ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

პირველი სქელტანიანი წიგნი

ჩემმა 6 წლის გოგომ წერა-კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. მის ცნობისმოყვარეობასა და ძალისხმევაზე დაკვირვება ძალიან მსიამოვნებს. მასწავლებლის შვილების ყოველდღიური გარემო სავსეა წიგნებით, კალმებით, დღიურებით, ფერადი ფანქრებით, ერთი სიტყვით, მრავალგვარი საწერი საშუალებებითა და ფურცლებით. ლილეს წერა-კითხვისადმი ინტერესის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი მისი გარემოა, თუმცა არა – ერთადერთი. ხმამაღალი კითხვის ყოველდღიურ რუტინად ქცევა, წვრილი მოტორიკის განსავითარებლად ხატვა, ძერწვა, ცომთან ურთიერთობა, წიგნიერი გარემო – ყოველივე ეს ეხმარება ბავშვს, რომ წერისა და კითხვის საწყისი ეტაპი სასიამოვნო და აღმოჩენებით სავსე იყოს.

ძალიან საჭიროდ მიმაჩნია პროფესიული თუ მშობლური გამოცდილების გაზიარება, რათა ბევრ მშობელს მიაწვდინოთ ხმა და დავარწმუნოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან დროის ნაყოფიერად გატარება მათი შემდგომი აკადემიური წარმატებისთვის. ამ სტატიაში კი გიზიარებთ ერთ საინტერესო აქტივობას –  ბავშვისთვის პირველი სქელტანიანი წიგნის  შერჩევისა და კითხვის სტრატეგიების შესახებ.

პირველ რიგში დავიწყებ იმაზე ყურადღების გამახვილებით, რომ სკოლამდე საგანგებოდ წერა-კითხვის სწავლება არ მგონია გამართლებული. არსებობს საფრთხე, რომ შეიძლება, ბავშვმა ინტერესი დაკარგოს სკოლაში ანბანის შესწავლისას.  თუკი ნაადრევი ასაკიდან ვიდრე სკოლის ასაკამდე (და შემდეგაც) სწორად წარვმართავთ ბავშვის განვითარებას, წერა-კითხვისადმი ინტერესი თავად გაუღვივდებათ. პროცესში თანამონაწილეობა – ამგვარი ჩართულობა დაუვიწყარი იქნება ბავშვისთვისაც და აღმზრდელისთვისაც.

ახლა ზაფხულია. ლილე სექტემბერში პირველ კლასში მიდის. როგორც უკვე აღვნიშნე, მან დამოუკიდებლად ისწავლა წერა-კითხვა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაწაფულად კითხულობს და გამართულად წერს. საბავშვო ლექსების კრებულები, ხალხური ზღაპრები, მოთხრობები 6 წლამდე ლილეს ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. როგორც კი დავინახე, თუ როგორ სურდა ანბანის სწავლა და დამოუკიდებლად კითხვასაც შეეჭიდა, მაშინვე გადავწყვიტე, მისთვის პირველი სქელტანიანი წიგნი შემერჩია და ხმამაღლა წამეკითხა.

ერთმა 12 წლის მოსწავლემ მითხრა, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ ჩემი პირველი წიგნია და ისე მომეწონა, რომ დასრულება არ მინდოდაო. ნიკას გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩემი გოგოსთვისაც ასტრიდ ლინდგრენის რომანი შევარჩიე. 4 წლის ლოტას სახალისო ამბები, ოჯახში სამი დედმამიშვილი, პატარა გოგოს სიჯიუტე – საინტერესო აღმოჩნდა ლილესთვისაც.

წიგნი საჩუქრად ლილეს მეგობარს დაბადების დღის საჩუქრად შევუძინე და წიგნის მაღაზიაში მომაფქრდა, რომ მისთვისაც მეყიდა. ამ ფაქტმა, რომ მეგობარსაც იგივე წიგნი ექნებოდა, წაკითხვის სურვილი გაუღვიძა.

კითხვის დაწყებამდე ვთხოვე, დაკვირვებოდა ყდას და ვარაუდი გამოეთქვა, რის შესახებ შეიძლება ყოფილიყო წიგნი. ასე დავიწყეთ პირველი სქელტანიანი საბვშვო წიგნის კითხვა.

მოიმარჯვეთ ფერადი კალამი ან ფანქარი

მარკირებული კითხვა გულისხმობს კითხვისას ფოკუსირებას მნიშვნელოვან დეტალებზე, ახალ სიტყვებზე. სწორედ ამიტომ ჩვევად ქცეული ფანქართან ერთად კითხვა ბავშვს ასწავლის მთავრი და არამთავარი საკითხების გარჩევას, პირადი დამოკიდებულების გამოხატვას, დაეხმარება ყურადღების კონცეტრაციის განვითარებასა და ლექსიკური მარაგის დაგროვებაში.

