სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

საინფორმაციო ტექნოლოგიების (ბუკი) გამოყენება პროექტული სწავლების მაგალითზე

 სტატიაში განხილულია ბუკის, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენების ეფექტურობა მეორე კლასში.  აღწერილია ბუნების კვლევის პროცესში მოსწავლეების მიერ ელექტრონული რესურსების შექმნის სტრატეგია, როგორც საკლასო ოთახში, ასევე სკოლის მიღმა. წარმოდგენილი მეთოდი შეიცავს ისტ-ის, სასწავლო პროექტისა და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების მეთოდების ერთობლივ გამოყენებას რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში. განხილულია პროექტებით სწავლების გავლენა მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე, მისი როლი გამჭოლი  კომპეტენციებისა და 21- ე საუკუნის უნარების  განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები: დაწყებითი საფეხური, ისტ-ი, სასწავლო პროექტი
    თანამედროვე  ტექნოლოგიების  განვითარების სწრაფი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს  საგანმანათლებლო სისტემას.  ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი  ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით სწავლება-სწავლის  ხარისხის ამაღლებაა. მასწავლებელმა ზუსტად უნდა დაინახოს და განსაზღვროს გამოსაყენებელი ტექნოლოგიების როლი,  ადგილი  და კავშირი  განათლების მიზნებთან.  აქცენტი გადატანილი უნდა იყოს ტექნოლოგიების სწორ გამოყენებაზე.

განათლების ეროვნული მიზნები (2004) თანამედროვე სკოლას მიზნად უსახავს ისეთი მოსწავლეების აღზრდას, რომლებსაც შეეძლებათ თანამშრომლობა და ადაპტირება სწრაფად ცვლად გარემოსთან, ორიენტირებულები იქნებიან წარმატებასა და უწყვეტ განვითარებაზე.  სწორედ ამგვარი ამოცანის შესრულებაზეა მიმართული სასწავლო პროექტები. ის არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული. პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, ხელს უწყობს მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში. ამ უნარების განვითარებაზე ზრუნვა დაწყებითი კლასებიდან უნდა დაიწყოს. ამის გამოა, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა გაიზარდა.

2011 წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი სახელმწიფოსგან საჩუქრად იღებს ბუკს. დაწყებითი კლასების მასწავლებლებს საშუალება აქვთ  ძალიან საინტერესოდ და ეფექტურად  წარმართონ საგაკვეთილო პროცესი ბუკის გამოყენებით. დაინერგოს პედაგოგიკის ინოვაციური მეთოდები: ინტერაქტიური, პროგრამირებული, განვითარებადი, სწავლა თამაშით, პროექტების შექმნა და სხვა.

 მკვლევრები გამოყოფენ ბუკის გამოყენების რამდენიმე უპირატესობას (საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციები –  მერაბ ლაბაძე):

1. შესაძლებელია მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების სწრაფად და ეფექტიანად დადგენა. შესაბამისად, მომდევნო დავალებებში ყურადღება მახვილდება სუსტი მხარეების აღმოფხვრასა და გაუგებარი საკითხების  ათვისებაზე.
2. შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შეფასება უფრო ხშირად მოხდეს ელექტრონული ტესტირების გამოყენებით.
3. ინდივიდუალური კომპიუტერებით შესაძლებელია მულტიმედია სასწავლო რესურსზე ყველა მოსწავლის წვდომის უზრუნველყოფა. პრაქტიკული დავალებების ერთდროულად შესრულება და შედეგების მყისიერი დაფიქსირება.
4. ინდივიდუალური მოწყობილობა აადვილებს თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას მოსწავლეებს შორის.
5. ინდივიდუალური სასწავლო გარემო  ხელს უწყობს შემოქმედებითობის განვითარებას.

   სასწავლო პროექტისა და ისტის ერთობლივი გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას, ავითარებს შემოქმედებით უნარებსა და სასწავლო პროცესი უფრო ხალისიანი ხდება. 

სასწავლო პროექტი ისტ-ის გამოყენებით

სასწავლო პროექტის მიზანი ცოდნის გაღრმავებაა. ის საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა განივითარონ ისეთი უნარები, რომლებიც მას გაუადვილებს სამყაროს კრიტიკულ შემეცნებასა და შეფასებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრაცია.

 

გთავაზობთ სასწავლო პროექტს  – ოქროსფერი შემოდგომა

საგანი: ბუნებისმცოდნეობა, ქართული ენა და ლიტერატურა,   სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მეორე კლასი
მიზანი: მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა მოცემულ თემასთან დაკავშირებით. შეძლონ: სეზონისთვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობა;  ინფორმაციის მოძიება, დამუშავება  და ანალიზი; იმ ცვლილებების აღწერა და შედარება, რომელსაც განიცდიან მცენარეები, ცხოველები და ფრინველები სეზონის მიხედვით;  წერილობითი ტექსტების შექმნა;  დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების აღწერა; ცოდნის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში. 21-ე საუკუნის უნარებისა და ე.ს.გ.-ით მოცემული  გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების  განვითარების ხელშეწყობა.

გთავაზობთ ტექნოლოგიების გამოყენებით  განხორციელებული  აქტივობების თანამიმდევრობასა და აქტივობის შერჩევის მიზნებს. 

მოტივაციის ამაღლებისა და თემის უკეთ გააზრების მიზნით, კონკრეტულ საკითხებზე საბაზისო ინფორმაციის მისაწოდებლად და მსჯელობის გასამართად მოსწავლეებმა ნახეს 3-წუთიანი ფრაგმენტი ვიდეოსი ,,ვაზი ყურძენი”. ფილმის ჩვენების შემდეგ იმსჯელეს ვაზის მნიშვნელობასა და ყურძნის სამკურნალო თვისებებზე. ამავე გაკვეთილზე მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ, რა უნდა გაეკეთებინათ სამომავლოდ.

ყველაზე მთავარი კი მათ მიერ განხორციელებული ერთგვარი კვლევა იყო, რომელიც რამდენიმე კომპონენტს შეიცავდა:
) ფოტოგრაფირება – მოსწავლეები  მასწავლებელთან  ერთად გავიდნენ სკოლის ეზოში და ბუკის ვებკამერის გამოყენებით თვის დასაწყისში გადაიღეს ბლის ხე, სახლში კი – ვაზი და ატმის ხე. ერთი თვის შემდეგ მათ იმავე ხეებს გადაუღეს ფოტოები. ფოტო კოლექციის შექმნაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მასწავლებელი. 
ბ) შედარება – მოსწავლეები იყენებენ word-ის  ინსტრუმენტებს, მათ შეასრულეს შემდეგი დავალება: მასწავლებლის მითითებით ვორდის  ფურცელზე  ერთმანეთის გვერდით ჩასვეს ერთი თვის ინტერვალით გადაღებული ერთი და იმავე ობიექტის ფოტოები. მოსწავლეები აკვირდებოდნენ სურათებს და ადარებდნენ ერთმანეთს.  უპასუხეს მასწავლებლის კითხვებს: რა განსხვავებას ხედავთ თვის დასაწყისში და თვის ბოლოს გადაღებულ სურათებში? რა ფერები ჭარბობს  ბოლოს გადაღებულ სურათებში? რა დაემართა ფოთლებს? როგორ შეიცვალა ამინდი? როგორ შეიცვალა ბუნება?  დაკვირვების  შედეგად  აკეთებდნენ დასკვნებს. კვლევის გზით მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება.
გ) ინტერვიუ – მოსწავლეთა ჯგუფებმა შეადგინეს კითხვები: როდის იკრიფება ყურძენი? როგორი ტრადიცია უკავშირდება რთველს? როგორ და რისგან აკეთებენ ჩურჩხელებს? როგორ აბინავებთ მოსავალს? ახლობლებისგან (მშობლებისგან, მეზობლებისგან, ბებიებისგან, პაპებისგან) ბუკის ვებკამერის გამოყენებით ჩაიწერეს ვიდეოინტერვიუები შემოდგომის საქმიანობასა და ტრადიციებზე. ვიდეოების ჩაწერისას მოუწიათ რამდენიმე დუბლის გამეორება. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ასწავლიან ახლადშესწავლილ ოპერაციებს, რაც   ურთიერთსწავლების და თანამშრომლობის საფუძველია. მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეომასალის გაზიარება ხდებოდა საკლასო ოთახში კლასის მართვის პროგრამაში  ეკრანის  გაზიარების  საშუალებით. 

დ) ნამუშევრების შექმნა პროგრამა paint-ში – მოსწავლეებმა იციან მოცემული სახატავი რედაქტორის ინსტრუმენტები და იყენებენ მას ნამუშევრების შექმნისას. მათ გამოიყენეს აღნიშნული პროგრამა და ხელოვნების გაკვეთილზე დაკვირვების საფუძველზე  მიღებული  შთაბეჭდილებები  ასახეს ნახატებში თემაზე ,,ბუნებამ ფერი იცვალა’’.

შეფასება:მოსწავლეთა შეფასებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ:

ა) კროსვორდი,  რომლის  შევსება  შესაძლებელია ბუკში. გთავაზობთ კროსვორდის ნიმუშს:
1. მგალობელი ფრინველი, რომელიც ზამთარს ჩვენტან ატარებს.
2. სინათლისა და სითბოს ბუნებრივი წყარო.
3. შემოდგომის შემდეგ დგება…
4. წელიწადში არის  ოთხი… 
5. რა  ჰქვია მოსწავლეების დასვენებას?
6. ყურძნის წვენი.
7. შემოდგომის თვე. 
8. ღვინის შესანახი ადგილი.
9. გემრიელი ნუგბარი, რომელსაც აკეთებენ თათარითა და ნიგვზით
 
ბ) ელექტრონული ტესტები;  გთავაზობთ ტესტის  ნიმუშს:

  
გ) მოთხრობის წერა  თემაზე ,,შემოდგომა ჩემს სოფელში”.
გთავაზობთ ერთი მოსწავლის მიერ დაწერილ მოთხრობის ნიმუშს:
,,ხეებს ფოთლები უყვითლდებათ და ძირს ცვივა.  ყველა ხილი იკრიფება. დღე დაპატარავდა. ყველგან ყურძენს კრეფენ. ბებიები ჩურჩხელებს აკეთებენ. კაკალს ბერტყავენ. აცივდა”.
მოსწავლეებმა შეთავაზებული  ხერხებიდან აირჩიეს  მხოლოდ ერთი. ნაწილმა შეავსო კროსვორდი, რომელიც გადავუგზავნე კლასის მართვის პროგრამაში ფაილების გავრცელების საშუალებით, ნაწილმა  წერა ელ.ტესტები  იმავე პროგრამაში, ნაწილმაკი- თემა.
პროექტის ბოლოს შეავსეს თვითშეფასების რუბრიკა.  გთავაზობთ რუბრიკის ნიმუშს.
 
კრიტერიუმები   
1.აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის  მუშაობაში
  
2.ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს
  
3.ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნილოვანი
  
4.ვიყავი ორგანიზებული
  
5.ჯგუფის პრეზენტაცია იყო  ორიგინალური   
6.დაცული იყო დროის ლიმიტი 
მეთოდის ეფექტურობა
ისტ-ის დახმარებით სასწავლო პროექტის განხორციელება მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის ძლიერი ინსტრუმენტია. სტატიაში აღწერილი მეთოდი უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში. ისინი დამოუკიდებლად ასრულებენ  დავალებებსა და სავარჯიშოებს კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, წარადგენენ საკუთარ ნამუშევარს. ინდივიდუალურ სამუშაოსთან ერთად ამ მიდგომის ეფექტურობაა ჯგუფური სამუშაო და სასწავლო აქტივობები საკლასო ოთახის მიღმა. მოსწავლეებმა ისწავლეს თავისი ასაკობრივი ჯგუფისათვის  შესაბამისი ციფრული  ფორმატის  პროდუქტის  შექმნა, ამ გზით ვითარდება მათი შემოქმედებით უნარები.
  ამრიგად,  ისტ-ი სწავლების დაწყებით საფეხურზე მასწავლებლისთვის უნიკალური დამხმარე საშუალებაა. რომლის გამოყენება ხელს  უწყობს  მოსწავლეებში  ეროვნული  სასწავლო  გეგმით   გათვალისწინებული   შედეგების მიღწევას, მედია   და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებასა და შემოქმედებითი სააზროვნო უნარების განვითარებას. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის 

დაწყებითი კლასების მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“