რა დასამალია და მოწაფეობისას ყველაზე გაუგებარ და უაზრო საქმიანობად სურათის აღწერა მიმაჩნდა. კიდევ კარგი, ასეთი დავალება ბევრი არ იყო… საინტერესოა, რა იწვევდა ჩემს ასეთ დამოკიდებულებას. ალბათ, არ მესმოდა ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც ეს დავალება უნდა შემესრულებინა და მეც მექანიკურად მივყვებოდი, ვიმეორებდი მასწავლებლისეულ წინადადებებს.
სერია „სწავლის ძირის“ მეექვსე წერილში სწორედ სურათის აღწერაზე ვისაუბრებთ ქვემოთ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით:
- რა სურათები გვხვდება პირველი კლასის სახელმძღვანელოებში და რა მიზნით უნდა გამოვიყენოთ ისინი?
- როგორ აღვწეროთ სურათი?
- როგორ შევარჩიოთ ან შევადგინოთ სურათები ისე, რომ ფონეტიკურ და ფონოლოგიურ კომპეტენციას დავუკავშიროთ?
- სურათებისა და აქტივობების ნიმუშები.
რა სურათები გვხვდება პირველი კლასის სახელმძღვანელოებში და რა მიზნით უნდა გამოვიყენოთ ისინი?
თუ ჩვენს ციფრულ მეგობარს (ხელოვნურ ინტელექტს) ვკითხავთ, დაახლოებით ასეთ პასუხს მივიღებთ:
გაკვეთილზე სურათის აღწერა მრავალმხრივ სასარგებლო აქტივობაა და სხვადასხვა მიზანს ემსახურება. მისი გამოყენება შეიძლება:
- ენობრივი უნარების განვითარებისთვის – მოსწავლეები სწავლობენ აზრის გამოთქმას, იმდიდრებენ სიტყვათა მარაგს და ეჩვევიან გრამატიკული ნორმების სწორად გამოყენებას;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის – სურათის ანალიზი ხელს უწყობს დეტალებზე დაკვირვებას და ლოგიკური კავშირების დამყარებას;
- შემოქმედებითი აზროვნების წახალისებისთვის – მოსწავლეებს შეუძლიათ სურათის საფუძველზე ამბების მოფიქრება და სხვადასხვა სცენარის წარმოდგენა;
- საზოგადოებრივი და კულტურული განათლებისთვის – სურათები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისტორიული, გეოგრაფიული ან კულტურული კონტექსტის გასააზრებლად;
- სამეტყველო უნარების გაუმჯობესებისთვის – სურათის აღწერა ეხმარება მოსწავლეებს თავისუფლად საუბარში და საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში;
- ემოციებისა და აზრების გამოხატვის სწავლებისთვის – სურათის აღწერა ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბებასა და გაზიარებაში;
- უცხო ენის შესასწავლად – უცხო ენის გაკვეთილზე სურათის აღწერა ხელს უწყობს ახალი სიტყვების დასწავლას და საკომუნიკაციო უნარების გაძლიერებას.
ამგვარად, სურათის აღწერა არის უნივერსალური მეთოდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგანში და მრავალმხრივ განვითარებაში ეხმარება მოსწავლეებს.
ძნელია, არ დავეთანხმოთ ჩვენს ციფრულ მეგობარს, თუმცა შემოთავაზებულ ჩამონათვალში არ ჩანს ის მიზანი, რომლის შესახებაც ქვემოთ დაწვრილებით გვექნება საუბარი. ვგულისხმობთ ფონოლოგიური და ფონეტიკური კომპეტენციების ჩამოყალიბებას, რაც პირველი კლასის პირველივე დღეების მიზანი უნდა იყოს. ჩვენ წარმოგიდგენთ ამ კომპეტენციების განვითარების გზას სწორედ კონკრეტული თემატიკის სურათის აღწერის კონტექსტში, თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის პირველი ილუსტრაცია, აქცენტს დავსვამთ ქართული ანბანის პირველ სამ ბგერაზე და მხოლოდ ამ ბგერებით დაწყებული სიტყვების გააქტიურებით ვავარჯიშებთ პირველკლასელებს.
რაც შეეხება სურათების თემატიკას, ის უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ინტერესებს, იყოს მათთვის მოტივაციის აღმძვრელი, საინტერესო, სახალისო, მკაფიოდ აღსაქმელი. თემა შეიძლება იყოს: სათამაშო სიტუაცია, ცხოველები, კოსმოსი, ოჯახი, სკოლა, ქალაქი, სოფელი…
როგორ აღვწეროთ სურათი?
ჩვენ დაწვრილებით გვაქვს აღწერილი, როგორ უნდა ვამუშაოთ მოსწავლეები თემატური პოსტერების გამოყენებით: თემატური პოსტერების მრავალმხრივი გამოყენება – mastsavlebeli.ge . მითითებულ წერილში წარმოდგენილი რეკომენდაციები შეიძლება შერჩევითად გამოვიყენოთ პირველი სურათების აღწერის დროსაც. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ ფონოლოგიური კომპეტენცია და შედარებით ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ, მაგალითად, შემოქმედებითი თუ კრიტიკული უნარების განვითარებაზე ვარჯიშს.
ქვემოთ წარმოდგენილი სურათების მიხედვით შემოთავაზებული იქნება კონკრეტული ნაბიჯები.
როგორ შევარჩიოთ ან შევადგინოთ სურათები ისე, რომ ფონეტიკურ და ფონოლოგიურ კომპეტენციას დავუკავშიროთ?
ილუსტრაციის შერჩევისა თუ შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
- მისი თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს პირველკლასელთა ინტერესებს;
- ადვილად უნდა „იკითხებოდეს“, მკაფიო იყოს მასზე ასახული სიტუაცია;
- უნდა იძლეოდეს ინტერაქციის საშუალებას;
- მასზე ასახული უნდა იყოს ისეთი საგნები, რომლებიც გამოგვადგება ფონოლოგიური და ფონეტიკური უნარების განვითარებისთვის.
დაწვრილებით განვიხილოთ, როგორ შევადგინეთ ჩვენი პირველი ილუსტრაცია.
ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვეთ ეზოში მოთამაშე ბავშვების დახატვა. შემოთავაზებულ ნახატს ჩავამატე სხვადასხვა ნივთი, რომელთა სახელებიც იწყებოდა ჩვენთვის სამიზნე ბგერებზე: ა-ზე, ბ-ზე, გ-ზე.
სურათებისა და აქტივობების ნიმუშები
ქვემოთ წარმოდგენილია ფოტოსლაიდები, რომლებიც ასახავს სათანადო აქტივობებს. სურათები შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ფოტოებს ერთვის შესაბამისი აქტივობების აღწერა. აღსანიშნავია, რომ აქტივობების განხორცილების დრო დამოკიდებული იქნება კონკრეტული სამიზნე ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებზე. უხეშად რომ განვსაზღვროთ, ეს შინაარსი დაიკავებს ერთ სრულ სასწავლო კვირას, რომელიც, ცხადია, დატვირთული იქნება ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული აქტივობებითა და დავალებებით.
I ფოტო
პირველკლასელებს წარედგინებათ მათთვის ნაცნობი და სასიამოვნო სიტუაციის ამსახველი ილუსტრაცია: ბავშვები ქვიშაში თამაშობენ. ნახატის შესახებ ინტერაქცია შეიძლება წარიმართოს შემდეგნაირად:
– რას ვხედავთ სურათზე?
– ბავშვები თამაშობენ.
– სად თამაშობენ?
– ეზოში.
– კიდევ რა შეგვიძლია ვთქვათ: სად თამაშობენ ბავშვები?
– ქვიშაში.
– რამდენი ბავშვია ილუსტრაციაზე?
– ორი: გოგო და ბიჭი.
– სწორია: ეს არის ბიჭი, ეს არის გოგონა…
აქ მასწავლებელი ჰკითხავს მოსწავლეებს, თვითონ თუ თამაშობენ ხოლმე ქვიშაში და სთხოვს გაიხსენონ, რას აკეთებენ ხოლმე ამ დროს.
შემდეგ კიდევ ერთხელ დააკვირდებიან ილუსტრაციას და დაასახელებენ იმ საგნებს, რომლებსაც ხედავენ სურათზე.
II ფოტო
მასწავლებელს ცალკე აქვს მომზადებული ილუსტრაციაზე გამოსახული საგნების სურათები. ბავშვები ასახელებენ ამ საგნებს. აქ შეიძლება დაისვას კითხვა: რომელია ზედმეტი საგანი ამ ილუსტრაციაზე? ბავშვები ადვილად ამოიცნობენ ხეზე მიმაგრებულ საათს.
ყველა საგნის დასახელების შემეგ მასწავლებელი დამარცვლით წარმოთქვამს თითოეულ სახელწოდებას და ამეორებინებს მოსწავლეებს.
III და IV ფოტოები
დამარცვლის გათვალსაჩინოების, ვიზუალიზაციის მიზნით მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ ე. წ. დაჭრილი სურათები. თითოეული სურათი იმდენ ნაწილადაა ნახევრადგაჭრილი, რამდენი მარცვალიცაა მასზე გამოსახული საგნის სახელში.
ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ფოტოზე ასახულ სქემას და უხსნის, რომ სურათები უნდა გადაანაწილონ ამ სქემაში მარცვალთა რაოდენობის მიხედვით.
თუ მოსწავლეები პირველად ასრულებენ ასეთ აქტივობას, ცხადია, მასწავლებელი მოდელის როლში იქნება. ის გარკვევით, ნელ-ნელა კიდევ ერთხელ დამარცვლის თითოეულ სიტყვას და მიუჩენს თავის ადგილს.
V და VI ფოტოები
ამ ილუსტრაციის მიხედვით ვხვდებით, რომ კიდევ ერთხელ უნდა გადავაჯგუფოთ ნახატები, ოღონდ პირველი ბგერის მიხედვით: პირველ სვეტში ა-ზე დაწყებულ საგნებს მოვათავსებთ, მეორეში – ბ-ზე, მესამეში – გ-ზე. ილუსტრაციაზე სპეციალურადაა რამდენიმე საგანი ამ მიზნით შერჩეული.
აქ მნიშვნელოვანია, ბავშვებს შეეძლოთ პირველი ბგერის იდენტიფიცირება ზეპირად ნათქვამ/გაგონილ სიტყვაში. თუ ვაპირებთ, ეს კომპეტენციაც ამ ეტაპზე გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს, ცხადია, ამისთვის სპეციალური ძალისხმევა დაგვჭირდება, რაც, უპირველესად, გამოიხატება ისევ და ისევ მკაფიო დემონსტრირებით, მოდელირებით (პირველი ბგერის იდენტიფიცირებისთვის დამატებითი რეკომენდაციები მოცემულია ამავე სერიის მეორე წერილში: ბგერების აღმოჩენა (მე-2 წერილი სერიიდან „სწავლის ძირი“) – mastsavlebeli.ge ).
აქაც პირველი ბგერის მიხედვითაა დაჯგუფებული სიტყვები, ოღონდ დამატებულია ის სურათები, რომლებიც ჩვენს ილუსტრაციაზე არ არის. ასეთი სურათები მასწავლებლებს, განსაკუთრებით პირველი კლასის მასწავლებლებს, უხვად აქვთ ხოლმე და ძალიან კარგი რესურსია მიზნობრივი გადაჯგუფებისთვის. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ სურათების ბარათებით უნდა ავაგოთ ე. წ. ბგერების კედელიც (ამის შესახებ იხ. ზემოთ მითითებული წერილი).
რასაკვირველია, ყველა საგნის ნახატი არც გვექნება და არც არის საჭირო. ეს შეზღუდვა მოსწავლეებისთვის სასიკეთოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ბავშვის მიერ საგნის მოფიქრება და დასახელება ვიზუალურად წარდგენის გარეშე სწორედ ის კომპეტენცია, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ამრიგად, მეხუთე ფოტოზე გამოსახულ სქემაზე მუშაობისას მასწავლებელი კიდევ დასვამს დამატებით შეკითხვას:
– აბა, კიდევ რომელი სიტყვების მოფიქრება შეგვიძლია „ა“-ზე?.. „ბ“-ზე?.. „გ“-ზე?..
და მოსწავლეებიც დაასახელებენ ჯერ „ა“-ზე დაწყებულ იმ სიტყვებს, რომელთა სურათებიც იმ მომენტისთვის არ გვექნება. შემდეგ – „ბ“-ზე, შემდეგ – „გ“-ზე და ეს ძალიან სასარგებლო გონებრივი ძალისხმევა იქნება მათთვის.
VII და VIII ფოტოები
მე-7 და მე-8 ფოტოებზე ასახული აქტივობა ნაცნობი უნდა იყოს ჯერ კიდევ „ახალი დედაენის“ შესახებ გამოქვეყნებული წერილებიდან. ის მიზანს ისახავს, მარტივად და უმტკივნეულოდ გამოვუმუშაოთ პირველკლასელებს ქართულ ოთხხაზიან საწერ ბადეში ორიენტირების უნარი, სანამ ასოების წერაზე გადავალ.
ქართული საწერი ბადის მიხედვით დამზადებულ ფურცელზე (დაფაზე, ფორმატზე, თოკებზე…) გავანაწილებთ, ამ შემთხვევაში, ილუსტრაციის მიხედვით დამზადებულ სურათებს. გასათვალისწინებელია, რომ ზოგი სურათი დიდია, ზოგიც – შედარებით პატარა. ისინი იმ ზომისა უნდა დავამზადოთ, რომ ბავშვებს „ვუკარნახოთ“, მივანიშნოთ, რომელ სივრცეში უნდა განათავსონ: ზედა ხაზებში, ქვედა ხაზებში თუ შუა ხაზებში. უნდა გვქონდეს ერთი-ორი ისეთიც, რომელიც მთელ სიმაღლეზე დაიკავებს სივრცეს.
მნიშვნელოვანია, როგორც სურათების ხაზებში განაწილებამდე, ისე ამის შემდეგაც ბავშვებთან ერთად ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ:
– ბიჭის სურათი მოთავსდება ზედა ხაზებში, გვირილა ქვედა ხაზებში დაიკავებს ადგილს, ავტო შუა ხაზებში დაეტევა, ასევე აქლემიც და ატამიც…
ადვილი შესამჩნევია, რომ ფოტოები ისეთი ზომაზეა დაჭრილი, რომ „ა“-ზე დაწყებული სიტყვების სურათები „რატომღაც“ მაინცდამაინც შუა ხაზებში თავსდება, ხოლო „ბ“-სა და „გ“-ზე დაწყებული სიტყვების სურათები, შესაბამისად, ზედა და ქვედა ხაზებში. ადვილი მისახვედრია, რატომაც.
აქტივობას, რომელსაც მე-9 და მე-10 ფოტოები შეესაბამება, ორმაგი დატვირთვა აქვს და, მიუხედავად ამისა, ძალიან ადვილი დასაძლევია პირველკლასელებისთვის. ბავშვებს ვთხოვთ, თითოეული სურათის ქვეშ ნიმუშის მიხედვით ჩამოუსვან იმდენი ხაზი (სხვა შემთხვევაში ეს ხაზი შეიძლება უფრო გრძელი იყოს ან სულაც რკალის ჩახაზვა იყოს მითითებული – სხვადასხვა გამოსახულების გამოყვანა ხომ კარგი მომზადებაა ასოების წერისთვის), რამდენი მარცვალიცაა ამ სიტყვაში.
ამრიგად, ბუნებრივი და აზრიანი დავალება იქნება, თუ ბავშვებს ვთხოვთ, ბადიან ფურცელზე სიტყვაში მარცვალთა რაოდენობის შესაბამისი რაოდენობის ხაზი ჩამოუსვან, რასაც ისინი ხალისით, გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად გააკეთებენ. ნაცვლად იმისა, რომ ფურცლის ერთი კიდიდან მეორემდე ხაზებისა თუ რკალების უაზრო და მტანჯველი ამოწერით ვაწვალოთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აქტივობის დროს ბავშვები სრულიად უმტკივნეულოდ და ზედმეტი ძალისხმევვის გარეშე ეჩვევიან საწერ ბადესაც. შეიძლება, ზოგიერთმა მასწავლებელმა თქვას, ციფრულ ეპოქაში, კლავიატურას შეჩვეულ პირველკლასელებს სულ აღარ სჭირებათ ბადეში ორიენტირებაო, მაგრამ ასოთა განლაგებაზე დაკვირვება, საჭირო ადგილზე მათი მოთავსება სასარგებლო ძალიხმევად მიგვაჩნია. მით უმეტეს, ამ გზით გამომუშავებული უნარი – უნარი ობიექტისთვის სივრცეში ადგილის განსაზღვრისა – ბევრ რამეში გამოადგება ნებისმიერი ეპოქის ადამიანს.
