ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა რთული პროცესია, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ყოველი ტექსტის მოშინაურებაა შესაძლებელი. რამდენიმე ასეული წლის წინანდელი ლექსიკა დღეს გაუგებარია. ძველი, დავიწყებული სიტყვები მხოლოდ კონკრეტულ ტექსტში ცოცხლობენ და მათი შესწავლისთვის მიზანმიმართული აქტივობების მოფიქრება პირველი ნაბიჯია გაგება-გააზრების ეტაპზე გადასასვლელად.
სტატიაში წარმოგიდგენთ სიტყვის ბარათებს, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის შესასწავლად დავამზადე.
ბარათების აღწერა
ერთ მართკუთხა ბარათზე დავწერე ერთი სიტყვა და სტრიქონი, საიდანაც ეს სიტყვა შევარჩიე, სტროფის ნომერიც იქვე მივუთითე, ხოლო მეორეზე – პირველ ბარათზე გამოტანილი სიტყვის თანამედროვე სალიტერატურო ენით განმარტებული მნიშვნელობა.
როგორ ვიყენებთ
ბარათების დამზადების პროცესში ბევრს ვფიქრობდი იმის შესახებ, როგორ გამომეყენებინა ბარათები ისე, რომ მეათე კლასის თითოელი მოსწავლე დაინტერესებულიყო და ხალისით ჩაბმულიყო პროცესში. ასეთი რამ მოვიფიქრე:
* სიტყვები ოთხ ჯგუფს გავუნაწილე. თითოეულს შეხვდა 22 ბარათი (11 – სიტყვა და სტრიქონი, 11 – სიტყვის განმარტება).
* გაკვეთილი დავიწყე საშინაო დავალების ინსტრუქციის გაცნობით და ბავშვებისთვის მოფიქრებული ინსტრუქციის მიხედვით დაწერილი თემის წაკითხვით.
* მოსწავლეებს ვუთხარი, რომ გაკვეთილის ბოლოს უნდა შეერჩიათ თითო სიტყვა, რომლის მიხედვითაც თავისუფალ თემას დაწერდნენ.
* შემდეგ დავურიგე ბარათები სიტყვითა და სტრიქონით. თითოეულ მოასწავლეს უნდა ამოეწერა რვეულში სიტყვა და განმარტება მოეფიქრებინა. თუ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა, სტრიქონის წაკითხვა კონტექსტის გააზრებაში დაეხმარებოდა.
* მას შემდეგ, რაც ჯგუფებმა კუთვნილ სიტყვებს განმარტებები მიუწერეს, დავურიგე ბარათები განმარტებებით და ამჯერად ბარათების დაწყვილება დავავალე.
* ბოლოს ბარათებზე დატანილი სიტყვების მიხედვით პროგრამა kahoot-ში აკინძული ვიქტორინა შევთავაზე. კლასი წინასწარ გავაფრთხილე, რომ პროგრამა გადმოეწერათ. ამჯერად თითოეული მოსწავლე გაამთლიანებდა გაკვეთილზე ნაბიჯ-ნაბიჯ მიღებულ ცოდნას.
* დავამზადე პოსტერი, რომელზეც დავწერე ბარათებზე გამოტანილი სიტყვები და მოსწავლეებს ასეთი თამაში შევთავაზე: წყვილი გამოდიოდა დაფასთან, ბუშტის გადაგდებისას ერთი ამბობდა სიტყვას პოსტერიდან, მაგალითად, „კანჯარი“, მეორეს კი განმარტების ამოკითხვა და ხმამაღლა წარმოთქმა უნდა მოესწრო.
40-ზე მეტი სიტყვის ბარათის შესწავლას ორი გაკვეთილი დასჭირდა, მესამე გაკვეთილზე ჯგუფებს კლასის წინაშე პრეზენტაცია ჩაეტარებინათ და ერთმანეთისთვის გაეცნოთ შესწავლილი სიტყვები, ბოლოს კი მოსწავლეებს რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა მოძრაობით გაეცოცხლებინათ, კლასს კი სიტყვა გამოეცნო.