კითხვის რუტინა

ჩვენ დღეში ერთ თავს ვკითხულობთ. როგორც კი დროს ვიხელთებთ, ვსხდებით მყუდროდ და ხმამაღლა ვუკითხავ. დროდარო ვჩერდები და გამოვხატავ ჩემს ემოციებს (მაგალითად, რა სასაცილო ეპიზოდია ან როგორი ლამაზი სიტყვაა და ა.შ.). ამგვარად ბავშვს ვუბიძგებ, რომ კითხვისას მანაც შეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება. ვცდილობ, კითხვისას თავადაც გავიხარო. ზოგჯერ როცა დაღლილი ვარ, თავად მატყობს და კითხვას ვწყვეტ. ხმამაღლა კითხვას დიდი ენერგია და ხალისიანი განწყობა სჭირდება. როცა თავად გსიამოვნებს ხმამაღალი კითხვა, ამას ბავშვივ გრძნობს და კითხვისადმი დადებითი განწყობა ეუფლება.

ხაზგასმული სიტყვები

თავდაპირველად მე ვარჩევდი სიტყებს გასახაზად. შემდეგ თავადაც ამყვა და იმდენად გაიტაცა ამ პროცესმა, კითხვის ხშირი შეწყვეტაც კი მიწევდა მისი შერჩეული სიტყვების გასახაზად. უდიდესი სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან ურთიერთობისას. საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ ხშირად გაჩერება მომაბეზრებელი იყო ჩემთვის. ერთხელ ვუთხარი კიდეც, რომ ბოლოს გავხაზოთ ყველა მოწონებული სიტყვა-მეთქი. ჩემი დაკვირვებით, ბავშვს ბოლომდე უნდა აჰყვე თამაშში, ურთიერთობის სიხარული რომ არ გაფერმკრთალდეს და მუხტი რომ არ განელდეს. ამიტომ ახლა მეტი მოთმინებით ვჩერდები და ველოდები თავად როდის გახაზავს მოწონებულ სიტყვას, წინადადებას და ზოგჯერ მთელ აბზაცსაც კი.

ცივა-ცხელა

როგორც წესი, კითხვა შემოქმედებითი იდეების მთავარი წყაროა. ხაზგასმული სიტყვების მიხედვით „ცივა-ცხელას“ თამაშის იდეაც კითხვისას დამებადა. ერთი თავის წაკითხვის შემდეგ თაბახის პატარა ფურცლებზე ფერადი ფლომასტერებით ვწერ სიტყვებს, შემდეგ კი სასეირნოდ წასულები რიგრიგობით ვმალავთ ბარათს და მინიშნებებით ვეძებთ. თან გვყავს წლისა და სამი თვის ბიჭიც. თან მას ვაქცევთ ყურადღებას, თან ვთამაშობთ და დროს ძალიან სასიამოვნოდ ვატარებთ. სიტყვებს ვმალავთ ხეებზე, ბუჩქებში, ტოტებისა და ქვების ქვეშ – სკვერში, ტყეში, სახლში. იმდენად გატააცებით ვთამაშობთ, ხშირად ოჯახის წევრებიც აგვიყოლიებია.

დახატული სიტყვები

ბარათებზე დაწერილი სიტყვების მიხედვით ლილეს შევთავაზე ცალკე ბარათებზე ნატახების დახატვა. მან კი ინსტრუქცია შეცვალა: თაბახის ფურცელი ბარათების მიხედვით დაყო და თითოეულ გრაფაში ჩახატა თითო სიტყვა, შემდეგ კი კითხულობდა ბარათზე დაწერილ სიტყვას, მაგალითად, გემი, თავის ნახატებში ეძებდა დახატულ გემს და სიტყვიან ბარათს ზედ ადებდა. ეზოშიც ჰქონდა ჩატანილი ნახატები და მეგობრებთან ერთად თამაშობდა.

ამგვარად, ხმამაღალი კითხვა იქცა ერთად ყოფნის საშუალებად, დროს ნაყოფიერად ვატარებთ, ვიცინით, ვაკვირდებით ილუსტრაციებს, ვხაზავთ სიტყვებს, რომლებსაც შემდეგ თამაშად ვაქცევთ და პირველ სქელტანიან წიგნთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს ვაგროვებთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ კითხვისას მოულოდნელად თავად გამოხატა დამოუკიდებლად წაკითხვის სურვილი და რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი წინადადება წაიკითხა. იქვე, არშიაზე, მივაწერე, რომ ეს წინადადება ლილემ დამოუკიდებლად წაიკითხა-მეთქი.

შვილთან ერთად ხმამაღალი კითხვისას მრავალი იდეა მაფიქრდება:

  • ჩრდილების თეატრისა და თოჯინების თეატრის გამართვა;
  • ახალი სიტყვების მიხედვით სახალისო წინადადებების მოფიქრება;
  • პერსონაჟების მიბაძვით, პიკნიკის მოწყობა;
  • საკუთარ და-ძმაზე ამბების მოყოლა (წიგნში მთხრობელი ლოტას და, მია-მაიაა);
  • სოფელში ლიტერატურულ კაფეს ვმართავთ ხოლმე და შეიძლება „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ აღმოჩნდეს ლილეს პირველი წიგნი, რომლის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებს.

ვფიქრობ, თამაშ-თამაშით წიგნის წაკითხვა ზაფხულის არდადეგებზე საუკეთესო საჩუქარია სკოლაში შემსვლელი ბავშვებისთვის. ამ სტატიის წერისას ვფიქრობ მომავალ მკითხველებზე – ნეტავ, რას უკითხავენ ბავშვებს ან რომელ წიგნს შეარჩევენ-მეთქი. ბავშვებთან ერთად გახაზული სიტყვებიც ძალიან მაინტერესებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“