(ჩანაწერებიდან)
*
ლექსის აღქმა-რეცეფცია უკიდურესად სოლიფსისტურ-სუბიექტური აქტია, მაგრამ, ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს, ლექსს საქმის მცოდნე ადამიანი აფასებს თუ დილეტანტი. და მაინც, როგორია კარგი ლექსი? ამაზე ყველას თავისი შეხედულება აქვს და სწორედ ეს შეხედულება ჰგონია ჭეშმარიტება. მეც მაქვს ჩემი შეხედულება და, არ დავმალავ, სწორედ ის მგონია ჭეშმარიტებასთან ახლოს: კარგი ლექსი არის ის ლექსი, რომელიც არ დაგავიწყდება. იმას არ ვამბობ, რომ პირველივე წაკითხვით უნდა დაგაზეპირებინოს ლექსმა თავი, – არა, რა სისულელეა. არდავიწყებაში სულ სხვა რამეს ვგულისხმობ: ლექსმა თავი უნდა დაგამახსოვროს. შეიძლება, დროთა განმავლობაში მიგავიწყდეს (და მიგავიწყდება კიდეც), მაგრამ რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ხელახლა რომ წაიკითხავ, უნდა გაგეფიქროს: „ეს ხომ წამიკითხავს“. ერთი სიტყვით, ან ფაბულით, ან საინტერესო დესკრიფციული პლანით, ან აფორისტული და მოხდენილი ფრაზით, ან შთამბეჭდავი ტროპულ-სახეობრივი ერთეულით ლექსი მკითხველის კოგნიტიურ-სპირიტუალურ შრეებში მეყსეულად უნდა დაილექოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცუდი ლექსია.
*
ჯერ მოდერნიზმმა, მერე კი პოსტმოდერნიზმმა პროზის კლასიკური კომპოზიციური სქემა სრულიად მოშალა, თავდაყირა დააყენა. სამაგიეროდ, ლექსის კომპოზიცია დღემდე არ დაქვემდებარებია რევიზიას. პროზასთან შედარებით მარტივი, მაგრამ მყარი სქემის – დასაწყისის, განვითარების და ფინალის – გარეშე კარგი ლექსი უბრალოდ არ არსებობს. კარგი ლექსი ისაა, რომლის სტროფებსა და სტროფოიდებს ვერ გადააადგილებ და ვერ შეკვეცავ, რადგან ამით მის შინაგან ემოციურ-აზრობრივ დინამიკას დაარღვევ. შემდგარი ლექსი მსგავს ქირურგიულ ჩარევებს ძნელად თუ იტანს.
*
“- ამსიგრძე ლექსს რა წამაკითხებს!” – ხშირად გადავწყდომივარ აღშფოთებას სოციალურ ქსელში განთავსებული ლექსების კომენტარებში. არადა, ყველა კარგი ლექსი თვითონ წერს თავის თავს და ზუსტად იმსიგრძეა, რამსიგრძეც უნდა იყოს – არც მეტი, არც ნაკლები. პოეტი, რომელიც წერის გაგრძელების შინაგან აუცილებლობას ლაგამს ამოსდებს იმ მოტივით, რომ ლექსი გრძელი გამოდის და მკითხველი არ ეყოლება, არცაა პოეტი. არც ის მკითხველია ჩემთვის ანგარიშგასაწევი მკითხველი, ვინც ლექსის მოცულობას ზომავს. ლექსის ავკარგიანობის საკითხი მოცულობაში კი არა, სულ სხვაგანაა საძებარი.
*
„პროზაიზმი“ – განაჩენივით, ხაზგასმულად ნეგატიური კონოტაციით იტყვიან ხოლმე კრიტიკოსები, თითქოს დასაბამიდან დღემდე მსოფლიო პოეზიის საუკეთესო ნიმუშთა ნახევარზე მეტი ეპიკური არ იყოს. უცხოურ კრიტიკაში არსებობს ამ ტერმინის ნაკლებად კატეგორიული და აბსოლუტურად ზუსტი შესატყვისი: ნარატიული ლექსი. ეპიკას რომ თავი დავანებოთ, წმინდა ლირიკულ ლექსშიც აუცილებლად უნდა ილანდებოდეს მკრთალი სიუჟეტური ქარგა, რომელიც აზრობრივ-ემოციურ საზღვრებს აწესებს ლექსის სტარტსა და ფინალს შორის და ლექსის უნიტარულობის გარანტს წარმოადგენს. ამბავი, შემთხვევა – ამ ორიდან ერთ-ერთი ყოველთვის უდევს საფუძვლად ლექსს, წერის პროცესში სულ რომ ამორფულ ლირიკად აბსტრაგირდეს. მსოფლიო პოეტურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ და დიდი ქართველი ლირიკოსებით შემოვიფარგლოთ, გურამიშვილის, ბარათაშვილის, აკაკის, გალაკტიონის, გრანელის, ლადოს, მურმანის, მუხრანის, ხარანაულის და სხვების პოეზიის ძალიან მსუყე ნაწილი ლირიკულ ლექსად კომპაქტირებულ ნარატიულ პოეზიაზე მოდის, რადგან დიდი პოეტის ხელში ერთი შეხედვით სრულიად არაპოეტური ამბავი დიდი პოეზიის რეგისტრში ადის.