გასასვლელ ბილეთებს, როგორც წესი, წერილობითი ფორმა აქვს. ბოლო დროს ამგვარი რამ მოვიფიქრე: ზარის დარეკვის დროს კართან ვდგები და მოსწავლემ კუთვნილი შესვენების გამოყენების უფლების „მოსაპოვებლად“ უნდა მითხრას სამი რამ, რაც გაკვეთილზე დაამახსოვრდა. სიტყვის ბარათებზე მუშაობის შემდეგ ბავშვები საკლასო ოთახიდან გასვლისას მიტოვებდნენ სიტყვებს: გენუკვი, ჩაღანა, ყაბაჩა, ბალახში, მანგი, ჯადვარი… ეს ჩემი შრომისა და ფიქრის ულამაზესი, დაუვიწყარი უკუკავშირი იყო. სიხარულს ვერ ვიტევდი იმის ყურებისას, მეათეკლასელები, რომლებიც უმეტესად უხალისოდ სხედან ხოლმე გაკვეთილზე, სიტყვის ბარათებზე მუშაობაში როგორი ინტერესით იყვნენ ჩაბმულნი. რაც მთავარია, საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვა შევძელი.
გიზიარებთ თემას, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენე. პირადი მაგალითი წერის სწავლებისას უმთავრესია. მეორე დღეს მოსწავლემ კლასის წინაშე წაიკითხა თემა სახელად „წინწალი“ და ესეც პირად საჩუქრად მივიღე.
მე შევარჩიე სიტყვა გენუკვი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სიტყვების განმარტებისთვის გამოვიყენე თამაზ ვასაძისეული კომენტარებით გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ (გამომცემლობა „დიოგენე“).
თავისუფალი თემა ჩემი დღიურიდან
„მე შევარჩიე სიტყვა გენუკვი, რომელსაც პოემის ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს თინათინი. ავთანდილთან პირისპირ დარჩენილი, უმხელს მას, რომ ავთანდილის მიჯნურობა შეუტყვია და თავადაც უყვარს იგი. ნადირობისა და უცხო მოყმის ნახვას ახსენებს და აღწერს, თუ როგორ დაითრგუნა ამ უცნაური შეხვედრის შემდეგ:
„მას უკანით გონებამან მისან ასრე დამამხოცა,
შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა“.
შენ გთხოვ მონახვას, თუნდაც ამისთვის მთელი სამყაროს შემოვლა დაგჭირდესო.
სიტყვა გენუკვი თამაზ ვასაძისეულ კომენტარებში ამგვარად არის განმარტებული: გევედრები.
ვედრება – ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს მთელი არსებით მიენდობა და მის იქით გზა აღარ აქვს.
გენუკვი – ნეტავ რას ფიქრობს ავთანდილი, როცა ეს სიტყვა ესმის საყვარელი ადამიანისგან?
სანუკვარი მახსენდება გენუკვის გაგონებისას.
საინტერესოა ეტიმოლოგია სიტყვისა გენუკვი. სანუკვარი ნიშნავს საოცნებოს, ერთადერთს, უცხოს.
ფაქტია, თინათინმა იცის სწორი სიტყვების საჭირო დროს გამოყენება. ჭკვიანი ქალია. პოემის მამოძრავებელი ძალა. რომ არა თინათინის თხოვნა, პოემაში მოვლენები გაიყინებოდა.
რაც შეეხება ჩემს ცხოვრებაში სიტყვას „გევედრები“, მისი გაგონებისას რატომღაც ჩემი შვილები და მათთან ურთიერთობა მახსენდება. ძლიერი სურვილის დროს ვიყენებთ, როგორც წესი, და წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ ერთმანეთის ძლიერ სურვილებს.
თხოვნა (გთხოვ, გევედრები, გეაჯები, გემუდარები, გენუკვი) ადამიანებს შორის ურთიერთობას ათბობს. თანაგანცდას მოითხოვს მეორე ადამიანის მოსმენა, მის ტყავში შეძვრომა და მოვლენების მისი თვალით დანახვა.
მეც მაქვს თხოვნა თქვენთან, ბავშვებო: გიყვარდეთ ერთმანეთი, საკუთარი თავი, მადლიერებით სავსე გული გქონდეთ, წვრილმანებით გახარება შეგეძლოთ, ინტერესების მრავალფეროვნებაზე იზრუნოთ, გაჯეტებთან გატარებული დრო შეამციროთ და წიგნები იკითხოთ.
შემისრულებთ?“
ჩემ მიერ აღწერილი სასწავლო რესურსის უკეთ აღსაქმელად გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს: