტრაქტული დონის შემთხვევაში კი მოსწავლეს შეუძლია, შეძენილი გაგება ახალ მუსიკალურ კონტექსტში გადაიტანოს და მოიფიქროს ორიგინალური მუსიკალური გადაწყვეტა.

მათი ურთიერთშემავსებელი გამოყენება საშუალებას აძლევს PPP მოდელს, ერთდროულად გაითვალისწინოს მოსწავლის კოგნიტიური აქტივობის ტიპი და მუსიკალური გაგების სტრუქტურული განვითარება.

PPP მოდელი ფასეულია იმით, რომ თითოეული ეტაპი ქმნის მოსწავლის მუსიკალური აზროვნების განვითარების ახალ საფეხურს.

Presentation არ არის მხოლოდ მასწავლებლის მიერ ინფორმაციის მიწოდება – ეს არის აღმოჩენის ეტაპი, როდესაც მოსწავლეს მუსიკალურ მოვლენასთან ურთიერთობის გზით ექმნება პირველი წარმოდგენები.

Practice არ არის მხოლოდ გამეორება – ეს არის გამოცდილების დაგროვების ეტაპი, როდესაც მოსწავლე ცდის, ადარებს, ცვლის, იკვლევს და უვითარდება მუსიკალური უნარები.

Production არ არის მხოლოდ შესრულება – ეს არის შემოქმედებითი ტრანსფორმაციის ეტაპი, როდესაც მოსწავლე მიღებულ ცოდნას საკუთარ იდეად გარდაქმნის.

შემოთავაზებული პედაგოგიური ჩარჩოს გამოყენება შესაძლებელია I-VI კლასებში  თემატური ბლოკის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოსწავლეთა ასაკისა და განვითარების შესაბამის კურიკულურ კონტექსტს. ასეთი თემატური ბლოკები საილუსტრაციო მაგალითებია, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ერთ საერთო მოდელში მოექცეს მუსიკალური, კოგნიტიური, შემოქმედებითი და კომუნიკაციური სირთულის თანდათანობითი ზრდა.

I კლასი

  1. სამყაროს ხმები მუსიკაში
  2. ყოველდღიური საგნები მუსიკაში
  3. თამაშები მუსიკაში

ამ თემატურ კონტექსტებში აქცენტი დაისმის სენსორულ გამოცდილებაზე, ბგერების აღმოჩენასა და კვლევაზე, მიბაძვაზე, მოძრაობაზე, რიტმულ მოქმედებებსა და სტრუქტურირებულ შემოქმედებით არჩევანზე. მოსწავლეებს შეუძლიათ, შეასრულონ ბგერითი მოგზაურობები, ყოველდღიური საგნების გამოყენებით შექმნან მარტივი მუსიკალური კომპოზიციები, ააგონ რიტმული ნიმუშები და მონაწილეობა მიიღონ მუსიკალურ თამაშებში. 

II კლასი

  1. ცხოველები მუსიკაში
  2. ბუნებრივი მოვლენები მუსიკაში
  3. დღესასწაულები შინ და გარეთ

ამ თემების ფარგლებში მოსწავლეები იკვლევენ, თუ როგორ შეიძლება ტემპის, რიტმის, დინამიკის, ტემბრის, რეგისტრის, მოძრაობისა და გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება ცხოველების, ბუნებრივი მოვლენებისა და სადღესასწაულო გარემოს მუსიკალურად წარმოსადგენად. შემოქმედებითი დავალებები ეფუძნება მუსიკალურ წარმოდგენასა და მასწავლებლის მიერ მხარდაჭერილ არჩევანს.

III კლასი

  1. ქალაქისა და სოფლის ხმები
  2. მუსიკალური გასეირნება ქალაქსა და სოფელში
  3. ჩემი ცხოვრების ერთი დღე

ჩამოთვლილი თემები ხელს უწყობს შედარების, თანმიმდევრობის განსაზღვრის, ბგერითი პეიზაჟის შექმნის, მუსიკალური ამბის აგების უნარისა და უფრო მიზანმიმართული მუსიკალური არჩევანის განვითარებას. მოსწავლე უკვე არა მხოლოდ ამოიცნობს და იმეორებს მუსიკალურ ელემენტებს, არამედ მათ გააზრებულ ორგანიზებასაც იწყებს კონკრეტული იდეის გადმოსაცემად.

IV კლასი

  1. მუსიკა და ტელევიზია
  2. მუსიკა და თავისუფალი დრო
  3. მუსიკა და ანიმაცია

ამ თემატურ კონტექსტებში მოსწავლეები იკვლევენ მუსიკისა და ვიზუალური გარემოს ურთიერთკავშირს, განწყობის, ატმოსფეროს, მოქმედებისა და ნარატივის შექმნაში მუსიკის როლს. შემოქმედებითი დავალებები შეიძლება მოიცავდეს მუსიკალური თანხლების შექმნას, კონკრეტული ვიზუალური კონტექსტისთვის შესაბამისი მუსიკალური გადაწყვეტის შერჩევასა და სხვა კონტექსტურ მუსიკალურ რეაქციებს.

V კლასი

  1. მუსიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები
  2. მუსიკა მუნჯ კინოში
  3. მუსიკა დრამატულ და პანტომიმის თეატრში

ამ ეტაპზე მოსწავლეები ეცნობიან უფრო რთულ ურთიერთკავშირებს ტექნოლოგიას, მუსიკას, ვიზუალურ წარმოდგენას, დრამატულ მოქმედებასა და კომუნიკაციას შორის. შემოქმედებითი საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს ციფრული ბგერითი პროექტების შექმნას, აუდიოვიზუალურ კომპოზიციებსა და თეატრალური მოქმედებისთვის მუსიკალური თანხლების შემუშავებას.

VI კლასი

  1. ადამიანის პორტრეტი მუსიკაში
  2. მუსიკა ხმოვან კინოში
  3. ადამიანის თვითგამოხატვის ფორმები: ოპერა, მიუზიკლი და ბალეტი

მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან ინტერპრეტაციაში, შედარებაში, შეფასებაში, კომპოზიციასა და არანჟირებაში. იზრდება მათი შესაძლებლობა, შექმნან მულტიმოდალური შემოქმედებითი პროდუქტი, ახსნან საკუთარი მუსიკალური გადაწყვეტილებები და არგუმენტირებულად დაიცვან შერჩეული შემოქმედებითი მიდგომა.

I-VI კლასებში განვითარების პროგრესი შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს:

I-II კლასები: მუსიკალური გამოცდილება, სენსორული კვლევა, იმიტაცია, მოძრაობა, სტრუქტურირებული არჩევანი, მარტივი ექსპერიმენტირება;

III-IV კლასები: შედარება, ანალიზი, გამოყენება, მუსიკალური ელემენტების გარდაქმნა და მანიპულირება, თანამშრომლობითი პრობლემის გადაჭრა, უფრო კომპლექსურ-შემოქმედებითი დავალებები და მიღებული მუსიკალური გადაწყვეტილებების ახსნა;

V-VI კლასები: ინტერპრეტაცია, შეფასება, კომპოზიცია, არანჟირება, იმპროვიზაცია, დამოუკიდებელი ექსპერიმენტირება, მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება, რეფლექსია.

პედაგოგიური ჩარჩო ეფუძნება ერთმანეთთან დაკავშირებულ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს PPP მოდელის მუსიკალური განათლების კონტექსტში რეკონსტრუქციის მიმართულებას.

  1. კონტექსტური ადაპტაცია

PPP განიხილება როგორც მოქნილი სასწავლო სტრუქტურა,  რომლის პედაგოგიური ფუნქციები რეკონსტრუირდება მუსიკალური სწავლის სპეციფიკური მახასიათებლების შესაბამისად. არ ხდება ინგლისური ენის სწავლებისათვის შემუშავებული პროცედურების მექანიკური გადმოტანა მუსიკის გაკვეთილზე.

  1. აქტიური მუსიკალური მონაწილეობა

მოსწავლეები მუსიკალურ გაგებას ივითარებენ მოსმენით, შესრულებით, მოძრაობით, ექსპერიმენტირებით, ინტერპრეტაციით, იმპროვიზაციით, კომპოზიციით, თანამშრომლობითა და კომუნიკაციით. ამგვარად, მუსიკალური მოქმედება სწავლის პროცესის ცენტრალურ კომპონენტად განიხილება.

  1. ცოდნისა და მოქმედების ინტეგრირება

მუსიკალური ცნებები და ცოდნა გამოიყენება მიზანმიმართული მუსიკალური საქმიანობის პროცესში, განსაკუთრებით – კომპლექსური შემოქმედებითი დავალებების ფარგლებში, რომლებიც მოსწავლეებისგან ცოდნისა და უნარების ინტეგრირებას მოითხოვს.

  1. შემოქმედებითობა როგორც სწავლის განუყოფელი განზომილება

ექსპერიმენტირება, არჩევანის გაკეთება, გარდაქმნა, იმპროვიზაცია, ინტერპრეტაცია და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება განხორციელდეს სწავლის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი საბოლოო ნაწილით.

  1. რეფლექსია

მოსწავლეს შეუძლია, შეაფასოს თავისი თავდაპირველი მუსიკალური პასუხი, გამოავლინოს მისი ძლიერი ან სუსტი მხარეები და შემდეგ შეცვალოს, გააუმჯობესოს ან გარდაქმნას საკუთარი მუსიკალური იდეა. ამგვარად, სწავლა განიხილება როგორც განმეორებითი და განვითარებისკენ მიმართული პროცესი და არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის მიღწევა.

  1. განვითარების მიხედვით დიფერენცირება

I-VI კლასებში შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს დავალების სირთულე, კოგნიტიური მოთხოვნები, არჩევანის შესაძლებლობა და მოსწავლის პასუხისმგებლობა, თუმცა ეს ცვლილებები ყოველთვის ადაპტირებული უნდა იყოს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და საკლასო პირობებთან.

