თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში კრიტიკული აზროვნების განვითარება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს უნარებზე ორიენტირებულ სწავლებას, სადაც კრიტიკული აზროვნება ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციური კომპეტენციაა.
განათლების ძირითადი ამოცანა არის აზროვნების სტრატეგიების გამომუშავება, შემეცნებითი თვითრეგულაცია და შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება კრიტიკული აზროვნების განვითარება.
კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს მაღალ ინტელექტუალურ უნარს, რომელიც მოიცავს შეკითხვების დასმას, ინფორმაციის წყაროების შეფასებას, დასკვნების გამოტანას და სხვადასხვა მოსაზრებების შეთავსებას. განათლების პროცესში მისი განვითარება მნიშვნელოვანია როგორც თეორიული ცოდნისთვის, ისე პრაქტიკული უნარების გაძლიერებისთვის. კრიტიკული აზროვნება ხელს უწყობს მოსწავლეს, გახდეს ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და შემოქმედებითი მოქალაქე — რაც მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.
მოსწავლეში კრიტიკული აზროვნების განვითარება მიზნად ისახავს:
- ინფორმაციის აღქმის ეფექტურობის გაზრდას;
- ინტერესის გაზრდას როგორც შესასწავლი მასალის, ასევე თავად სასწავლო პროცესის მიმართ;
- კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას;
- საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარის განვითარებას;
- თანამშრომლობითი უნარის განვითარებას;
- სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას;
კრიტიკული აზროვნება განათლებაში მნიშვნელოვანია როგორც ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისთვისაც. მოსწავლე, რომელსაც აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი, ხდება:
- ინფორმაციის მიმღები და შემფასებელი ;
- დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღები;
- ინდივიდი, რომელსაც შეუძლია განსხვავებული მოსაზრებების გაანალიზება და ტოლერანტობა.
კრიტიკული აზროვნება არის კომპლექსური გონებრივი პროცესი. ეს უნარი საჭიროა ყველა საგანში, მაგრამ განსაკუთრებული ძალით იკვეთება მუსიკის საგანმანათლებლო სივრცეში – სადაც ინტერპრეტაცია, შეფასება და ემოციურ-კულტურული კავშირები ძალიან დიდ როლს ასრულებს. მუსიკაში ეს ნიშნავს უნარს გააცნობიერო მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურა, გაიაზრო მისი შინაარსი და დაასაბუთო საკუთარი პოზიცია არგუმენტირებულად. მუსიკის გაკვეთილები არა მხოლოდ ემოციური და შემოქმედებითი განვითარების, არამედ ლოგიკური, ანალიტიკური და შეფასებითი უნარების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი სივრცეა. დაწყებით საფეხურზე, კრიტიკული აზროვნება ეხმარება მოსწავლეებს მუსიკის აღქმაში, მის გააზრებასა და დამოუკიდებელი ინტერპრეტაციის უნარის განვითარებაში.
მუსიკა, როგორც მრავალდონიანი და ემოციური დისციპლინა, დიდი პოტენციალითაა დატვირთული კრიტიკული აზროვნების უნარების გასავითარებლად. ხშირად გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს მუსიკა მხოლოდ მეხსიერებაზე და რიტმზეა ორიენტირებული. რეალურად კი, სწორად დაგეგმილი მუსიკის გაკვეთილი იძლევა საშუალებას, მოსწავლემ შეაფასოს, შეადაროს, გააანალიზოს და საკუთარი არგუმენტი ჩამოაყალიბოს.
მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა — მასში იმალება უზარმაზარი პოტენციალი ანალიტიკური, შეფასებითი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის. მუსიკა მოსწავლეს სძენს ემოციურ გამოცდილებას, უბიძგებს კითხვების დასმისკენ, დაკვირვებისკენ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების პოვნასა და საკუთარი ინტერპრეტაციის გამყარებისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული აზროვნება ხშირად ასოცირდება ლოგიკასთან, მათემატიკასთან ან სამეცნიერო დისციპლინებთან, მუსიკის გაკვეთილები იდეალურ გარემოს ქმნიან ამ უნარის განვითარებისთვის. მუსიკაში კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიები მოიცავს:
- ნაწარმოების ინტერპრეტაციას და მისი მნიშვნელობის ახსნას;
- შესრულებების შედარებას;
- მუსიკალური დეტალების ანალიზს (ტემპი, რიტმი, მელოდია,დინამიკა);
- ემოციების და იდეების იდენტიფიცირებას;
- არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებას ჯგუფურ მუშაობაში;
ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში, მუსიკის გაკვეთილებზე, აქტიურად ვიყენებ კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიას. მისი აქტუალობა განპირობებულია მისი უნივერსალურობით, ნებისმიერ გაკვეთილზე გამოყენებადობით, ეფექტურობითა და პროდუქტიულობით. მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისა და მუსიკის გაკვეთილებზე ტექნოლოგიების სისტემატური გამოყენების შედეგად, შესაძლებელია მოსწავლეების აზროვნების, ანალიზის, გადაწყვეტილებების მიღების, მოქმედების, საკუთარი აზრის გამოხატვის უნარის გაზრდა.
ტექნოლოგია ეფუძნება ანალიტიკურ მიდგომას, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობას. კრიტიკული აზროვნების უნივერსალურობა საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მეთოდების, ტექნიკისა და პედაგოგიური მიდგომების დიდი რაოდენობა.
წარმოგიდგენთ მუსიკის გაკვეთილებზე კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიის მაგალითებს:
I კლასი
თემა: ,,მხიარული მელოდია“
მიზანი: მოსწავლემ ნაწარმოების მოსმენის საფუძველზე დააფიქსიროს აზრი – რატომ შეესაბამება მოცემული მელოდია გაზაფხულს და არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია.
გონებრივი იერიში აქტივობის დასაწყისში:
შეკითხვა | მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები |
რა განწყობას იწვევს შენში გაზაფხული? | – მახსენდება ფერები, სითბო, ყვავილები, ჩიტების ჭიკჭიკი, სიახლე, მხიარულება… |
შეიძლება მუსიკამ გაგახსენოს წელიწადის დრო? როგორ? | – დიახ, როცა მელოდია მხიარულია – ვხედავ გაზაფხულს, თუ სევდიანია ზამთარს ვგრძნობ.. |
როგორი უნდა იყოს მელოდია, რომ “გაზაფხულად” ვიგრძნოთ? | – მხიარული, მსუბუქი, ჩიტების ხმა თუ იქნება, ნათელი ბგერები… |
აქტივობის აღწერა:
მოუსმინეთ მუსიკალურ ნაწარმოებს, მელოდიის ხასიათით შეაფასეთ წელიწადის დროები .
მოსასმენი მასალა:
ანტონიო ვივალდის ,, გაზაფხული”
ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს ზეპირი დისკუსიით:
- როგორია ამ მელოდიის განწყობა?
- რომელი ფერი შეესაბამება ამ მუსიკას?
- რას გრძნობ ამ მელოდიის მოსმენისას?
- რატომ გგონია, რომ ეს მელოდია გაზაფხულს უხდება?
- რომელი მუსიკალური ელემენტი გამოხატავს გაზაფხულის განწყობას? (მაგ. რიტმი, ტემბრი, ტემპი, მელოდია)
- რომ არ მეთქვა ნაწარმოების სახელწოდება, რას იფიქრებდით – რომელ წელიწადის დროს ეხება? რატომ?
