(ერთი დღის ქრონიკა. ჩანაწერებიდან)
” – ჰაა, ვერან, გაგვევლო სადმე.” – მწერს ამას წინათ გურამი, ჩემი ძმაკაცი, თავართქილაძე. გურამი იმ უიშვიათესთაგანია, თვითონ რომ არ წერს და ისე უყვარს პოეზია, უანგაროდ, ხოდა, პოეტს ასეთი კაცი როგორ არ უნდა გიყვარდეს.
” – ბავშვი მყავს ერთგან მისაყვანი, ერთ საათში თავისუფალი ვიქნები და შემოგეხმიანები.” – ვპასუხობ.
ბოლო ერთი წელია, რაც დიდი ავიაციიდან კი არადა, “დიდი სმიდან” (რომელიც ორ კვირაში ერთხელ დალევას გულისხმობდა) წავედით და “პატარა სმაზე” გადავედით (რომელიც თვენახევარ-ორ თვეში ერთხელ დალევას გულისხმობს), ხოდა, ახლა, როგორც წესი, თბილისში ან თბილისის შემოგარენში დავეხეტებით ხოლმე მისი მანქანით. ხეტიალით ადრეც ვხეტიალობდით, მაგრამ მაშინ – დასალევად, ასეთ ხეტიალს კი ფასი არ აქვს: სიმთვრალეში ბოლომდე და გემრიელად ვერ აღიგქვამ გარემოს. არადა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სოფელში ჩასვლა მეზარება (ძალიან შორია), მე მაინც სოფლის კაცი ვარ, ჩემგან ქალაქელი კაცი მხოლოდ გარეგნულად დადგა. ასეთი ლექსიც კი დავწერე ამას წინათ:
***
კაცმა რომ თქვას,
რას გერჩი, წვიმავ, რომ მეზიზღები?!
შენ მხოლოდ შენს
საქმეს აკეთებ, ფეხსაცმელი და
შარვალი რომ
მესვრება ხოლმე, ამით ჩემივე
წარმოშობას –
წარმომავლობას – მახსენებ მხოლოდ:
რაც არ უნდა
ქალაქელობა ვიბრალო, ჩემში
ტალახსა და
ლაფში გაზრდილი ის ბავშვი ცხოვრობს.
ხო, სოფლის კაცი ვარ, ამიტომ აქვე, ვერეს ხეობაში ჩასვლა ან ქალაქგარეთ, ბუნებაში გასვლა და დედამიწის ნატურალური სუნის ჩასუნთქვა მიყვარს.
შევხვდი გურამს და ჩავუჯექი მანქანაში.
” – საბადურებისკენ ავიდეთ?!” – გამომცდელად მეკითხება.
” – მიდი, დააწექი.” – ვპასუხობ და სავარძლის საზურგეს ვარეგულირებ, რომ კომფორტულად დავჯდე.
საბადურები… სიმწვანე… მდინარესთან ვჩერდებით, აქ შარშანაც ამოვედით, მაშინ – დასალევად, ბიჭებთან ერთად.
” – წამო, ვაფშე თიანეთში დავაწვეთ!” – მთავაზობს გურამი. თვითონ თიანეთელია წარმოშობით, სახლიც აქვს იქ, დაკეტილი. მე თიანეთზე სამი პოეტი მახსენდება: მირზა გელოვანი, ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური… ჩემი ინფანტილური წარმოდგენით, რახან “თიანეთი” ჰქვია, თიანეთი მთიანი ადგილია. სინამდვილეში კი, საბადურების მიხვეულ-მოხვეული და ულამაზესი საუღელტეხილო გზის გავლის მერე წინ სივრცე იშლება, რომელიც ჰორიზონტთან დაბალ ქედს ებჯინება.
ღორები, ძროხები და ცხენები დადიან გზისპირებზე.
” – აღიარე, რამდენი ხანია, ღორი არ გინახავს ახლოდან.” – მეხუმრება გურამი. კარგა ხანია, არ მინახავს, მართალია.
ქარსაცავი ხეების ხეივანს შორის გაწოლილ გზაზე მივქრით, ფანჯრები ჩაწეული გვაქვს, თბილისივით კი არ ცხელა აქ, სიგრილეა.
” – შენ საღამოს უნდა ნახო, თხლად ჩაცმული ვერ გაივლი.” – ამბობს გურამი.
ჩაწეული ფანჯრებიდან ფოთლების, ბალახის, ნაკელის და კიდე უამრავი რაღაცის სუნი შემოდის, რომელიც, ლამის, ცრემლებს მგვრის.
” – მურმანისა არ იყოს, “რა მამულები მქონია აქეთ”! – ვეუბნები გურამს. გურამს ეღიმება.