XI და XII ფოტოები
მე-11 და მე-12 ფოტოები განკუთვნილია აქტივობებისთვის, როდესაც პირველკლასელები ნახატ-წარწერიან ბარათებს შესაბამის წარწერებთან აკავშირებენ. ბავშვებმა სკოლაში მისვლამდე (თუ არა, პირველივე დღეებში) უკვე იციან, რომ სიტყვების ჩაწერა შეიძლება და ზოგიერთ სიტყვას ცნობენ კიდეც. წინა წერილებში ჩვენ ვისაუბრეთ მოსწავლეთა მიერ საკუთარი სახელებისა და სხვა ხშირი სიტყვების ცნობაზე, ზემოხსენებული აქტივობის დროს კი ბავშვები ყურადღებას ამახვილებენ განხილული ილუსტრაციის მიხედვით შერჩეული სიტყვების დაწერილობაზე და ამოიცნობენ მათ.
როგორც ილუსტრაციაზე ხედავთ, აქტივობისთვის გამოყენებულია ე. წ. ნახატ-წარწერიანი ბარათები ანუ ნახატთან ერთად წარწერაც, რათა პირველ ეტაპზე ბავშვებს მიეცეთ წარწერების ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებაც – ამ დროისთვის ესეც დიდი მიღწევა იქნება. მერე კი, სათანადო გავარჯიშების შემდეგ, ბავშვები მხოლოდ ნახატისა და შესაბამისი წარწერის ერთმანეთთან დაკავშირებასაც მოახერხებენ.
XIII-XV ფოტოები
დასასრულ, წარმოგიდგენთ სამ ფოტოს, რომლებზეც ასახულია შემაჯამებელი დავალებები. წინასწარ აღვნიშნოთ, რომ ამ დავალებების შესრულება შეიძლება როგორც ჯგუფური (წყვილებში) სამუშაოს ფორმატში, ისე ინდივიდუალურადაც. ცხადია, აუცილებელი იქნება შემოთავაზებული რესურსის მოდიფიცირება დიფირენცირებული სწავლების საჭიროებების მიხედვით. ეს დავალებები კარგი საშუალებაა იმის გასაგებად, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მომდევნო ბგერების გააქტიურების პროცესში შემდეგ გაკვეთილებზე.
მე-13 ფოტო განკუთვნილია აქტივობისთვის, როდესაც ბავშვები ნახატებს გაანაწილებენ სვეტებში იმისდა მიხედვით, რამდენი მარცვალია ნახატზე გამოსახული საგნის სახელში. ეს კომპეტენცია მათ უკვე გაივარჯიშეს ილუსტრაციის დამუშავებისას და ზემოთ ეს პროცესიც იყო ასახული. აქ შეგვიძლია, ისეთი ნახატიც შევთავაზოთ ბავშვებს, რომელიც ამ ილუსტრაციის დამუშავებისას არ გააქტიურებულა და დავაკვირდეთ, რამდენად მოახერხებენ პირველკლასელები მათთვის სწორი ადგილის მიჩენას.
მე-14 ფოტო: აქ ბავშვებს უკვე საწყისი ბგერის მიხედვით მოუწევთ სურათების სვეტებში გადაჯგუფება. ბავშვებმა უკვე ამ სიტყვებზეც ივარჯიშეს და ამ დავალებასაც ადვილად უნდა გაართვან თავი. აქაც შეგვიძლია, ისეთი სურათები შევთავაზოთ, რომლებიც ამ ეტაპზე არ გააქტიურებულა. მაგალითად, აფრა, ბუხარი, გარმონი…
მე-15 ფოტო ასახავს აქტივობას, რომლის დროსაც ბავშვებმა სურათებს უნდა შეუსაბამონ წარწერები. ერთი შეხედვით, ამის გაკეთება შესაძლოა გაუჭირდეთ პირველკლასელებს, მით უმეტეს საწყის ეტაპზე, ამიტომ კარგი იქნება სურათების ქვეშ შესაბამისი წარწერების მიწერა, მიკვრა ისე, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები.
დაბოლოს, კიდევ ერთი დავალება, რომელიც გაამთლიანებს მთელ ამ სასწავლო მონაკვეთს: ბავშვები მცირე ჯგუფებში მუშაობენ, რათა დაამზადონ საწყისი ილუსტრაციის მსგავსი აპლიკაცია შეთავაზებული რესურსების (ფერადი ფურცლები, გამოჭრილი ფიგურები, წარწერებიანი ბარათები, რეალური საგნები, ფერადი ფანქრები…) გამოყენებით და შემდეგ აღწერონ, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები.

















