ამ ბლოგში ბავშვებზე, ლიტერატურასა და ტყუილებზე მინდა ვისაუბროთ.
რატომ იტყუებიან ბავშვები? ყოველთვის საზიანოა ტყუილი? რას ამბობს ტყუილის შესახებ მისი უდიდებულესობა საბავშვო ლიტერატურა?
ტყუილი ძალიან ცუდია – ვეუბნებით შვილებსა თუ მოსწავლეებს. ცხადია, გვინდა, გვენდობოდნენ, არ გვატყუებდნენ, მაგრამ ასეთი ცალსახა და მარტივი ტყუილის ფენომენი თვით ფსიქოლოგიისთვისაც არაა, თუ ტყუილის შესახებ სხვადასხვა ნაშრომსა და კვლევას ჩავხედავთ, ბავშვთა ფსიქოლოგებსაც გავესაუბრებით, რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნამდე მივალთ.
პირველ რიგში, რაც უნდა უცნაურად და საკამათოდ ჟღერდეს, ტყუილი განსაკუთრებული, კოგნიტური უნარია, რომელიც ფანტაზიას, განზოგადებისა და სიმართლის აღქმის, სტრუქტურირების უნარს მოითხოვს. ტყუილი ემოციური ფენომენიცაა – ხშირად ბავშვების ტყუილის მიზეზი ემოციებია – ჩვენი თუ მათი.
ზოგჯერ ტყუილის მიზანი თავდაცვა ან სხვისი დაცვაა, სიტუაციის განმუხტვა, კონფლიქტის მოგვარება. როდესაც ბავშვები გვატყუებენ, მათ დადანაშაულებამდე, კარგად უნდა ვიფიქროთ, რატომ მოგვატყუეს, ჩვენ ხომ არ ვართ მათი ტყუილის მიზეზი?
ბავშვის განვითარების სხვადასხვა ფაზა ტყუილის სხვადასხვა მიზეზს მოიცავს. ბავშვები ტყუილების თქმას დაახლოებით 2 წლიდან იწყებენ მათი მეტყველებისა და კოგნიტიური აზროვნების განვითარების პარალელურად. მოგვიანებით ტყუილი ფანტაზიის წყარო ხდება, ზოგჯერ დასჯისგან თავის არიდების საშუალება. მცირე ასაკში ტყუილის მორალური აღქმა ბავშვებშია ნაკლებია, სასკოლო და, განსაკუთრებით, მოზარდობის ასაკში ტყუილი სულ სხვა, გააზრებული ფენომენი ხდება, ავტონომიის, პირადი სივრცის, სოციალური სტატუსის დაცვის საშუალება.
ჩემს მოზარდობაში განსაკუთრებით გავრცელებული იყო ურბანული თუ უბნური ფაშიზმი, რაც არ უნდა საინტერესო ადამიანი ყოფილიყავი, კარგი იდეები და ინტერესები გქონოდა, თუ გარეუბნელი იყავი, შენდამი დამოკიდებულება აუცილებლად იცვლებოდა. ამიტომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თუ ლიტერატურის მუზეუმში გახსნილ ლიტერატურულ წრეებზე სიარულისას, რაღაც ეტაპზე, ვმალავდი კიდეც, რომ გარეუბნის უფრო გარეუბნიდან ვიყავი, ვიტყუებოდი, მეტროს სხვა სადგურში ამოვდიოდი და ა.შ.
რა თქმა უნდა, ასე არ შეიძლება, მაგრამ ტყუილის მავნებლობას როგორ აუხსნიდით პატარა გოგოს, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეიძლებოდა გაერიყათ, რომ ცენტრიდან სხვებზე უფრო მოშორებით ცხოვრობდა?
გაიხსენეთ, საბავშვო წიგნებში რატომ ცრუობენ ბავშვები? რატომ იტყუება კარლსონი, რომ ბებიაც ჰყავს და მამლების კოლექციაც აქვს? იქნებ იმიტომ, რომ სინამდვილეში ობოლია. მატილდა რატომ იტყუება? იქნებ იმიტომ, რომ დაუმსახურებელი სასჯელისგან გადარჩეს. ამავე მიზეზით იტყუებიან ტომ სოიერი და ჰეკიც. თავის გადასარჩენად ტყუიან ნაცარქექია და მისი ბერძენი ძმა-ოდისევსი. „სიკეთის იარაღად“ იყენებს ტყუილს ყველაზე ბრძენი და სამართლიანი ავთანდილიც.
საბავშვო წიგნებში ტყუილი უფრო დიდი მეტაფორაც შეიძლება იყოს, მაგალითად, ჯანი როდარის „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“. აქ ტყუილი საზოგადო, სისტემური შეთანხმების შედეგია, აქ ყველა იტყუება, სიმართლის საყვირი კი ჯელსომინოა, თავისი ძალიან ძლიერი ხმით. ნაწარმოებში ტყუილი ნაჩვენებია როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენი, ხოლო ბავშვები სწავლობენ, რომ სიმართლე საბოლოოდ უფრო ძლიერია.
არც შეიძლება არ გაგვახსენდეს ანდერსენის „მეფის ახალი სამოსელი“, ზღაპარი, სადაც მთელი საზოგადოება ტყუილს ეთანხმება („მეფეს ახალი, ულამაზესი სამოსი აცვია“), სანამ პატარა ბავშვი სიმართლეს ხმამაღლა არ იტყვის. ეს მაგალითი აჩვენებს, როგორ მოქმედებს კოლექტიური ტყუილი და როგორ ამხელს მას გულწრფელი ხმა.
როდესაც ტყუილზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ბარონ მიუნჰაუზენის სევდანარევ, ტრაბახა ტყუილებს გვერდს ვერ ავუვლით, ისევე, როგორც მძლეთამძლეს, ცნობილი ზღაპრიდან.
და ყველაზე მთავარი, მასწავლებელთა მასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, მან ყველაზე სწორად ამოხსნა და „დაიჭირა“ ტყუილის, როგორც მორალური საკითხების სწავლების იარაღის ფუნქცია.
ასე რომ, როდესაც გაკვეთილზე ტყუილის შესახებ დააპირებთ საუბარს, მოსწავლეებს ტყუილში გამოიჭერთ ან რომელიმე სხვა კონტექსტში დაგჭირდებათ ამ თემაზე საუბარი, ჯერ დაფიქრდით, მატი თვალით გაიაზრეთ სიტუაცია და მხოლოდ შემდეგ ასწავლეთ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ხოლო პინოქიოს გრძელი ცხვირი.
- როდის უნდა შევშფოთდეთ?
თუ ტყუილი ხდება მუდმივი, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ან ახლობლებთან ურთიერთობას ან სკოლის საქმიანობას აშკარად აზიანებს; თუ ერთადერთი კომუნიკაციური გზა გახდა სიმართლის უგულებელყოფა (და ეს თან ახლავს გადაულახავ პრობლემებს) — ასეთ დროს შემჩნევა, რეაგირება და პროფესიონალური კონსულტაცია მნიშვნელოვანია.