საგან „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში დაწყებითი საფეხურის შედეგების მიღწევის/კომპეტენციების განვითარების საფუძველს, სხვა ცნებებთან ერთად, ქმნის ცნება – „დრო“ -ს გააზრება, რომლის საფუძველზე მიიღება ის შედეგი, როდესაც მოსწავლე აცნობიერებს, რომ ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რომ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანების ყოფა თანამედროვეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა [ჩვენი საქართველოს განახლებული სტანდარტი, შედეგი (1)].
მიზნის მისაღწევად მასწავლებელს მრავალფეროვანი რესურსები გააჩნია, თუმცა გვინდა „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ მუზეუმების ექსპონატების როლზე ცნება „დროის“ გაცნობიერებაში და სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანების ყოფის განსხვავებულობის წარმოჩენაში.
რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგას მასწავლებელმა, როდესაც „დროსთან“ მიმართებაში, როდესაც რესურსად იყენებს მუზეუმის ექსპონატებს? გთავაზობთ სავარაუდო ნიმუშს „ჩვენი საქართველოს“ სასწავლო კურსიდან თემა „აჭარის“ მაგალითზე:
- კლასი: V/ თემა: „აჭარა“
- პროექტი – გაკვთილი;
- რესურსები: სახელმძღვანელო: „ჩვენი საქართველო“; ინტერნეტრესურსი: https://ajaramuseums.ge/ -ზე განთავსებული ვირტუალური ტურები აჭარის მუზეუმებიდან და აქ განთავსებული ვიდეომასალების და სამუზეუმო კოლექციების მასალის დათვალიერება-გაცნობა, როგორიცაა, მიზნის შესაბამისად, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; აჭარის ხელოვნების მუზეუმი; აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი; ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი; ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი; მემედ აბაშიძის სახელობის სახლ- მუზეუმი; რელიგიის მუზეუმი
https://ajaramuseums.ge/museums/brothers/brothers-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/khariton/khariton-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/chavchavadze/chavchavadze-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/arch/arch-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/religion/religion-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/art/art-virtual-tour
ასევე აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“
I ეტაპი:
- „გონებრივი იერიში“ : „რა ვიცი საქართველოს რეგიონების შესახებ?“
- ახალი მასალის ახსნა/მიმოხილვა: მასწავლებელი იყენებს სახელმძღვანელოს ტექსტსა და ფოტო-მასალას და ინტერნეტრესურსებზე (აჭარაში არსებულ სამუზემო ექსპონატებზე) დაფუძნებულ პრეზენტაციას/ან მუზემუმების ვირტუალურ ექსპოზიციას და მიმოიხილავს აჭარის ტრადიციულ ყოფასა და კულტურას, რომელშიც გამოკვეთს, რომ:
- აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კუთხეა და ის საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა სახეს;
- მისი გეოგრაფიული მდებარეობა (შავი ზღვისპირეთი, მთაგორიანი და მდიდარი ბუნება) ყოველთვის განსაზღვრავდა აქ მცხოვრები ხალხის ცხოვრების სტილს;
- დღეს აჭარა ტურიზმის და თანამედროვე ურბანული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრია.
- მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოს ტექსტზე და ფოტომასალაზე და მიღებულ ინფორმაციას აკავშირებენ ერთმანეთთან.
II ეტაპი: აჭარის მუზეუმების https://ajaramuseums.ge/ ვირტუალური ტურის წარდგენა მოსწავლეებისთვის და მუშაობის გაგარძელება ჯგუფებში ცნება „დრო“ -ს გაცნობიერებისთვის.
- ამ მიზნით მოსწავლეები გამოკვეთენ:
- რომელმა ექსპონატებმა მიიქცია მათი ყურადღება თემასთან მიმართებაში;
- რა გავიგეთ აჭარის ჭარსულის შესახებ?
- რა ენაზე საუბრობდნენ და წერდნენ აჭარაში? მათი მშობლიური ენა?
- აჭარის მკვიდრთა რა სამეურნეო ჩვევებსა და კულტურაზე მიგვითითებენ მუზეუმის ექსპინატები?
- როგორი ადათ-წესები და რიტუალები ჰქონდათ აჭარლებს წარსულში? (გამოიყენე სიტყვები: ეკლესია, ისლამური წეს-ჩვეულებები, სასულიერო ხასიათის დღესასწაულები..);
- დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარის გამტკიცებისთვის მუშაობა ცხრილზე „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“: „მუზეუმის ექსპონატებს დაარქი სახელი და განათავსე ცხრილში კონკრეტული ისტორიული ეპოქების შესაბამისად“.