მოსწავლეთა თვითშეფასება:
- დავასახელე მუსიკალური ელემენტი? ✅/❌
- დავასახელე მიზეზი, თუ რატომ ვიგრძენი გაზაფხული? ✅/❌
- შევადარე მუსიკა გაზაფხულის განწყობას? ✅/❌
- შევაფასე ჩემი აზრი? ⭐⭐⭐⭐⭐
შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:
დონე | მოსწავლის აქტიურობა | ||
პრესტრუქტურული | ამბობს: “მელოდია გაზაფხულს ჰგავს”, მაგრამ არგუმენტი არ აქვს. | ||
უნისტრუქტურული | ასახელებს ერთ არგუმენტს: “მხიარულია, ამიტომ გაზაფხულია”. | ||
მულტისტრუქტურული |
|
||
მიმართებითი | აკავშირებს მუსიკალურ ელემენტებს გაზაფხულის ატმოსფეროსთან: „ვიოლინოს მაღალი ხმები ჩიტების ჭიკჭიკს ჰგავს, მსუბუქი რიტმი – ქარს“. | ||
აბსტრაქტული | აფართოებს თემას: „კომპოზიტორმა შეძლო მელოდიის საშუალებით ბუნების სურათის შექმნა“ |
მასწავლებლის რეფლექსია:
რა გამოუვიდათ მოსწავლეებს კარგად? | მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ნაწარმოები და ემოციურად დაუკავშირეს მუსიკას გაზაფხულის განცდები. რამდენიმე მოსწავლემ არამარტო ემოციური, არამედ მუსიკალური ტერმინებითაც განმარტა თავისი აზრი. |
სად გამოჩნდა სირთულე? | ზოგიერთ მოსწავლეს უჭირდა მუსიკალურ ელემენტებზე დაკვირვება – სჭირდებოდა წინასწარ ტერმინების განხილვა; ტემპი, ტემბრი, მელოდია, რიტმი . |
როგორ ვგეგმავ შემდგომ განვითარებას? | შემდეგ ეტაპზე დავგეგმავ სხვა ნაწარმოებების მოსმენას , რომლებიც ასახავენ განსხვავებულ ბუნების მოვლენების განწყობებს – ზამთარი, წვიმა, ქარი – და გავაძლიერებ შემეცნებით თამაშს თემაზე:„მუსიკა და ბუნების ხმები“. |
II კლასი
თემა: „როგორი მუსიკა მოუხდება?“
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს განწყობისა და ემოციის ამოცნობა ვიდეოს მიხედვით, ნაწარმოების მოსმენამდე ვარაუდის ფორმირება, არგუმენტირებული შედარება ორ მუსიკალურ ინტერპრეტაციას შორის და დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბება.
გონებრივი იერიში აქტივობის პროცესში:
შეკითხვა | მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები |
როგორ ფიქრობთ, რას ვხედავთ ვიდეოში? | მზე ამოდის“, „დილაა“, „ყველაფერი ნელა იღვიძებს…“ |
როგორი განწყობა შეიძლება ჰქონდეს ამ კადრს? | მშვიდი, ნაზი, მხიარული, ბედნიერი, ცოტა სევდიანი… |
რომ შეგეძლოს, როგორი მუსიკით გააფორმებდი ამ კადრს? | მხიარული მუსიკა, თითქოს ყველაფერი ცოცხლდება… |
როგორ ფიქრობ, მუსიკას შეუძლია შეცვალოს ის განწყობა, რასაც ვიდეო იწვევს? | კი, შეიძლება. როცა მუსიკა მძიმეა, ყველაფერი თითქოს სერიოზული ხდება. როცა მუსიკა მხიარულია, მაშინ ყველაფერი სახალისოდ ჩანს. |
აქტივობის აღწერა:
- მოსწავლეები უყურებენ ხმის გარეშე ვიდეოს( მაგ. მზე ამოდის – ემოციური ფონი)
- მასწავლებელი აჩერებს ვიდეოს და აცდის მოსწავლეებს საკუთარი ინტერპრეტაციის გადმოცემას.
- მასწავლებელი ვიდეო ფრაგმენტის ჩვენებას შეაჩერებს და სვამს წინასწარ დამუშავებულ კითხვებს.
- მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ორ მუსიკალურ ვერსიას:
- ედვარდ გრიგი ,,დილა”(ორიგინალი)
- ედვარდ გრიგი ,,დილა” (რემიქს ვერსია).
- მოსწავლეები აფასებენ, რომელი მუსიკა უფრო მოუხდება ვიდეო სიუჟეტს და რატომ.
გონებრივი იერიში აქტივობის შემდეგ:
შეკითხვა | მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები |
რომელი მუსიკა უფრო მოუხდა ვიდეოს და რატომ? | -ორიგინალი – რადგან ნაზია, მშვიდია, ვიდეოს უხდება.
-რემიქსი – უფრო ენერგიულია და თითქოს ყველაფერი სწრაფად იღვიძებს. |
შეიცვალა თუ არა შენი პირველი შთაბეჭდილება მას შემდეგ, რაც მუსიკა მოისმინე? | -კი, ახლა ვიდეო უფრო საინტერესო გახდა.
|
შეიძლება ერთსა და იმავე ვიდეოს ორი სხვადასხვა მუსიკა მოერგოს? | -ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა გინდა – მაყურებელი რა იგრძნოს. |
მოსწავლეთა თვითშეფასება:
შეკითხვა: | ✅ კი | ნაწილობრივ | ❌ არა |
შევძელი თუ არა ვიდეოს შინაარსის და განწყობის ამოცნობა? | |||
მოვიფიქრე თუ არა, როგორი მუსიკა შეიძლებოდა დამეფიქსირებინა? | |||
შევამჩნიე განსხვავება ორ მუსიკალურ ვერსიას შორის? | |||
ავხსენი თუ არა არგუმენტირებულად ჩემი არჩევანი? |
შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:
დონე | მოსწავლის აქტიურობა |
პრესტრუქტურული | მოსწავლეს უჭირს ვიდეოსა და მუსიკის კავშირის გაგება. |
უნისტრუქტურული | მოსწავლე ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას (მხოლოდ რიტმი ან ემოცია). |
მულტისტრუქტურული | მოსწავლე რამდენიმე მახასიათებელს გამოყოფს, მაგრამ არ აკავშირებს მათ. |
მიმართებითი | მოსწავლე არგუმენტირებულად განიხილავს მუსიკის და ვიდეოს კავშირს. |
აბსტრაქტული | მოსწავლე აფასებს მუსიკის ინტერპრეტაციის მრავალფეროვნებას და მიზნობრივ შერჩევას. |
მასწავლებლის რეფლექსია
ჩაერთნენ თუ არა ყველა მოსწავლე აქტივობაში? | კი,აქტივობაში ჩართული იყო თითქმის ყველა მოსწავლე. ცდილობდნენ გამოეცნოთ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მომდევნო კადრს. რამდენიმე მოსწავლე განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავის ინტერპრეტაციით, თუმცა ზოგიერთ მათგანს სჭირდებოდა წახალისება. კითხვების გზით ყველა ჩართული იყო აზროვნებაში. |
შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა ემოციური განწყობისა და მუსიკის დაკავშირება? | მოსწავლეებმა შეძლეს სწორად დაეკავშირებინათ მუსიკის ემოციური შინაარსი და კადრში არსებული ვიზუალური განწყობა. მაგალითად, რამდენიმე ბავშვმა აღნიშნა, რომ გრიგის კლასიკური ვერსია ასოცირდებოდა დილას, სიმშვიდესა და მოლოდინთან, ხოლო გარემიქსებულმა ვარიანტმა „გააღვიძა მზე“. |
გამოხატავდნენ თუ არა მოსწავლეები დამოუკიდებელ აზრებს? | კი, მოსწავლეებმა არგუმენტირებულად გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები. ზოგმა აღნიშნა, რომ „სანამ მზე ბოლომდე ამოვა, მშვიდი მუსიკა უფრო უხდება“, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ „მზის ამოსვლა რაღაც საოცარი უნდა იყოს და ამიტომ უფრო მჭექარე მუსიკა მოუხდა“. მოსწავლეები ასახელებდნენ მიზეზებს, უკავშირებდნენ თავიანთ პირად განცდებს. |
აღმოაჩნდათ თუ არა მოსწავლეებს კრიტიკული ხედვა და შეადარეს საკუთარი მოლოდინი კომპოზიტორის გადაწყვეტილებას? | კი, და ეს იყო აქტივობის ყველაზე ღირებული ნაწილი. მოსწავლეებმა შეადარეს თავიანთი წინასწარი მოლოდინი კომპოზიტორის შერჩეულ მუსიკალურ მასალას. ზოგს თავად კომპოზიტორის არჩევანი ერჩივნა, ხოლო სხვები საკუთარ ვარაუდს უფრო ამართლებდნენ. ეს მიგვანიშნებს, რომ მათ უკვე აქვთ ფორმირებული მუსიკალური გემოვნება და კრიტიკული აზროვნების საწყისები. |
როგორი იყო მოსწავლეების საერთო დონის შეფასება SOLO ტაქსონომიით? | მოსწავლეთა უმრავლესობა აღმოჩნდა მულტისტრუქტურულ დონეზე — ისინი ჩამოთვლიდნენ რამდენიმე განსხვავებულ ასპექტს, უკავშირებდნენ ემოციას, სცენას და მუსიკას, თუმცა ზოგიერთმა მოახდინა მათ შორის კავშირების გამოკვეთა და გადავიდა მიმართებით დონეზე. ერთეულებმა, რომლებმაც კრიტიკულად შეაფასეს მუსიკალური გადაწყვეტა და გამოთქვეს შემოქმედებითი წინადადებები, მიაღწიეს აბსტრაქტულ დონეს. |
რა ჩავიფიქრე შემდეგი გაკვეთილისთვის? | · მუსიკისა და ემოციის კავშირის განმტკიცება უფრო კომპლექსური ვიდეო–აუდიო მასალის მეშვეობით.
· მუსიკალურ შეფასებაში მეტი ლექსიკური რესურსის ჩართვა (მაგ. „სწრაფი, დაძაბული, მომაჯადოებელი“) · მცირე ჯგუფური მუშაობის დანერგვა, სადაც მოსწავლეები გააერთიანებენ თავიანთ მოსაზრებებს და წარადგენენ ერთიან გადაწყვეტილებას. |
III კლასი
თემა: „მუსიკა–პოლემიკა: რომელი ვარიანტი სჯობს?“
მიზანი: მოსწავლემ იმსჯელოს ორ განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე, წარმოადგინოს მოსაზრება და არგუმენტირებული პოზიცია ჩამოაყალიბოს.
გონებრივი იერიში აქტივობის დასწაყისში:
შეკითხვა | მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები |
როგორ ფიქრობ, შეიძლება ერთი და იგივე მელოდია სხვადასხვანაირად ჟღერდეს? | -მგონი შესაძლებელია… თუნდაც როკი და კლასიკა განსხვავებულად ჟღერს. |
რას ფიქრობ, მუსიკაში მნიშვნელოვანია ტემპი, ჟანრი ან ინსტრუმენტი? | -ინსტრუმენტები ნამდვილად ცვლიან განწყობას. |
შეიძლება მუსიკა ბავშვისთვის და დიდისთვის სხვადასხვანაირად იყოს საინტერესო? | -შეიძლება… ბავშვებს უფრო სწრაფი მუსიკა მოსწონთ, დიდებს – მშვიდი. |
აქტივობის აღწერა:
- მოსწავლეები უსმენენ ერთსა და იმავე ნაწარმოების ორ განსხვავებულ ვერსიას :
- Johann Sebastian Bach – Partita in c BWV 997 / Preludio
- Johann Sebastian Bach – Partita in c BWV 997 in C minor Remix
- მოსწავლეები ადარებენ ორ ვერსიას: ტემპის, ჟანრის, განწყობის, ინსტრუმენტების და შთაბეჭდილებების მიხედვით.
