ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ ის მომენტი ჩვენს ცხოვრებაში, როცა რაღაც ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ. ამ დროს ძალიან ვღელავთ, ემოცია და შფოთვა, რასაკვირველია, ბუნებრივია, მაგრამ მარტივი გადასატანი ნამდვილად არ არის. სხვათა შორის, მარტივი არც ძველთან მიბრუნებაა ხანგრძლივი გაშორების შემდეგ (გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე?“)…
და რა ხდება მაშინ, როცა მოსწავლეს, განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში, სკოლის შეცვლა უწევს? ახლა თავი იმ მოსწავლის ადგილას წარმოვიდგინოთ, რომელსაც ისედაც სტრესულ გარემოში ყოველდღიურად უწევს სირთულეებთან შეჯახება, და ახლა გარემოს შეცვლაც ემატება ამ სირთულეებს. თავში უამრავი კითხვა უტრიალებს: როგორ მიიღებენ ახალ სკოლაში? შეძლებს ახალი მეგობრების პოვნას? რამდენად მარტივად გაართმევს თავს ყოველდღიურ გამოწვევებს?
როგორც ზემოთ ვახსენე და როგორც ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა არამხოლოდ ინტუიციის დონეზე იცის, ცვლილებები ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ბავშვების ცხოვრებაში ხდება. ახალი მოსწავლისთვის ადაპტაციის პროცესი სწორედ ასეთ რთულ და გადამწყვეტ ეტაპს წარმოადგენს. ცვლილებები, რომლებიც მოსწავლის ცხოვრებაში ხდება — ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ახალი ნორმები — არა მხოლოდ სირთულეებს, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც მოიტანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია, ბავშვებს ხშირად უჭირთ მათთან შეგუება. მით უმეტეს, თუ გარდატეხის ასაკში ხდება ეს.
გარდატეხის ასაკში მოსწავლეები არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც განიცდიან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს პერიოდი ხშირად ეხმიანება თვითშეფასებისა და სოციალური თვითგაგების ახლებურ გააზრებას, რაც ბევრ დაბრკოლებას უკავშირდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იგრძნონ, რომ მათ გარშემო ადამიანები მზად არიან, დაეხმარონ და გაუგონ მათ, რადგან ცვლილებების წინაშე სიჩუმე და მარტოობა კიდევ უფრო ამძიმებს პროცესს.
როგორ დავეხმაროთ ახალგადმოსულ მოსწავლეს ამ პროცესში? სასწავლო წლის დასაწყისში ყველა მასწავლებელს გვაწუხებს ალბათ ეს კითხვა და ბედნიერები ვართ, თუ ამ შეკითხვის პასუხი წარმატებამდე მიგვიყვანს.
პირველი ალბათ მაინც ყურადღება და ემპათიაა. პირველ რიგში, ჩვენს ძველ მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ, გააცნობიერონ, რომ ახალი მოსწავლე განიცდის დაძაბულობას და შეიძლება მარტოსული იყოს. ახალმა მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მისი აზრები, ინტერესი და პერსონალური სივრცე პატივისცემას იმსახურებს. თუ სხვა ბავშვები ხვდებიან მის ინტერესებს ან ჰობის, მათ უფრო ადვილად გაუმარტივდებათ ადაპტაციის პროცესი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია გულწრფელობა: ახალგადმოსულ მოსწავლესთან მასწავლებელს აქტიური კონტაქტი უნდა ჰქონდეს, არამარტო მიხვდეს ბავშვის ემოციებს, არამედ შეძლოს მისი დახმარება საჭიროების შემთხვევაში.
ძალიან დაგვეხმარება, ასევე, ჯგუფური თუ გუნდური სამუშაოები, სადაც ახალი მოსწავლე შეიძენს კლასის წევრებთან ურთიერთობის გამოცდილებას.
კომუნიკაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ახალ მოსწავლეს ძალიან გაუჭირდება, თუ ჩათვლის, რომ მისი აზრები არავის აინტერესებს. აქ, ვფიქრობ, სხვა ბავშვების მიერ გამოჩენილ ინიციატივას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება გამოძებნონ საერთო ინტერესები, საერთო თემები და ამათზე საუბრით დაამყარონ გახსნილი ურთიერთობა.
რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს ნდობის ფაქტორიც: თუ რაიმე პრობლემას აწყდება, ბავშვისთვის აუცილებელია, ნებისმიერ მომენტში შეეძლოს, მიმართოს დამრიგებელს ან რომელიმე მასწავლებელს. მასწავლებელმა შეიძლება შექმნას „ინკლუზიური“ ჯგუფები, სადაც ახალი მოსწავლე საერთო ინტერესის თემით შეძლებს სხვებთან ურთიერთობას. ასეთი ინტერესი შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც საკლასო, ისე კლასგარეშე თემატიკას.