ცხრილი – „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“
- მუშაობა დავალებაზე: „ტრადიციული ყოფა და ცხოვრება აჭარაში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მუზეუმის ექსპონატების მიხედვით. მსგავსება და განსხვავება“. მოსწავლეები სახელმძღვანელოს ტექსტიდან და მოცემული დავალებიდან მიღებულ შედეგებს ასახვენ ცხრილში.
III ეტაპი – ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალოს“ https://georgianmuseums.ge/museum-category/historical-local-museums-ka/ (Borjgalo Ethnographic Museum) ექსპონატების ჩვენება მოსწავლეებისთვის, რომელიც ფართოდ გამოიყენება საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის, რადგან გამორჩეულია იმით, რომ აქ განთავსებულია მხარისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების მაკეტები, ხალხური რეწვისა და ხეზე კვეთის ნიმუშები, აგრარული მეურნეობისა და ყოფისთვის შესაბამისი ნივთები, ადამიანთა ფიგურები სხვადასხვა საქმიანობისას. შრომითი პროცესები ასახულია დარგების შესაბამისად ჩაცმული მანეკენებით, სამუშაო გარემოთი და იარაღ-ინვენტარით და ერთგვარად „აცოცხლებენ“ ძველი აჭარის ხიბლს. მუზეუმი ფართო საშუალებას აძლევს მოსწავლეს, „თვალსაჩინოდ“ გაიაზროს ცნება „წარსული დრო“ https://www.infobatumi.ge/places/etnografiuli-muzeumi-borjgalo/
- მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები მუშაობენ მუზეუმის ფოტომასალაზე (იხ. ნიმუში აქვე), აღწერენ და ახასიათებენ მუზემის ექსპონატებს (იხ. მითითებული ლინკი) და პასუხობენ კითხვებზე, როგორიცაა:
- წარსული ყოფის რომელ დეტალებს გამოყოფდი (გამოიყენე სიტყვები: მიწათმოქმედება, სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა, ხელოსნობა, მრეწველობა, ნადირობა, მეთევზეობა, თუთუნის კულტივირება..);
- აჭარელი გლეხიკაცის რომელ კონკრეტულ საქმიანობას „აცოცხლებს“ მოცემული სცენა?
- რას ეფუძნებოდა აჭარელთა ყოფა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში?
- როგორ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული სოფლის საცხოვრებელი სივრცე?
- ადგილობრივი ერთონგრაფიისთვის დამახასიათებელ კიდევ რომელ კომპონენტებს გამოყოფდი?
- წარსულის რა განწყობილებას გიქმნით წარმოდგენილი სოფლის ყოფის სცენები: ხის სახლები, სამეურნეო ინვენტარი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ფიგურები?
- რას გვიყვება ეს სურათი აჭარის ისტორიულ წარსულზე?
- რით განსხვავდებოდა აჭარელთა წარსული ცხოვრება დღევანდელობისგან? რაზე იყო ის დაფუძნებული წინათ, რა შეიცვალა დღეს? (მაგალითად, წარსულში აჭარაში ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად მიწას, ხელსაქმესა და საზოგადოებრივ ერთობას ეფუძნებოდა..);
- და ა.შ.
- ინფორმაციის შედარება უკვე ნასწავლ მასალასთან და ცხრილის – „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“ – შევსება ახალი ინფორმაციით.
ფოტო-მასალა მუზეუმი „ბორჯღალოდან“:
IV ეტაპი – რეფლექსია / “თავისუფალი არჩევანის“ პრინციპით:
- „ერთწუთიანი პასუხები“:
- მუზეუმის ექსპონატების და სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ფოტო-მასალის საფუძველზე თანამედროვე აჭარის ეკონომიკისა და კულტურის რა დამახასიათებელ ნიშნებს გამოყოფდით?
- რით განსხვავდება თანამედროვე ყოფა-ცხოვრება წარსულისგან? (მაგალითად, ბათუმი საერთაშორისო ტურიზმისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ცენტრია..);
- რატომ არის ისტორიული მეხსიერება, წარსული და ტრადიციები საქართველოს მხარეების იდენტობის მნიშვნელოვანი საფუძველი?
მუზეუმი რეალურად არის ერთგვარი „დროში ცვლილებების მასწავლებელი“, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს წარსულსა და დღევანდელობას, წარმოაჩენს ქვეყნისა თუ მისი ცალკეული რეგიონის იდენტობას, ქმნის ამ იდენტობის გააზრების საფუძველს და რაც მთავარია, ეხმარება მოსწავლეს წარსულის მიმართ ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაშიც.