დიდი ხანია, მსჯელობენ მარსზე სიცოცხლის შესახებ. თუმცა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მარსი დედამიწიდან საკმაო მანძილითაა დაშორებული. მაგ. მთვარის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია. თან მხოლოდ მთვარეს კი არ დავინახავთ, ზედ კრატერებს და ჩაღრმავებებსაც შევნიშნავთ. მარსის დანახვას შევძლებთ? არა, რაღაც მბჟუტავ ვარსკვლავს შეამჩნევთ, სულ ეგ არის. მარსი, მზის გარშემო, თავის დამოუკიდებელ ორბიტაზე მოძრაობს და ხან უახლოვდება დედამიწას, ხან შორდება. როდესაც გვიახლოვდება, სწორედ მაშინ 250-ჯერ უფრო მცირედ მოჩანს მთვარესთან შედარებით. ამიტომ, მარსის სათვალთვალოდ აუცილებელია ტელესკოპი. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ე.წ. სამოყვარულო ტელესკოპები, რაც არ უნდა ძვირიანი იყოს, მარსის დეტალებს მაინც ვერ გვაჩვენებს. აქ საქმე ატმოსფეროს ცუდ ოპტიკურ თვისებებშია. არადა, სწორედ ატმოსფეროს გასწვრივ უყურებთ კოსმოსს. ატმოსფერო სხვადასხვა ტემპერატურის ჰაერის მასებისგან შედგება, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან. დაკვირვებისთვის, ჰაერი უნდა იყოს მშრალი და გამჭვირვალე (სწორედ ამიტომ ირჩევენ ასეთ ადგილებს პროფესიონალური ობსერვატორიების ასაგებად). თუმცა, ჰაერის ნაკადების ტემპერატურული სხვაობები მათში გამავალ სხივს მაინც გარდატეხს. ამიტომ, ტელესკოპში გამოსახულება ძირითადად მცირედ გადღაბნილი ჩანს და დეტალების გარჩევა რთულდება. მარსის დეტალური სურათები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც კოსმოსური ხომალდები მასთან ახლოს მიფრინდნენ და სურათები გადაუღეს.
1877 წელს მსოფლიომ იტალიელი ასტრონომის ჯოვანი სკიაპარელის შრომებიდან მარსის ე.წ. „არხებზე“ შეიტყო. მან ჯერ ტურინის უნივერსიტეტი დაამთავრა, მერე ბერლინის ობსერვატორიაში მუშაობდა, შემდეგ მილანში. 1877 წელს, როდესაც მარსი საკმარისად, სულ რაღაც 56 მილიონ კილომეტრზე მოუახლოვდა დედამიწას, სკიაპარელიმ მის ზედაპირზე ხაზების ქსელი შენიშნა, რომელსაც მან canali (არხები) უწოდა. ასტრონომიაში მიღებულია, რომ ტელესკოპში გამოჩენილ მუქ უბნებს „ზღვები“ უწოდონ. მაგ. მთვარეზე არის „სიმშვიდის ზღვა“, „სინათლის ზღვა“, „ვნებების ოკეანე“ და ა.შ. არავინ ამტკიცებს, რომ იქ წყალია, უბრალოდ წარმოსახვითი სახელებია და ყველა შეთანხმებულია ამაზე. სკიაპარელიმ აღმოაჩინა მუქი ხაზები, რომლებიც მარსის „ზღვებს“ აერთიანებდა. უწოდა იტალიური სიტყვა canali, რაც არხებს ნიშნავს. მისი სტატიების ინგლისურად თარგმნისას, ბუნებრივია სიტყვა canali თარგმნეს, როგორც channels. ინგლისურ ენაში კი ეს სიტყვა ხელოვნურ არხს ნიშნავს, სადაც წყალი გადის. სანამ ამ სტატიებს სპეციალისტები კითხულობდნენ, ზედმეტი კითხვები არ დასმულა, რადგან ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს უბრალოდ „შეთანხმებული“ ტერმინია. თუმცა, სტატიების შინაარსმა პრესაში გაჟონა. ამ დროისთვის ასტრონავტებმა უკვე იცოდნენ, რომ მარსზე სიგრძით დედამიწის მსგავსი დღეები და ღამეები იყო, ასევე სეზონებიც. სეზონების ცვლილებასთან ერთად მარსის პოლარული ყინულის „ქუდები“ ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა. სხვათა შორის, ეს ჩვეულებრივი ყინული არ არის, მშრალი ყინულია, ანუ ნახშირორჟანგი. „ზღვებიც“ მუდმივად იცვლიდნენ კონტურებს. სინამდვილეში, ამაში მარსის მტვრის ქარიშხლებია დამნაშავე.