- მოსწავლეები წერენ არგუმენტირებულ მოსაზრებას ან ჯგუფურად აწარმოებენ დისკუსიას კითხვების დახმარებით.
გონებრივი იერიში აქტივობის შემდეგ:
შეკითხვა | მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები |
რომელი ვარიანტი მოგეწონა და რატომ? | მეორე , უფრო თანამედროვე და დინამიური იყო. |
რომელი ინსტრუმენტი უკეთ გამოხატავდა ნაწარმოების განწყობას? | კლასიკური ვარიანტი უფრო მშვიდი და სერიოზული ჩანდა. |
როგორ გგონია, რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოეწონებოდა კონკრეტული ვერსია და რატომ? | მგონი, ბავშვებს მოეწონებოდათ რემიქსი – უფრო მხიარულია. |
მოსწავლეთა თვითშეფასება:
ჩასვი ✓ შენს პასუხთან შესაბამის გრაფაში:
შეფასების კრიტერიუმი | ✅ კი | ნაწილობრივ | ❌ არა |
გავიგე, რომ ერთი და იგივე ნაწარმოები შეიძლება სხვადასხვანაირად შესრულდეს. | |||
შევამჩნიე განსხვავება ორ ვერსიას შორის (ტემპი, ინსტრუმენტები, განწყობა). | |||
შევძელი არგუმენტირებულად ამეხსნა, რომელი ვარიანტი მომეწონა და რატომ. | |||
მოვუსმინე სხვების აზრს და ვცადე მათი პოზიციის გაგება. |
შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:
დონე | მოსწავლის აქტიურობა |
პრესტრუქტურული | მოსწავლეს უჭირს პოზიციის დაფიქსირება. პასუხობს, რომ უბრალოდ „მოსწონს“ რომელიმე ვერსია, არგუმენტის გარეშე. |
უნისტრუქტურული | ასახელებს ერთ კრიტერიუმს, მაგ. „მელოდია უფრო კარგია“. არ აკეთებს შედარებას. |
მულტისტრუქტურული | ასახელებს რამდენიმე განსხვავებას ორ ვერსიას შორის. მიუთითებს ტემპზე, ჟანრზე, ინსტრუმენტებზე. |
მიმართებითი | აკეთებს შედარებას, აფასებს გავლენას. განმარტავს, რატომ აირჩია კონკრეტული ვერსია და ვის შეიძლება მოეწონოს. |
აბსტრაქტული | წარმოადგენს ახალ იდეას ან მსჯელობს უფრო ღრმა დონეზე. ფიქრობს მუსიკა როგორ გავლენას ახდენს ასაკზე, კულტურაზე, განწყობაზე. |
მასწავლებლის რეფლექსია
რა გამოუვიდათ მოსწავლეებს კარგად? | მოსწავლეებმა ინტერესით შეადარეს ვერსიები, გამოავლინეს ინდივიდუალური გემოვნება და თავიანთი აზრის ფორმულირების უნარი. ჯგუფური დისკუსია განსაკუთრებით აქტიური იყო. |
სად სჭირდებოდათ მეტი დახმარება? | ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა არგუმენტირებული მსჯელობა და მუსიკალური ტერმინების გამოყენება. აუცილებელია მეტი პრაქტიკა მუსიკის კრიტიკული შეფასების უნარებზე. |
როგორ შეიძლება გაკვეთილის გაუმჯობესება? | შესაძლებელია გაკვეთილის წინ შესავალი საუბარი ბახის მუსიკაზე და ინტერპრეტაციის მნიშვნელობაზე. ასევე, მოსწავლეებს წინასწარ შეიძლება მივცეთ თემა „რას ნიშნავს ინტერპრეტაცია მუსიკაში?“. |
მოსწავლეების შეფასება | მოსწავლეებმა მიიჩნიეს, რომ მუსიკალური ინტერპრეტაციების შედარება მათ მუსიკის აღქმის უნარს აუმჯობესებს და ეხმარება საკუთარი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. |
IV კლასი
თემა: „მუსიკის წერილობითი შეფასება“
მიზანი: მოსწავლემ წერილობით გამოხატოს მოსაზრება მოსმენილ მუსიკაზე, დააფიქსიროს არგუმენტირებული შეფასება და გააკეთოს რეკომენდაცია ან კრიტიკული შენიშვნა.
