თუ 14 წლის მოზარდი
ხარ, აკნე გაწუხებს, მშობლებს შენთვის არ სცალიათ, მიგაჩნია, რომ არასრულფასოვნად იკვებები, ხოლო შენს ოჯახში დაძაბული მდგომარეობაა, მაშინ იცოდე, შენც ედრიან მოულივით
ინტელექტუალად ყალიბდები – ინტელექტუალებს, როგორც წესი, მძიმე ბავშვობა აქვთ გადატანილი. ასე ჰგონია 13 წლის ედრიანს, რომელიც ვეტერინარობას
აპირებს და არც ინტელექტუალობაზე
ამბობს უარს.
სანამ ედრიანი ვეტერინარი
გახდება, შესაძლოა, პროფესიული გეგმები შეიცვალოს და სიტუაციური კომედიების მწერალი გახდეს,
ეს კი მეტ-ნაკლებად BBC-ის მალკოლმ მაგერიჯზეც არის დამოკიდებული, რომელსაც ედრიანი თავის ხელნაწერ
ლექსებს უგზავნის, მაგრამ მისგან პასუხს
ვერა და ვერ ეღირსა.
აი, მისი ერთ-ერთი ლექსი:
ონკანი
ონკანი წვეთავს და არ მაძინებს,
დილით ვიხილავ იმის ქვეშ ტბას.
ონკანის გამო ფუჭდება ნოხი,
ისევ იშრომებს მამილო ჯოხით.
იღონე რამე, ნუ ხარ ზარმაცი,
გვიხსენი, მამი, თუკი ხარ კაცი!
ასეთ მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი ედრიანი იმდენ საქმეს აკეთებს სახლში, არა მგონია, მისი თანატოლირომელიმე ქართველი მოზარდი იმავეს ახერხებდეს. მას შეუძლია, გახეხოს უნიტაზი, გაწმინდოს ნიჟარა და აბაზანა,
მოამზადოს საუზმე, ჩართოს სარეცხი მანქანა,
წავიდეს ბინძურ კომუნისტ ბერტ ბაქსტერთან და ჭურჭელი გაურეცხოს, შრომის გაკვეთილზე
გამოაცხოს ვაშლის ღვეზელი, შინ დაბრუნებულმა
მტვერსასრუტით გაწმინდოს შემოსასვლელი, მისაღები და სასადილო, დათალოს კარტოფილი, დაჭრას კომბოსტო, ხორცის დაბეგვილი
ნაჭრები დააწყოს გრილზე და კულინარიულ წიგნში იპოვოს საწებლის რეცეპტი, გარეცხოს ჭურჭელი, დასალბობად ჩაალაგოს მიმწვარი
ტაფები… გავაგრძელო?
შესაძლოა, გაიფიქრეთ კიდეც: „საწყალი ბიჭი, ნუთუ დედა არ ჰყავს, რომ ბავშვს საჭმელი მოუმზადოს?” კი, როგორ არა, ედრიანს ჰყავს ჟღალთმიანი
დედა პოლინი, რომელიც ბოლო ხანს ღირსების
გრძნობის განსავითარებელ სემინარებზე დადის, სადაც მხოლოდ ქალები დაიშვებიან და ფემინისტურ
ლიტერატურასაც კითხულობს, რომ „თავისი თავი
იპოვოს“. არავინ
თქვას „მდაა” – არც ერთმა ჩვენგანმა
არ იცის წინასწარ,
რა ელის. იდეალური
დედის უკან შეიძლება დაღლილი, გატანჯული
დედა იდგეს, რომელსაც მძიმე დრო უდგას. და ედრიანსაც
სხვა რა გზა აქვს, ცდილობს, ამ ყველაფერს
გაგებით მოეკიდოს.
„ედრიან მოულის საიდუმლო დღიური” თებერვლის ერთ სუსხიან დღეს წავიკითხე და მას შემდეგ, თუკი სადმე მარტოსულ მოზარდს გადავეყრები, ამ წიგნს ვთავაზობ.
