2021 წლის სექტემბერში ჩემი სახლი გაქურდეს. საკმაოდ რთული კარებები და საკეტები იყო, ამიტომ ვფიქრობ შესაძლოა ორი ღამეც კი ტეხავდნენ და შემდეგ შიგნით წყნარად დაფათურობდნენ. მეზობლებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო ან არ გაიგო, არ ვიცი…
მე ის ვიცი, რომ სოფლიდან ჩამოსული, როდესაც გადატრიალებულ სახლში შევედი ნამდვილი შოკი დამემართა. არაა, თუ ვინმეს გონია, რომ ვიტირე, იმედებს გაგიცრუებთ, მე აღარ ვტირივარ. უბრალოდ, თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
ვინ იყვნენ? არ ვიცი, ვერც შესაბამისმა ორგანომ დაადგინა ვინაობა. არადა, კარგი იქნებოდა, რადგან მაშინ, უბანში თურმე კიდევ სხვა 9 ბინა გაუძარცვავთ. ჰოდა, ერთი ჯგუფის ხელწერა იქნებოდა.
რა წაიღეს? ალბათ გაინტერესებთ ხომ? დიდი ვერაფერი, ვერცხლის ნივთები…არადა, ოქროს ეძებდნენ. ვერ იპოვეს! რატომ? დედამ ოქროს ნივთების დიდი ნაწილი თავისი რვა წლის ობლად დარჩენილი გოგოს კარგ ქალად აღზრდას მოანდომა, დარჩენილი ნაწილი კი, ამ ქალმა თავისი არაჩვეულებრივად კარგი და მზრუნველი დედის ავად ყოფნისას გაიტანა გარეთ, რათა ყველა გადასხმა და პროცედურა დროულად და კარგად გაეკეთებინა.
გასაგებად დავწერე, ხომ? ვინც ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ ზედა აბზაცი განმეორებით გადაიკითხოთ.
ცხადია, ჩემს სახლში შემოსულები „მუტრუკები“ იყვნენ. ცუდად არ ჩამითვალოთ, ვაჟას პერიფრაზს ვაკეთებ, რომელმაც თქვა, რომ „ყველა მუტრუკის დედა ვირიაო. ჰო, აბა სხვანაირად სხვის სახლში მძრომიალე მუტრუკი შვილი როგორ უნდა გაზარდო?“
ამ წერილში კი 500 წლის წინ მომხდარ ამბავზე და მაშინდელ მუტრუკებზე მინდა მოგითხროთ. ბაჰამის კუნძულებზე წყლით მოსული კოლუმბის გადმოჯდომიდან დაახლოებით 40 წელი იყო გასული. ამ დროის მანძილზე ამერიკული კონტინენტის სიღრმეში ერთი თეთრი ადამიანიც კი არ შესულა. თუმცა, ესპანელები კარიბის კუნძულებსა და მიმდებარე ადგილებში მყარად დაფუძნდნენ. ინგლისელი მეკობრეები ამ ადგილებს „ესპანურ ტერიტორიებს“ უწოდებდნენ. აქ გასაძარცვი უკვე აღარაფერი იყო, თავად ესპანელებს ძლივს გაჰქონდათ თავი. უთვალავი ოქრო ოცნებებშიღა ელანდებოდათ. კიდევ ლეგენდები დადიოდა სახელმწიფოზე, რომელიც მაღალი მთების ქედზე იყო გადაჭიმული. მისი მმართველი წელიწადში ერთხელ მთელ სხეულს ოქროსფერი ცვილით იფარავდა და ზედ ნაღდი ოქროს ფხვნილს იყრიდა. ისე ბრწყინავდა, როგორც ოქროს ქანდაკება. სარიტუალო ჰიმნების თანხლებით თავის ქვეშევრდომებთან ერთად ტბასთან მიდიოდა, ჯდებოდა ასევე ოქროთი დატვირთულ ნავში, მიცურავდა ტბის შუაგულში და იქ მთელ ძვირფასეულობას წყალში ყრიდა, თავადაც წყალში ხტებოდა, რომ ოქრო ჩამოერეცხა. ეს იყო ძღვენი ღმერთებისადმი.
თავად კი ოქროთი დაფარული კაცი-El Hombre Dorado გახლდათ.