გონებრივი იერიში გაკვეთილის დასაწყისში:
შეკითხვა | მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები |
როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია სიტყვებით გადმოვცეთ მუსიკის შთაბეჭდილება ისე, რომ სხვამაც იგრძნოს იგივე? | -დიახ, შეიძლება სიტყვებით ვთქვათ როგორია მუსიკა – მაგალითად, „მშვიდი იყო, თითქოს ზღვის ტალღებს ვუსმენდი“. |
გქონიათ შემთხვევა, როცა მუსიკამ რაღაც მოგაგონათ და ეს უამბეთ სხვას? | -ერთხელ სიმღერას რომ მოვუსმინე, ფილმის ერთი სცენა გამახსენა და მეგობარსაც ვუამბე. |
რისთვის შეიძლება ვწერდეთ მუსიკალურ მიმოხილვას – მხოლოდ კომპოზიტორისთვის, თუ ჩვენი აზრის დასაფიქსირებლადაც? | -მიმოხილვა კარგია, რომ სხვამაც გაიგოს, რა გვესმოდა, ან რა არ მოგვეწონა. |
აქტივობის აღწერა:
- მოსწავლეები ისმენენ თანამედროვე ახალგაზრდა კომპოზიტორის: ფლინ ჰეის სპენსი Eternal Eclipse – Rival
- მოსმენის შემდეგ მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს „მუსიკალური მიმოხილვის“ სტრუქტურას:
- პირველადი შთაბეჭდილება – როგორი შეგრძნება დარჩათ მოსმენის შემდეგ?
- პოზიტიური მხარე – რა მოეწონათ განსაკუთრებით?
- შესაცვლელი ნაწილი – რა შეცვლიდნენ ან რა არ მოეწონათ?
- შემაჯამებელი აზრი – რეკომენდაცია, შეჯამება.
მოსწავლეები დამოუკიდებლად ან წყვილებში ავსებენ მუსიკალური მიმოხილვის ფურცელს.
გონებრივი იერიში აქტივობის შემდეგ:
შეკითხვა | მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები |
რა გრძნობები გამოიწვია ამ მუსიკამ შენში და მოახერხე თუ არა ამის გადმოცემა წერილობით? | -მე დავწერე, რომ მუსიკა იყო ენერგიული და გმირული. მგონია, რომ ეს გრძნობა კარგად გადმოვეცი. |
როგორ დაგეხმარა გეგმა იმაში, რომ აზრები უკეთ დაგელაგებინა? | -გეგმა დამეხმარა, რომ თანმიმდევრულად მომეყოლა – ჯერ რა მომეწონა, მერე რა არ მომეწონა. |
შენს მიერ დაწერილ შეფასებას თუ წაიკითხავდა კომპოზიტორი, როგორ ფიქრობ, რას გაიგებდა შენგან? | -ვფიქრობ, კომპოზიტორი გაიგებდა, რომ მისი მუსიკა მომეწონა, მაგრამ შუა ნაწილი ცოტა დამღლელი იყო ჩემთვის. |
მოსწავლის თვითშეფასება:
კითხვა | ✅ კი | ნაწილობრივ | ❌ არა |
დავასახელე ნაწარმოები და ავტორი | |||
დავწერე ჩემი პირველადი შთაბეჭდილება | |||
აღვწერე პოზიტიური და შესაცვლელი ნაწილი | |||
ჩემს აზრს მივუმატე არგუმენტი (რატომ ვფიქრობ ასე?) | |||
შევაჯამე მოსაზრება მოკლედ და მკაფიოდ |
შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით:
დონე | მოსწავლის აქტიურობა |
პრესტრუქტურული | მოსწავლე ვერ აღწერს შთაბეჭდილებას და წერს მხოლოდ ფრაზებს, აზრთა კავშირი არაა. |
უნისტრუქტურული | მოსწავლე აღწერს ერთ კონკრეტულ შთაბეჭდილებას , მაგრამ არგუმენტი სუსტია. |
მულტისტრუქტურული | მოსწავლე აღწერს რამდენიმე აზრს, ნაწარმოების დეტალებს, მაგრამ არ აკეთებს შეჯამებას. |
მიმართებითი | მოსწავლე აღწერს შთაბეჭდილებებს, განმარტავს არგუმენტს, აფასებს ნაწარმოებს და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას. |