დროდადრო ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ სკიაპარელის არხები სადღაც ქრებოდნენ, მერე ისევ ჩნდებოდნენ. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მაშინდელი ტელესკოპები ვერ არჩევდნენ დეტალებს და ფაქტობრივად რაც ჩანდა, ოპტიკური ილუზია გახლდათ.
პერსირვალ ლოელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მარსის პოპულარიზაციის საქმეში. საინტერესო იყო მისი მოსაზრება მარსის ხელოვნურ არხებზე და სიცოცხლის განვითარებაზე. ამ ბატონმა ჰარვარდი წარმატებით დაასრულა, მართავდა რამდენიმე ქარხანას და მოგზაურობდა. დაწერილი აქვს წიგნები იაპონურ და კორეულ კულტურასა და რელიგიაზე. ამერიკაში დაბრუნებისას, მოისმინა, რომ მარსზე რაღაც არხები აღმოაჩინეს. ამ ამბით ისე დაინტერესდა, რომ გადაწყვიტა, დარჩენილი ცხოვრება ასტრონომიისთვის მიეძღვნა. არიზონაში ობსერვატორია ააგო და დაიწყო იმის მტკიცებულების ძიება, რომ მარსზე ნამდვილად არსებობდა მაღალგანვითარებული სიცოცხლის ფორმა და ცივილიზაცია.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი სამრეწველო პროგრესის აღმავლობა იყო და მსხვილი არხების მშენებლობა მიმდინარეობდა. 1869 სუეცის არხის მშენებლობა დასრულდა, 1880 წელს კი პანამის არხის მშენებლობა დაიწყო. ჰოდა, სიტყვა „არხი“ მუდმივად ისმოდა ყველა გაზეთიდან, თუ ყოველდღიური საუბრებიდან. ლოელის აზრითაც, თუ მარსზე იყო „არხები“, მაშინ უნდა ყოფილიყო ამ არხების მაშენებელი მაღალგანვითარებული საზოგადოებაც. ასევე, ეს „არხები“ უნდა გამოჩენილიყო ტელესკოპიდანაც. ლოელის შეხედულებები მარსის შესახებ, ისე გავრცელდა, რომ მოგვიანებით სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებებზე აისახა. მაგალითისთვის ესეც გამოდგება:
„მათ ჰქონდათ ბროლის სვეტებიანი სახლი პლანეტა მარსზე ამომშრალი ზღვის პირას, და ყოველ დილას შეიძლებოდა დაგენახათ, როგორ მიირთმევდა მისის კ. ოქროსფერ ნაყოფს, რომელიც ბროლის კედლებზე იზრდებოდა, ანდა როგორ ასუფთავებდა სახლს თითო მუჭა მაგნიტური მტვრის მიმობნევით, რომელიც ჭუჭყს იკრავდა და მასთან ერთან მიჰყვებოდა ცხელ ქარს“ (რეი ბრედბერი, „ილა“).
მარსზე თუ რამე მტვერია, ის რკინის (III) ჰიდროქსიდია, რომელიც სწორედაც, რომ მტვრის სახით გვხვდება და პლანეტას მოწითალო შეფერილობას აძლევს. მარსის ატმოსფეროს შემადგენლობაშია – CO2, H2O, N2, CO, NH3, CH4, NO.
1894 წელს ერთმა ფრანგმა ასტრონომმა განაცხადა მარსზე სინათლის უცნაური აფეთქებების შესახებ. მწერალმა ჰერბერტ უელსმა ეს გამოიყენა თავისი ნაწარმოების „სამყაროთა ომების“ მონახაზის შესაკრავად. მისი ვერსიით ეს შუქები იყო მარსელების კოსმოსური ხომალდების სტარტები. ეს ხომალდები დედამიწისკენ მოემართებოდნენ.
