ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ქართმათი – ანუ მათქართი, ანუ ინტეგრირებული გაკვეთილები

თქვენ ჩაგიტარებიათ ქართმათი?

ასე შეარქვეს ჩვენმა მოსწავლეებმა ქართულისა და მათემატიკის საერთო გაკვეთილს, რომელიც უკვე რამდენჯერმე ჩავატარეთ მეშვიდე კლასში, უსაყვარლეს ბავშვებთან.

ზოგადად, საგანთაშორისი სწავლება მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ახალი ამბავი არაა. არც ისაა ახალი, რომ ყველაფერი განსხვავებული, ერთგვარად ჩარჩოდან ამოვარდნილი, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელია. და, რა თქმა უნდა, არც ისაა ახალი, რომ სხვადასხვა დისციპლინის ინტეგრირებისას მოსწავლე ამა თუ იმ საგანში მიღებულ ცოდნას ახალ, ერთიან ცოდნად გარდაქმნის და კიდევ უფრო უკეთ აცნობიერებს მის საჭიროებას.

გავითვალისწინეთ სწორედ ეს გარემოებები მეშვიდე კლასში ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებმა და რამდენიმე გაკვეთილი ინტეგრირებულად დავგეგმეთ. ჩვენს გაკვეთილებს მოსწავლეებმა ქართმათი შეარქვეს.

მათემატიკა და ქართული არის საგნები, რომლებიც სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე ისწავლება. შესაბამისად, ყოველ ეტაპზე თითოეული საგანი გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ემსახურება, რის შემდგომაც მოსწავლე უკვე მზად არის ცხოვრების ახალ საფეხურზე ახალი გამოწვევების მისაღებად. ცხოვრებაში მიმდინარე ყოველი პროცესი, დადებითიც და უარყოფითიც, განიხილება მათემატიკური მოდელით. ეს კი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გაიზარდოს ფსიქოლოგიურადაც და ემოციურადაც. მათემატიკისა და ქართულის ინტეგრირებული გაკვეთილის დანიშნულებაც არის რაციონალური მსჯელობის, აზრის დალაგებული და სტრუქტურული გამოხატვის უნარის განვითარება.

ჩვენი გაკვეთილებისთვის შემდეგი თემები შევარჩიეთ:

თემა 1. ქაჯეთის ციხის აღება და ამოცანების შედგენა მოცემული ინფორმაციის მიხედვით;

თემა 2. თორნიკე ერისთავი და ძალთა თანაფარდობა, სტრატეგიები და ანალიზი.

 

ინტეგრირებულ გაკვეთილზე ამოცანები ლიტერატურული ტექსტების მიხედვით შევადგინეთ და სხვადასხვა მათემატიკურ საკითხს შევეხეთ, ლიტერატურისა და მათემატიკის უნივერსალურობაზე ვიმსჯელეთ.

შემდგომ ამოცანა შევცვალეთ და ჩავატარეთ მათქართი, ანუ მართიქართი, როგორც ბავშვებმა გარითმეს: მაგალითის მიხედვით ამოცანები შეადგინეს და ამოცანების მიხედვით პატარა ამბებიც შექმნეს ჯგუფებში, რაც ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა ჩვენთვისაც და მათთვისაც.

გაკვეთილზე განვიხილეთ მათემატიკური ამოცანა, რომლის ამოხსნაც უკვე იცოდნენ. ბავშვებს დავავალეთ, გეომეტრიული ფიგურის თვისებების გათვალისწინებით შეეთხზათ ამბავი, რომელშიც გადმოცემული იქნებოდა გადაადგილების პროცესი. დავალება მეშვიდე კლასისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა შესწორებების შემდეგ კარგად გაართვეს თავი. პირველ გაკვეთილზე, რომელსაც ქართმათი დავარქვით, ძირითადად „თორნიკე ერისთავის“ მათემატიკურ ანალიზს დაუთმეს. ამ დავალებას ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი. შემდეგ, „მათქართზე“, ამბების მიხედვით ამოცანები შექმნეს და პირიქით, ამოცანების პირობების მიხედვით მოიფიქრეს სხვადასხვა სახალისო ისტორია.

პირველ გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად ჩამოვწერეთ უნარები, რომლებსაც ავითარებს მათემატიკა და ქართული. მეორე გაკვეთილზე კი, შეჯამების მიზნით, ჩამოთვალეს, რომელზე მათგანზე ვიმუშავეთ.

თითოეული გაკვეთილი ბავშვებისთვის საკმაოდ განსხვავებული და საინტერესო გამოწვევა იყო.

ასეთი გაკვეთილები არა მხოლოდ ინტეგრაციას უწყობს ხელს, არამედ მოსწავლეების წარმოსახვას, მეტყველებასა და ლოგიკურ აზროვნებასაც ავითარებს. ერთი მხრივ, მოსწავლეები გაიღრმავებენ ამა თუ იმ ტექსტის ცოდნას, ჩვენს შემთხვევაში, „თორნიკე ერისთავის“, და, გარდა ამისა, შეძლებენ, გამოიყენონ მათემატიკური უნარები ნაწარმოების კონტექსტში, და, შესაბამისად, რეალური სამყაროს პრობლემების გადაწყვეტისას მათემატიკურ მოდელირებას გამოიყენებენ.

რა თქმა უნდა, თუკი „თორნიკე ერისთავის“ ან „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას ინტეგრირებულ გაკვეთილებს დაგეგმავთ, უამრავი სხვადასხვა მიზნისა და აქტივობის მოფიქრება შეიძლება: დროის გაანგარიშება და ქრონოლოგია (ნაწარმოებში მოცემულია ისტორიული პერიოდი (X საუკუნე) – დავალება: განსაზღვრეთ დროის ინტერვალები მნიშვნელოვან მოვლენებს შორის; წრფივი განტოლებების გამოყენება დროის პერიოდების გამოსათვლელად); მოგზაურობა და მანძილის გაანგარიშება (თორნიკეს მოგზაურობა ათონის მთაზე – დავალება: მანძილების გამოთვლა საქართველოდან ათონის მთამდე; ან სამი გმირის გადაადგილება ფრიდონის ჯართან ერთად, სიჩქარე, დრო და მანძილის ფორმულების გამოყენება); გეომეტრია და არქიტექტურა (ათონის მონასტრის არქიტექტურა – დავალება: მონასტრის შენობების გეომეტრიული ფორმების ანალიზი; ფართობების, მოცულობებისა და პერიმეტრების გამოთვლა; ან ქაჯეთის ციხის გეგმის წარმოდგენა); სტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი (ნაწარმოებში ნახსენები მოვლენების სიხშირის ანალიზი – დავალება: დიაგრამებისა და გრაფიკების შექმნა პერსონაჟების ურთიერთობების საჩვენებლად) და სხვა.

ჩვენ ზემოთ ნახსენები აქტივობები შევარჩიეთ.

და თქვენ თუ ჩაგიტარებიათ მათქართი?

თქვენ ჩაგიტარებიათ ქართმათი?

სცადეთ, საინტერესოა.

და თუ ჩაგიტარებიათ, გაგვიზიარეთ გამოცდილება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“