„იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათე 5:48).
ტრანსდისციპლინური სწავლება გულისხმობს საგნობრივი ცოდნისა და სხვადასხვა დისციპლინის კონცეპტუალური ხედვების შერწყმას. უზრუნველყოფს ადამიანის ინტეგრალურ განათლებას, ხელს უწყობს კრიტიკულად მოაზროვნე და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებადი პიროვნების ჩამოყალიბებას. ასეთი მიდგომა ინდივიდს ამზადებს რეალური სამყაროს რთული გამოწვევებისთვის.
ტრანსდისციპლინური სწავლება შეიძლება აერთიანებდეს ლიტერატურას, ხელოვნებას, საბუნებისმეტყველო, სოციალურ მეცნიერებებს და ამ საგნებს მიღმა არსებულ რეალობას. მისი მიზანია ისეთი სასწავლო პრობლემების იდენტიფიცირება და გაანალიზება, რომლებიც სცდება ერთ დისციპლინას. გულისხმობს კონკრეტული საკითხის აბსტრაქტულ აზროვნებასთან ინტეგრირებას და მისი ახალი ფორმის ცოდნად გარდაქმნის მცდელობას.
ტრანსდისციპლინური მიდგომა ხელს უწყობს კომპლექსური ცოდნის მიღებას და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. სწავლებისას ინტეგრირდება როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული ასპექტები. სხვადასხვა საგნობრივი გამოცდილება განიცდის სინთეზს და იღებს ახალ, ინოვაციურ ფორმას. ტრადიციული საგნობრივი საზღვრების რღვევით მოსწავლეები იძენენ ინტეგრირებული ხედვის უნარებს. ტრანსდისციპლინური სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ საგანთა პარალელური დასწავლით – ის ახალ ინტელექტუალურ ჩარჩოებსაც ქმნის.
ტრანსდისციპლინური სწავლება ეფუძნება ჰოლისტურ განათლებას. ამ ტიპის სწავლება გულისხმობს სასწავლო-სამეცნიერო მეთოდების დაუფლებას, კრიტიკულ აზროვნებას და სანდო წყაროების ამოცნობას. ის წარმოადგენს გზას საგნობრივ ცოდნასა და პიროვნულ უნარებს შორის; განაპირობებს ღიაობას, მოქნილობას და შემოქმედებითობას; ეხმარება ინდივიდს მრავალფეროვანი პროფესიული უნარების შეძენაში; ხელს უწყობს ახალგაზრდის საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებას. საგანმანათლებლო პროცესი სცდება მზა ინფორმაციის მიღების ფორმებს და ემყარება ცხოვრებისეულ, ღირებულებით განპირობებულ სწავლებას.
ფიზიკისა და ლიტერატურის, განსაკუთრებით კი ლირიკის ტრანსდისციპლინური სწავლება მოზარდს შესაძლებლობას მისცემს, სამყარო აღიქვას რეალურად და, ამასთანავე, ემოციური, ინტელექტუალური მთლიანობით. ფიზიკა შეისწავლის მატერიას, ენერგიას და მათ ურთიერთდამოკიდებულებას, ლირიკა კი მატერიალური სამყაროს სიღრმეებს მგრძნობიარე და სიმბოლური თვალით ხედავს – ისინი თითქოს ერთი და იმავე რეალობის ორ პოლუსს წარმოადგენენ.
ტრანსდისციპლინური მიდგომით სწავლება მოზარდში ხელს შეუწყობს კრიტიკული და კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას, ზუსტი მეცნიერებების, ლიტერატურისა და ხელოვნების საზღვრების რღვევას, რაც უპირობოდ აუცილებელია 21-ე საუკუნის განათლებისთვის. ფიზიკასა და ლირიკას შორის ხიდის გადება გააუმჯობესებს მეტაკოგნიტიურ უნარებს, გააძლიერებს თემატურ შინაარსს და ჩამოაყალიბებს მრავალწახნაგოვან ცოდნას, რომელიც მოსწავლეებს მომავლის გაურკვეველ გამოწვევებთან გამკლავების უნარს შესძენს.
მრავალი ადამიანის წარმოდგენით, ფიზიკა მშრალი საგანია და მხოლოდ ფორმულების მექანიკურ დამახსოვრებასა და ამოცანების ამოხსნას უკავშირდება. ამგვარი შეხედულება ზღუდავს ამ დისციპლინის რეალურ ღირებულებას. ფიზიკა გაცილებით მეტია, ვიდრე მოვლენების მათემატიკური ფორმულებით დაზუსტება – ის კვლევებისა და აღმოჩენების მეცნიერებაა, რომელიც სამყაროს არსის შესახებ პასუხების პოვნაში გვეხმარება. ფიზიკური კანონზომიერებების ფორმულებით ჩაწერა საშუალებაა, მათემატიკური სიზუსტით ჩამოვაყალიბოთ და გავიაზროთ ბუნების ის პროცესები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას მართავს. ბუნებისმეტყველების სწავლება არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებზე, არამედ იმაზეც უნდა იყოს ორიენტირებული, თუ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, როგორ ურთიერთქმედებს ყველაფერი ერთმანეთთან და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პროცესში ჰომო საპიენსს – ადამიანს. ასეთი მიდგომებით უნდა გაამთლიანოს მოსწავლემ მეცნიერულად დასაბუთებული თეორიები და რეალობა, რაც ცოდნას ცოცხალ გამოცდილებად გადააქცევს.
სამყაროში არსებული ყველა ობიექტი, ადამიანი იქნება ეს, პლანეტა თუ ვარსკვლავი, მატერიისგან შედგება. მატერია განიმარტება როგორც ნებისმიერი სუბსტანცია, რომელსაც აქვს მასა და იკავებს სივრცეს. ფიზიკოსთა დაკვირვებით, სამყაროში არსებობს ისეთი იდუმალი ფორმები, როგორიცაა ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, რომელთა ზუსტი ბუნების დასადგენად მეცნიერება ჯერ კიდევ მუშაობს.
ფიზიკაში მატერიის გაგება ხდება ორი ფორმით – ნივთიერება და ველი. ნივთიერება წარმოადგენს ლოკალიზებულ ობიექტებს, მაგალითად, ატომებსა და მოლეკულებს, ხოლო ველები – გრავიტაციული ან ელექტრომაგნიტური – აღწერს ურთიერთქმედებას მათ შორის. გრავიტაცია სწორედ ასეთი ველია – მას არ გააჩნია ფიზიკური ფორმა, თუმცა მისი მოქმედება საგნების ადგილმდებარეობის ცვლილებაზე აშკარაა და შესამჩნევი.
ნივთიერება არის არსებული „საგანი“, ხოლო ველი არის ამ საგნებს შორის „ურთიერთქმედების“ შესაძლებლობა. მარტივი ანალოგიაა ბურთის (ნივთიერების) და მის მიერ დედამიწის მხრიდან ,,განცდილი“ გრავიტაციული ველის (ველის) ურთიერთქმედება. ბურთი არსებობს და გრავიტაცია, თუმცა ის ფიზიკური ობიექტი არ არის, გავლენას ახდენს ბურთის მოძრაობაზე.
გრავიტაციული ურთიერთქმედებით ობიექტები ერთმანეთს იზიდავენ. გრავიტაცია განაპირობებს, რომ ადამიანები მიწაზე ვდგავართ, პლანეტები კი ორბიტებზე მოძრაობენ. რაც უფრო დიდია ობიექტის მასა, მით უფრო ძლიერია მისი გრავიტაციული ზემოქმედება. გრავიტაცია მოქმედებს არა მხოლოდ მასის მქონე სხეულებზე, არამედ სინათლეზეც, რაც დასაბუთდა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიით (გრავიტაციული ლინზირება). თუ ფარანს ზემოთ მიმართავთ, გრავიტაციის გავლენით სინათლე უფრო წითელი გახდება, რაც ადასტურებს სინათლის სწორხაზოვნებიდან გადახრას. ეს ცვლილება თვალისთვის უხილავია, მაგრამ მეცნიერებს შეუძლიათ მისი გაზომვა. შავი ხვრელები ამ ძალის უკიდურეს გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს – მათი გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.