1909 წელს ლოელმა გამოაცხადა მარსზე ახალი 1000 მილის სიგრძის „არხის“ აღმოჩენის შესახებ. ჩიკაგოს გაზეთში, „Evening American“, დაბეჭდა დიდი წერილი სათაურით: „მარსის მოსახლეობამ ახალი არხი ააგო“. სანამ მოკვდავი საზოგადოება მარსელებთან დღე დღეზე კავშირის დამყარებას ელოდა, ნამდვილი მეცნიერები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. ჯერ კიდევ 1894 წელს, ამერიკელი ასტრონომმა უილიამ კემბელმა სპექტრომეტრული ანალიზის მეშვეობით აჩვენა, რომ მარსის ატმოსფეროში არც წყალია და არც ჟანგბადი. ფრანგმა ასტრონომმა ეჟენ ანტონიადიმ შექმნა მარსის რამდენიმე დეტალური რუკა. სხვათა შორის, ბევრი ობიექტი კვლავ, მის მიერ შერქმეული სახელებით არის ცნობილი. ეჟენმა მარსზე „არხები“ ვერ დაინახა. 1907 წელს ბრიტანელმა ბუნებისმცოდნე ალფრედ რასელმა გამოაქვეყნა წიგნი – „მარსი დასახლებულია?“ („Is Mars Habitable?“), სადაც დაასაბუთა, რომ მარსის ზედაპირი იმაზე ცივია, ვიდრე ეს ლოელმა აღწერა. ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ ატმოსფერული წნევა იმდენად დაბალია, რომ ზედაპირზე ვერ იქნება ვერც წყალი თხევადი ფორმით და ვერც სიცოცხლე.
1962 წლის 1 ნოემბერს მარსზე ფრენების სეზონი გაიხსნა. ამის შემდგომ ათ წელიწადში მარსისკენ 14 ფრენა განხორციელდა. აქ საუბარია ავტომატურ პლანეტათაშორის სადგურებზე და მხოლოდ ხუთმა მათგანმა შეძლო რაღაც მიზნის შესრულება. მარსამდე მისვლა საკმაოდ რთულია და ამ მისიის მიღწევას დღემდე ცდილობენ, მაგ. ილონ მასკი თავისი ტექნოლოგიებით. სხვათა შორის, მასკის კოსმოსური ხომალდი ალუმინის შენადნობს შეიცავს და მისი დაშლა „საკმაოდ იოლია“.
https://www.youtube.com/shorts/i-zbbTOs5Lk
ეს იუმორისტული ჩანართი გახლდათ… ვამბობ ყოველი შემთხვევისთვის, იმ მკითხველისთვის, ვისაც იუმორის გრძნობა ღალატობს.
სერიოზულად, კი განვაგრძოთ.
1965 წლის 15 ივლისს ზონდმა “Mariner-4-მა” მარსს 10 ათასი კილომეტრის სიახლოვეს ჩაუქროლა, იპაპარაცა და მისი ზედაპირის ამსახველი 21 ფოტოსურათი გამოგზავნა დედამიწაზე. ამ სურათებზე მარსის ზედაპირი იმდენად ოღროჩოღროდ გამოიყურებოდა, რომ მთვარეს უფრო ჰგავდა, ვიდრე დედამიწას. „Mariner-9” მარსის ორბიტაზე 1971 წლის მაისში შეფრინდა. 349 დღე იმუშავა და გამოგზავნა 7329 სურათი, რაც პლანეტის ზედაპირის 85%-ს ასახავდა. ამ სურათებზე ბევრი საინტერესო დეტალი გამოჩნდა და ისიც ნათელი გახდა, რომ სიცოცხლის ნაკვალევიც კი არ იყო.
მოგვიანებით დაიწყო მცდელობა, სადგური მარსის ზედაპირზე დაესვათ. ასეთი სადგური „Viking-1“ 1976 წელს გამოჩნდა. დაჯდა, სურათებიც გადაიღო და ატმოსფეროს და გრუნტის შესწავლაც განახორციელა. მალე მას „Viking-2-ც“ შეუერთდა და არაო, არ არის სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობებიო, აფრინა ამბები. დღისით მარსის ეკვატორზე ტემპერატურა შეიძლება +20-მდე ავიდეს, თუმცა ღამე -100 გრადუსამდე ეცემა. პოლუსებზე კი უფრო ცუდად არის საქმე. მარსის ატმოსფერო 95% ნახშირორჟანგისგან შედგება, დანარჩენი, აზოტი და არგონია. ჟანგბადი და წყლის ორთქლი ფაქტობრივად არ არის. შიგადაშიგ, მარსზე მტვრის ქარიშხალი ტრიალებს და თვეობით გრძელდება. ატმოსფერული წნევა ჩვენთან შედარებით 166-ჯერ ნაკლებია. ატმოსფერო ულტრა იისფერი გამოსხივებისგან ვერ იცავს და რადიაციისთვის გამჭვირვალეა.
„ვიკინგებმა“ მარსზე წყალი ვერ იპოვეს…
ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიცით მარსზე როდის იქნება სიცოცხლე…
„…არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?!
არის თუ არა იქ სადმე წყალი?!
სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,
როდესაც მარსზე იქნება… ქალი”.
(ტარიელ ჭანტურია)