XXI საუკუნის განათლება და, კერძოდ, სასკოლო საისტორიო განათლება პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს კრიტიკულ აზროვნებას და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიმართულებით აქტუალურია იმ მიდგომების გამოკვეთა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ისტორიულ წყაროებზე მუშაობის უნარების გამომუშავებას.
ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარის კომპონენტებია:
- წყაროს იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია;
- წყაროს ავტორის, დროისა და სივრცის დადგენა;
- წყაროს სანდოობის შეფასება;
- წყაროს შინაარსის ანალიზი და ინტერპრეტაცია;
- წყაროს შედარება, სინთეზი და დასკვნების გამოტანა.
ისტორიულ წყაროზე მუშაობის უნარი კომპლექსური კატეგორიაა და გულისხმობს ცოდნის, ქმედების /მოქმედებისა და ანალიზის ერთობლიობას. ასეთი კომპონენტური ხედვა საშუალებას იძლევა, წყაროზე მუშაობის უნარი წარმოვიდგინოთ დინამიკურ, თანმიმდევრულ პროცესად და არა ერთჯერად ქმედებად.
ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარი რამდენიმე თეორიულ საფუძველს ემყარება:
- ჰერმენევტიკული მიდგომა – წყაროს გააზრება კონტექსტში, ტექსტსა და მნიშვნელობას შორის კავშირის დანახვა;
- კონსტრუქტივისტული მიდგომა – მოსწავლე თავად ქმნის ისტორიულ ცოდნას წყაროს საფუძველზე, აქტიურად მონაწილეობს ცოდნის კონსტრუქციაში;
- ისტორიული აზროვნების მოდელებზე ორიენტირება (Wineburg და სხვ.) – უნარის განვითარება მოითხოვს დროის კონტექსტის გათვალისწინებას, სხვადასხვა წყაროს შედარებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, არგუმენტირებულ მსჯელობას.
როგორც ყველა სხვა უნარს, წყაროზე მუშაობის უნარსაც განვითარება სჭირდება. სასკოლო საისტორიო განათლება ამ მიმართულებით გამოკვეთს რამდენიმე ეტაპს, რაც ხაზს უსვამს თავად უნარის დინამიკურ ხასიათსაც, რადგან ის გამუდმებით იხვეწება და რთულდება:
- დაწყებით საფეხურზე: მოსწავლეები სწავლობენ წყაროს იდენტიფიცირებას და მისი წარმოშობის განსაზღვრას. ისინი არ კითხულობენ ტექსტს როგორც „მშრალ ინფორმაციას“ და, უპირველეს ყოვლისა, სვამენ კითხვებს: ვინ არის ავტორი? როდის დაწერა? რა იყო მისი მიზანი?
- მაგალითად: მოსწავლეები კითხულობენ შუა საუკუნეების მეფის ქრონიკას და მეფესთან დაპირისპირებული ფეოდალის წერილს. ამ ორი წყაროს შედარებით ისინი სწავლობენ, რომ ერთი და იმავე მოვლენის აღწერა რეალურად ავტორის პოზიციაზეა დამოკიდებული ანუ სწავლობენ წყაროს აღქმას.
- საშუალო საფეხურზე: ისწავლება წყაროს კრიტიკული კითხვა და სანდოობის შეფასება. წყაროების შედარებისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ერთი წყარო არასდროს არის საკმარისი. ისინი ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა წყაროს და ეძებენ მსგავსებებსა და განსხვავებებს.
- მაგალითად: მოსწავლეები ადარებენ, როგორ აღწერს ერთსა და იგივე მოვლენას გაზეთი, ფოტოები თუ პირადი დღიური, შემდეგ კი მსჯელობენ იმაზე, რომელი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ემთხვევა ერთმანეთს და სად ჩანს სუბიექტური ინტერპრეტაცია, ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ შინაარსს, არამედ ავტორის სიტყვებს, ტონს და სტილსაც კი და ა.შ.
- საშუალო საფეხურზე: წყაროს კონტექსტუალიზაცია, შედარებითი ანალიზი და საკუთარი კვლევის წარმოება
ფაქტობრივად, ისტორიული კონტექსტი ეხება კონკრეტული მოვლენის ან პერიოდის თანმხლებ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ გარემოებებს და ისტორიულ ფონს. კონტექსტი ეხმარება მოსწავლეებს, უფრო ღრმად გაიგონ და გაიაზრონ, გააანალიზონ და შეაფასონ ისტორიული მოვლენები და ფაქტები. კონტექსტუალიზაციისას წყაროს გაანალიზება ხდება იმ ისტორიულ კონტექსტთან მიმართებით (Contextualization – გარემოსა და დროის გათვალისწინება), რომელშიც ის შეიქმნა (Sam Wineburg, Historical Thinking and Other Unnatural Acts, 2001). ამ დროს მოსწავლე „ამოჭრილად“ კი არ კითხულობს კონკრეტულ წყაროს, არამედ ცდილობს „გაიგოს“ ის „იმ ეპოქაში, ისტორიულ გარემოსა და პირობებში“, როდესაც დაიწერა.