აბსტრაქტული | მოსწავლე აკეთებს ინტერპრეტაციას, შედარებებს სხვა ნაწარმოებთან ან მსჯელობს კომპოზიტორის სტილს შესახებ. |
მასწავლებლის რეფლექსია
|
მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ ნაწარმოებს და წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს. | |
დავალების გაგება და შესრულება | შეფასების გეგმა დაეხმარა მოსწავლეებს აზრების ლოგიკურად ჩამოყალიბებაში. | |
კრიტიკული აზროვნება | მოსწავლეთა ნაწილი ახერხებდა არგუმენტირებულად შეფასებას და კრიტიკული ხედვის გამოხატვას. | |
ემოციური გამოხატვა | წერილობით ნამუშევრებში კარგად ჩანდა ემოციური შეფასებები და პირადი კავშირი მუსიკასთან. | |
სირთულეები | ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა მუსიკის შეფასების მიზეზების ჩამოყალიბება . | |
შემდგომი ნაბიჯები | საჭიროა მუშაობა მუსიკალური ტერმინების განმტკიცებასა და სიტყვების გამდიდრებაზე. |
კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებით საფეხურზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესს მოსწავლის პიროვნული, შემოქმედებითი და სოციალური ზრდისთვის. სწორედ ამ ასაკში ხდება ღრმა ემოციური და მსჯელობითი უნარების ფორმირება. მუსიკით მიღებული შთაბეჭდილება, მძლავრ საფუძველს ქმნის დამოუკიდებელი, შემფასებელი და შემოქმედებითი მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.
მუსიკის გაკვეთილებზე კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული მიდგომები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, იყვნენ კარგი მსმენელები და ასევე , თავად გახდნენ შეფასების, გააზრებისა და არჩევანის აქტიური ავტორები.
წარმოსახვითი პრაქტიკის საფუძველზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ სწორად სტრუქტურირებული გაკვეთილები — კითხვებზე დაფუძნებული სწავლება, ვარაუდის დაშვება, შედარება, არგუმენტირებული მსჯელობა და რეფლექსია — მოსწავლეს ეტაპობრივად გადააქვს ერთგანზომილებიანი აღქმიდან სისტემურ და ღრმა გააზრებამდე. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უმეტესობა აქტიურად ერთვება კრიტიკულ მსჯელობაში მაშინ, როცა მასწავლებელი არ აწვდის მზა პასუხებს.
კრიტიკული აზროვნების განვითარება მუსიკის გაკვეთილზე ქმნის სწავლების ისეთი ტიპის სივრცეს, სადაც ბავშვი მხოლოდ ცოდნის მიმღები კი არა, არამედ — შემფასებელი და შემქმნელია .
წარმოდგენილი პრაქტიკული მაგალითები ცხადყოფს, რომ მუსიკის გაკვეთილებზე კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიების გამოყენება აუმჯობესებს მოსწავლეთა ანალიტიკურ და შემოქმედებით უნარებს, ამაღლებს მათ თვითშეფასებას და აყალიბებს აქტიურ მოსწავლეს.
ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას და თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას. შესაბამისად, კრიტიკული აზროვნების ინტეგრაცია მუსიკის გაკვეთილებში წარმოადგენს არა მხოლოდ ინოვაციურ, არამედ აუცილებელ გზას დაწყებით განათლებაში.