გრავიტაცია აკავშირებს სამყაროს მთლიან სტრუქტურას. ის განსაზღვრავს პლანეტების მოძრაობას, სიცოცხლის პირობებს დედამიწაზე, ოკეანეების მიქცევასა და მოქცევას. ნივთიერ ობიექტთა შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება ადასტურებს არამატერიალური ფიზიკური ველის რეალურობას.
გრავიტაცია სიმბოლურად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანების ერთმანეთთან დამაკავშირებელ ძალად. ის ჰგავს სიყვარულსა და ემოციურ მიჯაჭვულობას, იმ შინაგან მიზიდულობას, რაც იწვევს ადამიანებში ურთიერთგაგებისა და სიღრმისეული კავშირის განცდას. „სიყვარულის გრავიტაცია“ უხილავია, მაგრამ მოქმედებს ისევე შეუქცევადას და მძლავრად, როგორც მატერიალური სამყაროს გრავიტაციული ველი. ამგვარი მეტაფორა საშუალებას გვაძლევს, ფიზიკური და სულიერი გამოცდილებები ერთიან სემიოტიკურ კონტექსტში განვიხილოთ.
გრავიტაცია ასევე შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც შინაგანი იმპულსი, რომელიც ადამიანებს მიმართავს მიუწვდომლისკენ, უღვივებს სრულყოფილებისკენ სწრაფვის სურვილს. ასეთი მიზიდულობა ადამიანს მატერიალურობაზე ამაღლებს და სულიერ სამყაროსთან აახლოებს. ზეციურისკენ სწრაფვა კი გულისხმობს არა მარტო სურვილს, არამედ შიგნიდან მომდინარე ლტოლვას, იმ ჰარმონიისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას, რომელსაც ყოველი სულიერი შინაგანად ეძებს.
ადამიანის სიცოცხლე ორი ზეგავლენით წარიმართება – ფიზიკური და სულიერი მიზიდულობით. ბიოლოგიური ყოფიერების საფუძველია გრავიტაცია, დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომელიც სხეულს მატერიალურ სამყაროში აკავებს. პარალელურად არსებობს ადამიანის თანდაყოლილი კავშირი ზეცასთან – სულიერი მიზიდულობა, რომელისკენაც ისწრაფვის მისი გონება, განცდა და ემოციები. ეს მიზიდულობა წარმოადგენს ამოუცნობის შეცნობის სურვილს, ჭეშმარიტების ძიებას, ანუ იმ ღირებულებებისკენ სწრაფვას, რომლებიც სცილდება სხეულს და მიწიერ აზროვნებას, აბსტრაქტულ ფიქრებს და რწმენას უკავშირდება. ალბათ ყველას განუცდია ტკბობა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერისას, ამოუცნობისკენ ლტოლვა… თითქოს „მოკავშირეებს“ სადღაც იქ, ზეცაში ვეძებთ.
ადამიანის ბუნება ორგვარია – მიწიერი და ზეციური. ფიზიკა იკვლევს ობიექტის კანონზომიერებებს, ლიტერატურა კი აღწერს, აანალიზებს გონების სულიერ მდგომარეობას და აზროვნების ტრანსფორმაციას. ერთიან ჭრილში, ტრანსდისციპლინური ხედვით მათი სწავლება დაეხმარება ინდივიდს, სრულად აღიქვას სამყაროში თავისი როლი და ადგილი. სწავლების მსგავსი ფორმატი შესაძლებელს გახდის მოზარდისთვის სამყაროს როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ბუნების ინტეგრირებულად გააზრებას.
წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ტრანსდისციპლინური მიდგომის საინტერესო ილუსტრაციას – ფიზიკას პოეზიაში, კერძოდ, გრავიტაციას და „მერანს“. ვფიქრობ, ფიზიკასთან კავშირში ამგვარი ტექსტების ანალიზი ხელს შეუწყობს ცოდნის კომპლექსურ და სიღრმისეულ გააზრებას და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკაში ინოვაციური მეცნიერულ-ფილოსოფიური თვალსაზრისის ჩამოყალიბებას.
გრავიტაცია პოეზიაში შეიძლება განვიხილოთ მეტაფორად, შინაგანი დაბრკოლებებისა და ადამიანური „სიმძიმის“ სიმბოლოდ. „მერანში“ გრავიტაცია გვესახება ძალად, რომელსაც პოეტის გმირი უსასრულობისკენ სულიერი სწრაფვით ეწინააღმდეგება. ეს სტატია სწორედ ამ კავშირის ძიებაა – როგორ შეიძლება, ფიზიკა გახდეს პოეზიის ნაწილი და პირიქით.
გრავიტაცია წარმოადგენს სამყაროს ერთ-ერთ ფუნდამენტურ ურთიეთქმედებას, რომელიც განაპირობებს ობიექტის სტრუქტურას, ინარჩუნებს პლანეტებს ორბიტებზე და ქმნის სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. ამ ფიზიკური ახსნის მიღმა, ფილოსოფიური თვალთახედვით, გრავიტაციის აღქმა შესაძლებელია მეტაფორულად და სემიოტიკურ სიმბოლოდ როგორც ადამიანის სულის, უზენაესისკენ მისწრაფების გამოხატულება.
პოეზიაში გრავიტაცია სემიოტიკური თვალსაზრისით წარმოადგენს სიმბოლურ კოდს. მისი „მიზიდულობა“ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც შინაგანი, ფსიქოლოგიური ძალა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მიერ არსებული რეალობიდან გაქცევის სურვილს, სულიერ თავისუფლებას და ზეციური სრულყოფილებისკენ სწრაფვას.
ფილოსოფიურ ჭრილში გრავიტაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც სამყაროს მთლიანობის პრინციპი, რომელიც არა მხოლოდ მატერიალურ სხეულებს აკავშირებს სივრცეში, არამედ მოიცავს სრულყოფილებას, სადაც მიწიერი და ზეციური, ფიზიკური და სულიერი არ არის განცალკევებული. სწორედ აქ ჩნდება „უზენაესის“ იდეა, რომელიც აღემატება ფიზიკის კანონებს და წარმოადგენს კაცობრიობის ღრმა სულიერი ძიების საგანს. ამ კონცეფციით, უზენაესი არის სამყაროს ცენტრი, საწყისი და საბოლოო მიზანი – „ანი“ და „ჰოე“, რომელსაც ემსახურება სხეულისა და სულის ყოველი იმპულსი.
ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, ასახავს ადამიანის ზეციური მისწრაფებების, ამოუცნობის შეცნობისა და პიროვნული თავისუფლების იდეას. „მერანი“ თავისი სულიერი ენერგიითა და ფილოსოფიური სიმაღლით სცდება სიტყვიერ მხატვრულობას და უახლოვდება იმ შემეცნებას, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება ჯერ მხოლოდ შეეხო: სად ებმის სხეული და სული, მიწიერი და ზეციური, რა არის ადამიანი სივრცესა და დროს შორის, მატერიასა და აზრს შორის.
რა არის მერანი და რატომ ან საით მიაფრენს თავის მხედარს „უგზო–უკვლოდ“? ყველა ადამიანშია მერნის სიმბოლური სახე და მსგავსი სწრაფვა. ეს ზეციური, მაგრამ უმისამართო სწრაფვა არ დასრულდება, სანამ სულიერი მთავარ ჭეშმარიტებას არ შეიტყობს. სამყაროს შემქმნელი მუდმივად „უხმობს“ თავის შექმნილს. სწორედ ეს არის სიცოცხლის მიზანი. ამ დროს უზენაესისა და კაცის თავისუფალი ნება ერთდება და ყალიბდება მისტიკური ჰარმონია. სამყაროს სწრაფვა მისი შემქმნელისკენ არის ჭეშმარიტებისა და სრულყოფილების გზა.
„მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ“ – ადამიანის გზა არც მხოლოდ დროა და არც მხოლოდ სივრცე. ის დრო-სივრცეა, რომელში სრბოლის დროსაც კაცმა უნდა დაძლიოს დროითა და სივრცით თავისი შემოსაზღვრულობა. მომდევნო წამისკენ სწრაფვა გულისხმობს სრულყოფილების ძიების დაუოკებელ სურვილს. ის, ვინც ადამიანს მერანს უგზავნის სულში, ყოველთვის უჩვენებს მართებულ გზას, ოღონდ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას.
მერნის ჭენებას „არ აქვს სამძღვარი“ – ამ გზაზე არ არსებობს სხვა არჩევანი. ის ერთადერთი გზაა და მასთან შედარებით ყველა სხვა არარაობაა. ყველაფერს ეკარგება აზრი, სამშობლოს, სატრფოს, მშობელს და ყველა ამქვეყნიურ კავშირს.
,უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“ – ადამიანში არის მერანიც და ყორანიც, რომელიც ეშმიური დაბრკოლებაა ადამის მოდგმის განვითარებისა და ჭეშმარიტების გზაზე. ორივე ბუნებაა თითოეულ პიროვნებაში. და ორი გზა – ზესკნელის და ქვესკნელის. უზენაესის გზიდან გადახვევა ადამიანს კოსმიურ არარაობად აქცევს. ადამიანის განღმრთობის იდეა ამ შემთხვევაში მიუღწეველი და განუხორციელებელი დარჩება.
„მერანი“ გამორჩეულია თავისი მეტაფიზიკური დატვირთვით, ის წარმოადგენს ორი ბუნების – ფიზიკური (მიწიერი) და სულიერი (ზეციური) დაძაბულობის და ჰარმონიულობის ერთობლიობას. „მერანი“ არა მხოლოდ პოეტური ტექსტია, არამედ სემიოტიკური სივრცეც, სადაც გრავიტაცია გვევლინება მეტაფორულ სიმბოლოდ, რომელიც გამოხატავს როგორც ადამიანის ყოფით შეზღუდვებს, ისე მის დაუღალავ სწრაფვას თავისუფლების, სრულყოფილებისა და ზეციური, კოსმიური ლოგიკისკენ.
გრავიტაცია არ „გვიკრძალავს“ ფრენას, მაგრამ, იმავდროულად, „გვიცავს“, არ გვაძლევს საშუალებას, ვიფრინოთ უკონტროლოდ, დავკარგოთ კავშირი არსებულთან. მერანი, უსასრულობისკენ თავისი სწრაფვით და იმავდროულად ტრაგიკული შეჭიდებით მიწასთან, არის სწორედ ის მდგომარეობა, სადაც ხორციელი და სულიერი, ადამიანური და ზეციური, ერთდროულად თანაარსებობს.
ერთი წამით წარმოვიდგინოთ, დედამიწამ ბრუნვა რომ შეწყვიტოს საკუთარი ღერძის და მზის გარშემო იმ კანონზომიერებით, რასაც გრავიტავია განაპირობებს. რა რეალობა დადგებოდა? ეს ცვლილება ჩვენს სამყაროს რადიკალურად შეცვლიდა: დღე და ღამე, როგორც ცვლადი რიტმი, აღარ იარსებებდა; დედამიწის ერთი მხარე მუდამ მზიანი იქნებოდა, მეორე კი ბნელ, გაცივებულ სივრცეში აღმოჩნდებოდა. ასეთ გარემოში სიცოცხლის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდებოდა. გრავიტაციის კანონზომიერების დარღვევის შემთხვევაში დედამიწის სტრუქტურა, ატმოსფერო და თავად სიცოცხლის ფორმებიც ვერ იარსებებდნენ ისე, როგორც დღეს. ნიადაგი, წყალი და ჰაერიც კი ვერ შენარჩუნდებოდა პლანეტის ზედაპირზე. სხეულები დაიწყებდნენ სივრცეში უწონო მოძრაობას. ადამიანური ცივილიზაცია, რომელიც დროის რიტმზეა აგებული, დღე-ღამე, წელიწადის დროები, სიმძიმე, წონასწორობა – ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. გრავიტაცია არა მხოლოდ მატერიის, არამედ სიცოცხლისა და ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. იმავე ლოგიკით, „სულიერი გრავიტაცია“ როგორც შინაგანი მიზიდულობის ძალა აუცილებელია ჩვენი ემოციური მდგრადობისთვის, ღირებულებითი ორიენტაციისა და იმ მისწრაფებებისთვის, რომლებიც ადამიანის გონებასა და სულს უზენაესისკენ მიმართავს.