რაც შეეხება ემოციური მხარდაჭერას, მოსწავლეებს შეუძლიათ, ურთიერთობა დაამყარონ ისეთ გარემოში, სადაც ერთმანეთს დაეხმარებიან როგორც მეგობრები და არა როგორც კონკურენტები. ახალი მოსწავლე შეიძლება დაუბრკოლებლად მოერგოს ახალ გარემოს, თუ დაეხმარებიან და მის მიმართ გულისხმიერ დამოკიდებულებას გამოიჩენენ.
მასწავლებელმა უნდა შექმნას უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე იგრძნობს თავს მნიშვნელოვად.
მოსწავლეები უნდა დაუახლოვდნენ და დაეხმარონ ახალ მეგობარს, როცა სჭირდება.
მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს, როგორ დაეხმარონ ბავშვები ახალ მოსწავლეს, არ იგრძნოს თავი გარიყულად.
არანაკლებ შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა აქტივობასა თუ კლუბების მუშაობაში ჩართვა. მეგობრების გაჩენა ბავშვს თავდაჯერებას შესძენს და თვითშეფასებასაც აუმაღლებს.
მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში.
ახალი მოსწავლის ადაპტაცია სკოლაში და კლასში შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს, მაგრამ სწორი მიდგომით, გულშემატკივრობითა და მხარდაჭერით, ყველაფერს შევძლებთ, დავეხმარებით ახალგადმოსულ მოსწავლეს გარემოსთან შეგუებაში. მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაციის პროცესში აქტიურად იყოს ჩართული როგორც მასწავლებელი, ისე თითოეული მოსწავლე, რადგან თითოეული მტკიცე ნაბიჯი ახალი მოსწავლის ინკლუზიისა და კომფორტისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც ზემოთ ვახსენე, ცვლილებები არასდროს არის მარტივი — მით უმეტეს, როცა ბავშვი გარდატეხის ასაკშია და ამ დროს ერთდროულად ეჯახება ახალ სკოლას, ახალ კლასელებსა და საკუთარ შინაგან ცვლილებებს. გარდატეხის ასაკში ახალგადმოსული მოსწავლისთვის ეს პროცესი შეიძლება ერთდროულად იყოს მტკივნეული, დამაბნეველი და გამოწვევებით სავსე. სწორედ ამიტომ, ამ გზაზე მხარდაჭერა ყველაზე ფასეული რამაა, რისი გაწევაც მასწავლებელსა და კლასელებს შეუძლიათ…
გავიხსენოთ ონჯალი რაუფის ბესტსელერი „ბიჭი ჩემი კლასის ბოლო მერხზე“ – როგორ მოახერხეს პატარა ლტოლვილი მეგობრის ტკივილის გაზიარება და ამით მისი დახმარებაც. უცნაური ბიჭი, რომელიც არავის ელაპარაკებოდა, არც იღიმოდა, დაიმეგობრეს და ანუგეშეს. მათმა ძლიერმა სურვილმა, ბიჭს ოჯახის პოვნაში დახმარებოდნენ, დიდი გეგმის განხორციელებაც შეაძლებინა… მეგობრები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერი იღონონ. ერთი მხრივ, ეს აჰმეტისთვისაა შედეგის მომტანი, მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ ბავშვებისთვის, რომლებიც სიკეთის გაკეთებით თავადაც დიდ ბედნიერებას განიცდიან.
ბავშვები, რომლებიც გრძნობენ თანადგომას, უფრო თავდაჯერებულად უყურებენ საკუთარ თავსა და გარემოს. ისინი სწავლობენ, რომ ცვლილება — მიუხედავად სირთულეებისა — განვითარების, ზრდისა და ახალი შესაძლებლობებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
და თუ ჩვენ, უფროსები და თანატოლები, ცოტათი მეტად გავუგებთ, ცოტა მეტ სითბოს, მოთმინებასა და გულწრფელ თანაგრძნობას გამოვიჩენთ, შევძლებთ, რომ ამ ცვლილებების მორევში ერთ ბავშვსაც მაინც დავეხმაროთ თავისი ადგილის პოვნაში — და ეს უკვე დიდ შედეგს ნიშნავს.
შეიძლება ჩვენთვის ეს უბრალო ჟესტი იყოს — მეგობრული მისალმება, საუბრის წამოწყება ან მერხის გაზიარება — მაგრამ მათთვის ეს, შესაძლოა, მთელი სასკოლო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდეს.
და მაინც, რა შეუძლია მასწავლებელს?
მასწავლებელს, თავის მოსწავლეებთან ერთად, შეუძლია შექმნას გარემო, სადაც ეს გარდატეხის პროცესი უფრო შესამჩნევად და მარტივად გადაილახება.
თამამად შეგვიძლია, ამ კითხვას ასე ვუპასუხოთ: მასწავლებელს, თავის მოსწავლეებთან ერთად, ყველაფერი შეუძლია.