მარტივი სავარჯიშოები პირადი პრაქტიკიდან
ამბის გადმოცემისა და ახსნის უნარი ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის ერთ-ერთი აუცილებელი უნარია. მაინც, რას გულისხმობს ახსნის უნარი? ეს არის, როგორც საკუთარი, ისე სხვისი აზრის, შეხედულების, საკითხის, პრობლემისა და პრობლემის მოგვარების გზების ნათლად, ლაკონიურად, საინტერესოდ, ეფექტიანად გამოხატვისა და გადმოცემის უნარი.
წარმოგიდგენთ 5 მარტივ სავარჯიშოს ბარათებით, რომლებიც ამ მიმართულებით დახმარებას გაგვიწევს.
(1) სიტყვის შინაარსის წვდომა
ავირჩიოთ მარტივი სიტყვა, რომელსაც ერთი შეხედვით განმარტება არ სჭირდება, რადგან ისედაც ნათელი და გასაგებია მისი მნიშვნელობა. შევეცადოთ, ჩვენ მიერ არჩეული სიტყვა ერთი წინადადებით განვმარტოთ. ამ მიზნით, გამოვიყენოთ მაქსიმუმ 5 სიტყვა.
(2) პრობლემის არსის გააზრება
ავირჩიოთ პრობლემა. სასურველია, არჩევანი შევაჩეროთ რომელიმე აქტუალურ პრობლემაზე, და მისი არსი გადმოვცეთ მარტივი სქემის საშუალებით. სქემის შექმნის დროს გამოვიყენოთ მინიმუმ 10 გრაფა.
(3) ტერმინის განმარტება
ავირჩიოთ ტერმინი, და ვცადოთ მისი განმარტება ჩვენ მიერ შექმნილი ჩანახატის გზით.
(4) ინტერაქციული პრეზენტაციის გეგმა
ავირჩიოთ თემა, რომელის გაცნობაც გვინდა ჩვენი სამიზნე აუდიტორიისთვის, და შევქმნათ მხოლოდ კითხვითი წინადადებებისგან შემდგარი თემის პრეზენტაციის გეგმა. ამისთვის, გამოვიყენოთ 5 კითხვითი წინადადება.
(5) პრობლემის გადაჭრის ალგორითმი
ავირჩიოთ პრობლემა. შეიძლება ეს ის პრობლემა იყოს, რომელიც მე-2 დავალებისთვის შევარჩიეთ და ამჯერად ამ პრობლემის მოგვარების გზის ალგორითმი შევქმნათ. ამისთვის გამოვიყენოთ მაქსიმუმ 5 წინადადება.
აღნიშნული სავარჯიშოები წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც თვითგანვითარებისთვის, ისე სკოლაში, სამივე საფეხურზე.
სწავლა-სწავლების პროცესში, ჩვენი მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებებიდან, შესაძლებლობებიდან, საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, სავარჯიშოების გამოყენებამდე უნდა ვიფიქროთ, სავარჯიშოების შინაარსობრივი ნაწილის ადაპტირებაზეც.