” – აი, იმ თიხიანი გორის ქვეშ ტარიელი ცხოვრობს, ხარხელაური. ” – მანიშნებს გურამი. მე ტარიელ ხარხელაურის პირველი, პატარა კრებული – “წყალი საკალმახე” – მახსენდება, ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი კრებული, დღესაც ჩემი სამაგიდო კრებული და, საერთოდაც, სრულიად ობიექტურად, ერთ-ერთი საუკეთესო სადებიუტო კრებული ქართულ პოეზიაში. იმ კრებულის წინასიტყვაობაში რედაქტორი, ზურაბ კუხიანიძე ტარიელთან აქ სტუმრობას იხსენებს: “ერთ დღეს დავკარი ფეხი და თიანეთში სოფელ სიმონიანთხევშიც ვესტუმრე.
სიმონიანთხევში იყო მწიფე კომშით, კორკიმელით და შავქლიავით დახუნძლული ეზო, რამდენიმე წლის წინ გადაბელილი და ახლადტოტებაყრილი ასწლოვანი კაკლის ხე რომ გადაფოფროდა. იდგა კამის, ალერდისა და ჟიპიტაურის სურნელი, საძოვრებიდან დაბრუნებული ნახირის გულსა და სულს მონატრებული ხმაური. შორს კი გვიანი შემოდგომის დასისხლული ჩამავალი მზის სხივებით აფორეჯებული ლურჯი ტატნობის ფონზე შორი გზიდან მომავალ აქლემთა ქარავანივით ირწეოდა საბადურების მთები.
ტარიელმა მთებისკენ გაიშვირა ხელი და ღიმილით თქვა დაგვიანებული პასუხი (ადრე რედაქტორს ჰქონდა ნაკითხი, არ ეწევი, არ სვამ და ასეთ კარგ ლექსებს როგორ წერო. – ბ. ა.): “აი, ესენი მაწერინებენ ლექსებს”.
ეს პატარა ტყე, ეს პატარა მთა
და ეს ჩანჩქერი,
აი, ესაა ჩემი სამშობლო,
სხვა არაფერი…
და თუ შეგაკრთობს სიო,
მთიდან წამონაფრენი –
აი, ესაა ჩემი სამშობლო,
სხვა არაფერი…
მთები, ნისლები,
მზის ოქროსფერ სხივით ნაფერი, –
აი, ეს არის ჩემი სიმდიდრე,
სხვა არაფერი.”
” – აი, ამ სკოლაში ვსწავლობდი სამი წელი. – გურამის ნათქვამს გამოვყავარ ფიქრებიდან. ვუყურებ ხეებში ჩაფლულ, სტანდარტული ვიზუალის სკოლას. – ეს ჩემი სოფლის გადასახვევია. – ამატებს გურამი. – თუ დალევა გინდა, ავიაროთ, ბიჭები პატივს გვცემენ.”
” – არა, ახლა არ ვარ დალევის მუღამზე.” – ვუარობ და გზას ვაგრძელებთ.
” – ალექსანდრე ხო იცი, ბესიკის (ხარანაულის. – ბ. ა.) უმცროსი შვილი, მაგან დამპატიჟა აქ თავისთან. მერე, დასალევად რო წამოვალთ, დავადგეთ.” – ამბობს გურამი.
იორთან ვაჩერებთ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ. ისევ ვაგრძელებთ გზას.
” – აქეთ მირზას სახლ-მუზეუმია. ხო იცი, მანდ დეიდაჩემი მუშაობს, მარა მანდ სხვა დროს მივიდეთ, რო ისევ მოსასვლელი მიზეზი გვქონდეს.”
მერე სიონის წყალსაცავთან მივდივართ. კოტეჯები… ჯიხურები… საზღვაო ეკიპირება და ინვენტარი… და ხალხი, ბევრი ხალხი…
” – ხო არ დაარტყამ ერთ კათხას?!” – ღია ლუდხანისკენ მანიშნებს გურამი.
” – არა, არ მინდა.” – ისევ ვუარობ, რადგან მართლა არ მინდა, ეს დადებითი ემოცია სიმთვრალით გავიფუჭო, მითუმეტეს – ერთ კათხაზე ვერ გავჩერდები.
გურამი არ იმჩნევს, მაგრამ კმაყოფილია ჩემი უარით, რადგან მეც ვიცი, რა ჯოჯოხეთია, როცა შენი ძმაკაცი ლუდს სვამს, შენ კი – “კოკა-კოლას”.
და ისევ თბილისი (ამჯერად – მეორე გზით)… ბუღი… ხვატი… საცობები… და უკვე ღამე…