საქართველო მრავალფეროვანი ლანდშაფტით, განსხვავებული ბუნებრივი პირობებითა და კლიმატით ხასიათდება, რაც ბუნებრივი საფრთხეების მრავალფეროვნებასაც განაპირობებს. „ჩვენი საქართველოს“ განახლებული საგნობრივი სტანდარტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, მოსწავლეებმა გამოკვეთონ და ახსნან საქართველოს მხარეების/ტერიტორიული ერთეულისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეები (ჩვ. საქ. (2) – 2;3). მათი ცოდნა და ანალიზის უნარი მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საგნობრივი კუთხით, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისთვისაც.
შესაბამისად, სასწავლო პროცესში აუცილებელია ისეთი დავალებების დაგეგმვა, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე გამოკვეთს და ახსნის კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელ საფრთხეებს. როგორ დავეხმაროთ მას ამ მიზნის მიღწევაში?
პრაქტიკული და საგნობრივი უნარების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ბუნებრივი (გეოლოგიური, ეკოლოგიური) საფრთხეები შეისწავლონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ კვლევითი, საკლასო და პრაქტიკული დავალებების მეშვეობითაც. შესაძლო დავალების ტიპებია:
- ინტეგრირებული (გეოგრაფია/ბუნება, საზოგადოება);
- პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებზე ორიენტირებული;
- შემოქმედებითი და
- თანამშრომლობითი ხასიათის (ჯგუფური მუშაობა).
მაგალითად:
- ინფორმაციული და ანალიტიკური ხასიათის დავალებები:
- შევთავაზოთ მოსწავლეებს, მონიშნონ საქართველოს ფიზიკურ რუკაზე მიწისძვრების, მეწყერების, ღვარცოფების, წყალდიდობებისა და ტყის ხანძრების კერების შესაძლო რეგიონები და იმსჯელონ, რატომ მიაჩნიათ ასე.
- შეადარონ სხვადასხვა მხარის ფიზიკური მახასიათებლები და იმსჯელონ, სად უფრო დიდია მეწყრის საშიშროება, სად – წყალდიდობის საფრთხე (მაგალითად, რაჭაში – მეწყერი, კახეთში – გვალვა) და ა.შ. და იმსჯელონ, რატომ მიაჩნიათ ასე.
- კვლევითი/პროექტული დავალებები:
- ჯგუფური მუშაობა (Case study): თითოეულმა ჯგუფმა შეკრიბოს ინფორმაცია ამა თუ იმ მხარეში (მაგალითად, აჭარა, კახეთი) არსებულ საფრთხეებზე და მოამზადოს პრეზენტაცია. წყაროებად გამოიყენონ სახელმძღვანელო და ინტერნეტრესურსები.
- ინტერვიუ უფროს თაობასთან: ჯგუფის წევრებმა შეისწავლონ უფროსი თაობის გამოცდილება (საკუთარი ოჯახის და სხვ. მაგალითზე), რა იციან სტიქიური უბედურებების შესახებ ან რა ახსოვთ ამ საკითხზე, წყალდიდობაზე, მეწყერზე;
- შექმნან „საფრთხის რუკა“ Google Maps-ის ან ZeeMaps-ის საშუალებით ან მოამზადონ პოსტერი, რომელზეც დაიტანენ ბუნებრივ საფრთხეებს კონკრეტულ მხარეებში.
- შემოქმედებითი ხასიათის დავალებები:
- მოსწავლეებმა მოამზადონ ვიზუალური პოსტერები საფრთხეების მიზეზებისა და პრევენციის გზების შესახებ;
- შექმნან პატარა მოთხრობები ან კომიქსები აღნიშნულ თემაზე;
- მოამზადონ ვიდეორეპორტაჟები თავიანთ საცხოვრებელ გარემოში არსებული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ;
- დაწერონ სცენარები თემაზე „როგორ მოვიქცევი (მიწისძვრის, ტყის ხანძრის ან ღვარცოფის…) დროს“;
- როლური თამაში – ვიდეორგოლის გადაღება – „მაშველი“, „ადგილობრივი ხელისუფლება“, „მოქალაქე“.
ასეთი დავალებები ეხმარება მოსწავლეს, უკეთ გაიაზროს თავისი მხარის ბუნებრივი საფრთხეები, პრევენციისა და ადაპტაციის მნიშვნელობა და გაიზარდოს პასუხისმგებლობიან მოქალაქედ.
