პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
10 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

დამატებითი დავალება

როდესაც მცირე ასაკის მოსწავლეებთან ვმუშაობთ, ქულებით წამახალისებელი ან დამსჯელი  სისტემის მოფიქრება შედარებით ადვილია. პატარები დიდი სიამოვნებით აგროვებენ სტიკერებს, რომლებიც დაიმსახურეს, უხარიათ ყველა მიღებული ქულა თუ ვარსკვლავი, რომელიც ან ინდივიდუალურად მათთვის, ან მათი გუნდისთვის, ან სულაც მთელი კლასისთვის არის განკუთვნილი. ქულებით ან ვარსკვლავებით შეფასება და წახალისება მოსწავლის მოტივაციაზე დიდ გავლენას ახდენს და მათი ხათრით მოსწავლეების ქცევის კონტროლიც შედარებით მარტივდება.

ამ მეთოდის დასანერგად უამრავი პლატფორმა არსებობს, თუმცა მასწავლებელს გაკვეთილზე უბრალო დაფის გამოყენებაც შეუძლია. პროცესი უფრო სახალისო რომ იყოს, შეგიძლიათ, დაფაზე დახატოთ ადამიანის სასაცილო სახე, რომელსაც, დავუშვათ, 8 კბილი ექნება. ყოველი ქულის დაკლება ერთი კბილის დაკარგვას (წაშლას) გამოიწვევს, რომლის აღდგენაც მხოლოდ ხუთი ქულის მოგროვების შედეგად მოხერხდება.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ყველა მოსწავლე სხვადასხვანაირად რეაგირებს ქულების დაკლებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურად ქულების დაკლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართოთ.

რა ხდება, როდესაც მოსწავლეები იზრდებიან და აღარც სტიკერები ადარდებთ, აღარც ქულები, აღარც ვარსკვლავები და აღარც დაფაზე დახატული კაცი რვა უსწორმასწორო კბილით? – ახალი წამახალისებელ-დამსჯელი მეთოდების მოფიქრება გვიწევს. ეს იმიტომ, რომ განსაზღვრულ ასაკში მოზარდებს სიმბოლოებზე მეტად ავტორიტეტები, თანაკლასელებისა და მასწავლებლის რეაქციები აინტერესებთ. მათი გონება ყველა მოვლენას იმის მიხედვით აფასებს, რამდენად ლოგიკური შედეგი და განვითარება აქვს მას, ვარსკვლავები კი დროისა და ენერგიის ფუჭ ფლანგვად მიაჩნია.

ამის საპირისპიროდ, თინეიჯერების (და არამხოლოდ) ყველაზე დიდი სურვილი ალბათ ნაკლები დავალების ქონაა. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ აიწევს გაკვეთილზე მუშაობის მოტივაცია, თუ ეტყვით, რომ მოგროვილი ქულების/ვარსკვლავების რაოდენობაზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული მათი დავალების რაოდენობა ან სულაც არსებობა. გარდა ამისა, დავალებისა და დამატებითი დავალების არსებობა-არარსებობა მათთვის რეალური შედეგია: ეს მათ შესაძლოა დამატებით დროდ და ძალისხმევად დაუჯდეთ. ასეთი მიდგომა საზღვრის შეგრძნებასაც წარმოშობს: მოსწავლეები იწყებენ მიხვედრას, რომ არსებობს საზღვარი და თუ გასცდები, რაღაც რეალურ შედეგამდე მიხვალ, რომელიც შეიძლება არც ისე სასიამოვნო იყოს. შედეგად მოზარდი გრძნობს პასუხისმგებლობას, აკონტროლოს თავისი ქცევა, რომელიც მათ კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანს.

თუმცა მასწავლებელს ამ შემთხვევაშიც მართებს ზომიერება და რისკების კონტროლი. მაგალითად, თუ დავალების მიცემა გახდება მუდმივი “სანქცია”, ის ან ეფექტს დაკარგავს, ან უკურეაქციას გამოიწვევს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეები ამას ხედავდნენ როგორც, შესაძლოა, არასასურველ, მაგრამ მაინც სასარგებლო შედეგს, რათა შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია და სწავლა შიშზე დაფუძნებულ იძულებით პროცესად არ გადაიქცეს.

ამის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ, გაკვეთილის დასაწყისში კლასს მიანიჭოთ, პირობითად, 30 ქულა. აუხსენით, რომ ყოველი წესის დარღვევისას ქულები დააკლდებათ (მაგალითად, თანაკლასელთან საუბარი და მასწავლებლისადმი უყურადღებობა შეიძლება იყოს მინუს სამი ქულა), 10 ქულამდე ჩამოსვლა კი დამატებით დავალებას უდრის.

ეცადეთ, ქულები პირდაპირ არ მოაკლოთ. პირველ ჯერზე მიეცით გაფრთხილება. ამგვარად მოსწავლეები უკეთ გააკონტროლებენ თავს და შესაძლოა, მეორედ იგივე წესი აღარც დაარღვიონ. გარდა ამისა, უფრო დიდი შანსია, 10 ქულაზე მეტი შეინარჩუნოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს დამატებით დავალებას არ მისცემთ. აუცილებლად აღნიშნეთ ეს გაკვეთილის ბოლოს და შეურთდით მოსწავლეების სიხარულს. შეახსენეთ, რომ ყველაფერი გამოუვიდათ და დამატებითი დავალება თავიდან აიცილეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაოს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, ხოლო თუ ოდესმე დამატებითი დავალების გაცემა მოგიწევთ, აუცილებლად ჰკითხეთ მოზარდებს, რა ტიპის დავალების შესრულება ურჩევნიათ. როდესაც ისინი არჩევანს თავად აკეთებენ, თავს უფრო დაფასებულად გრძნობენ და დავალება ისეთი უსიამოვნო აღარ ეჩვენებათ, როგორიც მანამდე.

ბოლოს კი ყველაზე მთავარი: თუ დამატებითი დავალების მიცემას დააპირებთ, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ან არ გადადოთ ამის გაკეთება, თორემ მომდევნო ჯერზე თქვენს სიტყვას ფასი აღარ ექნება. მოსწავლეები აღარ დაიჯერებენ, რომ 30-დან 10 ქულის შენარჩუნებას თუ ვერშენარჩუნებას აზრი აქვს. შესაბამისად, ეს მეთოდიც სამუდამოდ დაკარგავს ძალას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“