გრავიტაცია ფიზიკაში მატერიის ერთ-ერთი ძირითადი ურთიერთქმედებაა, რომელიც უზრუნველყოფს სამყაროს სტაბილურობას და სიცოცხლეს დედამიწაზე. იმავდროულად, ის ემოციური და სიმბოლური მნიშვნელობებითაც იტვირთება, ადამიანისთვის „მიზიდულობა“ შეიძლება ასოცირდებოდეს ბორკილთან, დაბრკოლებასთან, სულიერ ტვირთთან, რომლისგანაც გაქცევაა სწორედ სურვილი, ამიტომ გვესახება გრავიტაცია „მერანში“ მეტაფორად. ადამიანი როგორც მერნის მხედარი მუდამ იმპულსს ეძებს, რომელიც მას ამ მიზიდულობისგან გაათავისუფლებს – ეს თავისუფლების, სულიერი „ფრენის“, აზროვნების სივრცეში გახსნის სურვილია.
გრავიტაცია ობიექტის ადგილმდებარეობას მაშინ ცვლის, როცა ურთიერთქმედი სხეულებიდან ერთს მაინც აქვს მნიშვნელოვნად დიდი მასა – სწორედ ის ქმნის მძლავრ მიზიდულობას. ანალოგიურად, „სულიერი გრავიტაციაც“ მაშინ ვლინდება მძაფრად, როცა ადამიანს ღრმა შინაგანი სამყარო, აზრის სიღრმე და ემოციური სიმტკიცე აქვს. ეს მიზიდულობა თვალისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ ისევე მოქმედებს ადამიანებზე, როგორც გრავიტაცია სივრცეში, უხილავად, მაგრამ გარდაუვლად.
მერნის დაუოკებელი სწრაფვა მიუწვდომელი სივრცეებისკენ, მისი თავგანწირული ლტოლვა ჭეშმარიტებისკენ შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანის გონების ფუნდამენტური თვისების სიმბოლო. ადამიანები ხშირად „იხლართებიან“ ამქვეყნიურ საზრუნავში, მაგრამ უალტერნატივოა მათი დაუოკებელი ლტოლვა იმ საბოლოო ჭეშმარიტების ძიებაში, რომელიც ცხოვრებას აზრს ანიჭებს და ეძიებს სიმართლის კავშირებს. ღრმა ფილოსოფიური უეჭველობაა, რომ ყოველი ინდივიდი, მისი ცხოვრებისეული გზის მიუხედავად, საბოლოოდ მისწრაფვის იმ „უზენაესისკენ“, რომელიც სამყაროს ჰარმონიის სათავეს წარმოადგენს. „სულიერი გრავიტაცია“ შეიძლება განიმარტოს როგორც მორალური სრულყოფილებისკენ სწრაფვა ან ტრანსცენდენტური ძიების წყურვილი.
ადამიანის არსში, განურჩევლად მისი წარმომავლობისა და მრწამსისა, დევს უხილავი, მაგრამ ძლიერი მიზიდულობა უმაღლესი საწყისისკენ. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ყველა მიილტვის აბსოლუტური ჭეშმარიტებისა და სილამაზისკენ, ფიზიკურად იმ შორეულ უზენაესისკენ, რომელიც ასე ახლოსაა ჩვენს სულიერთან. ეს მიზიდულობა შეიძლება იყოს ფარული, ლატენტური, მაგრამ ყოველთვის წარმართავს ყველა ქმედებას, არჩევანსა და საბოლოო მიზანს, რელიგიური რიტუალები იქნება ეს, ეთიკური პრინციპების დაცვა, შემოქმედებითი ძიება თუ უბრალოდ ბედნიერებისკენ ლტოლვა, მაინც ყველაფერი ერთი დიდი სწრაფვის გამოძახილია – მივაღწიოთ იმ უმაღლეს წერტილს, სადაც სრულყოფილება და მარადიული ჰარმონია სუფევს.
შეიძლება დავსვათ კითხვა: საკმარისია თუ არა, მხოლოდ ფიზიკური კანონებით შევისწავლოთ სამყარო? მაგალითად, გრავიტაცია, როგორც მატერიის ურთიერთმიზიდულობის ფუნდამენტური ძალა, უდავოდ უყრის საფუძველს სამყაროს სტრუქტურულ ორგანიზაციას, მაგრამ არის ეს საკმარისი ყოველივეს გასააზრებლად? როდესაც აღვიქვამთ არა მხოლოდ მატერიას, არამედ განვიცდით ადამიანურ გრძნობებს – სიყვარულს, თავისუფლების ძიების წყურვილს, ზეცისადმი სწრაფვას, ჩნდება განცდა, რომ სამყაროს აქვს უფრო ღრმა, სულიერი განზომილებაც. ამ ჭრილში გრავიტაციის ცნება შეიძლება მეტაფორულად გადავიტანოთ სულიერ მიზიდულობაზე, იმ შინაგან იმპულსზე, რომელიც ადამიანს უბიძგებს, ეძებოს უზენაესი აზრი და მთლიანობა. ამგვარად, ფიზიკური და სულიერი კი არ გამორიცხავს ერთმანეთს, არამედ ავსებს და შესაძლოა, სწორედ მათი შერწყმით მივუახლოვდეთ სამყაროს საბოლოო ბუნების ამოცნობას.
სტატიაში განხილული მოსაზრება დაგვაფიქრებს, რომ ფიზიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, პოეზიისა და ფილოსოფიის ინტეგრაცია ქმნის ტრანსდისციპლინური სწავლების პოტენციალს, ამთლიანებს მეცნიერულ და სულიერ აზროვნებას, გვაძლევს მიმართულებას, სამყარო შევიმეცნოთ არა მხოლოდ როგორც ობიექტები და მათი ურთიერთქმედება, არამედ როგორც სიცოცხლის არსის, მისწრაფებებისა და ჭეშმარიტების მუდმივი ძიების შესაძლებლობა.
გრავიტაციული მიზიდულობა და სამყაროს სრულყოფილების როგორც შეუცნობლის შეცნობის წყურვილი წარმოადგენს ერთი მთლიანის ორ პოლუსს. ამ საზრისის ერთიან ჭრილში ხედვით გრავიტაცია იღებს მეტაფორულ დატვირთვას, პოეზიისა და ფილოსოფიის ენაზე გამოხატავს ადამიანის მისწრაფების სურვილს ჰარმონიისა და ჭეშმარიტებისკენ.
სემიოტიკურ–ფილოსოფიურ ხედვით, გრავიტაცია არ არის მხოლოდ სამყაროს აღწერის ფუნდამენტური ფიზიკური კანონი, არამედ წარმოადგენს ინტელექტუალურ და ემოციურ ხიდს მატერიალურ სამყაროსა და სულიერ საწყისს შორის. ამ რთული ურთიერთდამოკიდებულების გააზრება დასახავს ტრანსდისციპლინური სწავლების უნიკალურ პერსპექტივას, სადაც მეცნიერება და ფილოსოფია ერთიან, სინერგიულ სისტემას შექმნიან და დადებით გავლენას მოახდენენ საგანმანათლებლო პროცესზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ge – გია მურღულია: ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ გენიალური განმარტება
- NASA – What Is Gravity?
- Utrecht University – Transdisciplinary Field Guide
https://rb.gy/ag76oq