ის დამკვიდრებული ტერმინი რომ
მოვიშველიოთ, რომლითაც წიგნებს აფასებენ, ედრიან მოულის ამბავი მართლაც ძალიან „ცხოვრებისეულია“, თანაც ბევრ თანამედროვე პრობლემას ასახავს: თუნდაც იმას, როგორ ჩნდება ბზარი ოჯახურ ურთიერთობებში, რა ცოტა
დრო რჩებათ მშობლებს შვილისთვის,
რაოდენ მნიშვნელოვანია, ორივე მშობელი თანაბრად ზრუნავდეს შვილზე, რაოდენ მნიშვნელოვანია შვილის ღირსებებზე საუბარი და ამ
ღირსებების მიხედვით
პატარა ადამიანის მოტივირება. ამიტომ ეს წიგნი
რეკომენდებულია მშობლებისთვისაც,
რათა სულ სხვა რაკურსით დაინახონ
თავიანთი შვილების ცხოვრება, რომელიც მათ თვალწინ მიედინება.
13-14 წელი კი მართლაც ძალიან ფაქიზი ასაკია, გულისგამაწვრილებელი
ვულგარული აკნეთი, კომპლექსებით, გარემოსადმი ფრთხილი დამოკიდებულებით. ხშირად გარემო თავად
არის არაადეკვატური და დაკომპლექსებული, სათანადო ყურადღებასა და სითბოს
ვერ იჩენს, მერე კი, ოდესმე, ჩვენს ოთახში შეკეტილები, ვიწყებთ დღიურის წერას, ვყვებით ჩვენს პრობლემებზე,
რომლებიც მშობლებსა და მეგობრებს არ გვანდეთ – შეგვეშინდაან სათანადო ნდობა ვერ ვიგრძენით მათ მიმართ; მშობლებსაც ისე თავზე საყრელად ჰქონდათ საზრუნავი, ალბათ ავიწყდებოდათ
ძილის წინ საწოლის თავთან ჩამოჯდომა და პრობლემებზეგულახდილად საუბარი.
მთავარი პრობლემა კი ნდობაა, უკეთ, მისი უქონლობა.მშობლები არ ენდობიან შვილებს. თავის მხრივ, არც შვილები ენდობიან მათ. ეს ორმხრივი უნდობლობა
კი ოჯახურ ურთიერთობებში სრულ გაუცხოებას
იწვევს.
სიუ ტაუსენდი,რომელიც მოულების ოჯახში ჩასახლდა, ეგებ ცოტა უხერხულადაც კი მოიქცა, რომ ედრიანის მელოდრამატული ამბები საჯაროდ გამოიტანა,
მაგრამ ეს ქერათმიანი შუახნის ქალბატონი რომ არა, ვერასდროს
გავიცნობდით ედრიან მოულის და თავი ყველაზე უბედური და მარტოსული ადამიანი
გვეგონებოდა მთელ მსოფლიოში,
თან კარგა ხანს ვერ ვიცინებდით
ისე გულიანად, როგორც მისი დღიურის კითხვისას.
სულელური მელოდრამებიც კი ხანდახან სიმართლეს ამბობენ,
მაგალითად, ასეთს: რასაც
ვკითხულობთ, იმას ვემსგავსებით,
ისეთივეები ვხდებით – ან კარგები, ან ცუდები. იგივე ხდება
საბავშვო ლიტერატურის კითხვის დროსაც – სულ ცოტა ხნით საკუთარ თავთან, მზით გამთბარ ბავშვობაში გვაბრუნებს,მერე კი – საკუთარ შვილებთან. ამიტომ არასოდეს უნდა შევწყვიტოთ პატარების წიგნების კითხვა და მათი
მოსმენა, თუ გვინდა, არასოდეს დავკარგოთ ისინი.