ამ პრინციპების ერთობლივი მოქმედება უზრუნველყოფს, რომ ჩარჩოში სტრუქტურა არ ზღუდავდეს შემოქმედებითობას, ხოლო თავისუფლება არ გადაიქცეს სტრუქტურის დაკარგვად. სწორედ ამ ბალანსზეა დაფუძნებული მუსიკალურ განათლებასთან PPP მოდელის ადაპტაციის ძირითადი ლოგიკა.

საკუთარი ნამუშევრის წარდგენის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია დაფიქრდეს:

  • რისი გამოხატვა სურდა;
  • რა მუსიკალური გადაწყვეტილებები მიიღო;
  • რომელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა წარმატებული და რატომ;
  • რა სირთულეები წარმოიშვა;
  • რა შეიძლება შეიცვალოს, გაუმჯობესდეს ან სხვაგვარად განხორციელდეს.

კომპლექსურ-შემოქმედებითი დავალების მნიშვნელობა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის შექმნით არ განისაზღვრება. მისი საგანმანათლებლო ღირებულება თავს იყრის იმ პროცესში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლე სხვადასხვა მუსიკალურ რესურსს აერთიანებს, იღებს გადაწყვეტილებებს, ქმნის და შემდეგ აფასებს ან გარდაქმნის საკუთარ მუსიკალურ პასუხს.

ეს მიდგომა თავსებადია საქართველოს სასწავლო კონტექსტთანაც, სადაც მუსიკის საგნის საგანმანათლებლო რესურსებში კომპლექსური დავალებები და განმავითარებელი უკუკავშირი სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან კომპონენტებად არის წარმოდგენილი.

შესაბამისად, კომპლექსურ-შემოქმედებითი დავალება ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს ხიდს სასწავლო პროგრამასა და აქტიურ მუსიკალურ სწავლებას შორის და იმ სტრუქტურირებულ მიზანს, რომელიც ადაპტირებული PPP-ს სხვადასხვა კომპონენტს ერთმანეთთან აკავშირებს.

PPP-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ კომპლექსურ-შემოქმედებითი დავალებების ფარგლებში იგი ერთმანეთთან აკავშირებს მუსიკალურ გამოცდილებას, კვლევას, გამოყენებას, შემოქმედებით მოქმედებას, კომუნიკაციას და რეფლექსიას.

ამგვარად, PPP-ს ადაპტირებული ვერსია საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესი განიხილებოდეს არა როგორც წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯების თანმიმდევრული გადადგმა, არამედ როგორც მოქნილი და განვითარებადი სასწავლო გზა, რომლის დროსაც მოსწავლე მუსიკალურ გამოცდილებას გარდაქმნის კვლევად, კვლევას – გამოყენებად, ხოლო გამოყენებას – შემოქმედებით მუსიკალურ მოქმედებად, მიღებული შედეგის გააზრებისა და გადახედვის გზით კი კვლავ უბრუნდება შემოქმედებით პროცესს და თანდათან ავითარებს მუსიკალურ ავტონომიას.

თემატური ბლოკების ურთიერთმიმართება ადაპტირებულ PPP არქიტექტურასთან შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს:

  • თემატური შინაარსი
  • მუსიკალური გამოცდილება
  • მართული კვლევა
  • გამოყენება
  • კომპლექსური შემოქმედებითი დავალება
  • შემოქმედებითი მუსიკალური მოქმედება
  • კომუნიკაცია
  • რეფლექსია

ამ სტრუქტურაში თემატური ბლოკი ქმნის სასწავლო-საკურიკულუმო კონტექსტს, ადაპტირებული PPP მოდელი აორგანიზებს სასწავლო პროცესს, კომპლექსურ-შემოქმედებითი დავალება ქმნის ცოდნისა და უნარების ინტეგრირების მნიშვნელოვან მიზანს, ხოლო რეფლექსია ხელს უწყობს სწავლის შემდგომ განვითარებას.

განვითარების ეტაპი მასწავლებლის როლი მოსწავლის როლი
I-II კლასები მოდელირება, ინსტრუქტირება, ორგანიზება მონაწილე, მკვლევარი, მიმბაძველი
III-IV კლასები ფასილიტატორი, უკუკავშირის მიმწოდებელი ექსპერიმენტატორი, გადაწყვეტილების  მიმღები
V-VI კლასები ფასილიტატორი,  კრიტიკული მეგობარი, საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერი დამოუკიდებელი შემოქმედი და მუსიკალური პრობლემების გადამჭრელი

 

კლასი რეფლექსიური კითხვების მაგალითები
I-II ·                     რა შექმენი?

·                     რომელი ბგერა აირჩიე?

·                     რა მოგეწონა?

III-IV ·                     რატომ აირჩიე ეს ბგერები?

·                     რა გამოვიდა კარგად?

·                      რას შეცვლიდი?

·                     როგორ გადმოსცა შენმა მუსიკალურმა არჩევანმა იდეა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კითხვარი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“