ნიმუშები
პირველადი წყაროს კონტექსტუალიზაცია:
ა) თუ მოსწავლეს დავავალებთ, წაიკითხოს 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მისი გაცნობიერებისთვის მას დაჭირდება მთლიანად პირველი მსოფლიო ომის შედეგების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და რუსეთში მიმდინარე რევოლუციური პროცესების მნიშვენლობის გაცნობიერებაც ანუ საკითხის მთლიანი კონტექსტის გაგება/გააზრება. თუ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება“) მოსწავლე მხოლოდ სიტყვებს ამოიკითხავს, ის მიიღებს ინფორმაციას 1918 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, ანუ აღიქვამს დეკლარაციას როგორც ფაქტს, მაგრამ კონტექსტუალიზაციის დროს ის შეისწავლის:
- რა ხდებოდა იმ დროს საერთაშორისო არენაზე (პირველი მსოფლიო ომის დასასრული);
- როგორი იყო კავკასიაში პოლიტიკური ვითარება (ამიერკავკასიის სეიმის დაშლა);
- რა პროცესები მიმდინარეობდა რუსეთში (ოქტომბრის რევოლუცია, ბოლშევიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია) და სხვ.
- და ამ გზით ის აღმოაჩენს დამოუკიდებლობის აქტის სულ სხვა მნიშვნელობას: 1918 წლის 26 მაისის დეკლარაცია იყო არა უბრალოდ „დეკლარაცია“ როგორც ასეთი, არამედ გადაუდებელი რეაგირება რთულ საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე.
ბ) პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ჯარისკაცის დღიურის ანალიზის დროს ისტორიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ ომის ისტორიული კონტექსტი, ასევე ჯარისკაცის პირადი გამოცდილება და მიკერძოებები და ა.შ.
გ) წყაროს ტექსტის გამოკვლევისას, მაგალითად, საბჭოთა ხელისუფლების მომდევნო პერიოდის ისტორიის შესწავლისას (პირობითად, XX საუკუნის 20-30-იანი წლები), მოსწავლეები:
- ჯერ ერთმანეთს ადარებენ საბჭოთა პერიოდის წყაროებს, მაგალითად, პოსტერებს,
- მერე – ემიგრანტის მოგონებებს იმავე თემაზე,
- ამის შემდეგ კი ცდილობენ, იპოვონ პასუხი, რომელ წყაროში უფრო მეტადაა გამოკვეთილი იდეოლოგია და სად უფრო მეტად იგრძნობა სახელმწიფოს მხრივ წნეხი.
მეორეული წყაროს კონტექსტუალიზაცია (მეორეული წყაროს კონტექსტუალიზაცია ნიშნავს ამ წყაროს დაწერის დროის, ავტორის პიროვნების და ეპოქის ვითარების ახსნას – რატომ წერს ავტორი ასე და არა სხვაგვარად, რა გავლენას ახდენს გარემოება (პოლიტიკური თუ კერძო ინტერესები) ავტორის ხედვაზე და აშ.):
- ჯვაროსნული ომების ისტორიული ინტერპრეტაცია დამოკიდებულია იმაზე, რომელ ეპოქაში და რა ინტელექტუალურ-პოლიტიკურ გარემოში დაიწერა ნაშრომი. მაგალითად:
- მიზანი – საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ჯვაროსნული ომების მიზნად წარმოჩენილი იყო „ფეოდალური აგრესია“ და ექსპანსიონიზმი, თანამედროვე დასავლური ისტორიოგრაფია კი ჯვაროსნულ ომებს წარმოაჩენდა როგორც მრავალმხრივ ფენომენს (რელიგიური ენთუზიაზმი, ეკონომიკური ფაქტორები, კულტურული კონტაქტები).
- მთავარი აქცენტები – საბჭოთა ისტორიოგრაფია აქცენტს სვამდა ეკონომიკურ მოტივებზე, ფეოდალების ექსპანსიაზე, კოლონიალიზმზე; დასავლური ისტორიოგრაფია ორიენტირებული იყო რელიგიური მოტივების, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურათა ურთიერთობის წინ წამოწევაზე.
- ეპოქის ასახვა – საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიულ ნაშრომებში უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა მარქსისტულ ინტერპრეტაციას, კლასობრივ ბრძოლასა და ფეოდალურ ექსპანსიას; დასავლურ ისტორიოგრაფიაში ჩანს მულტიპერსპექტიულობა (ევროპელი, მუსლიმი და ბიზანტიელი ავტორების ხედვის გათვალისწინება).
კონტექსტუალიზაცია გვაშორებს „ტექსტის ზედაპირულ“ წაკითხვას, გვასწავლის მის „შიგნით“ და „გარშემო“ არსებულ პირობებში ჩაღრმავებას და ხელს უწყობს მოსწავლის აკადემიურ წინსვლასა და საგნობრივი კომპეტენციების ჩამოყალიბებას.
კონტექსტუალიზაცია ააქტიურებს კრიტიკულ აზროვნებას, დამოუკიდებელ მსჯელობასა და ანალიზის უნარს, რაც მოსწავლეს სჭირდება საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ამ გზით მაღლდება მოსწავლის საგნობრივი კომპეტენცია, მას გამოუმუშავდება უნარი, მიაგნოს სანდო ინფორმაციას, დაადგინოს ამ უკანასკნელის სანდოობის ხარისხი და შეიძინოს ის გამოცდილება, რომლის საფუძველზეც გაუმკლავდება თანამედროვე ინფორმაციული გარემოს გამოწვევებს.



