კვირა, თებერვალი 23, 2025
23 თებერვალი, კვირა, 2025

ბგერების აღმოჩენა (მე-2 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

ამ წერილში ვისაუბრებთ ჩვენ ირგვლივ არსებული საგნების  გამოყენებით მოსწავლეთა ფონოლოგიური კომპეტენციის ჩამოყალიბების გზებზე. უფრო სწორად, ამ გზის დასაწყებად სიტყვებში პირველ ბგერაზე დაკვირვებით ქართული ენის ბგერების  ,,აღმოჩენას” შევეცდებით. ზოგადად, ბგერების სწავლება იგნორირებულია ქართული სკოლიდან, მას სათანადო ყურადღება არ ექცევა და მხოლოდ ფონოლოგიური კომპეტენციის ჩამოყალიბების კონტექსტში ვამახვილებთ მასწავლებლები ამაზე ყურადღებას.

პირველკლასელების მასწავლებლები უამრავ საგანს, სათამაშოს ვიყენებთ ხოლმე მოსწავლეების მოტივირებისა და მათი წიგნიერების უნარების განვითარების მიზნით. რა საგნებს ვგულისხმობთ?

  • საკლასო ოთახის საგნები: დაფა, მერსი, მაგიდა, სკამი, ცარცი, ჩვარი, მარკერი, კედელი იატაკი, ჭერი, კარი, კარადა…
  • მოსწავლის ჩანთის საგნები: ჩანთა, წიგნი, რვეული, კალამი, პანელი, ფანქარი, ფლომასტერი, მარკერი, წებო, საშლელი, სათლელი…
  • სათამაშო-საგნები: დათუნია, მგელი, ძაღლი, ფისო, ნიანგი, გველი, თუთიყუში, მანქანა, მატარებელი, ბურთი, ბუშტი…

ამ საგნებს სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ ხოლმე მასწავლებლები. პირველკლასელებისთვის მათი გამოყენება ძალიან სასარგებლო იქნება ქართული ანბანის ბგერების კონსტრუქტივისტული სწავლებისთვის.

როგორია გავრცელებული პრაქტიკა ქართული ენის ბგერების შესწავლისას? არის თუ არა იგი კონსტრუქტივისტულ საფუძველზე დამყარებული? არა. ასე არაა. ბავშვებს ჩვენ ქართულ ბგერებს ვაწვდით, როგორც მოცემულობას, ხოლო შემდეგ ამ მოცემულობაში თანდათან ვასწავლით ბგერათა შესაბამისი ასოების ამოცნობასა (ამოკითხვას) და დაწერას. რომ დავაზუსტოთ, ბავშვები ბგერებს სრულად მხოლოდ მაშინ ,,გაივლიან”, როდესაც ასოების შესწავლას დაასრულებენ ხოლმე და მანამდე ბგერებზე ყურადღება მახვილდება მხოლოდ ბგერებზე მანიპულირების ფონოლოგიური უნარების — ზეპირი სიტყვის ბგერებად დაშლისა და ბგერების სიტყვად გაერთიანების კონტექსტში. სინამდვილეში, ბავშვები ისე გადადიან ასოების შესწავლაზე, რომ ბგერები არ იციან, ვერც კი ხვდებიან, მაგალითად, განსხვავებას ასოსა და ბგერას შორის და ეს გაუგებრობა დიდხანს გაჰყვებათ ხოლმე (,,ასოს ვწერთ და ბგერა გვესმის.” — ამ დაზეპირებული ფრაზის შეუგნებლად გამეორებას ცოდნას ვერ დავარქმევთ.)

ჩვენ შეგვიძლია პირველკლასელებისთვის ბგერების შესწავლა აღმოჩენებით წარვმართოთ და ამ პროცესს მეტი ხალისი შევძინოთ. რაც მთავარია, ასე წარმართული პროცესის შედეგად, ბავშვების ჩართულობის მაღალი მაჩვენებლის წყალობით, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება თითოეული ბგერა მათთვის. და, რაც მთავარია, ბგერის არსსა და მის სიტყვასთან ურთიერთმიმართებას ჩასწვდებიან.

მაშ ასე, დავიწყოთ ბგერების შეგროვება პირველივე დღეს და ამისთვის გამოგვადგება, რასაკვირველია, თავად მოსწავლეთა სახელები. ბავშვისთვის ყველაზე ,,ახლო” და ნაცნობი არის თავისივე სახელი — სწორედ ეს სიტყვა გაუგონია მას ყველაზე ხშირად და ყველაზე ტკბილი ტემბრით. პირველკლასელთა საკუთარი სახელების გამოყენებით ჩვენ ბავშვებს ყურადღება უნდა გავამახვილებინოთ მათს პირველ ბგერებზე: ლ-ლ-ლ–ლუკა, ნ-ნ-ნ-ნათია, ა-ა-ა-ანა, ე-ე-ე-ეთერი, თ-თ-თ-თამარი, ნ-ნ-ნ-ნინი…

უნდა აღვნიშნოთ, რომ ზეპირ სიტყვაში პირველი ბგერის ამოცნობა (იდენტიფიცირება) ისეთი ფონოლოგიური კომპეტენციაა, რომლის ჩამოყალიბებაც არც ერთ დღეში ხდება და არც ერთ კვირაში (თუმცა, შესაძლებელია ეს კომპეტენცია, უკვე ჰქონდეს კიდეც გამომუშავებული მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს სკოლაში შესვლის მომენტში.). ჩვენ ამის ისლუზია არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მასწავლებლის მიერ პირველი ბგერის ხაზგასმით წარმოთქმა და მასზე აქცენტის დასმა ის პირველი ნაბიჯია, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას.

(აქვე აღვნიშნოთ, რომ მოსწავლეთა საკუთარი სახელები უნდა გამოვიყენოთ სხვა ფონოლოგიური უნარების ჩამოსაყალიბებლადაც: დამარცვლა, ბგერა-ბგერა დაშლა, მარცვლების სიტყვად გაერთიანება, ბგერა-ბგერა ნათქვამი სიტყვის გამთლიანება, საკუთარი სახელის რითმული სიტყვების ამოცნობა-მოფიქრება, ბოლო/მეორე მარცვლის თუ ბგერის ამოცნობა, პირველი/ბოლო მარცვლის თუ ბგერის შეცვლა და სხვა. გაკვეთილის დასაწყისში სიის ამოკითხვისას, თანდათან გავართულებთ სახელის ამოცნობას: ერთი კვირის შემდეგ უკვე შეგვიძლია დამარცვლით წარმოთქმული სახელები ამოიცნონ პირველკლასელებმა, გარკვეული პერიოდის შემდეგ — ბგერა-ბგერა წარმოთქმული…)

სახელებზე ვარჯიშისა და მათი პირველი ბგერის გააქტიურების შემდეგ კარგი იქნება, თუკი მოსწავლეთა ფოტოებს ან ავტოპორტრეტებს კედელზე გავაკრავთ სათანადო ადგილზე (შესაძლოა, ფოტოებზე სიტყვებიც იყოს მიწერილი — მიხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის ჯერ ასოები არ გვისწავლებია, ზოგიერთმა უკვე იცის საკუთარი სახელის ცნობა. თუ არ იცის, არც ეს არაა პრობლემა — თანდათან ისწავლის და ამაში კედელზე გაკრული თავისი სახელიც დაეხმარება.). სად არის ეს ,,სათანადო ადგილი”?

საკლასო ოთახის რომელიმე მოსახერხებელ კედელზე გამოყოფილი უნდა გვქონდეს ადგილი სიტყვების გასაკრავად. როგორც წესი, პირველი კლასის მასწავლებლები აქტიურად ვიყენებთ ხოლმე ე. წ. ანბანური სიტყვების კედელს, რომელზეც ანბანის მიხედვითაა გაკრული სხვადასხვა სიტყვის ბარათები. მაგრამ პირველ ეტაპზე ამ ადგილზე შეგვიძლია საგნები (და/ან ამ საგანთა ნახატები, მათ შორის, მოსწავლეთა ფოტოებიც) მივაკრათ ანბანური თანმიმდევრობითვე. კარგი იქნება, თუკი ეს ადგილი დაფის გვერდზე გვექნება შერჩეული.

ვნახოთ, რა სავარაუდო სახე შეიძლება მიიღოს დაახლოებით ორ კვირაში ჩვენმა კედელმა:

(ფოტო მოდიფიცირებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფილმიდან ,,ჯადოსნური ყუთი”. ამავე ფილმშია საუბარი წერილში წარმოდგენილი ძირითადი იდეების შესახებაც: 3. ჯადოსნური ყუთი ბგერების აღმოსაჩენად)

თუ კარგად დავაკვირდებით ამ ფოტოს, მივხვდებით, რომ მასზე 33 ადგილია გამოკვეთილი ქართული ანბანის ბგერების შესაბამისად. მოსწავლეთა პორტრეტების გარდა სხვა საგანთა ნახატების განთავსების მიმდევრობა დამოკიდებული იქნება იმ თემატიკაზე, რომელსაც საწყის ეტაპზე ვსწავლობთ — როგორც, წესი, ეს არის ხოლმე ოჯახი და სკოლა. ამას მოჰყვება ცხოველები, წელიწადის დროები და ა. შ.

ერთი შეხედვით მოგვეჩვენება, რომ ეს ნიმუში მეტად რთულია პირველკლასელებისთვის თან პირველივე კვირებში. რასაკვირველია: თუკი ჩვენ ამ ნიმუშს იმ გაგებით განვიხილავთ, რომ ბავშვებმა ყველა ადგილის შესაბამისი ბგერა უნდა გააცნობიერონ, ეს დაუძლეველი სირთულეა. არა. პირველ კვირაში ეს ნახატები კედელზე განლაგდება ბავშისთვის სრულიად სპონტანურად — უბრალოდ, ,,ატამი” ყველაზე მაღლა და მარცხნივ დაიკავებს ადგილს, ,,ბურთი” ,,რატომღაც” მის გვერდზე, ,,ხე” და ,,ხორცი” სადღაც დაბლა და მარჯვნივ და ა. შ.

ბგერებზე კონცენტრირების დრო მაშინ დადგება, როდესაც ბავშვები სიტყვების დამარცვლაში გაიწაფებიან (როგორც წესი, ფონოლოგიური კომპეტენციის გამომუშავების პროცესში ჯერ მარცვლებზე ვავარჯიშებთ ხოლმე, შემდეგ — ბგერებზე.). თუმცა პირველ ბგერაზე ყურადღების გამახვილება მასწავლებელმა დასაწყისშივე უნდა მოახერხოს და ბავშვები თანდათან გააცნობიერებენ, რომ ,,გულის” ნახატის ქვეშ ,,გიორგის” ფოტოა, ,,დროშის” ქვეშ — ,,დათოსი” და ა. შ.

კიდევ უფრო დეტალური განვითარება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქვემოთ მოცემული ილუსტრაციების მიხედვით. თავდაპირევლად კედელს ასეთი სახე ექნება:

შემდეგ თანდათან შეივსება:

თანდათან დაწერილი სიტყვებიც შემოგვეპარება:

ბოლოს კი, სრულად ჩანაცვლდება ანბანური სიტყვების კედლით:

დავბრუნდეთ პირველი ბგერის ამოცნობაზე… პირველი ბგერის ამოსაცნობად კარგად მუშაობს ე. წ. ჯადოსნური ყუთი, რომელშიც სხვადასხვა საგანი (სათამაშო თუ სასწავლო ნივთები) გვექნება ჩაწყობილი. ასეთი საგანი უამრავი შეიძლება იყოს: კალამი, ფანქარი, საშლელი, პატარა მანქანა, პატარა ბურთი, პატარა მაიმუნი, თასმა, თაგვი, პატარა შარვალი, კაბა და ა. შ. თავისთავად, ეს საგნების ყუთი ისედაც სასარგებლო რესრუსია, თუკი გონივრულად დავგეგმავთ მისი გამოყენებით სხვადასხვა მიზანზე (ზეპირმეტყველების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ფილოლოგიური კომპეტენციის გაწაფვა, კითხვისა და წერის სწავლება) ორიენტირებულ აქტივობებს. მაგალითად:

  • საგნის ამოღება და აღწერა
  • საგნის მალულად შერჩევა და აღწერით მისი გამოცნობა სხვა მოსწავლეების მიერ
  • საგნების მიხედვით ფონოლოგიური აქტივობების წარმართვა — დამარცვლა, ბგერებად დაშლა, ბგერა-ბგერა (ანდა დამარცვლით) ნათქვამი საგნის ამოცნობა…
  • ნივთების შერჩევა გარკვეული მახასიათებლის (მაგალითად, ფერის, ზომის, გამოყენების…) მიხედვით
  • შერჩეულ საგანთა ჯგუფში ზედმეტი საგნის დამატება და მისი ამოცნობა — რომელია ზედმეტი?
  • ნივთის, როგორც პერსონაჟის გამოყენება და მასზე/მათზე ამბის მოფიქრება, ხოლო თანდათან ამ ამბების ჩაწერა
  • საგნების შესახებ ენობრივი პრაქტიკის მეთოდით ტექსტების (მხატვრული თუ საინფორმაციო) შექმნა და სხვ.

ანუ სრულიად ჩვეულებრივი საგნებით სავსე ჩვეულებრივი ყუთი ჯადოსნური გახდება, თუკი ბავშვების გონებაზე მოვახდენთ საჭირო ზემოქმედებას და მისი გამოყენებით ბავშვებს თვითონვე აღმოვაჩენინებთ ბგერებს. მოგეხსენებათ, კონსტრუქტივისტი მასწავლებლები ცდილობენ მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანონ ახალ ცოდნამდე და ერიდებიან მზა პროცედურებისა თუ მოსაზრებების შეთავაზებას. სამწუხაროდ, ფონოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბების დროს სწორედ ასეთ მოცემულობად ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომ ზეპირი სიტყვა ბგერებისგან თუ მარცვლებისგან შედგება და შემდეგ ვავარჯიშებთ სიტყვები დამარცვლასა თუ ბგერებად დაშლაში. ამისთვის, ამ პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, ხან ტაშის დაკვრის პარალელურად ვამარცვლინებთ სიტყვებს, ხან დაჭრილი ნახატის მიხედვით ამოვაცნობინებთ  ბგერას ან მარცვალს და ა. შ.

რასაკვირველია, ეს აქტივობები ბავშვს ეხმარება ფონოლოგიური უნარ-ჩვევების გაწაფვაში, რაც, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ასოს შესაბამის ბგერასთან დაკავშირებას ანუ ანბანური პრინციპის გაცნობიერებას და სიტყვების ამოკითხვას, გაშიფვრას, დეკოდირებას.

ამ პროცესის სრულად კონსტრუქტივისტულად წარმართვის მიზნით, ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებს თავად აღმოვაჩენინოთ ბგერები და სწორედ ამისთვის გამოგვადგება ზემოთ აღნიშნული ყუთი მასში მოთავსებული საგნებით.

ამის მოხერხება ძალიან მარტივია. ჯერ ბავშვები უნდა მივაჩვიოთ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით საგნების დაჯგუფებას. ეს ნიშანი შეიძლება იყოს:

  • ფერი (წითელი საგნები, მწვანე, ყვითელი…)
  • დანიშნულება (სასწავლო, სათამაშო…)
  • სხვა საერთო ნიშანი (მანქანები, ცხოველები, ჭურჭლეული…)

ამ მიმართულებით გავარჯიშების შემდეგ უნდა დავაჯგუფოთ ის საგნები, რომლებიც ერთ კონკრეტულ ბგერაზე იწყება და ბავშვებს ვკითხოთ, რატომ დავაჯგუფეთ ეს საგნები.

მაგალითად, შევარჩიოთ საგნები, რომელთა დასახელებაც იწყება მ-ზე:

მაიმუნი, მარწყვი, მატარებელი, მზე, მთვარე… მარკა, მაუსი, მუხლუხი, მამა, მერხი… მაგიდა, მაუგლი, მერცხალი, მწყემსი, მარკერი, მაკრატელი…

ამ საგნების ყუთიდან ამოღებისას ხაზს ვუსვამთ პირველ ბგერაზე, ისე ვასახელებთ და ვდებთ მაგიდაზე. და თუკი ბოლოს შევეკითხებით, რატომ დავაჯგუფეთ სხვადასხვა ნიშან-თვისები საგნები ერთად, ბავშვები ადვილად ამოიცნობენ, რომ ეს ყველა საგანი იწყება მ-ზე. (ამ საგანთა აღმნიშვნელი სიტყვების პირველი ბგერა არის ,,მ”.)

ჩვენს ყუთში აღმოჩნდება სხვა საგანთა ჯგუფებიც. მაგალითად, ,,წ” – წიწილა, წინდა, წერო, წყალი, წამალი… ,,ჰ” – ჰანტელი, ჰალსტუხი, ჰულა-ჰუპი, ჰალვა, ჰამაკი, ჰიპოპოტამი…

ცხადია, სასარგებლო იქნება დავალებები დაჯგუფებულ საგნებზე სამუშაოდ:

  • გადავარჩიოთ სიტყვები მარცვლების რაოდენობის მიხედვით…
  • გადავარჩიოთ სიტყვები მეორე ხმოვნის მიხედვით…
  • გადავარჩიოთ ცოცხალი საგნები…

მივუდგეთ პესიმისტურად და დავუშვათ, პირველკლასელთაგან ვერც ერთმა ვერ ამოიცნო, რომ მ-ზე დაწყებული საგნები სწორედ ამ პრინციპითაა დაჯგუფებული (შეუძლებელია ასე მოხდეს, მაგრამ მაინც…). ამ შემთხვევაში ჩვენ ვეტყვით, ავუხსნით. და უკვე შემდეგი ბგერის მიხედვით დაჯგუფებულ სიტყვებში აუცილებლად ამოიცნობენ პირველ ბგერას.

ამის შემდეგ უნდა აღმოვაჩინოთ სხვა ბგერებიც. ვთხოვოთ ბავშვებს, რომ დაიჭირონ სხვა ბგერებიც და ,,მოიტანონ” სკოლაში “ახალი ბგერით” დაწყებული სიტყვის შესაბამისი საგნები ან მათი ნახატები… და მეორე დღიდან მართლაც “წამოვა ბგერები”:

— მასწავლებელო, მე “დ” მოვიტანე თუ მოვიყვანე, — და მოგვცემს პატარა დათუნიას ერთი.

— მასწავლებელო, მე “ბ” მოვიყვანე, — და მოგვცემს პატარა ბუს მეორე.

— მასწავლებელო, მე “რ” მოვიტანე, — და სათამაშო რეკეტას ან რობოტს გვაჩვენებს…

— მასწავლებელო, მე “ნ” მოვიფიქრე, — გვეტყვის სხვა მოსწავლე და თავის დახატულ ნავს გვაჩვენებს.

ასე ნელ-ნელა დავაგროვებთ ქართული ენის ბგერებს. რასაკვირველია, შეიძლება 33-ვე ბგერა ვერ აღმოვაჩინოთ, მაგრამ რასაც აღმოვაჩენთ, ისიც ძალიან სასარგებლო, გაცილებით სასარგებლო იქნება ბავშვებისთვის წიგნიერების  ფუნდამენტის — კითხვის შესწავლის — გასმაგრებლად. აქვე, ეჭვგარეშეა, სათანადო ყურადღებას გავამახვილებთ თითოეული ბგერის (იქნება ეს ყბადაღებული ,,ლ” თუ ძნელად გამოსათქმელი ,,რ”) სწორად წარმოთმა-აღქმაზე…

ბავშვების მიერ დახატული და ,,მოტანილი” ყველა სიტყვა ჩვენს ბგერების კედელზე ვერ დაგვეტევა. კარგი იქნება, თუკი დავამზადებთ ბგერების კონვერტებს ან ,,სახლებს”, კედელზე მივამაგრებთ და მათში ჩავალაგებთ ხოლმე მოსწავლეების მიერ მითითებულ საგნებს ანდა ამ საგნების ილუსტრაციებს.

ბგერების კედლის ა-ს ქვეშ განთავსებული სიტყვების ადგილზე მოვათავსებთ ა-ზე დაწყებულ საგნებსა და/ან ნახატებს და ამ ნახატების ჩასაწყობ კონვერტს, ბ-ს ქვეშ – ბ-ზე დაწყებულ საგნებს და ა. შ. ერთ თვეში კი ამ ნახატებს უკვე დაწერილი სიტყვები ჩაანაცვლებს. თანდათან კი ჩვენი საგნების ანუ ბგერების კედელი ანბანური სიტყვების კედლად გადაიქცევა.

ბგერების კედლის ფრაგმენტი პირველ ეტაპზე:

ბგერების კედლის ფრაგმენტი მცირე ხნის შემდეგ

რაც მთავარია, ბგერების კედელის საგნების/ნახატების გამოყენებით აქტიურად წარიმართება ზემოთ ნახსენები აქტივობები ფონოლოგიური უნარების განმტკიცების, ლექსიკური მარაგის გამდიდრების, ზეპირმეტყველების განვითარების მიზნით.

პირველი ბგერის აღმოჩენით არ სრულდება ფონოლოგიურ კომპეტენციაში გაწაფვა. შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს სიტყვაში მეორე ბგერის აღმოჩენა…

მას შემდეგ, რაც ბავშვები სიტყვების პირველ ბგერაზე დაკვირვებით ბევრ ბგერას ,,აღმოაჩენენ”, ვიმუშავებთ მეორე ბგერის ,,დასაჭერადაც”.

ამ მიზნით ავიღებთ და დავასახელებთ ნივთებს: მაგიდა, მანქანა, მაკრატელი, მერხი. და ვიკითხავთ, ,,რომელია ზედმეტი”?

Მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ,,მერხი”. მოსალოდნელია, ბავშვებმა პირველ ჯერზე ვერ ამოიცნონ სამიზნე სიტყვა და მასწავლებელმა პირდაპირ განუმარტოს, რომ პირველ სამ სიტყვებში “მ”-ს მერე არის “ა”, მეოთხე სიტყვაში კი — “ე”.

ცხადია, ასეთი ვარჯიში უნდა წარვმართოთ სხვა ფილოლოგიური უნარების (კერძოდ, დამარცვლისა და ბგერების დაშლის) გაწაფვის კონტექსტში – პარალელურად და თანმიმდევრულად. ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ბავშვებს საერთოდ ავუბნიოთ თავგზა.

ასევე გაგრძელდება მეორე ბგერის ამოცნობა სხვა ჯგუფის სიტყვებზეც:

  • დათვი, დაფა, დამკა, დევი;
  • ჩაიდანი, ჩაქუჩი, ჩამჩა, ჩურჩხელა;
  • სარკე, სასწორი, სახლი, სელაპი;
  • ვერძი, ვეფხვი, ვერცხლი, ვაშლი;
  • გველი, გვირილა, გვრიტი, გმირი…

რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაკვეთილები გარკვეული თემის, ტექსტის (ლექსი, მოთხრობა, ზღაპარი…) კონტექსტში მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენი ყუთისა და ბგერების კედლის სიტყვებიც უნდა უკავშირდებოდეს ამ კონტექსტს. თუმცა, შიგადაშიგ უკონტრქსტო სიტყვების შემოტანასაც და მასზე ვარჯიშსაც თავისი დადებითი ეფექტი მოაქვს ხოლმე.

…მნიშვნელოვანია ხმოვნისა და თანხმოვნის ერთმანეთისგან გამიჯვნაც. მოგეხსენებათ, შეგონება: ,,ქართულ ენაში 33 ბგერაა და მათგან 28 თანხმოვანია და 5 ხმოვანი”, არაფერს ეუბნება პირველკლასელებს (არც მეორეკლასლეებს, სხვათაშორის).

სხვათაშორის, ხმოვანისა და თანხმოვნის ერთმანეთისგან გამიჯვნაც შეგვიძლია სრულად მივანდოთ მოსწავლეებს. უფრო ზუსტად, ვუბიძგოთ ამისკენ. არაა აუცილებელი, პირველივე თვეს ბავშვებს ეს კომპეტენცია მოვთხოვოთ. მაგრამ, როდესაც ბგერათა ,,საკმარისი მარაგი” უკვე დაგროვებული გვექნება და ბავშვებიც გაიწაფებიან ბგერების კედელზე ორიენტირებაში, შემდეგ შეგვიძლია ასეთი შეკითხვაც დავუსვათ:

– რომელია ჩვენს ბგერებში ისეთი ბგერები, რომლებიც გაგრძელებით შეგვიძლია წარმოვთქვათ? შევამოწმოთ?..

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“