განვიხილოთ მაგალითი:
საგანი „ჩვენი საქართველო“
კლასი: V-VI
თემა: საქართველოს ბუნებრივი საფრთხეები
დავალება: საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეების რუკის შექმნა ZeeMaps-ის გამოყენებით.
მიზანი: მოსწავლეებმა გამოიკვეთონ და ახსნან საქართველოს სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეები და მოამზადონ ციფრული რუკა.
ZeeMaps საკმაოდ მარტივი და მოხერხებული ინსტრუმენტია ამ ტიპის რუკებისთვის.
ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის ZeeMaps-ით რუკის შესაქმნელად:
- შედი საიტზე https://www.zeemaps.com (რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ რუკის შემდგომი რედაქტირება-შენახვისთვის ანგარიშის შექმნა სასარგებლოა).
- დააჭირე ღილაკს „Create a Free Map“ და დაარქვი რუკას სახელი (მაგალითად, „საქართველოს ბუნებრივი საფრთხეები“);
- რუკის იმ ნაწილში, სადაც საფრთხის მონიშვნა გსურს, დააჭირე მარჯვენა ღილაკს ან „Add“ → „Add Marker“.
- გახსნილ ფანჯარაში დაამატე ინფორმაცია:
- Title – საფრთხის სახელი (მაგ., „გვალვა კახეთში“, „მეწყერი რაჭაში“).
- Description – დაიტანე მოკლე ტექსტი (როდის ხდება, რა ზიანი მოაქვს, რა არის საჭირო პრევენციისთვის).
- შეგიძლია, ატვირთო ფოტო/ბმული/ვიდეო.
- მონიშნე რუკის ფორმატი: რელიეფი ან თანამგზავრიდან.
- თვალსაჩინოებისთვის სხვადასხვა საფრთხეს მიანიჭე სხვადასხვა ფერი, მაგალითად: წითელი – მიწისძვრა, ლურჯი – წყალდიდობა, ყვითელი – მეწყერი, მწვანე – ტყის ხანძარი. სურვილის შემთხვევაში მიაწერე განმარტებები.
- შეგიძლია, რუკა გაზიარო „Share“ ღილაკით და მიუთითო, რომ მხოლოდ შენ არედაქტირებ ან ჯგუფი ერთად ამატებთ ახალ მონაცემებს.
- წარადგინე კლასში როგორც ციფრული პრეზენტაცია.
იხ. ნიმუში: https://www.zeemaps.com/view?group=6848645&x=45.988946&y=46.925463&z=13
შესაძლებელია სხვა ტიპის ვირტუალური რუკების გამოყენებაც, მაგალითად:
- Google Earth/VR რუკები, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები შეძლებენ კონკრეტული რეგიონების ნახვას 3D ფორმატში, რაც მათ დაეხმარება მეწყრის, მდინარის ადიდების ან გვალვის ზონების ვიზუალიზაციაში.
- Canva, Genially, Piktochart – აქ მოსწავლეები ქმნიან ისეთ ინფოგრაფიკას, სადაც ცალ-ცალკეა „აწყობილი“ მიზეზები, შედეგები და პრევენციული ღონისძიებები. ცალკეული რეგიონების შესწავლის პარალელურად მოსწავლეებს შეუძლიათ, შეავსონ ჩანაწერები ZeeMaps-ზე. ბოლოს მიიღება ერთი დიდი რუკა, რომელზეც საქართველოს ყველა მხარე თავისი დამახასიათებელი საფრთხეებით იქნება წარმოდგენილი.
შეფასების რუბრიკა
რეფლექსია:
- მასწავლებელი მიმოიხილავს შესრულებულ დავალებებს და გასცემს რეკომენდაციებს.
- მოსწავლეებს სთხოვს, დაწერონ მოკლე რეფლექსია: „რა ვისწავლე, რა იყო ყველაზე საინტერესო, რას გამოვასწორებდი მომავალში“.
ამ ტიპის დავალებები აერთიანებს კვლევით, ანალიტიკურ, შემოქმედებით და ჯგუფურ აქტივობებს, ეხმარება მოსწავლეებს გეოგრაფიული, სამოქალაქო და ტექნოლოგიური კომპეტენციების ჩამოყალიბებაში, საშუალებას აძლევს, გაიაზრონ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი საფრთხეები და მათი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე, ხელს უწყობს ჯგუფური თანამშრომლობის, პრეზენტაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ამის შედეგად კი სტანდარტის შედეგების მიღწევას, ცოდნისა და უნარის გაფართოებას და პედაგოგიური ამოცანების გადაწყვეტას.