ჰოდა, ევროპელების ოცნება ამ ოქროს კაცის სიმდიდრის დასაკუთრება და „ელდორადოს“ მოძებნა იყო.
ზოგჯერ, როცა ადამიანები ქუჩაში მისამერთს მეკითხებიან, ვპასუხობ და მერე ვნანობ ხოლმე. ვფიქრობ, ნეტა ჩემთვის არ დაეჯერებინათ-თქო… არა, ზოგადად ადგილმდებარეობაში კარგად ვერკვევი, მაგრამ თუ უცებ ფიქრებით მიმავალს გამაჩერებ და მისამართს მკითხავ, შეიძლება დავიბნე და…
ჰოდა, სიმართლე გითხრათ, სულ მეფიქრება, სად არის ახლა ის ხალხი, მე რომ გზა ვასწავლე….
ეს იმიტომ დავწერე, რომ იმ შორეულ დროსაც ევროპელები ადგილობრივებს ეკითხებოდნენ გზას და მიმართულებას. ესენიც ჟესტებით და რაღაც გაუგებარი ენით უხსნიდნენ. გასაკვირია, მაგრამ ევროპელების უმრავლესობა დანიშნულების ადგილამდე მიდიოდა. თუმცა, „ელდორადო“ რატომღაც ვერავინ იპოვა.
1513 წელს ვასკო დე ბალბოამ სულ წყევლა-კრულვით გადაკვეთა პანამა. ჰო, მაშინ არხი არ იყო და გაწვალდა კაცი. მოპირდაპირე მხარეს წნარი ოკეანე აღმოაჩინა. უწოდა ამ მიწებს პერუ და გზა განაგრძო. მერე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ეს კაცი სიკვდილით დასაჯეს. ამიტომ, მისი საქმე ვინმე ფრანცისკო პისარომ გააგრძელა და ინკების იმპერია აღმოაჩინა. ბევრი არ უფიქრია, ინკების ბელადი ტყვედ აიყვანა და 24 ტონა ოქრო მოითხოვა. ჩამოუარეს ტაძრებს, გადაადნეს ყველა ოქროს ქანდაკება თუ თილისმა და ოქროს ფირფიტებით დატვირთული გემები ესპანეთს გაუყენეს.
ასეთი სიმდიდრის ნახვით ევროპა გაგიჟდა. კიდევ უფრო ღრმად დაიჯერეს „ელდორადოს“ არსებობა. ჰო, აბა? თუ ინკებს ამდენი ოქრო ქონდათ, იქ ზემოთ მთებში რაღა იქნებოდა?
იმ დროს ესპანეთის გაერთიანებულ სამეფოს კარლოს პირველი მართავდა. ომებით და დარდიმანდობით მოახერხა და ვალები დაიდო, ვერ გადაიხადა და კოლონიალისტობის უფლებების ჩამორიგება დაიწყო. უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ოფიციალურ უფლებას აძლევდა, ახალ მიწებზე ოქრო მოეძებნათ. მაგ. გერმანული ბანკირების სახლის „ველზერის“, აბსურდულად დიდი თანხა ქონდა ვალად. ჰოდა, გერმანელმა ბანკირებმა სამხრეთ ამერიკის ათვისების უფლება მიიღეს. სულაც არ აღრფთოვანებულან, მაგრამ სულ არარაობას…თან იფიქრეს მარგალიტების იმპორტს მოვკიდებთ ხელს და გუაიაკის ცვილსაც ხელს გამოვაყოლებთო. ეს უკანასკნელი „უწესო“ საქციელით გამოწვეული დაავადებების წამლად ითვლებიოდა. ეს „უწესო“ დაავადებებიც ახალი მიწებიდან შემოიტანეს, სხვათა შორის.
ბანკირებმა ვენესუელაში სამასი კაცი გაგზავნეს და დაიწყეს იქაურობის აოხრება. ასე იწყება გერმანელი კონკისკადორების ამბავი. ვენესუელის პირველი გუბერნატორი ამბროსიო ეჰინგერ ფონ ალფინგერი გახდა. ცუდი ადამიანი იყოო წერენ, ქალაქი მარაკაება დაარსაო და ცეცხლით და მახვილით დაიწყო ოქროს ამოღებაო. მიმდებარე ჯუნგლებიდან 300 კილოგრამი ოქრო ამოუღია. ყველა ტომს წაეჩხუბა და შესაბამისად ცუდად დაასრულა საქმე-1533 წელს რაღაც შხამში ამოვლებული ისარი ესროლეს და მუდმივ დასვენებაში გაუშვეს.
თუმცა, სიკვდილამდე მოისმინა ლეგენდა ოქროს კაცზე და ორი ექსპედიცია გაუშვა კონტინენტის სიღრმეში. ვერაფერი იპოვა.
ამასობაში, სცენაზე გამოჩნდა ნიკოლაუს ფედერმანი. ვითომ ალფინგერის თანაშემწე იყო, სინამდვილაში კი მისი მეთვალყურე. „ელდორადოს“ იდეით ისე აინთო, რომ პოსტი მიატოვა და შეკრებილი ხალხით თავად დაადგა საძიებო გზას. სამი წელი იარა აღმა-დაღმა, რა აღარ გადალახა, ჭაობები და გაუვალი ჯუნგლები. ბოლოს საკმაოდ შეთხელებული ჯგუფით (დაიხოცა ხალხიც და ცხენებიც) მთებში რაღაც მოკრიალებულ პლატოზე გავიდა, ის ის იყო გაიხარა, „ელდორადო“ ვიპოვეო და … ადგილი დაკავებული აღმოჩნდა. თან ეს არანაირი „ელდორადო“ არ იყო, „სანტა მარტა“ იყო, ვაჰ!
გამოდის, „ელდორადო“ კიდევ უფრო სიღრმეში უნდა ყოფილიყო. ახალ ჯგუფს, გონსალო ჰიმენეს დე კესადუ ჩაუდგა სათავეში.
არა, აი რა უნდოდათ? ვის ოქროს ეძებდნენ?
კესადუმ გადაწყვიტა უაზროდ კი არ ევლო, არამედ გეგმით ემოქმედა. ამიტომ, მთის მდინარე „მაგდალენას“ გასწვრივ, ზემოთ მოგზაურობა გადაწყვიტა. მის ჯგუფში 620 ქვემავალი და 85 მხედარი შედიოდა (ვაჟასეულად, ამდენი სხვის ოქროზე მონადირე მუტრუკი). მთელი ამბები გადახდათ, დაწყებული ადგილობრივი ინდოელების შხამიანი ისრებით, გაგრძელებული ჯუნგლების ყველა მტაცებლით, მწერით თუ ქვეწარმავლით. ვინც გადარჩა, ჯუნგლების სირღმეში ფედერმანის ჯგუფის ცოცხლად დარჩენილ, მაგრამ გაველურებულ წევრებს გადაეყარა და ყველა ერთად კვლავ „ელდორადოს“ საძებნელად გაეშურა.
1537 წელს ჯგუფის 167 ცოცხალ-მკვდარი წევრი მთების წვერში არსებულ ზეგანზე გავიდა. აქ დახვდათ სიმწვანე, ტბა და ბეჯითად დამუშავებული მიწები. ეჭვი არ იყო, „ელდორადო“ იპოვეს! სინამდვილეში ეს „ჩიბჩა მუისკების“ ქვეყანა იყო. მათ ენაზე „მუისკა“ ადამიანს ნიშნავდა. ეს ხალხი საუკუნეები ცხოვრობდა ამ მიწაზე, მიწათმოქმედებით, ასევე მარილის, სპილენძის და ზურმუხტების მოპოვებით იყო დაკავებული. სხვათა შორის, კარტოფილი ესპანელებმა პირველად აქ ნახეს.
რელიგიური ხალხი იყო და მათი წინამძღოლები (რამდენიმე ქალაქად ერთიანდებოდნენ და თითოეულს თავისი მმართველი ყავდა) ტბა გუატავიტაში მართლაც ასრულებდნენ სარიტუალო გასვლებს. ოქროც ქონდათ, ოღონდ მცირე რაოდენობით, არ ქონდათ თვითნაბადი ოქრო…
თვითნაბადი ოქრო მინარევის სახით შეიცავს ვერცხლს (5-15%), სპილენძს, რკინას და სხვა ელემენტებს. ოქროს შემცველ მადნებს წინასწარი დამუშავება-დაწილადება და გამდიდრება სჭირდებათ. პირველადი პროცესების შედეგად გამოყოფილ ოქროს ამდიდრებენ ამალგამირების, ციანირების და სხვა მეთოდებით. ოქროს შემცველი მასალის ციანიდთა ხსნარებით დამუშავებით (ჟანგბადის თანაობისას) ოქრო მასში იხსნება და ხსნარში გადადის. ეს მეთოდი ქართველმა მეცნიერმა პეტრე ბაგრატიონმა 1843 წელს შეიმუშავა.
4Au + 8 KCN + 2 H2O +O2= 4K[Au(CN)2] +4KOH
მიღებული ოქროს შემცველი ციანიდური ხსნარისგან თავისუფალ ოქროს თუთიით გამოყოფენ.
2K[Au(CN)2]+Zn=2Au+K2[Zn(CN)4]
ამგვარად მიღებული მეტალური ოქროს ღრუბლოვან მასას გოგირდმჟავათი და წყლით ჩარეცხავენ, გააშრობენ და ოქროს ზოდებად შეადნობენ. ოქრო ბუნებით არააქტიური მეტალია. ჰაერში გახურებისას ცვლილებას არ განიცდის. ცალკე აღებული მჟავები ოქროზე არ მოქმედებს, არ იხსნება გამხსნელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში. ჟანგბადი და ჰალოგენებიც კი მშრალ ატმოსფეროში მასზე თითქმის არ მოქმედებენ. მეტალური ოქრო და მისი ნაერთები არატოქსიკურია. ამ თვისებების გამო მას „კეთილშობილ მეტალს” უწოდებენ. ოქროს ორი რიგის ნაერთებია ცნობილი. მათ +1და +3 ჟანგვის ხარისხი შეესაბამება. შედარებით მდგრადი ის ნაერთებია, სადაც ჟანგვის რიცხვი +3-ის ტოლია.
ოქროს მინის, ფაიფურის ან მეტალების ზედაპირის დასაფარავადაც იყენებენ. მისი შენადნობი პლატინასთან ქიმიურად მდგრადი აპარატურის შესაქმნელად გამოიყენება. კოლოიდური ოქრო მედიცინაში იხმარება ანტისეპტიკურ საშუალებად.
შენადნობებში ოქროს შემცველობას სინჯით (პრომილე) გამოსახავენ. საიუველირო ნაწარმში ოქროს სპილენძსა და ვერცხლს ურევენ. სინჯი 583 ნიშნავს, რომ მასში 58,3% ოქროა, დანარჩენი 41,7% – სპილენძი ან ვერცხლი. ე.წ. ბაჯაღლო ოქროს სინჯი კი 96-ია.
ევროპელებმა „ოქროთი დაფარული კაცის“ ქალაქს მიაკვლიეს, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. თუმცა, სხვის ოქროზე ნადირობა ერთგვარ სენად იქცა და „სხვა ელდორადოს“ საძებრად სულ უფრო და უფრო შორს ცდილობდნენ წაწევას. ამაში ერთგვარი დადებითი მხარეც იყო, რადგან ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ. მაგ. ფრანცისკო დე ორელიანმა მდინარე ამაზონი აღმოაჩინა. სერ უოლტერ რეილმა ორჯერ იმოგზაუროა მდინარე „ორინოკოს“ გასწვრივ, ვერაფერი იპოვა, მაგრამ საინტერესო წიგნი დაწერა.
მოგვიანებით „ელდორადოს“ ინტერესი დაცხრა, თუმცა ზოგჯერ ასე თუ ისე, მაინც გაიელვებდა. მაგ. ვოლტერმა თავის სატირულ რომანში „კანდიდი“, ელდორადო უტოპიურ ქვეყანად წარმოაჩინა. კიდევ უფრო მოგვიანებით, „ელდორადოს“ ინდიანა ჯონსიც დაეძებს, კაზინოების სახელადაც იყენებენ და საოჯახო ტექნიკის ფირმასაც არქმევენ.
ის შორეული დასახლება კი დღეს კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტაა და ოქროს კარგი მუზეუმი აქვთ.